workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამი მეგობარი – “ბარსას” პირველი ოქროს თაობა

სამი მეგობარი – “ბარსას” პირველი ოქროს თაობა

როგორც მკვლევრები ამბობენ მათი გზები კადაკესში გადაიკვეთა. კატალონიის პროვინციის პატარა ზღვისპირა ქალაქში. კადაკესი გამხდარა სამი მეგობრის ქრონოტოპოსი. ძალიან ცხელი ზაფხული იყო და მიაწყდა ხალხი სანაპიროებს. ზღვაზე გართობა მარტივი საქმეა, სულ რომ არაფერი, ზღვას შეხედავ და ამით დატკბები, მაგრამ ბავშვებს მაინც ვერაფერი მოასვენებს, ბურთზე კარგი სათამაშო კი უბრალოდ არ არსებობს. 

ერთი ბარსელონელი ბიჭი წაეკიდა ადგილობრივებს, თუ გინდა სამნი იყავით, მაინც გადაგახევთ ამ ბურთს თავზეო, ჰოდა დაუწყიათ ასე სამი ერთზე და რა თქმა უნდა დამარცხდა. ადგილობრივებიდან კი არავინ ისურვა მის მხარეს გადასვლა, აბუჩად აიგდეს და ჩვენებურად თუ ვიტყვით გააპანღურეს ეზოდან, სადაც პატარა მოედანი ჰქონდათ მოწყობილი ცარცით დახაზულ კედლებში. წავიდა 12 წლის განაწყენებული პეპე და დაიწყო დასასვენებლად ჩასული ბარსელონელების ძებნა, თავისი გუნდის შექმნა და ადგილობრივების დამარცხება სურდა. ეს აზარტი, ჟინი და ლიდერის თვისებები გაჰყოლია მერე მთელი ცხოვრება. 

იპოვა 14 წლის ემილიო, მეგობრებისთვის ემილი. მის მსგავსად ტანმორჩილი ბიჭი იყო, ემილიოს ძმა ლუისი კი შედარებით მაღალი ჩანდა, მაგრამ შეთავაზებას მხოლოდ ემილიო დათანხმდა. ლუისი დიდად არ იყო ფეხბურთის მოყვარული, მამის კვალს გაჰყვება სამომავლოდ და ბარიტონი გახდება, ძმები ცნობილი ბარსელონელი საოპერო მომღერლის ემილიანო საგი-ბარბას შვილები იყვნენ. 

აბა, რა იცოდა 12 წლის პეპემ რომ ამ ძებნა-ძიებაში “ბარსელონას” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა გარემარბს მიაგნო. ემილიო მომავალში 509 მატჩს ჩაატარებს “ბარსას” მაისურით და 142 გოლს შეაგდებს. ის გახდება კლუბის ისტორიაში თერთმეტმეტრიანების პირველი სპეციალისტი. 

ტალანტს კიდევ დანახვა უნდა. ოქროს თვალი ჰქონდა პეპეს. წლები გავა, გავა და მიხვდება რომ სკაუტის გადასარევი ნიჭი აქვს, მაგრამ ეგ მერე, მანამდე დიდი გზაა გასავლელი. 

პეპეს კიდევ ერთი მოთამაშე სჭირდებოდა, ალბათ 2-3 ზეც მოუგებდა ადგილობრივ ყოჩებს, მაგრამ შურისძიების სურვილმა თავისი გააკეთებინა და მესამე კაციც აპოვნინა. პლაჟზე შენიშნა გამხდარი ბიჭი, მუქი ტყავის ბურთი ჰქონდა ფეხში მოგდებული და რაღაცის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ მისივე რეაქციით თუ იმსჯელებდნენ, არც არაფერი გამოსდიოდა. ისე კი, რაღაც ძალიან საინტერესო კი ექნებოდა ჩაფიქრებული. ამ დროს სალვადორი სულ რაღაც 10 წლისა იყო. 

