პროფესიონალური ფეხბურთი ზოგჯერ მოულოდნელ გზებს გვთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელი ერთ კლუბში იზრდება და საბოლოოდ მის მთავარ კონკურენტთან აფორმებს კონტრაქტს. სწორედ ასე მოხდა მარკ კუკურელიას შემთხვევაშიც – კატალონიელი განაპირა მცველი, რომელიც 14-დან 20 წლამდე “ბარსელონაში” იზრდებოდა, 2026 წელს, 27 წლის ასაკში და რამდენიმე შუალედური კლუბის გამოცვლის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს “რეალ მადრიდის” ერთ-ერთი ახალწვეული გახდა. კუკურელია იმ მოთამაშეთა ისტორიულ სიას უერთდება, რომლებიც “ბლაუგრანას” აკადემიაში გაიზარდნენ და კარიერის რაღაც ეტაპზე “ბლანკოსის” პირველ გუნდში ითამაშეს, მათგან ზოგიერთი კი საკმაოდ ცნობილი ფიგურაა.
ალფონსო ალბენისი (1885-1941)
მან ეს ტრადიცია იმ დროს დაიწყო, როდესაც ფეხბურთში ყველაფერი იმდენად საწყის ეტაპზე იყო, რომ აკადემიისა თუ მეტოქეობის კონცეფციას დღევანდელი დატვირთვა არ ჰქონდა. კომპოზიტორ ისააკ ალბენისის ვაჟის, ალფონსოს დებიუტი პირველ გუნდში 1901 წელს შედგა, 1902 წელს კი ის გახდა პირველი კატალონიელი ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონადან” “რეალ მადრიდში” გადავიდა. ალბენისი მადრიდულ კლუბში 1911 წლამდე თამაშობდა. მოგვიანებით, 1913-1921 წლებში ის კლუბის დირექტორთა საბჭოში შედიოდა და მსაჯთა ეროვნული კოლეგიის პირველი პრეზიდენტიც კი გახდა.
ჟოზეპ სამიტიერი (1902-1972)
“ბარსელონას” ერთ-ერთი პირველი ლეგენდა. ის “სანსიდან” 17 წლის ასაკში გადმოვიდა. “ბარსელონას” პირველ გუნდში 1919-დან 1933 წლამდე უდიდესი გავლენით თამაშობდა. კლუბთან უთანხმოების შემდეგ, სანტიაგო ბერნაბეუსთან კარგი ურთიერთობის წყალობით, მან “რეალ მადრიდს” მიაშურა, სადაც 1933-1935 წლებში საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა. მოგვიანებით ის “ბარსელონაში” მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და ლა ლიგა მოიგო, ტექნიკური მდივნის პოზიციაზე კი ლეგენდარული “ხუთი თასის” გუნდი (Cinc Copes) შექმნა.
ხუსტო ტეხადა (1933-2021)
მან თავი სამოყვარულო “ევროპაში” გამოიჩინა, რის შემდეგაც “ბარსელონას” სისტემაში გადავიდა და სარეზერვო გუნდში, “ესპანია ინდუსტრიალში” თამაშობდა, 1953-54 წლების სეზონში კი პირველ გუნდში შედგა მისი დებიუტი. ტეხადამ კატალონიელთა რიგებში 8 სეზონი გაატარა და 245 მატჩში 126 გოლი გაიტანა. ბერნში “ბენფიკასთან” ჩემპიონთა თასის ფინალში მარცხის შემდეგ გუნდში ცვლილებები დაიწყო. ალფრედო დი სტეფანომ მისი “რეალ მადრიდში” ტრანსფერი რეკომენდაციით უზრუნველყო, სადაც ტეხადამ 1961-დან 1963 წლამდე ითამაშა.
ლუის მილია (1966-)
მილია “ბარსელონას” აკადემიაში გაიზარდა და პირველ გუნდში ფორმალურად 1988 წელს დაწინაურდა, თუმცა მისი დებიუტი 18 წლის ასაკში “სარაგოსას” წინააღმდეგ 1984-85 წლების სეზონში, ფეხბურთელთა გაფიცვის გამო უკვე შემდგარი იყო. ის ჩამოყალიბდა იოჰან კრუიფის მიერ გამოგონილ ეგრეთ წოდებულ “ოთხიანად” და ესპანეთის ნაკრებშიც მოხვდა. 1990 წელს მისი გადასვლა “რეალ მადრიდში” (სადაც 1997 წლამდე დარჩა) დაემთხვა პეპ გვარდიოლას პირველ გუნდში დაწინაურებას, რის შემდეგაც “ბარსელონამ” ზედიზედ 4 ლა ლიგა და კლუბის ისტორიაში პირველი ევროპის თასი მოიგო.
ალბერ სელადესი (1975-)
14 წლიდან “ბარსელონას” აღზრდილი სელადესი პირველ გუნდში 1995 წელს, კრუიფის ეპოქაში გამოჩნდა. ნახევარმცველი მშობლიურ კლუბში 1999 წლამდე დარჩა. ლუი ვან გაალის მოსვლის შემდეგ მან თავისი როლი დაკარგა და “სელტაში” გატარებული ერთი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, 2000 წელს “რეალ მადრიდში” გადავიდა. ის კლუბს 2005 წლამდე ეკუთვნოდა, რის შემდეგაც “სარაგოსაში” გააგრძელა კარიერა.
ტაკეფუსა კუბო (2001-)
“ლა მასიას” ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედი იყო, სანამ 2014 წელს ფიფას სანქციების გამო არასრულწლოვანი მოთამაშეების ტრანსფერებზე იაპონელ ტალანტს სამშობლოში დაბრუნება არ მოუწია, სადაც “ტოკიოში” თამაშით ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა. 2019 წლის ზაფხულში, როდესაც ტაკე 18 წლის გახდა, “რეალ მადრიდის” შეთავაზებამ “ბარსელონას” მცდელობა გადაწონა. დიდი მოლოდინების მიუხედავად, კუბომ მადრიდული კლუბიდან არაერთი იჯარა გამოიცვალა (“მალიორკა”, “ვილიარეალი”, “ხეტაფე”) და 2022 წელს საბოლოოდ “რეალ სოსიედადში” გადავიდა.
ვიქტორ მუნიოსი (2003-)
განსხვავებული შემთხვევაა ვიქტორ მუნიოსი. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც 2025 წელს “ოსასუნას” შეუერთდა, როგორც “ბარსელონას”, ისე “რეალ მადრიდის” აკადემიაში ითამაშა. მისი დებიუტი მადრიდელთა პირველ გუნდში სწორედ იმ გადამწყვეტ “კლასიკოში” შედგა, რომელმაც 2024-25 წლების სეზონის ლა ლიგის ბედი “მონჟუიკზე” “ბარსელონას” სასარგებლოდ გადაწყვიტა. კატალონიელი გარემარბი “ლა მასიაში” 2014 წელს “სანტ გაბრიელიდან” მოხვდა, 2017 წელს კი კონტრაქტი გაწყვიტა და “დამში” გადავიდა. 2021 წელს მას “რეალ მადრიდმა” გაუფორმა ხელშეკრულება, იჯარით “ინტერში” ითამაშა და 2023 წლის ზაფხულში “კასტილიას” წევრი გახდა. 2025 წელს მუნიოსი “ოსასუნაში” გადავიდა, მალე კი, დიდი ალბათბით, “ნიუკასლში” ენტონი გორდონს შეცვლის.
კომენტარები (0)