რა ერქვა ჩე გევარას ძაღლს – ბარსელონას ყველა ქამბექი

რა ერქვა ჩე გევარას ძაღლს – ბარსელონას ყველა ქამბექი

                          კი მაგრამ, რა შუაშია ჩე გევარა? “ჩემ” თავის ძაღლს “ქამბექი” დაარქვა. ასე სიმბოლურად. სანამ ბაიკს მოახტებოდა და სამოგზაუროდ დაგაზავდა, თავის შეყვარებულს ჩიჩინა ფერეირას ლეკვი აჩუქა და “დაბრუნება” დაარქვა. აქაოდა, ნუ მოიწყენ, აუცილებლად დავბრუნდებიო. მაგრამ, აღარ დაბრუნებულა.

ბარსა კიდევ არ ჰგავს ჩე გევარას, რადგან, ხშირად ბრუნდება ხოლმე.

ოდესმე თუ ყოფილა ოთხბურთიანი ჩამორჩენა აღმოეფხვრას? კი, გვახსოვს ყველას. ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა ეგ სასწაული და კლუბის ისტორიაში საუკეთესო მატჩად არის მიჩნეული. სხვა არ ყოფილა. არასდროს. არცერთ ტურნირზე. ახლა კი ყველა ქამბექს გავიხსენებ, სადაც ბარსას მინიმუმ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრია. შევემზადოთ ნელ-ნელა. 

ესპანეთის თასი

პირველი დიდი ქამბექი 

1963 წელი, ბარსამ თასის მერვედფინალში “ელჩესთან” 1:4 წააგო. დიდი ვერაფერი “ბარსელონა” იყო, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი კლუბის ისტორიაში, მაგრამ “ელჩეს” მოსაგები სად არის. განმეორებით შეხვედრაში ბარსამ მოიგო ამავე ანგარიშით და “დისაიდერი” დაინიშნა, მაშინ ეგრე ხდებოდა, დამატებით დროს არ თამაშობდნენ, არც პენალტები იყო მოგონილი და მონეტის აგდებას ისევ გადამწყვეტი მატჩის თამაში სჯობდა. ითამაშეს და ჩუს პერედას დუბლით 2:1 მოიგეს. ეს იყო პირველი დიდი ქამბექი კლუბის ისტორიაში. 

გენერლის თასი 

სამი წლის შემდეგ ბარსა გენერლის თასზე “მალიორკას” შეხვდა მერვედფინალში და პირველი შეხვედრა 0:2 წააგო. სახლში კი არ დააყარეს კარგი დღე კუნძულელებს, არც ’66 წლის ბარსა ბრწყინავდა, მაგრამ მატჩის მოტრიალება როგორც ჩანს შეეძლოთ. 5:1 გაანადგურეს მეტოქე. გოლები მონტენსიომ (2), ხუაკინ რიფემ, ჩუს პერედამ და ხოსე ანტონიო ზალდუამ გაიტანეს. 

ვენეიბლზის ბარსა 

ინგლისელმა სამხრეთამერიკელები მოიცილა თავიდან და ახალი კლუბის შენებას შეუდგა. გაუშვეს მარადონა, არ დაიტოვეს მაგიკო გონსალესი, სამაგიეროდ, მოიყვანეს სტივ არჩიბალდი. ახლადდანიშნული ვენეიბლზის ბარსა 1984/85 წლების სეზონში ლეიდაში ჩავიდა და 1:3 დამარცხდა. დიდი სენსაცია იყო. ვალდებულიც კი იყო რომ ორრაუნდიან დაპირისპირებაში როგორმე გასულიყო შემდეგ ეტაპზე. სახლში 6:0 გაანადგურეს “ლეიდა” და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. დუბლი შეასრულეს კარასკომ და შუსტერმა. ერთი შეაგდო სტივ არჩიბალდმა და ერთიც ესტებან ვიგომ. 