ასე შეიკრა ეს სამკაციანი გუნდი და როგორც ამბობენ ჟოზეპმა პირობა შეასრულა – გადაახია ბურთი თავზე ადგილობრივებს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მომდევნო ზაფხულს, ყოველ ზაფხულს და არა მხოლოდ ზაფხულს. სამი მეგობრის თავშეყრის ადგილად კადაკესი იქცა და ხშირად სტუმრობდნენ ამ ადგილს. ხან ფეხბურთის სათამაშოთ, ხანაც უბრალოდ დროის გასატარებლად. 

რა დონეზე შეეძლო ჟოზეპს თამაში თავად განსაჯეთ, სულ რაღაც ოთხ წელში “ბარსელონას” ძირითად გუნდში ჩაირიცხა. იგივე გზა გაიარა საგი-ბარბამ, სამ წელში უკვე “ბარსაში” თამაშობდა. ეზოდან დაიწყეს, პლაჟის მახლობელ უბნებში და ქალაქის მთავარ გუნდში აღმოჩდნენ, რომლის უმდიდრეს ისტორიასაც ჩაუყარეს საფუძველი. 

სალვადორი ფეხბურთს არ გაჰყოლია, არც არასდროს ჰქონია დიდი სურვილი. ფოტოზე პირველი საგი-ბარბაა, მეორე ჟოზეპ სამიტიერი, მესამე კი ვისენტ პიერა, რომელიც არ არის რეალურად ჩვენი მესამე გმირი. სამი მეგობრის ერთობლივი ფოტო ასე მარტივად ინტერნეტით არ იშოვება, მათი ნათეავების პირად ალბომში თუ იქნება შენახული, რადგან სალვადორი მოედანზე არასდროს გასულა, ფეხბურთი, შესაძლოა, არც უყვარდა, უბრალოდ ბურთში ხედავდა რაღაც განსაკუთრებულს, მის თავში სულ სხვა ამბები ხდებოდა, სულ სხვა იდეები იბადებოდა, ბურთთან ერთად ვერ შეასხა ამ იდეებს ფრთები, სამაგიეროდ, ფუნჯი დაითრია და ასე გაიცნო მთელმა მსოფლიომ – შეშლილი სალვადორ დალი.  

გაიცანით  – ჟოზეპ ენრიკე იგნასიო სამიტიერ ვილალტა

იგივე, ხოსე (პეპე) სამიტიერი. ერთ-ერთი ვერსიით “ბარსას” ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია. ისტორიაში საუკეთესოც კარგა ხანს იყო, მერე კი გადაასწრეს სეზარმა, კუბალამ, ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ. ქომაგებმა “ლობსტერი”, და “კალია” შეარქვეს განსაკუთრებული სტილის გამო, უყვარდა აკრობატული დარტყმები, ვიღაცები კი ბალეტის მოცეკვავესაც ადარებდნენ. ისტორიას შემორჩა მისი მესამე ზედმეტსახელი, რომელიც ბავშვობის მეგობარმა შეარქვა – სიურეალისტი. 

სალვადორს მიაჩნდა რომ ის რასაც ჟოზეპი მოედანზე აკეთებდა ნამდვილი სიურეალიზმი იყო, ყოველ შემთხვევაში თავად ასე ხედავდა და აღიქვამდა ამ ყველაფერს. ეს ზედმეტსახელი მალევე აიტაცეს ბარსელონის ინტელექტუალურ წრეებში, რადგან სალვადორის სიტყვას ფაქტობრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინდელ კულტურულ ცხოვრებაში. 

სამიტიერს ჯერ კიდევ რვა წლიდან იცნობდნენ როგორც მობურთალს. დარბოდა ბურთით ბარსას ქუჩებში და ყველა შემხვედრს იწვევდა. ხან აგებდა, ხან იგებდა, დიდად არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს მერე მოვიდა მოგების აზარტი, როცა ზღვისპირა ქალაქში დაიჩაგრა, თორემ მანამდე უბრალოდ გართობისა და სიამოვნების სახე ჰქონდა ყველაფერს. ერთ-ერთი ქუჩა ძალიან მოსწონდა და თავისთვის უნდოდა, მთელი ქუჩა ჩემი გახდებაო ასე ყბედობდა თურმე ბავშვობაში, ბაქი-ბუქობდა ჩემს მანქანასაც სადღაც აქვე დავაყენებ ყველას დასანახადო. 

