ტაში და სიჩუმე მადრიდში - ხუთი გამორჩეული ფეხბურთელი

ტაში და სიჩუმე მადრიდში - ხუთი გამორჩეული ფეხბურთელი

სეზონის პირველ ნახევარში გავიხსენეთ 5 საუკეთესო პერფორმანსი "კამპ ნოუზე". ამჯერად არ გამოგვადგება ასეთი დასათაურება, რადგან ლიონელ მესის ყველაფრის არევ-დარევა სჩვევია. ცოტა მოსაწყენი ხუთეული გამოვიდოდა, რადგან ლიონელ მესი ძალიან დომინანტი ფიგურაა, თავისუფლად შეუძლია "კლასიკოების" ისტორიაში, მათ შორის "ბერნაბეუზე" გამართული "კლასიკოების" ისტორიაში, რამდენიმე ადგილი ერთდროულად მიისაკუთროს. 

აღარც "ბერნებეუ" გამოგვადგება სათაურში, რადგან მატჩი ალფრედო დი სტეფანოს სახელობის მოედანზე გაიმართება, ასე რომ, ხუთ ფეხბურთელს გავიხსენებ, რომელთაც "რეალთან" გასვლაზე თავი გამოუჩენიათ. 

იოჰან კრუიფი

თავისი ეპოქის საუკეთესო წარმომადგენელი იყო, მუდმივი პაექრობა უწევდა ფრანც ბეკენბაუერთან, კრუიფმა "აიაქსთან" ერთად სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა თასი, ბეკენბაუერმაც იგივე გააკეთა "ბაიერნთან" ერთად, კრუიფმა სამჯერ მოიგო "ოქროს ბურთი" კაიზერმა ორჯერ, მათი ნაკრებები მუნდიალის ფინალშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც იოჰანმა პირველივე წამებზე გაილაღა და საჯარიმოში წააქციეს, ჰოლანდია დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ გერმანელებმა იმარჯვეს, დიდი კაცია კაიზერი, მაგრამ კრუიფი მაინც უფრო მაღლა დგას, გერმანელების გარდა ამაზე არავინ დაობს და შესაძლოა აღმოსავლეთ გერმანიაშიც არავინ დაობდეს. 

ჰოდა, გარდა იმისა, რომ თავის ეპოქაში საუკეთესო იყო, საუკეთესო ფორმაში შეხვდა "რეალს" "ბერნაბეუზე" და სწორედ მაშინ მოხდა პირველად ის, რაც მომდევნო წლებში ორჯერ გამეორდა და ბევრი ფეხბურთელისთვის ოქროზე, ვერცხლზე და სხვადასხვა ჯილდოებზე ბევრად მნიშვნელოვანია - იოჰან კრუიფი მოსისხლე მტრის გულშემატკივარმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. 

"ბარსამ" 5:0 მოიგო, კრუიფმა იდირიჟორა, ისიამოვნა, გაიმარჯვა და წარუშლელი კვალიც დატოვა. 

დიეგო მარადონა 

1983 წლის ფინალი, უფრო სწორად საფინალო მატჩის პირველი რაუნდი! 

ნაწილობრივ ნახეს ის, რასაც ელოდნენ, მეორე მხრივ ისიც ნახეს, რასაც არავინ ელოდა. 

მოლოდინი იყო იმის, რომ ძალიან უხეში მატჩი იქნებოდა, საერთოდ, 80-იანების ესპანეთში წიხლების ქნევა არავის უკვირდა. ეს, შესაძლოა ბასკური ფეხბურთის აღმავლობამაც განაპირობა, "ბილბაო" და "სოსიედადი" არსებობის ისტორიაში საუკეთესო კლუბებად ითვლებოდნენ, ორივე ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდა და ესპანურ ფეხბურთს თავისი კვალი დაატყვეს, მათ შორის, "რეალს" და "ბარსელონას". მარადონა პირველივე სეზონიდან კარგად ნავარჯიშები იყო და სანამ ესპანეთში გადმობარგდებოდა, მანამდეც არავისთვის დაუკლია თავის ბუცის ქაცვები. 

ექვსი მადრიდელი გააფრთხილეს, მათ შორის "ბატონი ულვაში" - ვისენტე დელ ბოსკე და ანხელი, რომელიც ქართველებისთვის ყველაზე საძულველი მადრიდელია, რადგან ყიფიანის კარიერა მან შეიწირა. 

