მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იძებნება შუბლის ძარღვი
- დღეს, 11:52
- ფეოლა
- 14
ძალიან უხერხული სანახავია კაპიტნის სამკლავური ამ კაცის მკლავზე. ეს რა დაუდევარი ვინმეა... ამ დროს ადამიანს ან ყველაფერი ფეხებზე კიდია, ან საერთოდ ვერ აზროვნებს. რაღაც გათიშულია თავში. "ბარსა" კიდევ ყოველთვის მოაზროვნე გუნდი იყო, ყოველთვის თამაშობდა იმ ფეხბურთს, სადაც აზროვნებაა საჭირო. რონალდ, სხვაგან მოხვდი ჯიგარო. ასეთი აშკარა დარღვევა იმ ფეხბურთელის მხრიდან, რომელსაც უკვე აქვს ერთი ყვითელი ბარათი მართლა რთული გასახსენებელია. მე ლონდონური დერბი მახსენდება, "ჩელსი" და "არსენალი" თავიანთ პიკში, ისეთი ტემპია ბურთს თვალს ვერ გააყოლებ, თანაც ხისტი, აგრესიული მატჩია, ამ დროს ესიენმა მიიღო ყვითელი ბარათი, და მას მერე ბრძოლაში შესული საერთოდ აღარ მინახავს. ყველაზე მეტი იმუშავა, მაგრამ ჩუმად, ერთი წამითაც არ გაურისკავს, თანაც, ისეთ თამაშში, სადაც ყველა მონაკვეთში ბრძოლა იყო. დისციპლინა ქვია ამას. ეს კაცი კიდევ, ვაჰ, არ ვიცი.
პირველი ყვითელი ბარათი მსაჯთან კამათის გამო მიიღო, დადგა გორილასავით, გაიჯგიმა, არბიტრს ცოტა მიეჯახა კიდეც და იმანაც საეჭვოდ ამოხედა - ამას ხომ არ იმასუქნიაო?! დააძრო ეგრევე ყვითელი. მეორე კიდევ უკვე ვახსენე, კუკურელიას კლავდა ჯიგარი. ამის მერე "ბარსას" თამაში არ ჰქონია. თავიც ვერ დაიცვა წესიერად, შეტევა კიდევ ნათელი იყო, რომ ვერ ივარგებდა.
კიდევ ერთი გადამწყვეტი წერტილი
ჯერ კიდევ ნულით ნულზე, არაუხოს დაუდევრობისა არ იყოს, ის მოხდა რაც ბევრჯერ გვინახავს და ეჭვი მაქვს კიდევ არა ერთხელ ვნახავთ. ფერან ტორესმა 100%-იანი მომენტი გაუშვა ხელიდან. ლამინე იამალის დიდებული პასის მერე ერთი-ერთზე დარჩა და ააცილა. ამ მანძილიდან კიდევ ნამუსიანი ფორვარდი არ აცილებს კარს. და თუ მაინც აცილებს თავ-ბედს იწყევლის, ბოდიშებს იხდის და მუხლით მიხოხავს გასახდელისკენ. მაგრამ ფერანს მსგავსი არაფერი გაუკეთებია, იმიტომ, რომ ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია და აღარც ნამუსი აწუხებს დიდი ხანია. ეგ შუბლის ძარღვი აბა ვინ იცის როდის გაიწყვიტა. ყოველ შემთხვევაში "ბარსაში" ნაღდად არ გაუწყვეტია, ჩვენ რომ ვიყიდეთ, უკვე გაწყვეტილი ჰქონდა.
შუბლის ძარღვის გაწყვეტას ჯვარედინის გაწყვეტა სჯობიაო, ნათქვამია.
ეგ იყო და ეგ, ლევანდოვსკიმდე ბურთი საერთოდ არ მიდიოდა. "ბარსას" პედრი აკლდა. ფლიკმა შედარებით დაცვითი ნახევარდაცვა დააყენა. ოლმოს ერიკ გარსია არჩია. გასაგებია რატომ, ფრენკი დე იონგს ტრავმა აწუხებდა და ფორმაში აშკარად ვერ არის, ახლა წარმოიდგინეთ მარტო რომ მდგარიყო საყრდენ ზონაში რა ამბავი იქნებოდა. უამრავი წუნი ჰქონდა, რაც მისგან ნამდვილად მოულოდნელია. ვის ვის და ფრენკის ტექნიკური წუნი არ ახასიათებს.