ფანჯრებიდან გადმოყუდებული ხალხის მართვაც მალევე ისწავლა, იცოდა რა მოსწონდათ, იცოდა რისთვის და რატომ უკრავდნენ ტაშს. ეს ხალხი მოგვიანებით სტადიონზე სიარულს და მისი სახელის ღრიალს დაიწყებს. გავიდა თორმეტი წელი და სამიტიერი ესპანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. 

ჯეკ გრინველის “ბარსაში” თამაშობდა, მისი თანაგუნდელები იყვნენ – საგი-ბარბა, პაულინიო ალკანტარა, რიკარდო ზამორა, ფელიქს სესუმაგა და ფრანც პლატკო. ამ გუნდმა 14 წლის განმავლობაში 12-ჯერ მოიგო კატალონიის თასი, ხუთი კოპა დელ რეი მიაყოლეს და ისტორიაში პირველი ლა ლიგის თასიც დადეს. კოპა დელ რეის ხუთი ფინალიდან ჟოზეპმა ოთხში შეძლო გოლის გატანა. 

კარიერის მიწურულს, მენეჯმენტთან პრობლემების გამო სამიტიერმა და ზამორამ “ბარსა” დატოვეს და “მადრიდში” გადავიდნენ. ეს ჯერ კიდევ სამოქალაქო ომამდე მოხდა, ამიტომ მაინცდამაინც დიდი ხმაური არ მოჰყოლია. ჟოზეპი არ ჰგავდა სხვა ფეხბურთელებს, მისი ბავშვური ხულიგნობა ნელ-ნელა გაქრა, როგორც ჩანს, სალვადორთან მეგობრობამ თავისი გააკეთა და უფრო ინტელექტუალი ადამიანი იყო, ვიდრე ხულიგანი. ეს ფეხბურთში მაშინ კი არა, ახლაც ძალიან იშვიათი ამბავია და დიდი პოლიტიკოსების ყურადღებასაც იქცევს – კაცი, რომელზეც გიჟდება ხალხი და რომელთან საუბარიც შესაძლებელია. ასე დაახასიათეს სამიტიერი გენერალ ფრანკოსთან. ამბობენ რომ მეგობრობდნენ კიდეც, ახლა ამის გაგება რთულია, ეზოში ფეხბურთი ნამდვილად არ უთამაშიათ ერთად, თუმცა, სადილზე ხშირად იწვევდნენ და მიდიოდა კიდეც. აბა, გაებედა და უარი ეთქვა. 

მერე კი იყო სამოქალაქო ომი და გაქცევა საფრანგეთში. უკვე ვწერდით ამ ამბავზე, სულ სხვა გუნდზე, რომელიც ასევე საფრანგეთში გადავიდა, სანამ ოკეანის გადაღმა წავიდოდა ტურნეში. ომმა ფეხბურთელების გზები გაყო, აღარ იყვნენ ერთად ჟოზეპი და საგი-ბარბა, სამაგიეროდ, საფრანგეთში ჟოზეპთან ერთად ითამაშა რიკარდო ზამორამ – სადაც ჟოზეპი, იქაც ზამორა. 