ერთ მომენტში, როცა დიეგო მარადონა მეტოქეს ჩვეული სილაღით გასცდა, ისე ჩამოეკიდნენ მაისურზე, როგორც მესის ეკიდებიან ხოლმე, ლეო ამ დროს ხელის აქნევით იცილებს მცველებს და გაუყვითლებიათ კიდეც ამისთვის, დიეგომ კი წიხლი მოიქნია და ასე გააყვითლეს. 

ამ ყველაფერს ელოდნენ, მით უმეტეს, ფინალში. 

არ ელოდნენ იმას, რაც დიეგო მარადონამ გააკეთა, ერთი-ერთზე გასულმა ჯერ მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში რომ მშვიდად შეეძლო გატანა, მისკენ გამოფრენილი მცველიც ზედ მიაყოლა, გაწირა ის საწყალიც და მისი შთამომავლობაც. მხოლოდ ამის შემდეგ შეაგდო მეორე გოლი, ძალიან მწარე გამოდგა, არა მხოლოდ იმ თავგანწირულისთვის..

როგორც დიეგო ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, "რეალის" მცველს ეს შეურაცხყოფა მისთვის არასდროს უპატიებია, "მხოლოდ იმისთვის გივარდებოდი ფეხებში, რომ გულშემატკივარს ეფიქრა, ბოლომდე გაიბრძოლაო, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ გაიტანდი, მაგრამ ასეთ რამეს თუ მაკადრებდი რას ვიფიქრებდიო." - ამ ყველაფერს მარადონა თავის ჩვეული ლექსიკით აღწერს, ყველაფრის დაწერა კიდე არ შეგვიძლია, სამაგიეროდ ნახვა შესაძლებელია. 

რივალდო

შემოსტყორცნა კაცი-კაცსა! სამი გოლიც გაიტანა, ერთი მოპარეს, მაგრამ ჭეშმარიტი ფანები ვაღიარებთ, რომ რივალდო "ბერნაბეუდან" ჰეთ თრიქით წამოვიდა, მიუხედავად ამისა ტაში მისთვის არავის დაუკრავს, პირიქით, რაც ხელში მოხვდათ, ყველაფერი ესროლეს. 

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მოსისხლე მტერი ტაშს არასდროს დაუკრავს, როგორც წესი ასეთი ფეხბურთელები ადგილობრივი პუბლიკის საყვარელი მოთამაშეები არიან, რომლებსაც სხვაგან ვერ იტანენ. 

მაგალითად, კრუიფი, მარადონა და რონალდინიო მსოფლიო ფეხბურთის მარგალიტები იყვნენ და პირველ რიგში მსოფლიო ფეხბურთს ეკუთვნიან, მერე კი "ბარსას", აი რივალდოსა და რაულის შემთხვევები განსხვავებულია, არც ერთს აღირსებდნენ ტაშს და არც მეორეს, არადა, ორივეს უჩვენებია მეტოქის მოედანზე ის დონე, რომელიც დაფასებას იმსახურებდა. 

ამ კონტექსტში, ლიონელ მესის რაც შეეხება, რთული ამბავია, ერთი მხრივ, მსოფლიო ფეხბურთს ასეთი ბრილიანტი არ ჰყოლია, მეორე მხრივ, სულით და ხორცით ბარსელონელია, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ კარიერის ბოლო "კლასიკოში" მადრიდელებმა ტაშით დააჯილდოვონ, ოღონდ როდის იქნება ეს ბოლო, არავინ იცის, ამჟამად, მხოლოდ DJ-ის შეუძლია ტაში დაუკრას. 

რივალდომ კი ის გააკეთა, რასაც იმ ფორმაციის "ბარსელონაში" აკეთებდა, მარტომ ათრია გუნდი და არ დამარცხდა, კარლოსმა კინაღამ ფეხი მოამტვრია, მიუხედავად მათი დიდი მეგობრობისა, იეროს დასახრჩობად გაეკიდა, რაულმა ჯერ მიწაზე დააგდო და მერე თავში წაუთაქა, მოკლედ დიდი ამბები იყო, მაგრამ კონკრეტულად იმ მატჩში რივალდოსთან შედარებით ყველა ძალიან პატარა გამოდგა. 

