მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სააღდგომო ზღაპარი მონჟუიკზე
ქრისტე აღდგა!
აღმდგარიყოს ჩვენში სიკეთის მარცვალი, რომელიც ყველა ადამიანშია. ეგრე ფეხბურთსაც უკეთ შევირგებთ და სხვა სანახაობებსაც. გაზიარებაც უფრო მეტად მოგვინდება, გაზიარებაც ხომ სიკეთეა?! ფლიკი რომ შემოხტა მოედანზე და რაფინიას პატარა ბავშვივით დაეტაკა ეგეც სიკეთეა, განსაკუთრებული სიყვარული იგრძნობა ამ ორს შორის, ესე იგი, ბევრი აქვთ ნამუშევარი სეზონის განმავლობაში, სჯერათ ერთმანეთის, სჯერათ რომ დიდ გამარჯვებამდე მისვლა შეუძლიათ. ფლიკმა ყველას მიულოცა გამარჯვება, მაგრამ ბრაზილიელს მიულოცა განსაკუთრებით.
ორი დღის წინ სტატიაც გამოვაქვეყნეთ რაფინიაზე, მის არანორმალურ სტატისტიკაზე, რომელსაც კიდევ სამი საგოლე ქმედება მიამატა, "ბარსამ" 4:3 მოიგო, რაფინიამ ორი შეაგდო - გამთანაბრებელი და გამარჯვების მომტანი გოლები. პლუს ერთი საგოლე პასი, რომელმაც "ბარსა" თამაშში დააბრუნა, თან რა პასი! მოკლედ, რაფინია თავის სტიქიაშია.
პირველი ტაიმი - "აჩუ" ლევანდოვსკი
არაუხოს თამაში არ იქნება, რამდენჯერმე მიფიქრია, იმდენ შეცდომას უშვებს ამ ადგილისთვის ბრძოლას ვერ მოიგებს-მეთქი, მაგრამ ამჯერად ინიგომ ითამაშა და ალბათ სეზონის ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა. საერთოდ, "ბარსას" დაცვის ხაზი აბსოლუტური კატასტროფა იყო. მაგრამ ინიგოს მაინც განსაკუთრებით ბევრი შეცდომა დაუგროვდა. რაც შეეხება ჟერარ მარტინს, მისგან მხოლოდ დაცვა არა, შეტევაც მძიმე სანახავია, უიშვიათესი შემთხვევაა, რომ მის ჩაწოდებას რაიმე მოჰყვეს, უკეთეს შემთხვევაში პირველ კაცს თუ ააცილებს ბურთს, ამის მერე კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.
ბალდე უდიდესი დანაკლისია.
ამას კიდევ ლევანდოვსკიც დაემატა, პოლონელმაც ტრავმა მიიღო, მანაც კუნთი დაიზიანა. ამ ტრავმას გადაღლის გამო იღებენ, რაც სეზონის მიწურულს ლოგიკურია. ფლიკი როტაციას მიმართავს ხოლმე, მაგრამ ტრავმის შიშით სულ სკამზე ხომ არ დასვამ ძირითადის ფეხბურთელს? ცუდი ამბავია.. წინ "მადრიდია", "ინტერია".. რა დროს ეს იყო..
ვინ შეცვლის რობერტ "აჩუ" ლევანდოვსკის? ფერან ტორესი, რომელმაც ისევ ძირითადში დაიწყო და ძალიან კარგი გოლიც შეაგდო, პატარა სოლორეიდი და გამოზომილი დარტყმა ვნახეთ, დიაგონალური, დაბალ კუთხეში, ლამაზი იყო, ვნახოთ მომდევნო მატჩებში რა შეუძლია, მართლა სძლია თუ ვერა თავის უიღბლობას. ლევანდოვსკიმ მეორე ტაიმში ტრავმა კი მიიღო, მაგრამ მანამდე მოასწრო და "სელტას" მცველი გააჭენა. რას აღარ ველოდი ამ კაცისგან, მაგრამ კაცს თუ ზურგზე შეახტებოდა და გააჭენებდა ამას რას ვიფიქრებდი?! თან ისე გააჭენა ლევან სალუქვაძემ დოღზე ფსონების მიღება დაიწყო.
დაცვის ცუდი თამაში ვახსენეთ, მეკარე გამოგვრჩა, პირველი გოლი მის შეცდომას მოჰყვა, შესნი კარგ ფორმაში შევიდა, მაგრამ მაინც ცდება ხოლმე დრო და დრო. შტეგენი უკვე ვარჯიშობს, დასაბრუნებლად ემზადება, შესნი პატარა აღარ არის ამის რომ შეეშინდეს, წნეხი კი ეტყობა. მოკლედ, გოლი მის სინდისზეა. "სელტამ" ანგარიში გაათანაბრა და ტაიმის ბოლოს წინ გასვლაც შეეძლო, ამჯერად პოლონელმა დამაჯერებლად ითამაშა. "ბარსას" კარს ლა მასიელები ემუქრებოდნენ - ხან მორიბა, ხანაც მინგესა.