სტივ არჩიბალდი 

ის რაც გვახსოვს 

2019 წელს ბარსამ თასის მეოთხედფინალი სევილიაში 0:2 წააგო. შემადგენლობას თუ გადახედავთ მიხვდებით რატომ. შეტევაში  იყვნენ ალენია, მალკომი და ბოატენგი. დიდად არც ნახევარდაცვა ბრწყინავდა – ვიდალი, არტური, რაკიტიჩი. მხოლოდ ხორვატს თუ შევაწევ სიტყვას. არც დაცვა ღმერთმანი – სემედუ, რობერტო, პიკე და ლანგლე. რა უბედურებაა. კარში? სილესენი. მოკლედ, ყველაფერი გასაგებია. ჩამოხვალთ თქვენ “კამპ ნოუზე”. ჩამოვიდნენ და ექვსი ბურთი დაახევდრეს. რაოდენობას რომ თავი დავანებოთ, ხარისხი იყო საოცრად მაღალი. ალბათ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს “ბარსელონელებმა”. კოუტინიუმ დუბლი შეასრულა, თითო გოლი შეაგდეს რაკიტიჩმა, რობერტომ, სუარესმა და ლიონელ მესიმ. ეს ბოლო გოლი მთავარი აკორდი იყო, ულამაზესი კომბინაციის შედეგად გატანილი. 

 

ის რაც დამავიწყდა 

სულ აღარ მახსოვდა 2021 წლის მატჩი, თასის ნახევარფინალი, ბარსამ სევილიაში ისევ 0:2 წააგო. რაკიტიჩი ამჯერად მეორე მხარეს იყო და გოლიც შეაგდო. “სევილიაში” თამაშობდა კუნდეც. შემტევი სამეული – მესი, დემბელე, გრიზმანი. დიდი სახელებია, მაგრამ ნული ქიმია ჰქონდა ამ სამეულს. არც ველოდი, რომ “კამპ ნოუზე” დააქამბექებდნენ, მაგრამ როგორღაც შეძლეს. ანგარიში მე-12 წუთზე დემბელემ გახსნა. მერე კი მოკვდა თამაში, მაგრამ სულ ბოლო წუთებზე პიკემ მეორე შეაგდო და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. სხვათა შორის, “სევილიელთა” მხრიდან ლუკ დე იონგი გააძევეს. ერთ დროს ჩვენი ლუკ სქაივოქერი. დამატებით დროში კი გადამწყვეტი გოლი ჩვენმა მეორე ლეგენდამ მარტინ მილიონერ ბრეითუეიტმა შეაგდო. ვაჰ, რეები გვაქვს გამოვლილი… 

მთავარი ამბავი კი პენალტია. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში “სევილიამ” პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, როცა ბარსა 1:0-ს იგებდა, მაგრამ მაშინ სილესენმა, და ახლა შტეგენმა დარტყმა მოიგერიეს და მერე დაიწყო ეს დაბრუნება. 

   

ესპანეთის სუპერ თასი 

ისევ “სევილია”. იკადრეს და გვარდიოლას ბარსას მოუგეს სუპერ თასის პირველი შეხვედრა. თანაც 3:1. მაგრამ, ისევ, შემადგენლობას თუ გადავხედავთ ყველაფერი ნათელი გახდება. ბარსას შემტევი ტრიო ასე გამოიყურებოდა – მაქსველი? იბრაჰიმოვიჩი, ბოიან კრკიჩი. ექსპერიმენტული იყო ნახევარდაცვის ტრიოც – ჯონათან დოს სანტოსი, რომეუ, კეიტა. მხოლოდ განაპირა მცველები იყვნენ “ჩვენები” – დანი ალვესი და აბიდალი. აი, ცენტრალურ დაცვაში გაბი მილიტო და სერხი გომესი იდგნენ, ხოლო კარში რუბენ მინო. ვაჰ. ჩამოხვალთ თქვენ “კამპ ნოუზე”! ჩამოვიდნენ და 0:4 წააგეს. მესიმ ჰეთთრიქი შეასრულა, ერთი გოლი კონკომ შეაგდო თავის კარში. ითამაშა ახალწვეულმა დავიდ ვილიამ, ხოლო იბრა სკამზე დარჩა და მალევე გაუშვეს “მილანში”. 