ლიონელ მესი

აი, ამ სირთულემდეც მოვედი, რომელი ერთი გავიხსენო? პირველი "კლასიკო" "ბერნაბეუზე" ძალიან კარგი ჰქონდა, მაგრამ იქ სულ სხვა კაცია გამოსარჩევი და მივალთ მაქამდეც, მესი კი შეუდარებელი იყო, ფლანგზე ზიდანი და კარლოსი ჰყავდა, 18 წლის ღლაპმა ორივე დაჩაგრა, ნამდვილად არაფერს ვამეტებ, მართლა დაჩაგრა. 

მომდევნო წელს 0-2 წავაგეთ, მაგრამ კარლოსს ორ ეპიზოდში რაც დამართა, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახვადი ფრაგმენტია, ალბათ ამ დროს გადაწყვიტა ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველმა, რომ "რეალიდან" წასვლის დრო იყო. 

მომდევნო სეზონში 1:4 წავაგეთ, მაგრამ მესის თამაში თუ გახსოვთ? ბურთი ვერ ააგლიჯეს ფეხიდან, მთელ "რეალს" მარტო ეთამაშებოდა, ანრისაც მან გაატანინა და "ბერნაბეუს" გაოცებული ამოძახილიც ბევრჯერ გაგვიგონია. 

აი მერე იწყება დიდი ამბები, გვარდიოლას მოფიქრებული ცრუ ცხრიანი და 6:2, პერსონალური ბრძოლა მესისთან, ხან ალონსო, ხან პეპე, ფეხში ჩარტყმა, ხელზე დაბიჯება, სახეში იდაყვი, დასისხლიანებული სახე, ყველაფერი ვნახეთ, ამ ყველაფრის მთავარ ჰაილაითად კი მადრიდელთა ცხვირწინ აფარებული მეფის მაისური გამოდგება. 

ასევე, გასახსენებელია სერხიო ბუსკეტსის კარიერაში საუკეთესო პასი, რის შედეგადაც მესიმ დრიბლინგი ცენტრიდან წამოიწყო და მარჯვენა ფეხით შეაგორა, ეს მისი მეორე გოლი იყო, იმ მატჩში დუბლი გაიფორმა. 

ჰეთ თრიქიც შეუსრულებია, როცა 4:3 მოვიგეთ, ნამდვილი ჰეთ თრიქი, არა ისეთი, რივალდოს რომ ვაბრალებთ, ნამდვილი, ყველასგან ჩათვლილი ჰეთ თრიქი. 

ისეთი მატჩიც ყოფილა, თამაშის მერე რომ გამოუთვლიათ და თურმე უვლია ჩვენს ლეოს, ყველაზე ნაკლები ირბინა კი არა, იარა! მიუხედავად ამისა, 3:0 მოვიგეთ და ბოლო საგოლე პასი შიშველი ფეხით გააკეთა, ბუცი სადღაც "ბაკავოისთან" ეგდო და ვიღაც ტურისტი ფოტოებს უღებდა. 

უჰ, რა მოთვლის?! მესის "კლასიკოები" ცალკე წიგნია. 

რონალდინიო

ლეგენდად ქცეული პერფორმანსია, ამის გაცოცხლება არ გამოვა, ვინც მაშინ ნახა და იგრძნო, იმას თუ გაიხსენებს, თორემ ვისაც არ უნახავს, ვერანაირად ვერ ვანუგეშებთ. 

წინა სეზონში "ბარსამ" იჩემპიონა, ეტო'ომ "რეალი" გამოლანძღა, რონიც აჰყვა და "ბერნაბეუს" გზაზე "ბარსას" ავტობუსს ბოთლები ესროლეს, ჩვენს ლიდერებს კი ყველაფერი აგინეს, მკვდარიც, ცოცხალიც, ნაშვილებიც და მიკედლებულიც. 

ფსიქოლოგიური წეზოლა განიძრახეს. 

როცა მატჩის დაწყებიდან მეორე წუთზე რონის პასი გაუკეთეს და ბურთი ვერ გააჩერა, მთელმა "ბერნაბეუმ" სიხარულის ყიჟინა დასცა, ზოგმა დასცინა, ზოგმა ისევ გამოლანძღა - "ყველაზე ტექნიკურმა ფეხბურთელმა ბურთი ვერ გააჩერა"! 

