დღევანდელი დღე სავსეა კარგი სიახლეებით “ბარსელონასთვის”. შუადღის სავარჯიშო სესიის შემდეგ, ვიქტორ ვალდესს ექიმებმა მწვანე შუქი აუნთეს. აქედან გამომდინარე, ის ხელმისაწვდომი იქნება ლა ლიგის კვირას გასამართი მატჩისთვის, “ელჩეს” წინააღმდეგ.
მეკარემ, შობის შესვენებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისი მიზანი იყო “ელჩეს” წინააღმდეგ მატჩისთვის მზად ყოფილიყო. შობის დღეს ის შენიშნეს ხუანხო ბრაუსთან ერთად ვარჯიშზე.
ვალდესმა ტრავმა 44 დღის წინ მიიღო, როდესაც ესპანეთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში სამხრეთ აფრიკას უპირისპირდებოდა. ამ დროის განმავლობაში “ბარსას” კარს ხოსე მანუელ პინტო იცავდა. ვალდესმა სულ რვა თამაში გამოტოვა ყველა ტურნირში (ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეი). ამ მატჩებიდან, გუნდმა ექვს მათგანში გამარჯვება მოიპოვა, ორში კი დამარცხდა (“აიაქსი”, ბილბაოს “ატლეტიკი”) და გაუშვა რვა გოლი.