 

თასების თასი 

1978 წელს ბარსა “ანდერლეხტს ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. აი მალადეც. ამ დროს გუნდს ლუსიენ მიულერი წვრთნიდა. მოედანზე იყო ბარსას ვარსკვლავი ჰანს კრანკლი (მასზე მოგვიანებით მოგიყვებით) არ უთამაშია კარლეს რეშაკს, სამაგიეროდ ნეესკენსი იყო მოედანზე, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაახერხა. მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში მერვე წუთზე ანგარიში კრანკლმა გახსნა, ძალიან მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმით შეაგდო. ეს უნდა ნახოთ! მეორე ერედიამ შეაგდო, ასევე კარგი გოლი იყო, ხოლო ორი მატჩის ჯამში გამთანაბრებელი გოლი ზუვიდიას ანგარიშზეა, რომელმაც წამოიკიდა მთელი “ანდერლეხტი” და ლამაზად დაამთავრა შეტევა. დაინიშნა პენალტები სადაც ბარსამ იმარჯვა. პელო არტოლამ ფრანცის ვან დერ ველის დარტყმული მოიგერია, ხოლო, რუდ გილსმა კარს ააცილა. კარგად იყავი “ანდერლეხტ! 

ივლის ბარსა ფინალამდე და მოიგებს კიდეც 1978/79 წლების თასების თასს. 

 

უეფას თასი 

ერთი წლით ადრე, ესე იგი, 1977/78 წლების სეზონის მერვედფინალში ბარსა უეფას თასზე “იფსვიჩს” შეხვდა და მეტად სასეირო მატჩიც გამოვიდა. გასვლაზე 0:3 წააგეს. მერე კიდევ მოვიდა ქამბექის ჯერი. დახვდა რინუს მიხელსის ბარსა სერ ბობი რობსონის “იფსვიჩს” და ძალიან მაგარი მატჩიც ვიხილეთ. იოჰან კრუიფმა დუბლი შეასრულა, გამთანაბრებელი გოლი კი რეშაკის ანგარიშზეა. გავა წლები და კრუიფი ბარსას მწვრთნელი გახდება, შექმნის ოცნების გუნდს, მერე ჩამოიშლება და მის ნაცვლად სერ ბობის დანიშნავენ, რომელსაც ერთ წელში ეტყვიან, რომ აღარ სჭირდებათ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ ბობი, ელჩად გადაგიყვანთო. 

ბარსა კი ივლის ნახევარფინალამდე სადაც ისევ და ისევ სერ ბობის მომავალ კლუბთან – პსვ-სთან დამარცხდება. 

 

ჩემპიონთა თასი 

ჩემპიონთა თასზე ბარსა იშვიათად თამაშობდა, ეს ხომ ის ტურნირია სადაც მხოლოდ ჩემპიონები ხვდებოდნენ, ბარსას ოქროს წლები კი 90-იანებში და 2000-იანებში დადგა. მანამდე იშვიათად შეაბიჯებდნენ მთავარ ტურნირზე, მაგრამ როცა თამაშობდნენ ყოველთვის ძალიან კარგად. მოკლედ, ტერი ვენეიბლზის ბარსა, რომელიც მე დიდად არ მიყვარს, მივიდა ნახევარფინალამდე სადაც შეხვდა “გოტერბორგს”. შვედეთში შვედებმა მოიგეს, “ულევის” სტადიონზე, (მანდ ნათამაშები მაქვს) 3:0. ტორბიორნ ნილსონმა დუბლი შეასრულა, მესამე კი ტომი ჰოლგრენმა შეაგდო. განმეორებით შეხვედრაში ბარსამ ამავე ანგარიშით მოიგო. გამორჩეული მხოლოდ ბერნდ შუსტერი იყო იმ “ბარსელონაში”, მსოფლიო დონის ფეხბურთელს მხოლოდ მას თუ ვუწოდებთ. თუმცა, გმირი სულ სხვა კაცი გახდა – პიჩი ალონსომ ჰეთთრიქი შეასრულა. კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მეორე ბურთი მართლაც მაგარი შეაგდო, (ესეც უნდა ნახოთ!) მესამეც მშვენიერი იყო და აფეთქდა “კამპ ნოუ”!!  დაინიშნა პენალტები: 