ფრანკოს მევალე 

პეპემ მწვრთნელად ვერ ივარგა “ატლეტიკოში”, სამაგიეროდ, როცა ბარსელონაში დაბრუნდა, თავისი საყვარელი კლუბი ჩაიბარა და ისტორიაში ლა ლიგის მეორე ტიტულიც მოაგებინა. მერე კი სკაუტის როლი მოირგო, მისი ოქროს თვალი ხომ გახსოვთ?! ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდი მონაპოვარი ლასლო კუბალას გადაბირება იყო. უნგრული გუნდი ესპანეთში ჩავიდა და მადრიდელებთან ითამაშეს, ლასლომ თავი გამოიჩინა და პირველი შეთავაზება “მადრიდისგან” მიიღო, მაგრამ საქმეში სამიტიერი ჩაერია. ფრანკოს ხალხს ხმა მიაწვდინა, ეს ბიჭი დაგვითმეთ და სათქვენოთ გავაკეთებ საქმესო – ფრანკო ვერ იტანდა კომუნისტებს. ჟოზეპმა კი ფილმი გადააღებინა კუბალაზე, სახელწოდებით – “Los ases buscan la paz”. ფილმი ანტიკომუნისტური პროპაგანდის ნაწილია, მთავარი თემა კუბალა და მისი დევნილობის ისტორიაა. ფილმში მონაწილეობას იღებს ჟოზეპ სამიტიერიც. 

თუმცა, კუბალამ ისეთი სადებიუტო სეზონი ჩაატარა “ბარსელონაში”, რომ გენერალმა თავი მაინც მოტყუებულად ჩათვალა. თითქოს ჟოზეპმა გააცურა, მან და “ბარსელონამ” უფრო მეტი მიიღეს, ვიდრე გენერალმა და “მადრიდმა”. ამიტომ, როცა მომდევნო ტრანსფერის ჯერი მოვიდა, და როცა ჟოზეპს ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა, საქმეში გენერალი სიმუსი ჩაერია და ალფრედო დი სტეფანო “ბარსელონას” ხელიდან გამოსტაცა. ამბობენ რომ ამაში პეპეს როლიც დიდი იყო, ამბობენ რომ ჟოზეპი იყო ფრანკოს იარაღი ამ ტრანსფერში. 

რა ვიცი, ახლა რას გაიგებ.. მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ გენერალთან ვალში ყოფნა არ ვარგა. 

სამიტიერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გასვენებას უამრავი ადამიანი დაესწრო, მიუხედავად იმისა რომ გენერალთან “მეგობრობდა”, ბარსელონელებმა მაინც დიდი პატივი მიაგეს და დღემდე სიყვარულით იხსენიებენ. ის ქუჩა კი, რომელზეც ჟოზეპი ბურთით დარბოდა, დღეს უკვე მის სახელს ატარებს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nikusha
    schedule 30 აგვ 2024, 18:40
    #4

    ძალიან დიდი მადლობა ავტორს ამ გენიალური სტატისთვის! ძალიან საინტერესო ინფორმაციებს გვაწვდით ყოველთვის! არ ვიცოდი სარვადოლ დალის ფეხბურთან სიყვარული თუ ასეთ სიმაღლეებს აღწევდა, აღფრთოვანებული ვარ. მე მას ვიცნობდი როგორც ფერმწერს, მსახიობს და სხვადასხვა სფეროში განვითარებულ ძლიერ ადამიანს. სტატიის მერე შევედი ქართულ ვიკიპედიაში, როგორც მოგეხსენებათ მკვდარია, რათქმაუნდა არაფერი ეწერა მსგავსი, გადავედი შემდგომ რუსულ ვიკიპედიაში და მისი ისტორია ხელმეორედ დიდი სიამოვნებით წავიკითხე. მადლობთ თქვენ ასეთი საინტერესო ინფორმაციებისთვის.

  • nika 54
    schedule 27 აგვ 2024, 17:46
    #3

    საინტერესო ისტორიაა.

  • riva
    schedule 27 აგვ 2024, 08:45
    #2

    მადლობა ფეოლა საოცარი და საინტერესო ისტორიაა

  • mari
    schedule 27 აგვ 2024, 00:16
    #1

    heart_eyes heart_eyes მადლობა ფეოლა!
    ბარსას წარსულზე ასეთი ისტორიული თემებით თუ კიდევ გაგვანებივრებთ, შესანიშნავი იქნება..
    პ.ს:: ეს ის ზამორაა, ვისი სახელობის თასიც დღემდე არსებობს?