მეორე ტაიმი - თრილერი მონჟუიკზე
დაიწყო მეორე ტაიმი და "სელტამ" მალევე შეაგდო, კი ვიფიქრე რა კარგია იაგო ასპასი რომ არ თამაშობს, მაგან ხომ გაგვიშრო სისხლი, მაგრამ ბორხა იგლესიასს შეესხა ფრთები, სამი გოლი შეაგდო, "ბარსას" კარში ჰეთთრიქის შესრულება სულ უფრო მარტივი ხდება. მეორე გოლის დროს გარდა იმისა, რომ მძიმე შეცდომა დაუშვეს ინიგომ და დე იონგმა, მომეჩვენა რომ კუბარსიც ძალიან ინერტული იყო, არ ვიცი რას ელოდებოდა, ბორხას დრო და სივრცე მისცა, ამანაც გააქანა შორეულ კუთხეში და შესნის შანსი არ დაუტოვა - 1:2.
მესამოცე წუთისთვის თითქოს გარდამტეხი ამბავი მოხდა, ფლიკმა ცვლილებები გააკეთა, მოედანზე ლამინე იამალი და დანი ოლმო შემოუშვა, გოლი კიდევ თავის კარში მიიღო. დაცვამ ბორხა ისევ მარტო დატოვა, როგორ მოახერხეს არ ვიცი, ესეც გაიქცა და ერნან კრესპოსავით შეასრულა. დასვა თითქოს წერტილი. არა იმიტომ, რომ ასეთი ანგარიშის შემოტრიალება შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ დრამატურგია იყო ასეთი - "ბარსასგან" ელოდნენ გოლებს და "სელტამ" შეაგდო. ვიფიქრე რომ გატეხავდა ასეთი სცენარი "ბარსელონას", არასწორად მიფიქრია, ამ სეზონში ხომ ყოველთვის საპირისპიროში ვრწმუნდებით - "ბარსა" არასდროს ნებდება.
ამ კატასტროფიდან ორ წუთში ანგარიში შემცირდა - ლევანდოვსკი, რაფინია, ოლმოს კომბინაციით. რაფინიას პასი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ასევე ოლმოს გოლი მარცხენა ფეხით, ამავე პოზიციიდან ისევ ექნება შანსი, მაგრამ საყრდენ (მარჯვენას) დაარტყამს მომდევნო ეპიზოდში, არადა, მცირე ხნის წინ გვაჩვენა რომ მარცხენაც მშვენივრად მუშაობს. უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს ხანდახან, თითქოს გაუმჯობესებული ფერა ტორესია.
გადის სამი წუთი და "ბარსა" ათანაბრებს - ისევ ვნახეთ ლამინეს მაგიური შეხება, რბილი ჩაწოდება საჯარიმოში, პირდაპირ "ბარსელონელის" თავზე, ისე აწვდის რომ გოლის შეგდება მარტივი მოგეჩვენება. ამჯერად რაფინიას გაარტყა თავში, ბრაზილიელმა მორიგი გოლი შეაგდო და ოქროს ბურთის მაძიებელთა სიაში ისევ დაწინაურდა. წინ დიდი დრო იყო, "ბარსას" მოგება მხოლოდ დროის ამბავი გახდა, "სელტას" თავი ქუდში ეგონა, მერე კი მიხვდა რომ აღარც თავი აქვს და აღარც ქუდი. თავი მოეჭრათ და ქუდი რაღაში სჭირდებათ?!
თუმცა, გაიწელა ეს დაგეგმილი გოლი, სულ ბოლო წუთებამდე გაიწელა და იქაც დანი ოლმომ იპოვა, აშკარა თერთმეტმეტრიანი იყო, არ დანიშნეს, VAR-ი წაგვეშველა, ინამუსეს და ხმა ამოიღეს. ბურთთან რაფინია მივიდა და ისე დაარტყა პენალტი როგორც რონალდინიო ურტყამდა, მეკარე მიუხვდა, მაგრამ შანსი არ ჰქონია, თითიც ვერ წაარტყა ბურთს.
კიდევ ერთი გიჟური რემონტადა! არადა.. იყო მომენტები.. მინგესამ ერთი მეტრიდან კარს ააცილა, გაახსენდა ვისი გორისაა, დურანს კიდევ ინიგომ მოქაჩა, ის კაცი ერთი-ერთზე გარბის, ინიგო ქაჩავს, მაგრამ ეს სულელი არ ვარდება, აგრძელებს ბრძოლას და მსაჯიც დუმს, სწორ დროს ვარდნა იყო საჭირო და მანდ მორჩებოდა ყველაფერი, ინიგოც გაწითლდებოდა, მაგასაც ოსტატობა უნდა როგორც ჩანს, გამოვიდა იაგო ასპასი და გემრიელად გაგორდა, ოღონდ, აღმოჩნდა რომ დროისა და მომენტის შეგრძნება საერთოდ არ აქვს, ისე იგორავა, დრამის გარეშე.
ამ სეზონში ბევრი მატჩია გასახსენებელი და თავიდან სანახავი, ბევრი ზღაპრული მატჩი. სეზონის ბოლოს აუცილებლად გავიხსენებთ, ალბათ ათეული გამოვა, მე კიდევ ეჭვი მაქვს რომ დარჩენილ მატჩებში ზღაპრების რიცხვი გაიზრდება.
წინ რა გველის
წინ გველის "მალიორკა" და მერე ფინალია!
მერე კლასიკოა!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]