პეტერსონმა შეაგდო – ალეჩანკომ შეაგდო 
ვერნერსონმა შეაგდო – პედრასამ შეაგდო 
ლარსონმა შეაგდო – კარასკომ გააფუჭა და თავის თანაგუნდელებთან აღარ დადგა, ცალკე დაჯდა დასჯილი ბავშვივით, მერე გუნდის ექიმი მივიდა და კურტკა მოახვია, სხვანაერად ვერ გაამხნევეს, ეს მატჩი რომ ბარსას წაეგო კარასკო ალბათ თავს მოიკლავდა. 
ფრედრიკსონმა შეაგდო – კალდერემ შეაგდო 

მოვიდა ბოლო პენალტის ჯერი, ბურთთან მიდის რონალდ ნილსონი, დაარტყა და… ხავიერ ურუტიმ მოიგერია! 

მთელი სამწვრთნელო შტაბი განცალკევებით მყოფ კარასკოსთან მივიდა და მოეხვია. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ოხერი. წამოდგა როგორც იქნა თვალცრემლიანი, ჯერ ყველაფერი წინ იყო, მაგრამ კარასკო წამოდგა, გადაიფიქრა თვითმკვლელობა. 

მერე ამ გადამწყვეტ მომენტში ეს გმირი მეკარე ურუტი ადგა და თავად დაარტყა პენალტი, გაიტანა! მერე ჩადგა კარში და ისევ ვერ გაუტანეს, ამჯერად ააცილა ედმინდ მორდტმა. გადაირია “კამპ ნოუ”, რომელიც პირთამდე სავსე იყო, 100’000 ზე მეტი კაცი ღრიალებს, მიდის ბურთთან ვიქტორ მუნიოსი და გააქვს!!! ეგ არის, ბარსა ფინალშია, ფინალი სევილიაშია, ხვდებიან “სტიაუას” და უდიდესი ფავორიტები არიან, მაგრამ 0:0 მორჩა ის მატჩი და მერე ბარსამ პენალტებში წააგო იმიტომ, რომ დუკადამმა ყველა პენალტი აიღო. მაგის ოხერი ბაბო გავათხოვე. 

  

ჩემპიონთა ლიგა 

1993/94 წლების სეზონის პირველი რაუნდი. მაშინ სხვა ფორმატი იყო ძმებო, ბევრად განსხვავებული, ჩემპიონთა ლიგას პირდაპირ პლეი-ოფებით იწყებდი. ჩავიდა ბარსა კიევში და წააგეს 1:3. ეს კიდევ არ არის ლობანოვსკის “დინამო”, ეგ უბედურება მერე დაგვატყდება თავს, ეს ფომენკოსა და საბოს კიევის დინამოა, ასევე ძალიან ძლიერი გუნდი. ბარსას მხრიდან ერთადერთი გოლი რონალდ კუმანმა შეაგდო. განმეორებით შეხვედრაში ბარსამ ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა და 4:1 მოიგო. ეს უნდა ნახოთ. რომარიოს გოლი არ შეუგდია, მაგრამ სასწაულია რასაც აკეთებს, როგორც თამაშობს. ანგარიში ლაუდრუპმა გახსნა, ბაკერომ ორამდე გაზარდა, რებროვმა გაქვითა, ისევ ბაკერომ წინ გაიყვანა გუნდი, რა თქმა უნდა თავით შეაგდო. 3:1 ია, ორი მატჩის ჯამში ყაიმი. ბოლო წუთებზე ჯარიმა ინიშნება და რონალდ კუმანი ამ შანსს ხელიდან აღარ გაუშვებდა – 4:1, ბარსა შემდეგ ეტაპზეა. დიდებული მატჩი იყო. ივლის ბარსა ფინალამდე და ნუ გამახსენებთ მერე რაც იყო. 

