უსამართლოდ გაგდებული ლეგენდები

უსამართლოდ გაგდებული ლეგენდები

ლუის სუარესმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის არავის არაფერი აუხსნია, უბრალოდ უთხრეს, რომ უნდა წასულიყო. ასეთი დამოკიდებულება კლუბის ცოცხალი ლეგენდის და საუკეთესო ცხრიანის მიმართ, რბილად, რომ ვთქვათ შეურაცხმყოფელია.

სუარესი ზედმეტი წონის, ან ასაკის გამო არ გაუშვიათ, პრობლემას მისი ხელფასი ქმნიდა, „ბარსა“ ისეთ ვალებშია გადარჩება თუ ვერა კაცმა არ იცის, უამრავ ადამიანს მიაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი მესის გაშვებაა, ზოგი პირდაპირ ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაეყიდათ და ეს შანსი ხელიდან გაშვებულია.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ახალი პრეზიდენტის მოსვლა იმ ექიმის მოსვლას დაემსგავსება, რომელსაც არტერია გაგლეჯილ პაციენტს მიუყვანენ და სასწაულის მოლოდინში მიაჩერდებიან.

პარადოქსია, მაგრამ ახალ პრეზიდენტს, წარმატების მისაღწევად კიდევ უფრო დიდი ვალის აღება დასჭირდება.

აი ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო შექმნილი, მაგრამ სუარესისთვის არავის არაფერი აუხსნია, არავის უთქვამს, რომ ზუსტად ამდენით უნდა შეიმცირო ხელფასი თუ დარჩენა გსურსო, არ ვიცი ურუგვაელი რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ კლუბი ვალდებული იყო, რომ მისთვის ყველაფერი აეხსნა და შეთავაზება გაეკეთებინა.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს, სუარესმა თავად თქვა, რომ სკამზე დასაჯდომადაც მზად იყო, ბოლომდე სჯეროდა, რომ ძირითადში ადგილს მაინც დაიბრუნებდა და ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ასეც მოხდებოდა. მასზე შედეგიანი მხოლოდ მესი თუ იქნება.

სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა ერთადერთი უსამართლო გადაწყვეტილება ლეგენდების მიმართ, თვალი გადავავლოთ სხვა შემთხვევებსაც.

მიქაელ ლაუდრუპი

არ გავიხსენებ უფრო ადრეულ პერიოდს, ვიცით, რომ ნუნიესმა მარადონა გაუშვა გუნდიდან, თუმცა მიზეზი ბევრი იყო, დიეგოს პრობლემები მუდმივად თან სდევდა, შემდგომ პერიოდში ნახევარი გუნდი გაათავისუფლა და საშველად კრუიფს დაუძახა, ესეც გამართლებული გამოდგა, მაგრამ ის ვითარება, რომელიც ლაუდრუპის გარშემო შეიქმნა, მართლაც ძალიან დასანანი იყო.

ლაუდრუპი კრუიფის „ბარსას“ ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა და „დრიმთიმის“ შეუცვლელი წევრი იყო, ისეთი ფეხბურთელის კერპად იქცა, როგორიც ანდრეს ინიესტაა, ანდრესი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ „ბარსა“ ლაუდრუპმა შეაყვარა.

დანიელმა ლა ლიგის ტიტულები ზედიზედ მოიგო, ჩემპიონთა თასიც დააყოლა, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. „ბარსამ“ რომარიოს სახით მეოთხე ლეგიონერი დაიმატა, მეოთხე ვარსკვლავი,  ეს ძალიან ალოგიკური და მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, იმ დროს კლუბებს მხოლოდ სამი ლეგიონერის გამოყენება შეეძლოთ, როგორც წესი ლეგიონერები ვარსკვლავის სტატუსს ატარებდნენ, რადგან სხვა შემთხვევაში მათ გადმობირებას აზრი ეკარგებოდა, ამიტომ მეოთხე ვარსკვლავს არავინ ელოდა.

შეუცვლელი წევრი იყო კუმანი, დაცვის ბურჯი და ყველაზე შედეგიანი მცველი ფეხბურთის ისტორიაში, კაცი, რომელმაც „ბარსას“ ნანატრი ტიტული მოუტანა. შეუცვლელი იყო ხრისტო სტოიჩკოვი, პუბლიკის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, გოლეადორი და თავდაუზოგავად მებრძოლი, განსაკუთრებით ავლენდა ხასიათს მადრიდის „რეალთან“, რის გამოც უფრო მეტად შეიყვარეს და ასევე, შეუცვლელი ჩანდა ლაუდრუპიც, მაგრამ პატარა ჯადოქარის გადმოყვანით ყველაფერი შეიცვალა.

