რაფინიას 2-დან 2 - ბრაზილიელი ბრწყინავს
"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი რაფინია ტრავმის მორჩენის შემდეგ ახლახან დაბრუნდა, მაგრამ ეს გუნდზე უკვე დადებითად აისახა.
ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ "ბარსა" რაფინიასთან ერთად და მის გარეშე ორი ძალიან განსხვავებული გუნდია. ბრაზილიელმა გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და საუკეთესოობის პრეტენზიაც ჰქონდა, მაგრამ მისი მნიშვნელობა ჰანსი ფლიკის გუნდში ახლა უფრო შესამჩნევი გახდა. აშკარაა, რომ მისმა დაბრუნებამ გუნდის კონკურენტუნარიანობის დონე აამაღლა.
"ბლაუგრანას" რაფინია 9 თამაშში ეკლდა. 28 წლის ფეხბურთელი "ბილბაოსთან" დაბრუნდა და დაახლოებით 10 წუთი ითამაშა. "ჩელსისთან" დაპირისპირებაში მან მოედანზე 30 წუთი გაატარა, "ალავესთან" და "ატლეტიკოსთან" კი უკვე სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა.
რაფინიამ დაბრუნების შემდეგ ძირითადში ორჯერ ითამაშა და ორივე შემთხვევაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან "ალავესთან" დანი ოლმოს გაატანინა, "ატლეტიკოსთან" კი თავად გაიტანა, თანაც რა მნიშვნელოვანი გოლი.
რაფინია უნიკალური მოთამაშეა. ბრაზილიელი მუდმივად სივრცეებს ეძებს, პრესინგს მიმართავს და სახიფათო მომენტებს ქმნის, მისი გამარჯვების სულისკვეთება და შემართება კი მთლიან გუნდზე ისახება. შესაძლოა, რამდენიმე წლის წინ რაფინიას მიმართ ეჭვები არსებობდა, მაგრამ ის ახლა ყველას უყვარს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 7 ]