  

ვან გაალის ბარსა 

ეს მატჩი ბევრჯერ გაგვიხსენებია. ბარსამ ლონდონში 1:3 წააგო. კიდევ კარგი ფიგუმ ის ერთი ბურთი გაქვითა. “კამპ ნოუზე” კი მაგრად დაიწყო თამაში, მაგრამ ჰესპმა დიდი შეცდომა დაუშვა და ფლომ ერთი შეაგდო. ძირითადი დრო 3:1 მორჩა და დამატებითში გადავიდა თამაში, სადაც რივალდომ პენალტი შეაგდო, (ძირითად დროში პენალტი გააფუჭა) ბოლოს დანიმ გაიტანა და გავიდა ბარსა ნახევარფინალში, სადაც “ვალენსიასთან” დამარცხდა. 

 

მესის ამბავი 

2012/13 წლების სეზონში ბარსას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “მილანი” შეხვდა. გასვლაზე 0:2 დამარცხდა, მომავალში ჩვენიანი კევინ-პრინცი გაიტანს ძალიან ლამაზ გოლს. არ იყო ეს ძლიერი ბარსა, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა ძალიან ძლიერი ჰყავდათ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ტიტოს პრობლემებმა კლუბს დიდი ზიანი მიაყენა, ფაქტობრივად მწვრთნელის გარეშე დარჩნენ, ბარსას ფიზკულტურის მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. თუმცა, ასეთ რთულ პერიოდშიც კი შეძლეს და “მილანთან” დააქამბექეს. “კამპ ნოუზე” პირველ ტაიმში ლიონელ მესიმ ორი ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო, მეორე ტაიმშიც ორი მიამატეს, ჯერ ვილიამ და ბოლოს ჟორდი ალბამ. შუალედში “მილანს” კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მამადუ ნიანგი ძალიან არასწორი კაცი იყო ამ გადამწყვეტი მომენტისთვის. ნიანგს რა უნდა ფეხბურთში? ნიანგი ჩებურაშკასთან უნდა ძმაკაცობდეს. 

  

რემონტადა 

2016/17 წლების სეზონში კი მოხდა სასწაული, რომელიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ლუის ენრიკეს კისერზეა ეს სასწაული, მატჩის წინ ამბობდა ექვსი ბურთის გატანა დაგვჭირდებაო. ესე იგი, ერთი თავის კარში იანგარიშა. ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნეიმარის სიტყვა კი მას მერე პოპულარობას არ კარგავს და ყველა ფეხბურთელი, რომელსაც მატჩი აქვს მოსატრიალებელი ნეიმარს ციტირებს – 1% შანსი, 99% რწმენა. 

   

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (15)

  • nika 54
    04 მარ 2026, 20:34

    ციტატა: CHEPE
    დღეს რეალი 0:1 წააგებს მიყოლება იციან ან 1:1 თუ ხეტაფე არ გამოსირდა წინაზე 0:0 იყო გაგდებამდე გასვლაზე თამაში რომ იყო ხეტაფეს სტადიონზე


    შენ ძმაო გულთმისანი ყოფილხარ. ტოტალიზატორი შენზე ოცნებობს.

  • alen halilovic
    03 მარ 2026, 12:37

    აუ რა დრამა ყოფილა "გოტერბორგთან", ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი… მეც მომენატრა ასეთი მოლოდინი (იმედია ახლო მომავალში კიდევ ბევრი გველის), იქნებ კარს უკანა ტრიბუნაც დაუშვან?