მოედანზე ერთდროულად მხოლოდ სამი მათგანი უნდა ყოფილიყო!

კარგი იქნება თუ MSN-ის პერიოდის “ბარსასთან” გავავლებთ პარალელს. კუმანი დაცვაში იდგა, ისევე როგორც დანი ალვესი, მათი ამოგდება აზრს მოკლებული იყო, დაცვას არავინ შეასუსტებდა ისედაც ძლიერი თავდასხმის ხარჯზე. შესაბამისად, სამი შემტევიდან, რომელიმე სკამზე უნდა დამჯდარიყო, მესი, სუარესი და ნეიმარი, აბა, როგორი ასარჩევია?

ზუსტად ვიცით, რომ მესი დარჩებოდა, ალბათ სუარესიც, ხოლო ნეიმარი დაჯდებოდა სკამზე. აი, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოუწია კრუიფს, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც ჰაერში ეკიდა – თუ თავიდანვე იცოდნენ რაც მოხდებოდა, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება?

ლაუდრუპმა ბრძოლა გააგრძელა, მაგრამ შემტევი სამეულიდან ყველაზე მეტად ის იჩაგრებოდა. სტოიჩკოვი-რომარიოს დუეტმა მსოფლიო შეაზანზარა, ტრიო კი ვერ მივიღეთ, გასაგებ მიზეზთა გამო.

ლა ლიგაში როტაციის შესაძლებლობა იყო, მაგალითად, როდესაც „ბარსამ“ ლეგენდარულ მატჩში „რეალი“ 5:0 დაამარცხა, ლაუდრუპმა 47-ე წუთზე სტოიჩკოვი შეცვალა. საცოდაობაა, რომ ასეთ მატჩში ნახევარ-ნახევარი ითამაშეს.

მიქაელი საგოლე პასებით გამოირჩა.

ასევე დასამახსოვრებელია ლაუდრუპის გენიალური პასი და რომარიოს გოლი, „ოსასუნას“ კარში, აქ გამოჩნდა, რომ ისინიც მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს და ზედმეტად კონსერვატორული წესების გამო, ძალიან მაგარი ტრიო დავკარგეთ.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ უფრო რთულად იყო საქმე, ლა ლიგაში თუ განაცხადში ოთხივე შეგყავდა, ევროტურნირზე მხოლოდ სამი მათგანის ჩაწერა შეგეძლო. ამიტომ, მიქაელ ლაუდრუპი სახლში დარჩა, ფინალი „მილანთან“ არ უთამაშია. „ბარსა“ განადგურდა – 4:0.

განაწყენებული “რეალში” გადავიდა და სტვენაც არ მოკლებია. 

რივალდო

თუ შემდეგ სეზონში მესიმ უფასოდ დაგვტოვა, აუცილებლად გაიხსენებენ რივალდოს, „ვალენსიასთან“ ჩადენილი სასწაულის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა, მისი მსურველები კი 100 მილიონ ევროს იხდიდნენ, ეს იმ დროს სრულიად წარმოუდგენელი თანხა იყო, რეკორდი ზიდანს ეკუთვნოდა, რომელშიც 75 მილიონი ევრო გადაიხადეს.

„ბარსამ“ შეთავაზებები უარყო და ერთი წლის მერე, ვან გაალის მოთხოვნით უფასოდ გაუშვეს. რიცალდოს წასვლა არ სურდა, მაგრამ გააგდეს. კაცი, რომელმაც „ბარსა“ მარტომ ათრია, ჯანმრთელობაც ბოლომდე შესწირა, უბრალოდ მოისროლეს გუნდიდან.

ვან გაალთან ყოველთვის ჰქონდა კონფლიქტი, ლუი მარცხნივ ათამაშებდა, რივალდოს კი ათიანზე თამაში სურდა. ვან გაალი ათიანებს საერთოდ არ სცნობს.

არც გამოსათხოვარი მატჩი, არც ტაში გაცილებისას, არაფერი, სიჩუმე. ისე წავიდა, თითქოს არანაირი წვლილი კლუბის გადარჩენაში არ მიუძღოდა. მისი ბოლო თამაში უკვე გაგვიხსენებია, მაშინ არც გულშემატკივარმა და არც რივალდომ არ იცოდნენ, რომ სწორედ ეს იქნებოდა ბოლო გაჩერება, ტრავმით ბოლომდე დარჩა მოედანზე, გოლის გატანის დროს ტრავმა გაიმიზეზა და „რეალთან“ ლიგის ნახევარფინალები გამოტოვა.

