სანამ “ბარსელონას” ბრაზილიელი ახალწვეული, ნეიმარი, პრეზენტაციის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდებოდა, მან კატალონიური კლუბის ფეხბურთელის რანგში პირველი ინტერვიუ Barca TV-სა და fcbarcelona.cat-ს მისცა. ბრაზილიელმა ვარსკვალვმა მის პრეზენტაციაზე, ლიონელ მესისთან თამაშზე, საკუთარ ჰობიზე და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
– წარმოიდგენდი, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელად შენს პრეზენტაციას დაახლოებით 60 ათასი ადამიანი დაესწრებოდა?
– ვერა. რეალობა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი. ეს ჩემთვის ნამდვილად ემოციური მომენტი იყო. ამან ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერი გამხადა.
– ვფიქრობ, ბოლო დღეები შენთვის ამაღელვებელი იყო. უპირველესად – რატომ დატოვე “სანტოსი?.. გრძნობდი, რომ ახალი გამოწვევები გჭირდებოდა?
– წასვლისა და სიახლის დრო იყო. ვიყო “ბარსას” ფეხბურთელი ნიშნავს, რომ ოცნება ავიხდინე.
- რამდენიმე დღის წინ თქვი, რომ დანი ალვესი “ბარსელონაში” გადასვლაზე შენს დაყოლიებას ცდილობდა. კონკრეტულად რა გითხრა მან?
– დანი “ბარსელონას” შესახებ ყოველთვის კარგად საუბრობდა. ის ყოველთვის კარგს ამბობდა ქალაქზე, მაგრამ განსაკუთრებით აქებდა კოლექტივს, გუნდს. ეს ჯადოსნური გუნდია. აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც კარგი მეგობრები არიან და ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანია. დანიმ მითხრა, რომ “ბარსელონაში” სწორედ ასეთი სიტუაცია დამხვდებოდა. “ბარსას” შესახებ ადრიანოც მესაუბრებოდა. შედეგად, მე აქ ვარ.
– ადრიანოს ორშაბათს შეხვდი. რა გითხრა მან?
– მან კლუბში გულთბილად მიმიღო და წარმატებები მისურვა. ადრიანო ბრწყინვალე პიროვნებაა. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ახლა თანაგუნდელებიც ვიქნებით.
– პრესკონფერენციის დროს რონალდინიოზე ისაუბრე. თქვი, რომ “ბარსელონასთან” შენი პირველი მოგონება იმ დროს უკავშირდება, როდესაც ამ კლუბში ის თამაშობდა. რა გახსოვს რონის დროინდელი “ბარსადან”?
– მახსოვს მისი თამაში, მისი დრიბლინგები. მახსოვს მის მიერ აქ მოგებული ყველა ტიტული.
– შეგიძლია შენი თავი მას შეადარო? სამართლიანია იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც შენი თამაში არ უნახავთ, ვუთხრათ, რომ შენი და რონალდინიოს თამაშის სტილი ერთმანეთს ჰგავს?
– არა. რონალდინიოს ვერავინ შეედრება. მან ისტორია შექმნა “ბარსელონასა” და ბრაზილიაში და ის ამის კეთებას კვლავ განაგრძობს. მე ისტორიის შექმნას ახლა ვიწყებ და იმედი მაქვს, “ბარსელონაში” ჩემს კვალს დავტოვებ.
– “ბარსელონა” და “სანტოსი” ერთმანეთს 2011 წელს, საკლუბო მუნდიალის ფინალში დაუპირისპირდნენ. შენ თქვი, რომ იმ დღეს ისწავლე, როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი. რამ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმ თამაშის დროს?
– ყველაზე მეტად შთამბეჭდავი იყო ის, რომ “ბარსელონა” ძალიან მარტივ ფეხბურთს თამაშობდა. ის ფაქტი, რომ “ბარსას” ასეთი მარტივი ფეხბურთის თამაში ყოველ მატჩში შეეძლო, გამაოგნებელი იყო. კატალონიელები ყველას პირდაღებულს ტოვებდნენ. ეს ეხებოდა არა მხოლოდ ამ გუნდის გულშემატკივრებს, არამედ პრესასა და “სანტოსის” ფეხბურთელებსაც კი.
– ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მესის შესახებ ბევრი ისაუბრე. ყველაზე მეტად რა მოგწონს მის თამაშში?
– ჩემთვის, მესი გმირია. ყოველთვის ასე იყო და იქნება კიდეც. მასთან ერთად თამაში შანსი მომეცა. დარწმუნებული ვარ, ეს ჯადოსნური გამოცდილება იქნება. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ მას ბედნიერების გახანგრძლივებაში დავეხმარები.
– შენ ასევე საუბრობდი ჩავისა და ინიესტას შესახებ. მოგწონს თამაშის მათი სტილი?
– დიახ, ძალიან. ჩავი და ინიესტა ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ყოველთვის ვაღმერთებდი. ორივე მათგანის ფანი ვარ.
– რას ნახავენ გულშემატკივრები, როდესაც ნეიმარი “კამპ ნოუზე” ითამაშებს?
– ისინი იხილავენ ბედნიერ ნეიმარს, გაბედულს და ყოველ მატჩში მოგებისკენ მომართულს.
– გაქვს რაიმე ჰობი?
– მიყვარს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დროის გატარება. ასევე მიზიდავს ვიდეოთამაშები, დროის სოციალურ ქსელებში გატარება…
– შენი არაერთი მეგობარი ორშაბათს ბარსელონას ეწვია. მათ ეცვათ მაისური წარწერით “Tois”. შეგიძლია ამ სიტყვის ისტორია მოგვიყვე?
– ჩვენ ვიყენებთ სიტყვას, რომელიც ბრაზილიაში ბევრი იყენებს და ეს სიტყვა არის “chicos”. რამდენიმე ჩემი მეგობარი ამ სიტყვას გამოთქვამდა როგორც”Toison” და ახლა, ჩემს მეგობრებს ვეძახი “Toison”-ს.
– პრეზენტაციის დროს კატალანურად ისაუბრე. ვინ იყო შენი მასწავლებელი?
– რამდენიმე სიტყვა კატალანურის მასწავლებლისგან ვისწავლე. ენის კურსები გავიარე და მომავალში ამ ენაზე კარგად საუბარი შემეძლება.
– რომელი კატალანური სიტყვები იცი?
– შევეცდები ვთქვა წინადადება: “ბარსელონას” მაისურის ტარებით ძალიან ბედნიერი ვარ”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=jEtTwl0aW0U]