  • rivaldo80
    02 მარ 2026, 23:43

    მაგრად მინდა დაიკიდონ ეგ თამაში

  • Gigazakaradze
    02 მარ 2026, 23:33

    2012-13 წლების მილანი ბარსა მახსოვს ჩემი დეიდაშვილი ბარსას ფანი იყო მაშინ 6 წლის ვიყავი მან შემაყვარა ფეხბურთი და 2013 წლის 8 მარტს გარდაიცვალა ბურთი გადაუვარდა და მანქანა დაეჯახა მისმა ნათლიამ საფლავის ქვაზე 4-0 მოგებული მატჩი ჩემპიონთა ლიგის ხედით და ჩემი დეიდაშვილის ფოტოთი დაახატინა ვერ მოესწრო 4-0…

  • CHEPE
    02 მარ 2026, 23:05

    დღეს რეალი 0:1 წააგებს მიყოლება იციან ან 1:1 თუ ხეტაფე არ გამოსირდა წინაზე 0:0 იყო გაგდებამდე გასვლაზე თამაში რომ იყო ხეტაფეს სტადიონზე

  • Frenkie de Jong_
    02 მარ 2026, 21:02

    მაინც მგონია რო უნდა დაიკიდონ
    ძან რთული კალენდარია და ტყუილა არ უნდა გადაიწვან

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    02 მარ 2026, 19:50

    ატლეტიკოსთან ძალიან რთული იქნება მაგის გაკეთება

  • C.PC5
    02 მარ 2026, 19:25

    კარგი კოლაჟია, ალბათ კიდევ იქნება გასახსენებელი ასეთი დაპირისპირებები. ამ ატლეტიკოს ვერ დაუქამბექებენო ვერ იტყვი მაგრამ იმაზეც ვთანხმდებით რომ არ ღირს ამდენი ენერგიის მაგათთან დახარჯვა იმ ტიტულისთვის რომელიც ყოველ მეორე სეზონში უპრობლემოდ მოგვაქვს, ძალის დაზოგვითაც რამე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ წინ სხვა ტიტულებისკენთქო იმასაც ვერ ვიტყვი, მთავარია ლალიგაში არ დაგვიცდეს ფეხი და მანდ ეყოთ ენერგია ბოლომდე, თასი ატლეტიკოსაც წაუღია. თვითონ ფაქტი კი ლამაზად გასახსენებელი იქნება ყველა ვარიანტში 4-0 ამოქაჩვა არაა მარტივი ამბავი, ამ კოლექციასაც დაამშვენებს და ფლიკის საოცრებას დაარქმევს მერე ფეოლა ალბათ, მაგრამ მე მაინც არ მგონია რომ ძაან თავი შეაკლან.

  • Just_Barca_Lover
    02 მარ 2026, 19:01

    ციტატა: Barca

    ციტატა: Vaiman.vamsdrane2
    პორველი ტაიმის მერე 2-0 რომ წავიყვანოთ პედრის მორჩენილ ფეხს მოატეხავენ და რაფინიას გადაკიდებემ მხარზე.


    ეგეც არის და რისკი არის. მსაჯმა უნდა მისცეს ყვითლები მაგ დროს


    როდის იყო მკაცრ მსაჯს ნიშნავდნენ ატლეტიკოს თამაშზე, ისეთს დანიშნავენ ყველაფერი რომ გაატაროს

  • Barca
    02 მარ 2026, 18:03

    ციტატა: Vaiman.vamsdrane2
    პორველი ტაიმის მერე 2-0 რომ წავიყვანოთ პედრის მორჩენილ ფეხს მოატეხავენ და რაფინიას გადაკიდებემ მხარზე.


    ეგეც არის და რისკი არის. მსაჯმა უნდა მისცეს ყვითლები მაგ დროს

  • Vaiman.vamsdrane2
    02 მარ 2026, 17:36

    პორველი ტაიმის მერე 2-0 რომ წავიყვანოთ პედრის მორჩენილ ფეხს მოატეხავენ და რაფინიას გადაკიდებემ მხარზე.