საერთოდ, რივალდოს ბოლო სეზონი „ბარსელონაში“ ძალიან მძიმე გამოდგა, უმეტესად ტრავმებს ებრძოდა, თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მუნდიალისთვის გამოჯანმრთელება მოასწრო და მოიგო კიდეც, თითქმის ყველა თამაშში საუკეთესო იყო, მაგრამ მთავარი ჯილდო რონალდოს ხვდა წილად, ესეც არ იყო მოულოდნელი, რივალდო ყოველთვის ჩრდილში რჩებოდა, ეს თავის წიგნშიც აქვს ნათქვამი, როცა არგენტინას სამი გოლი გაუტანა, (VAR-ი, რომ ყოფილიყო მეოთხეც ჩაითვლებოდა) ტრიბუნებზე რონალდინიოს და რონალდოს სკანდირებდნენ, იმათ უყვარდათ ხალხის გართობა, ფინტები და მცველების წვალება, რივალდო მათგან განსხვავდებოდა, ამიტომ სიყვარული და დაფასება ყველგან მოაკლდა, თავის ქვეყანაშიც და „ბარსელონაშიც“.

„ბარსამ“ 100 წლის იუბილეზე ბრაზილია მოიწვია, ეს ჩაითვალა რონალდოსა და რომარიოს გამოსათხოვარ შეხვედრად, მიაგეს პატივი ყველაფრისთვის, რაც კლუბისთვის გაიღეს.

გამპერის თასზე „მილანი“ მოიწვიეს, რადგან რონალდინიო გაეცილებინათ ისე, როგორც დაიმსახურა, იყო ტაში, ოვაციები, სამახსოვრო ფოტო, კარლეს პუიოლის სამაგალითო საქციელი და ცოტა ცრემლიც.

რივალდო ყველამ დაივიწყა.

ვინც ყველაზე მეტი გაიღო, ის ყველაზე ნაკლებად დააფასეს.

 სამუელ ეტო’ო

მოდი ავხსნათ რაში იყო საქმე, ვარსკვლავურმა „ბარსამ“ 2 სეზონი ჩააგდო, ზედიზედ! წინა ორი ძალიან მაგარი იყო, რონალდინიოსთვის, ეტო’ოსთვის და მთელი კლუბისთვის, მაგრამ მომდევნო ორი ჩავარდა.

სამუს ორი მძიმე ტრავმა ჰქონდა, მიუხედავად ამისა ცუდი სტატისტიკა მაინც არ ჰქონია. ლა ლიგაში მხოლოდ 19 შეხვედრა ითამაშა, 11 გოლი შეაგდო, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. სეზონი ყველამ ჩააგდო.

ტრავმიდან დაბრუნებულმა ერთ-ერთ შეხვედრაში ბოლო ხუთი წუთის თამაში იუკადრისა, რაიკაარდს ტკბილი სიტყვები მიაძახა და გუნდში არსებული მძიმე სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.

კონფლიქტი იყო რონალდინიოსთან, სამუ მშრომელი აფრიკელი იყო, რონალდინიო გართობის მოყვარული ბრაზილიელი. რაღაც ვერ აეწყო, საჯარო შერიგების დღეც კი მოაწყვეს, ჟურნალისტების თვალწინ გადაეხვივნენ ერთმანეთს, ქართველი პოლიციელებივით გამოუვიდათ – შევრიგდიიიით, შევრიგდიით! ვინ დაიჯერებდა? არც არავინ.

სამუს არ მოსწონდა, რომ რონალდინიო ვარჯიშებს არასერიოზულად ეკიდებოდა, აფრიკელს პროფესიონალური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ თავის თავზე ყოველთვის ბევრს იღებდა.

ერთი შანსი კიდევ მისცეს. ორივეს, მაგრამ იმაზე ცუდი სეზონი გამოვიდა, ვიდრე წინა. რონალდინიოს უდისციპლინობას ჯანმრთელობის გაუარესებაც თან დაერთო, რონი საერთოდ გაქრა. ეტო’ომ კი თავის ჭირვეულობის გამო გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, გუნდში ანრი მოვიდა და წინა ხაზში არაადამიანური კონკურენცია იყო, ეტო’ო მთელი ზაფხული ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, რომ ფორმაში ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებისგან ნება არ ჰქონდა დართული, როდესაც წინასასეზონო ვარჯიშზე გამოცხადდა მისი კუნთები და მყესები ისეთ ცუდ დღეში იყო, რომ უბრალოდ ვეღარ გაუძლო, მძიმე ტრავმა მიიღო და ძალიან ბევრი გაუცდა.

