ლუის სუარესს ხშირად უკავშირებენ “ბარსელონას”. ზოგიერთისთვის ურუგვაელის ტრანსფერი სასურველია, ხოლო დანარჩენები ეწინააღმდეგებიან მას. Totalbarca.com-ის მწერლები ერიკი და ელისონი თავიანთ მოსაზრებას გვიზიარებენ ამ თემაზე.
ელისონი: არა, “ბარსელონამ” არ უნდა შეიძინოს ლუის სუარესი
ლუის სუარესი: ნიჭიერი ფეხბურთელი, მოთხოვნადი თავდამსხმელი, რომელიც ყველაფერს აკეთებს გუნდისა და ჩემპიონობისათვის.
ლუის სუარესი: მატყუარა, რასისტი, მკბენარა, საშიში მოთამაშე, რომელმაც უნდა მიიღოს დისკვალიფიკაცია.
ძალიან ბევრი სტატია და კომენტარი დაიწერა ორივე შეხედულებაზე. ასევე ძალიან ბევრი წერს, რომ ურუგვაელი “ბარსელონაში” გადავა. ამ ორიდან რომელი სუარესის ყიდვა სურს კატალონიურ კლუბს და თუ განხორციელდა ეს ტრანსფერი, მაშინ რომელს მიიღებს? უნდა ჰქონდეს თუნდაც ამ ორიდან ერთის შეძენის სურვილი “ბარსას”, რომლის დევიზია “მეტი ვიდრე კლუბი”? ჩემი პასუხია არა!
“გუნდს ძალიან სჭირდება თავდამსხმელი” – ამ სიტყვებს არ ამბობენ კულეები ამდენი ხნის განმავლობაში. ჩვენ გვყავს მესი, ნეიმარი, სანჩესი, პედრო და ასევე დეულოფეუ და ტელიო. რატომ უნდა დახარჯოს კლუბმა ფული შემტევზე? მართალია, სანჩესისა და ტელიოს მომავალი გაურკვეველია, მაგრამ, სუბისარეტას თქმით, პედრო არ იყიდება. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ პედროს ხელშეუხებლობაში. მოდით მივცეთ ახალ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, დრო, რათა იმუშაოს “ბარსას” იმ თავდამსხმელებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოში, ყველა სტანდარტის მიხედვით, უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. კლუბმა უკვე შეიძინა 2 მეკარე და 1 ნახევარმცველი. სად არიან მცველები, რომლებიც ჰაერივით გვჭირდება? უმჯობესია სხვა პოზიციების გაძლიერება და არა ფულის დახარჯვა იმ შემტევზე, რომელიც არ არის საჭირო.
ახლა კი განვიხილოთ სუარესის უარყოფითი მხარე. ის არის შესანიშნავი სტრაიკერი, მაგრამ ამასთანავე მატყუარა. დააბრალეთ ეს ტაქტიკას, მაგრამ ხელით თამაში და სიმულაცია არ არის აუცილებელი და საჭირო იმ ლამაზ თამაშში, რომლის ხილვა მე “ბარსელონასგან” მსურს. ჩემი მეგობარი ‘კატალონიურ ბალეტს’ უწოდებს იმ თამაშს, რომლის ნახვაც კულეების უმეტესობას უნდა და რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. წარმოიდგინეთ ერთი შეხებით გაკეთებული მშვენიერი გადაცემები, ტელეპატიური გუნდური მუშაობა, მეტოქის დომინაცია უმაღლესი დონის საფეხბურთო ოსტატობით. ხედავთ? იღიმით? ახლა კი წარმოიდგინეთ სუარესი და ჩასვით ამ სურათში. გაფუჭდა სურათი, არა?
ასევე პრობლემატურია სუარესის რასისტული ქმედებები . 2011 წელს ევრას მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო ურუგვაელი დასაჯეს 8 მატჩიანი დისკვალიფიკაციით. სუარესმა მომდევნო მატჩის დროს ხელი არ ჩამოართვა ევრას და გამუდმებით უარყოფდა მისი მხრიდან ნებისმიერ არასწორ საქციელს. მან ინციდენტის გამო პასუხი არ აგო, უარყო, რომ ევრას ხელი არ ჩამოართვა (თუმცა მატჩი ათასობით ადამიანმა ნახა), ფეხბურთის ასოციაციას, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ინგლისურ მედიას კი მისი შევიწროება და დევნა დააბრალა. ახლა კი გასული სეზონი და დანი ალვესის ანტირასისტული ქმედება გაიხსენეთ.
კბენას ვერ დავივიწყებთ! მე რომ სამსახურში სუარესის საქციელი გამემეორებინა, გამაგდებდნენ და დამაჯარიმებდნენ. ეს იქნებოდა თანამშრომელის დაკბენის პირველი შემთხვევა . მესამე შემთხვევის შემდეგ (სამსახურსაც სამჯერ დავკარგავდი) წამიყვანდნენ ციხეში ან საგიჟეთში. უკანასკნელი დისკვალიფიკაციის ჩათვლით, სუარესს კბენის გამო გამოტოვებული ექნება 39 შეხვედრა. თუ ევრასთან დაკავშირებულ ინციდენტს გავითვალისწინებთ, სუარესის საქციელის გამო გამოტოვებული მატჩების რაოდენობა იქნება 47 (39+8). სურს “ბარსელონას” იმ ფეხბურთელის შეძენა, რომელსაც მოედანზე ვერ ენდობა?
არ მაინტერესებს ურუგვაელის ნიჭი და გოლები. ის არ უნდა იღებდეს მილიონებს იმ თამაშში, რომელშიც მას ვერ ენდობი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სუარესს, რომ მისი ქმედებები მიუღებელია, განსაკუთრებით კი იქ, სადაც “მეტი ვიდრე კლუბია”.