  • nika 54
    02 მარ 2026, 16:43

    კაი თამაშები გვაქვს დაქამბეგებული, მაგრამ ეხლა შანსი არ ჩანს. ჩოლოს რო 2 ბურთიც გაუტანოთ მაშინვე წავა ჩეხვა, ატლეს ბლომად ყავს ხალხი და ჩვენ ერთ სასტავსაც ვერ ვუყრით თავს. არადა წინ ორი ბევრად მნიშვნელოვანი ტიტული დევს სასწორზე.

  • Barca
    02 მარ 2026, 16:41

    ციტატა: არისტაფანი
    პირველი ტაიმი თუ ორი ბურთით მოიგეს მაშინ გააგრძელონ ბრძოლა. სხვა შემთხვევაში ეგრევე უნდა მოხსნას შესვენებაზე ხუთი ძირითადის კაცი. იმ ბო ზისშვილებმა თუ იგრძნეს რომ აგებენ იმ წამს ჩეხვაზე გადავლენ🤬 იტოგში მე რომ ფლიკის ადგილას ვიყო არც ამხელა ამბავს ავტეხავდი პირველი თამაშის ჩაჯმის შემდეგ დე ეგრევე გამოვაცხადებდი რომ 99% გამოვარდნილები ვართ. ამათმა კიდევ თითონ დააყენეს მტვერი და ახლა ვინუჟდენები არიან იბრძოლონ არაფრის მომცემ თასისთვის როცა მეორე მხარეს ორი დიდი ტურნირია. ჩვენც 22 კაცი არ გვყავდეს უმაღლესი დონის😣 თერთმეტს ძლივს ვუყრით თავს🥺


    კი გეთანხმები, მაგრამ მწვრთნელი რომ ხარ არ გაქ უფლება რო ყველა მატჩში არ დაიხარჯო და ფეხბურთელებს ხოარ ეტყვის წაგებული გვაქ და ამ თამაშშუ არაფერი არ გააკეთოთო

  • არისტაფანი
    02 მარ 2026, 15:55

    პირველი ტაიმი თუ ორი ბურთით მოიგეს მაშინ გააგრძელონ ბრძოლა. სხვა შემთხვევაში ეგრევე უნდა მოხსნას შესვენებაზე ხუთი ძირითადის კაცი. იმ ბო ზისშვილებმა თუ იგრძნეს რომ აგებენ იმ წამს ჩეხვაზე გადავლენ🤬 იტოგში მე რომ ფლიკის ადგილას ვიყო არც ამხელა ამბავს ავტეხავდი პირველი თამაშის ჩაჯმის შემდეგ დე ეგრევე გამოვაცხადებდი რომ 99% გამოვარდნილები ვართ. ამათმა კიდევ თითონ დააყენეს მტვერი და ახლა ვინუჟდენები არიან იბრძოლონ არაფრის მომცემ თასისთვის როცა მეორე მხარეს ორი დიდი ტურნირია. ჩვენც 22 კაცი არ გვყავდეს უმაღლესი დონის😣 თერთმეტს ძლივს ვუყრით თავს🥺

  • Just_Barca_Lover
    02 მარ 2026, 15:08

    ბარემ მეც დავამატებ ერთს, ორ მატჩიანი არ ყოფილა მაგრამ მატჩის ბოლო წუთებზე შემობრუნება არანაკლებ დრამატულია. 2020/21 წლის სეზონი იყო გრანადას ვეთამაშებოდით კოპა დელ რეიზე. 2-0 ვაგებდით და ბოლო წუთები მიდიოდა, გრიზმანი წვალობდა რაღაცას ფაფხურობდა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, საბოლოოდ ვაი ვაგლახით მესის პასით როგორღაც გოლი შეაგდო უფროსწორედ ძალით შეტენა ბურთი, მაგ გოლმა გუნდი ამოქოქა და მეორეც შევაგდეთ მალევე და დამატებით დროში გადავიყვანეთ თამაში. გრანადას პენალტი დაუდეს და კი შეაგდეს მაგრამ ბარსამ მაინც ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ 3-5 მოვიგეთ. მგონი გრიზმანის საუკეთესო მატჩი იყო ბარსას მაისურით.