ეს კიდე იცინოდა, ვისაც მიგავიწყდათ, აუცილებლად სანახავია, ბურთი ფეხს ქვემოთ გაუძვრა და ლანძღვას სიცილით უპასუხა, გიჟიაო, იფიქრებდა კაცი, თამაში უიღბლოდ დაიწყე და იმის მაგივრად, ყურადღება მოიკრიბო, კვდები სიცილით, ალბათ მართლა ასეა, ალბათ ცოტა ვერ იყო ჩვენი ათიანი დალაგებული, ძაან არეული და მოულოდნელი ვინმე იყო, ჰოდა ამ მომენტიდან ზუსტად 75 წუთში ის ხალხი, ვინც ლანძღავდა, უსტვენდა და აგინებდა, ცოტა შოკირებული სახით ფეხზე იდგა და ტაშს უკრავდა. 

აი შუალედში რა მოხდა, მაგის აღწერას არ ვიკადრებ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 10 აპრილი 2021 16:19
    0
    კრუიფის ვიდეოში ერთი გულშემატკივარი რა მაგარი როჟაა.კრუიფი ბურთის ასაღებად იხრება და მასტმა დროშის ტარით ბურთი თავისკენ მიიწია რო კრუიფს შეხებოდა🤣🤣
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #11 10 აპრილი 2021 10:38
    0
    მორიგი სტატია-შედევრი..
    ბრავო 🥰👍👍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 9 აპრილი 2021 22:39
    3
    ხვალ სპექტაკლს ველოდები მესისგან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #9 9 აპრილი 2021 22:32
    0
    რა მაგრად მწყდება მარადონაზე გული 1986 ფინალში რომ გვყოლოდა პირველი თას დადებდა
    Culé [?]
    #8 9 აპრილი 2021 22:29
    0
    ციტატა: ფეოლა
    Clever liar,
    რავი ეგ იყო მარტო იუთუბზე smile

    ხოდა ეგ ვიდეორგოლი აშკარად ჩადებულია :D
    მწერალი [?]
    #7 9 აპრილი 2021 22:17
    0
    Clever liar,
    რავი ეგ იყო მარტო იუთუბზე smile
    Culé [?]
    #6 9 აპრილი 2021 22:16
    2
    გადააკეთე ექვსეულად, ან დაველოდოთ მეშვიდეს და იქნება შესანიშნავი შვიდეული:))))))))
    Culé [?]
    #5 9 აპრილი 2021 21:55
    0
    საღოლ ფეოლა მგელი ხარ როგორც ყოველთვის, მარა კრუიფზე რა ჰაილაითია რაარი ეს, 87ე წუთზე გააკეთა პირველი სწორი პასი :D ასეთი თამაშის გამო ვერ ვიტან ქვილითაიას ნაკრებში თუარა პოროვნული პრობლემა კიარ მაქვს მისი :))))
    მწერალი [?]
    #4 9 აპრილი 2021 21:43
    0
    cruyff9,
    ხო, მაგრამ რო გაიყვანეს მაშინ, ეგ დიდი სხვაობაა, შეცვლის მერე ტაში დელ პიეროს, ტოტის და პირლოსაც დაუკრეს, მაგრამ გოლის მერე ტაში სხვა მოვლენაა.

    არაფრით არ აკნინებს, რა თქმა უნდა, ექვსეული რომ გამეკეთებინა შევიყვანდი : ))
    Culé [?]
    #3 9 აპრილი 2021 21:34
    1
    ციტატა: ფეოლა
    cruyff9,
    ხუთეულში ვერ შევჭუჭყნე.
    კი გამიელვა თავში 4:0-ის მატჩმა, მაგრამ იქ ყველა კარგი იყო, სუარესი, ნეიმარი, ინიესტა, გაჭირდა რომელიმეს გამორჩევა.

    კი მაგრამ მაგ თამაშში ინის ტაში დაუკრეს,მარადონას და რონალდინიოს მერე მესამე გახდა ვისაც ეგ პატივი ხვდა
    მწერალი [?]
    #2 9 აპრილი 2021 21:28
    0
    cruyff9,
    ხუთეულში ვერ შევჭუჭყნე.
    კი გამიელვა თავში 4:0-ის მატჩმა, მაგრამ იქ ყველა კარგი იყო, სუარესი, ნეიმარი, ინიესტა, გაჭირდა რომელიმეს გამორჩევა.
    Culé [?]
    #1 9 აპრილი 2021 21:21
    1
    საოცარი სტატიაა!!ამათ + ინიესტაც უნდა დაგეწერა