მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვარჯიში ბერნაბეუმდე
როგორც წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ "ბერნაბეუმდე" კარგი ვარჯიში უნდა გვენახა და ვნახეთ კიდეც, ოღონდ, მხოლოდ "კარგით" ნუ შემოვიფარგლებით, გადასარევი ვარჯიში გამოდგა. წინა მატჩი იყო და კლუბმა ისეთი მუხტი მიიღო თითქოს მიწიდან ჰაერში აისროლა, ეს წესიერი და გაწონასწორებული კაცი, წარბშეუხრელი ჰანსი ფლიკიც კი ჭკუიდან გადაიყვანეს, ადრე უემოციოდ უყურებდა ფეხბურთს, ახლა დარბის და დედას იგინება. თვალსა და ხელს შუა შეიცვალა. "ბარსა" მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდა. გასულ სეზონშიც გვაჩვენა, რომ პრობლემებს მარტივად უმკლავდება, ისე მარტივად რომ ხანდახან მიფიქრია - იქნებ კარგიც კია ეს დაბრკოლებები, ფლიკი ამასაც მოერევა და კლუბიც უფრო მეტად გაძლიერდება-მეთქი.
გასულ სეზონში "ბარსამ" ოთხი მატჩი მოუგო "მადრიდს". დიდებული შეხვედრები ვიხილეთ. ანჩელოტი მიწასთან გაასწორა, გნებავთ ლა ლიგაში, გნებავთ კოპაზე და გნებავთ სუპერ თასზე. ახლა ჩაბის ჯერია, და ვნახოთ ესპანელს რა შეუძლია, აი ფლიკს რა შეუძლია ეს კარგად ვიცით.
გავხურდეთ
შევიდა შესნი ფორმაში? ისე რა, ბოლომდე მაინც ვერა. აბა, როგორია "მადრიდთან" მესამე მეკარით თამაში? კატასტროფაა. მაგრამ თუ გაიხსენებ, რომ ეს მესამე მეკარე წინა სეზონში პირველი ნომერი იყო, ცოტა დამშვიდდები კიდეც ადამიანი. დაცვის ხაზს რაც შეეხება, საწყის 20 წუთში ყველაფერი გვითხრეს, ოთხივე მათგანი შეცდა ბურთის ამოტანის დროს. ბალდემ დაიწყო, გარსიამ გააგრძელა, მერე კუბარსი, მერე კუნდე. ასე თანმიმდევრობა დაიცვეს მარცხნიდან მარჯვნივ. "ოლიმპიაკოსმა" ვერა, მაგრამ "რეალი" ასეთ შეცდომებს ულაპარაკოდ გამოიყენებს, მათ ხომ კილიან მბაპე ჰყავთ?!
"ბარსას" კიდევ ცაცია ცენტრალური მვველი არ ჰყავს. ეს პრობლემაა. ადრე სულ ცაციები ჰყავდა, ახლა ყველა მემარჯვენეა. გარსიასა და კუბარსის თითქოს ნაკლები წუნი აქვთ ხოლმე არაუხოსთან შედარებით, მაგრამ "ოლიმპიაკოსთან" ვნახეთ, რომ არც მათ აქვთ საქმე იდეალურად.
ფრენკი დე იონგი პირველ ტაიმში დაასვენეს. პედრი არა. ფერმინს კი ახლა სჭირდებოდა სათამაშო დრო, ტონუსში დასაბრუნებლად, ფორმაში შესასვლელად. საუკეთესო იყო მოედანზე რაშფორდთან ერთად. პირველი გოლი ფერმინისა და იამალის კომბინაციას მოჰყვა, ვერ ვიტყვი რომ იდეალურად გაითამაშეს, მაგრამ გოლით კი დაასრულეს. ორი რიკოშეტიც ვნახეთ ფერმინის დარტყმის მერე. ასე გაიხსნა ანგარიში. შეტევაში მარკუს რაშფორდსა და იამალს პატარა "დრო" ფერნანდესი ავსებდათ, მარცხენა ფლანგზე. არ არის დრო გარემარბი, მაგრამ ახლა აქ მისცეს თავის გამოჩენის საშუალება და არა უშავდა, მიითვალა ერთი საგოლე პასი, ფორვარდის პოზიციაზე შეჭრილ ფერმინს გაუკეთა, (მომეჩვენა რომ ზედმეტად ნელი პასი) კარგი პაუზა აიღო ფერმინმა და ისევ მარცხენა ფეხით შეაგდო, პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა.