გარსიას ნაცვლად ოლმო რომ დაეყენებინა ვერც იმას ვიტყვით, რომ "ბარსა" უკეთ დაიჭერდა ბურთს, ოლმო ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს ამ სეზონში. ამიტომ, ფორვარდებთან დამაკავშირებელი კაცი მხოლოდ ფერმინ ლოპესი იყო, რომელიც დიდად სტაბილური ვერ არის. ხან კარგია, ხან ცუდი. "ჩელსისთან" დიდად ვერაფრით გამოირჩა. ლევანდოვსკი საერთოდ უბურთოდ დარჩა, ფერან ტორესს რაც შეუქმნეს ქარს გაატანა და იამალი ასე ეპიზოდურად თუ გამოჩნდებოდა. იმის ანარეკლიც აღარ არის რაც წინა სეზონში იყო. ეს კიდევ ძალიან უცნაურია, კაცი 18 წლის არის ჯერ. როგორც ჩანს, გასული სეზონის მერე საერთოდ არ დაუსვენია. ხშირად ტრავმიანობს და სულ გადაღლილია. მერამდენედ აღვნიშნეთ რომ სისწრაფის ხარჯზე დრიბლინგზე საერთოდ აღარ მიდის, დაკარგა სისწრაფე, დამძიმებულია, და როცა 18 წლის ბიჭი სისწრაფეს კარგავს ეს უმძიმესი ამბავია.
დადგება ბებერი რონალდინიოსავით, გეგონება უკვე ჰქონდეს რამე ძალიან ღირებული გაკეთებული.
პანტა-პუნტით გოლები
"ჩელსი" უკეთესი გუნდი იყო, უფრო სწრაფი, უფრო აგრესიული და გაცილებით კარგი ფეხბურთიც ითამაშეს. "ბარსა" "ჩელსის" სისწრაფეში ვერ აყვა. არა მხოლოდ ინდივიდუალურ სისწრაფეში, ან გუნდურად სწრაფ გადაადგილებაში, "ჩელსი" ბურთსაც უფრო სწრაფად ათამაშებდა და დაცვიდან შეტევაშიც უფრო სწრაფად გადადიოდა, რაც "ბარსასთან" შედარებით არასდროს ყოფილა მათი პლუსი. ან, თითქმის არასდროს.
იმდენი გოლი გავიდა სათვალავი ამერია. რაღაც მცირე თამაშგარეს გამო გაუქმდა, რაღაც ზღვარზე იყო და ჩაითვალა. სასაცილო გოლიც ვნახეთ, ფერანს გამოჰქონდა და კუნდემ არა! გინდა თუ არა, ამ მომენტიდან გოლი უნდა გამოვადნოთო და გამოადნო, შეაგდო, გააგიჟეს გარსია. დაცვა მართლა არაფერს ჰგავდა. საერთოდ, მთელი გუნდი, ყველა რგოლში, "ბარსა" საშინლად იცავდა თავს.
არაუხოს გაძევების მერე კიდევ საერთოდ წვალება იყო მათი ყურება.
ახლა რთული იქნება ტოპ 8-ში მოხვედრა. რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. როგორც ჰანსიმ თქვა. დარჩენილი მატჩების მოგება თავისუფლად შეუძლია. იქნება თუ არა საკმარისი საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად ამას ვნახავთ.
წინ რა გველის
წინ გველის ყველაზე იოლი კალენდარი დეკემბრის ბოლომდე. ბოლოს ბარსა "ვილიარეალს" ესტუმრება და ზამთრის პაუზაზე გავა. საუკეთესო შედეგი ტოპ რვა გუნდში მოხვედრა და ლა ლიგაში გალიდერება იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ის გუნდი, რომელიც თუნდაც ნახევარფინალამდე მივა, წინა სეზონის "ბარსელონამდე" ამ გუნდს ბევრი რამ აკლია. პირველ რიგში კი აკლია ინიგო, აკლია საუკეთესო ფორმაში მყოფი იამალი და აკლია ჯანმრთელი რაფინია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 14 ]