ლა ლიგაში მხოლოდ 18 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. კონფლიქტები გრძელდებოდა, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, ლაპორტა გადაყენებას გადაურჩა და რევოლუციური ცვლილებებიც დაიწყო.

პეპს ყველა ლიდერის გაშვება სურდა, მაგრამ ეტო’ოს გაყიდვა ვერ მოასწრეს, ორი ჩაგდებული სეზონის მერე უბრალოდ არავინ ელოდა, რომ სამუ იმას გააკეთებდა, რაც გააკეთა.

30! გოლი ლა ლიგაში, პლუს გოლი „რეალთან“ „კამპ ნოუზე“, გოლი „მანჩესტერთან“ ფინალში და უსიტყვო მორჩილება, როცა ფლანგზე გაამწესეს.

ეტო’ო ხშირად იხსენებს, რომ პეპს მისთვის არასდროს მადლობა არ გადაუხდია. ყველაფრით უკმაყოფილო იყო.

„ინტერს“ მიუგდეს და 40 მილიონი ევროც დააყოლეს. შედეგად, ეტო’ოზე მეტად კონფლიქტური იბრა შეგვრჩა ხელში, რომელიც ფლანგზე აბსოლუტურად უსარგებლო იყო და არც თანხმდებოდა გვერდზე გაწევას, ბევრად ნელი გამოდგა, რამაც შეტევაში პრობლემები შეგვიქმნა და ის ილუზია, რომ მეორე სართულზე უპირატესობას მოგვცემდა, მალევე გაქარწყლდა.

სამუმ „კამპ ნოუზე“ შური იძია, გვარდიოლა გამოლანძღა და რამდენჯერაც დაბრუნდა, იმდენჯერ დაუსტვინეს. ეტო’ო არ უყვართ, არადა ორი ფინალის მოგებაში, უდიდესი წვლილი შეიტანა.

შეცდომების აღიარება უნდა შეგვეძლოს. კამერუნელს უსამართლოდ მოექცნენ.

დანი ალვესი

დანი ერთადერთია, რომელმაც თავი არავის დააჩაგვრინა. ბოლომდე ისიამოვნა, უდიდესი კლუბის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, ხელფასის დაკლებას არ დათანხმდა და როცა ტრიუმფალური სეზონის ბოლოს გახანგრძლივება შესთავაზეს, უფასოდ წავიდა. უსამართლობა ვერ აიტანა და ბართომეუ გადააგდო.

ყველაფერთან ერთად, გულშემატკივარს ყოველთვის უყვარდა და დღემდე პატივს სცემენ. ასეთი საქციელი ბართომეუმ არ აპატია და როცა მესი მის დაბრუნებას ითხოვდა, ხელმძღვანელობამ ეს არ გააკეთა, მიუხედავად მარჯვენა ფლანგის საშინელი მდგომარეობისა.

ასეც ხდება, როცა გვტოვებენ, მერე ვხვდებით მათ რეალურ ფასს.

ლაუდრუპს და ეტო’ოს უსტვინეს.

რივალდოს და დანის გამოსათხოვარი მატჩი არ მოუწყვეს.

ოდესმე თუ დაუბრუნდა გულშემატკივარი სტადიონს, იმედი მაქვს სუარესს აპლოდისმენტებით შეხვდებიან.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • Bakero
    07 თებ 2021, 03:49

    ციტატა: Guardiola21

    ციტატა: M10 S9 D11
    ეტოო რატოა უსამართლოდ გაგდებული? იმის მერე რაც ინტერით ლიგა მოიგო აღარც უთამაშია მაღალ დონეზე ეტოოს თემა უბრალოდ გრმვარდიოლას შეცდომა იყო და მეტი არაფერი


    ეტოოო წონაში მყოფი და გაღორებული სასტავ განაღდებული ტ*აკს აღარ არყევდა ეს მახსოვს ბოლოს და გაგდება მაინც არაა სწორი ლამაზად უნდა გააცილო )


    ვინ არ არყევდა ტ@ აკს ? მაგ 2008/2009 წწ ბოლო სეზონში ეტოომ 36 თამაშში 30 გოლი შეაგდო ! ყველაზე მეტი იმ ხუთ წელიწადში რაც ბარსელონაში იყო laughing laughing laughing ცუდი ხასიათი რომ ჰქონდა და გვარდიოლამ ვერც მოარჯულა ვერც საერთო ენა გამონახა ეგ ჯერ გუნდს და მერე თითონ გვარდიოლას დააკლდა მერე ხომ მოიყვანა " ბრილიანტი " და მურაბა კაცი ხასიათით იბრაგიმოვიჩი laughing laughing laughing laughing

  • C.PC5
    07 თებ 2021, 00:08

    დიდი შავი ლაქები ბარსას ისტორიაში! ასე არ უნდა ექცეოდე ფეხბურთელს რომელიც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს, მიუხედავად მისი ხასიათისა. იმედია სხვა ლეგენდებს, რომლებიც ახლა გვყავს ან თუნდაც მომავალში გვეყოლება, ასე აღარ მოექცევიან.

