პასებს თავიანთი ბედი აქვთ - შავი პანტერა და მივიწყებული შედევრი

პასებს თავიანთი ბედი აქვთ.
პასი ცალკე ხელოვნებაა.
ვის თუ არა "ბარსას" ფანებს მშვენივრად მოეხსენებათ ეს ამბავი.
პასი ბევრნაერი არსებობს, მობურთალი თავის ხასიათის რაღაც ნაწილს ჩააქსოვს ხოლმე და რამდენადაც თავად არის გენიალური, იმდენადვე ფასდება მისი პასიც.
დღეს ვხედავთ კევინ დე ბრუინის საოცრებებს, არ არსებობს პასი, რომელსაც თავის სახელს ვერ დაარქმევს, არ არსებობს პასი, რომელსაც თავის მარჯვენათი ვერ გაუკვალავს გზას. ვხედავთ მესის დაფარულ პასებს, ვხედავთ მის დიაგონალებს და ალბათ რონალდინიოს დიაგონალებიც გვახსენდება, ე.წ No look პასიც, მისივე გმირის, მეჯიქ ჯონსონის მოგონილი და სრულყოფილი სულ სხვა სპორტის სახეობაში.
ბექემის დატრიალებული და ჩავის გაგორებული, თითქოს სულ წვიმიან გაზონზე რომ მიცურავდა, არადა, გაზონი მშრალი იყო. ძველებს ახსოვთ და ჩვენ გვინახავს დიეგოს პასი მუნდიალის ფინალში, სადაც კაციშვილმა ვერ გაიგო, რა გააკეთა, და როცა რაღაცის გაგება დაიწყეს, ბურუჩაგა უკვე ზეიმობდა.
მოკლედ, პასს ბევრი სახე აქვს, უამრავი პროფილი, და ყველაზე მეტად მაინც ის ფასობს, რომელიც ტექნიკასთან ერთად გონების სისხარტითა და ბრწყინვალებით სრულდება.
ფეხბურთელებს, რომელთაც გოლზე მეტად პასი სიამოვნებთ, ცოტა ავადმყოფებად მივიჩნევ, მაგრამ მათი ეს სიგიჟეც განსაკუთრებული ხიბლის მომტანია. ჰოდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, და იმ დიდ ლათინოსს დავესესხე, პასებს თავიანთი ბედი აქვთ. ზოგი სამუდამოდ ამახსოვრდებათ, ისტორია უვლის და ინახავს, ზოგს კი ივიწყებენ. თუ მაგარ პასს გოლი მოჰყვა, უფრო მყარად მკვიდრდება მეხსიერებაში, თუ გოლით ვერ დასრულდა, განწირულია დასავიწყებლად.
აბა რამდენს ახსოვს რონალდინიოს არაამქვეყნიური პასი ჰენრიკ ლარსონზე, "სელტასთან" გასვლით მატჩში, ვიღაცებს ახსოვთ კი, მაგრამ გოლით რომ დასრულებულიყო, ყველას ემახსოვრებოდა. ეგრეა, პასი გოლით ინათლება.
ამიტომ, მაგრად მიკვირს ერთი პასის ამბავი, მიკვირს იმიტომ, რომ ამ გენიალურ პასს გოლი მოჰყვა, შეიმოსა, დამშვენდა, და მაინც ყველამ დაივიწყა. არ ვიცი რატომ. იქნებ ისიც მეთქვა, იმ დროს ჩვენს ქვეყანაში მაინცდამაინც ვერ იყო კარგად საქმე ტრანსლაციების ამბავში და ბევრ ადამიანს არც უნახავს-მეთქი, მაგრამ საქმე ის არის, რომ ყველამ დაივიწყა, "ბარსელონას" ოფიციალური საიტიც კი არ იხსენებს ხოლმე, იუთიბზე კი თუ სადმე გადააწყდით, ეგეც ჩვენი გავრცელებული იქნება.
იყო დრო, ლა ლიგის მატჩებს ქართულ არხზე ვუყურებდი და თითქმის ყველა მაგარი პასის მერე გუტის შედევრს იხსენებდნენ. მართლაც რომ შედევრს! არის ასეთი მომენტები, მოსისხლე მტერიც ტაშს დაგაკვრევინებს, შენი ღირსება კი იმაში მდგომარეობს, რომ მისი კარგიც დაინახო, ესე იგი, ჩვენში ფეხბურთის სიყვარული უფრო მეტია, ჩვენი გუნდებიც ფეხბურთის ჩვენეული აღქმიდან გამომდინარე გვიყვარს, რაღაც ჩვენსას ვხედავთ მათში, ჰოდა, იშვიათად, მაგრამ, სხვაგანაც რომ მოჰკრავ თვალს ამ შენი გემოვნების ანასხლეტს, იმასაც ტაშით დააჯილდოვებ ხოლმე, ჰოდა, გუტის ერგო ეს საყოველთაო აღიარება, მაგრამ, კლუივერტი თავისიანებსაც აღარ ახსოვთ.
მე კიდე მახსოვს.
რა დამავიწყებს..
აქვე აღვნიშნავ რომ გუტის ლეგენდარულ პასს მირჩევნია ჩვენი "პანტერის" შედევრი. ორივე იყო სუპერ კრეატიული და არაორდინალური, გუტის პასს ოდნავ მეტ მოულოდნელობის ეფექტს მივანიჭებდი, კლუივერტის პასს კი უფრო მეტ სირთულეს, შესრულება ორივე იდეალური იყო, თუმცა, კლუივერტის პასისგან უფრო მეტი ესთეტიური სიამოვნება მივიღე. შესაძლოა, იმიტომ, რომ ჩვენიანია, რა ვიცი..
ბენზემასაც ერთი შეხება დასჭირდა, სავიოლოსაც, იმიტომ, რომ ლანგრით მიართვეს ბურთი და უთხრეს, - აჰა ძმაო, გაიტანე, დაუტოვე ეს პასი ისტორიას, ჩაწერე სამუდამოდ მაყურებელთა გონებაში!
ამათაც გაიტანეს, მაგრამ, როგორც გითხარით, ერთი დაამახსოვრდათ, მეორე არა.
ჰოდა, ამას გამოვასწორებ ახლა, თქვენც ნახავთ, ზოგს გაგახსენდებათ, ზოგს ჩვენივე გავრცელებული გექნებათ ნანახი, ზოგი პირველად იხილავთ და აღარასდროს დაგავიწყდებათ, იმიტომ, რომ მსგავსი რამის გაკეთება მხოლოდ პატრიკ კლუივერტს შეეძლო, მისი მსგავსი ფეხბურთელები კი დღეს აღარ არიან.
იმ სეზონში ამ პასზე საუბარი მალევე მორჩა, რადგან მომდევნო ტურში "ბარსა" მადრიდს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა, მეორე გოლი კი თავისივე ნაბიჭვრისგან გაუშვა. ყოველთვის იყო რაღაც მსგავსება გუდუნასა და ფიგუს შორის. დაიწყო ამაზე საუბარი, გაივსო ესპანური გამოცემები ამ ამბით და ყველას მიავიწყდა პატრიკის შედევრი.
ჩვენ კიდე ვაცოცხლებთ!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]