მარკუსი კლასიკოს მოლოდინში
მეორე ტაიმი კიდევ უფრო უკეთესი სანახავი გამოდგა. სანამ მატჩის გმირებზე გადავალთ, უნდა ვთქვათ რომ იამალი ვერ არის სასურველ ფორმაში. მოლოდინი რა თქმა უნდა დიდი გვექნება კლასიკოში, მაგრამ ვერ ხვდება ისეთ ფორმაში, როგორც გასულ სეზონში, ასე მოხდა სამწუხაროდ. "ოლიმპიაკოსმა" პენალტით გაქვითა, ზურგით მყოფ გარსიას მოხვდა ბურთი ხელზე და მაინც პენალტი დანიშნეს. უცნაური ამბავია.
საპასუხოდ რაშფორდმა და ფერმინმა ისეთი კომპინაცია გაითამაშეს, როგორიც მესიმ და პედრიმ, "ვილიარეალის" წინააღმდეგ, მაშინ ლეომ ეს კომბინაცია გოლით დაასრულა. რაშფორდმა კი პენალტი მოიპოვა, რომელიც იამალმა გოლად აქცია. გადის წუთები და მარკუს რაშფორდს ულამაზესი გოლი გააქვს, ადგილიდან, ნაბიჯიც არ დასჭირვებია ისე გაუშვა კარისკენ, რა თქმა უნდა, რონალდინიო გაგვახსენდებოდა "ჩელსისთან", სუარესი "ვალენსიასთან", მესი "ატლეტიკოსთან", ახლა კი რაშფორდმა გვაჩვენა, რომ მასაც შეუძლია ასე. ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო მეკარისგან ახლო კუთხეში, თავი ასწია, დაინახა, შეაფასა და შეასრულა.
მერე კიდევ, რუნი ბარდგჯიმ (როგორც არის) გადაწყვიტა რომ მასაც შეუძლია ლეგენდები გაგვახსენოს, ე.წ ელასტიკო შეასრულა უმაღლეს დონეზე, ისე როგორც ფენომენი და რონალდინიო ასრულებდნენ "ბარსელონაში", იამალისგანაც ბევრი გვინახავს და აჰა, რუნისაც სცოდნია. გასცდა მცველს ამ წარმოუდგენლად ლამაზი მოძრაობით და მგონი კარში დარტყმას აპირებდა, მაგრამ ფეხი აუცდა და კინაღამ კისერი მოიტეხა, ბურთი აიჭრა და გადავარდა სადღაც პენალტის ნიშნულთან სადაც ფერმინ ლოპესი შემოფრინდა და ისევ მარცხენა ფეხით შეაგდო - ჰეთთრიქი ცაციათი. ფერმინი დაიწყებს ელ კლასიკოს.
წერტილი ისევ რაშფორდმა დასვა. პედრი სანამ მოედანს დატოვებდა საგოლე პასი დატოვა. გრძელი მაღალი პასი გადაკიდა ინგლისელისკენ, აქ მთავარი პირველი შეხება იყო. იდეალურად დაამუშავა რაშმა და დარტყმაც დაფარული გამოუვიდა, ისევ ახლო კუთხეში, ისევ მოძრაობის საპირისპიროდ. ეს რაშფორდის საუკეთესო მატჩი იყო "ბარსელონაში".
მადლობა წარმოდგენისთვის!
ბერნაბეუსკენ
რა უნდა ვთქვათ? ძირითადი თითქოს გამოიკვეთა.
კარში - შესნი; დაცვა - ბალდე, გარსია, კუბარსი, კუნდე; ნახევარდაცვა - დე იონგი, პედრი, ფერმინი; თავდასხმა - რაშფორდი, იამალი, და სავარაუდოდ გამოჯანმრთელებული ფერანი. ერთადერთი კითხვის ნიშანი სწორედ აქ ისმება.
"ბარსა" იდეალური ფორმისგან შორს არის, მაგრამ იქნებ შეძლოს ფლიკმა რამე. ხასითი ნამდვილად გამოიკეთეს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 35 ]