  • ფეოლა
    06 თებ 2021, 23:07

    Guardiola21,
    ეტო'ოს ბოლო სეზონი ყველაზე შედეგიანი ჰქონდა. ყველგან იტანდა, ყველასთან, მეტი რა ექნა? : )) ცუდი ხასიათი ჰქონდა, ეგ იყო მაგის ერთადერთი მინუსი.

  • Bobi
    06 თებ 2021, 22:08

    სათაური დავინახე თუ არა მაშინვე მივხვდი ვის სტატიასთან მქონდა საქმე 😍👏🏻
    როგორც ყოველთვის, გენიალური იყო. რთული წასაკითხიც ასევე, გულზე რომ გვხვდება ადამიანს ყოველი სიტყვა და იმას რომ ფიქრობ კითხვის პროცესში, ეს რომ ასე არ ყოფილიყო იქნებ უკეთესი შედეგი დამდგარიყოო 🙁
    გენიალური სტატია იყო მოკლედ 👏🏻

  • Guardiola21
    06 თებ 2021, 20:52

    ციტატა: M10 S9 D11
    ეტოო რატოა უსამართლოდ გაგდებული? იმის მერე რაც ინტერით ლიგა მოიგო აღარც უთამაშია მაღალ დონეზე ეტოოს თემა უბრალოდ გრმვარდიოლას შეცდომა იყო და მეტი არაფერი


    ეტოოო წონაში მყოფი და გაღორებული სასტავ განაღდებული ტ*აკს აღარ არყევდა ეს მახსოვს ბოლოს და გაგდება მაინც არაა სწორი ლამაზად უნდა გააცილო )

  • Visca el barca
    06 თებ 2021, 20:00

    ლაუდრუპის გაშვება ალბათ იყო ყვველაზე დიდი შეცდომა, ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი იყო, თან რეალს მიჰყიდეს

  • gurgenidze
    06 თებ 2021, 19:18

    გულშემატკივრებს იმის გააზრება უჭირს რო გუნდში კრიზისია… ფიანნსური იმდენად რთული როგორიც არასდროს ყოფილა.. კიარ გააგდეს იძულებული იყვნენ გაეშვათ.

  • basa7
    06 თებ 2021, 19:15

    ფაქტი ერთია, ეს ხალხი ძალიან დაჩაგრა ბარსამ დაუმსახურებლად, ხანდახან ძალიან ვგავართ რეალს ლეგენდებთან დამოკიდებულებაში. შარშან მესის უბრალაოდ ვერ მოერივნენ თორემ იგივე განმეორდებოდა

  • ფეოლა
    06 თებ 2021, 18:55

    M10 S9 D11,
    რივალდო ვან გაალის შეცდომა იყო. ცვლიის რამეს? : )

    ეტო'ოს დიდი ფეხბურთი აღარ უთამაშია, იმიტომ, რომ ჟოზეს წასვლის მერე ჩამოიშალა ინტერი, თვითონ აგენტმა გაძარცვა და ფულის საშოვნელად წავიდა.

    რო დარჩენილიყო დიდხანს ითამაშებდა.

  • M10 S9 D11
    06 თებ 2021, 18:53

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    რონალდინიოსაც მივამატებდი ამ სიას 😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😞😞😞😞😞😞


    რონალდინიო უსამართლოდ არ გაუგდია არავის მაგან თავია თავს დააბრალოს რო გაუშვეს გადაყვა კლუბებს და ქალებს

  • M10 S9 D11
    06 თებ 2021, 18:21

    ეტოო რატოა უსამართლოდ გაგდებული? იმის მერე რაც ინტერით ლიგა მოიგო აღარც უთამაშია მაღალ დონეზე ეტოოს თემა უბრალოდ გრმვარდიოლას შეცდომა იყო და მეტი არაფერი

  • BEQA BARCA
    06 თებ 2021, 17:52

    ალვეშმა თავს უშველა ბართომეუსგან თორე მაგის მერე მარჯვნივ ნორმალური კაცი არ გვყავს..☹☹ სუა კი ზამენაზეც თანახმა იყო და ბართომეუმ მოისროლა😠😠 ბრეიტვეიტი ცხრიანი უნდა იყოს და სუარესი ატლეში ბომბარდირი ხდებოდეს ლა ლოგის☹