კარიმ დავიდ ადეიემი უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელია. წარმოგიდგენთ 10 საინტერესო დეტალს მისი ბიოგრაფიიდან და კარიერიდან:
1. 2002 წლის თაობა
ადეიემი დაიბადა მიუნხენში 2002 წლის 18 იანვარს და დაბადების წელს “ბარსელონას” ორ სხვა მოთამაშესთან – ჟერარ მარტინთან და პედრისთან იზიარებს. აღსანიშნავია, რომ ის კატალონიელთა მცველზე (მარტინზე) მხოლოდ 39 დღით უფროსია.
2. მულტიკულტურული და მზრუნველი
კარიმს მდიდარი მულტიკულტურული წარმომავლობა აქვს. მამამისი ნიგერიელია (რაც ნიშნავს, რომ მას შეეძლო საერთაშორისო დონეზე ნიგერიის ნაკრებშიც ეთამაშა), დედა რუმინელია, თავად კი გერმანიაში დაიბადა. გარდა ამისა, ის მართავს ფონდს, რომელიც ბავშვებს განათლებისა და სპორტის საშუალებით განვითარებაში ეხმარება. ფონდი ძირითადად იბადანში, ნიგერიის სიდიდით მეორე ქალაქში ფუნქციონირებს.
3. პროფესიონალური დებიუტი
ადეიემის კარიერას ავსტრიული თავიც აქვს. მისი პროფესიონალური დებიუტი სწორედ იქ შედგა – 2018 წლიდან ის “რედ ბულ ზალცბურგსა” და მის სარეზერვო გუნდში, “ლიფერინგში” თამაშობდა. იქამდე კი მან “ბაიერნისა” და “უნტერჰახინგის” ახალგაზრდული სისტემები გაიარა.
4. ფლიკი – საკვანძო ფიგურა
ეს წყვილი “ბარსელონაში” კვლავ გაერთიანდა, თუმცა ჰანსი ფლიკმა ადეიემის კარიერაში გადამწყვეტი როლი წარსულშიც ითამაშა. სწორედ “ბარსელონას” ამჟამინდელმა მწვრთნელმა მისცა ფორვარდს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა (2021 წლის 5 სექტემბერს), როცა ის ჯერ კიდევ “ზალცბურგში” ირიცხებოდა. ეს სომხეთის ნაკრებთან 6-0 მოგებულ შეხვედრაში მოხდა, სადაც ადეიემიმ ბოლო გოლი გაიტანა. ფლიკმა ის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიძახა, თუმცა ტურნირზე მას არ უთამაშია.
5. გამორჩეული სისწრაფე
ადეიემის ერთ-ერთი მთავარი იარაღი მისი აფეთქება და მაქსიმალური სიჩქარეა. 2023 წლის 4 თებერვალს, მან ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა, როდესაც “ფრაიბურგის” წინააღმდეგ მატჩში 36.65 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
6. მეთერთმეტე გერმანელი
კარიმ ადეიემი კლუბის ისტორიაში რიგით მე-11 გერმანელი ფეხბურთელი გახდა. დანარჩენები არიან: ოტო მაიერი (1899-1902), უდო შტაინბერგი (1901-1910), იულიუს მიულერი (1908-1910), ვალტერ როსიცკი (1911-1913), ემილ ვალტერი (1924-1931), ბერნდ შუსტერი (1980-1988), რობერტ ენკე (2002-2003), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (2014-დღემდე), კევინ-პრინს ბოატენგი (2019) და ილქაი გიუნდოგანი (2023-2024).
7. კავშირები “დორტმუნდსა” და “ბარსელონას” შორის
ადეიემი იმ მოთამაშეთა სიასაც შეუერთდა, რომლებსაც როგორც დორტმუნდის “ბორუსიაში”, ისე “ბარსელონაში” უთამაშიათ. 2016 წლამდე ამ კატეგორიაში არცერთი ფეხბურთელი არ ირიცხებოდა, თუმცა ბოლო ათწლეულში ეს სია საგრძნობლად გაიზარდა: მარკ ბარტრა, პაკო ალკასერი, უსმან დემბელე, კევინ-პრინს ბოატენგი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ილქაი გიუნდოგანი, რობერტ ლევანდოვსკი და ახლა უკვე ადეიემი. დემბელეს მსგავსად, კარიმიც “ბარსელონას” პირდაპირ დორტმუნდის “ბორუსიადან” შეუერთდა.
8. მესამე ფეხბურთელი “ზალცბურგის” წარსულით
მხოლოდ სამ ფეხბურთელს უთამაშია “ბარსელონასა” და “რედ ბულ ზალცბურგში”: ჰანს კრანკლს, ჯონათან სორიანოს და ახლა კარიმ ადეიემის. კატალონიელთა ახალი ფორვარდი ავსტრიულ კლუბში 2019-2022 წლებში თამაშობდა.
9. წინა შეხვედრები “ბარსელონასთან”
ადეიემი “ბარსელონას” ოფიციალურ ტურნირებზე ორჯერ დაუპირისპირდა – ორივეჯერ 2024/25 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. პირველი მატჩი “ესტადი ოლიმპიკ ლუის კომპანისზე” “ბარსელონამ” 4-0 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსიამ” 3-1 იმარჯვა.
10. 2021 წლის ამხანაგური მატჩი
ზემოთ ნახსენებ ოფიციალურ შეხვედრებამდე, გუნდები ერთმანეთს 2021 წლის ზაფხულში, ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ. ადეიემიმ თამაში “რედ ბულ ზალცბურგის” ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, ავსტრიულმა კლუბმა კი ის შეხვედრა 2-1 მოიგო.
22 მილიონად სასწაული შენაძენია ფილიკი იცნობს რატომღაც მგონია ათამაშდება უნივერსალია უსწრაფესია და თან სალტოებს აკეთებს 🤸🏻😂👌🏻
მეც მასე მგონია რო მაგრათ უნდა გაიხსნას. რატო აქ ხალხი უკმაყოფილო არ მესმის. 22ად ესეთი კლასის ფეხბურთელის დამატები არაა პატარა საქმე