workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
10 საუკეთესო ინდივიდუალური წარმოდგენა ატლეტიკოსთან

10 საუკეთესო ინდივიდუალური წარმოდგენა ატლეტიკოსთან

                   მატჩამდე გავიხსენოთ საუკეთესო ინდივიდუალური წარმოდგენები “ატლეტიკოს” წინააღმდეგ. იმდენია გასახსენებელი და იმდენი რამ კიდევ არ გვინახავს და არ ვიცით, რომ აბა ყველას რა ჩამოთვლის, მაგრამ შევეცადოთ მაინც, სტატისტიკასაც დავუჯეროთ და ის ძველი ხალხიც გავიხსენოთ. 

მარიანო მარტინი – ომი მიღმა და მოედანზე (1941/1942)

აი ასე, შორეული ’42 წელი, გაგანია ომია, რა დროს ფეხბურთია, რა გეფეხბურთებათ თქვე დალოცვილებო, მაგრამ თამაშობენ ესპანეთში და რატომაც არა. რითია ეს შეხვედრა გამორჩეული და ბარსას საშინელი სეზონი ჰქონდა, იშვიათად ასეთი ცუდი. “ატლეტიკო” კიდევ პირიქით, ჩემპიონობისთვის იბრძვის. ბევრი არაფერია დარჩენილი, რადგან მაშინ 14 გუნდი თამაშობდა ლა ლიგაში და ეს გუნდები 22-ე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს. 14 გუნდიდან ბარსა მე-13 ადგილზეა. წააგებს და კარგად იყავი, მერე ალბათ ვერც ვერაფერი უშველიდათ, მაგრამ აქ ხომ ყველამ იცით, ბარსა ლა ლიგიდან არასდროს გავარდნილა. ეს მატჩი კიდევ ჩემპიონობისთვის მებრძოლ მადრიდელებს 5:1 მოუგეს, მარიანო მარტინმა პოკერი შეასრულა. 

ბარსამ სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა. პლეიოფი ითამაშა და ლა ლიგაში დარჩა. აი, ეგეთი მნიშვნელობის მატჩი მოიგეს და ამ მოგებაში რა წილი ჰქონდა მარიანოს თავად განსაჯეთ. 

მარიანომ კლუბში რვა წელი გაატარა (1940 – 1948)
ჩაატარა 211 მატჩი და გაიტანა 214 გოლი! 

ბარსას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. 

დიდი როდრიგესი (1944)

წავიდეთ ორი წლით წინ, ბარსას უკეთესი სეზონი ჰქონდა და მეექვსე ადგილზე გავიდა. დაცვა არ ვარგა, არც ნახევარდაცვაში ჰყავთ გამორჩეული სახეები, მაგრამ ბრწყინავენ ფორვარდები – ჟოზე ველე, ჟოზე ბრავო, მარიანო მარტინი და სესარ როდრიგესი. ეს სულ დიდი ხალხია, აქ უბრალო გვარს ვერ ნახავთ. “ატლეტიკოსთან” ამჯერად დამარცხდნენ, 4:5. სესარ როდრიგესმა ჰეთთრიქი შეასრულა. ეს ის როდრიგესია, რომელსაც ბარსას მაისურით ყველაზე მეტი ჰქონდა შეგდებული და მერე ჩვენმა ლეომ გადაასწრო, გაექცა და მაგრადაც ჩამოიტოვა. 

ბარსას მაისურით 457 მატჩი ჩაატარა და 302 გოლი გაიტანა. 

პატარა მორენო (1953) 

ბარსას ფორვარდი, მორენო, სულ რაღაც 1.66 სიმაღლისა იყო, მაგრამ მაინც ახერხებდა და სჯობნიდა მცველებს. 1953 წელს ბარსამ ჩემპიონობა იზეიმა, ბოლო ტურებში გადაასწრო “ვალენსიასა” და “რეალ მადრიდს”. მე-19 ტურში “ატლეტიკოს” უმასპინძლეს და 6:1 გაანადგურეს. ამ პატარა კაცმა კიდევ პოკერი შეასრულა. მისი ნამდვილი სახელი ტომას ერნანდეს ბურილიო იყო, “მორენო” ზედმეტსახელია, მუქი კანის ფერის გამო შეარქვეს. ბარსაში 124 შეხვედრა ჩაატარა და 68 გოლი შეაგდო. არ არის ცუდი შედეგი. ’53 წლის ჩემპიონობაში კი დიდი წილი შეიტანა. 

ლუის სუარეს I – (1956) 

ამ სეზონში ჩემპიონი “რეალ მადრიდი” გახდება, 50-იანების “მადრიდთან” თამაში არ იყო მარტივი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მათი ჩემპიონობა აბა რა გასაკვირია. სულ რაღაც მესამე ტურში უმასპინძლა ბარსამ “ატლეტიკოს” და 7:3 მოუგო. ჯერ კიდევ ერთდერთმა და უკანასკნელმა ესპანელმა, რომელსაც ოქროს ბურთი ღირსებია, პოკერი შეასრულა. ლუის სუარესს კი მაინც არ გამოუვა ბარსაში ისეთი კარიერა როგორსაც იმსახურებდა, რადგან კუბალასთან მოუწევს კონკურენცია, ხალხი ჩათვლის, რომ ორივეს ერთად ყოფნა მოედანზე არ შეიძლება, კუბალა კიდევ ქომაგის საყვარელი ფეხბურთელი იყო. ამიტომ დატოვა სუარესმა ბარსა და “ინტერში” გადავიდა. გარდა ოქროს ბურთისა, ევროპის ჩემპიონატიც მოგებული აქვს და ჩემპიონთა თასიც, ოღონდ “ინტერის” შემადგენლობაში, ბარსას მაისურით კი ბერნის ფინალი წააგო. 

ეულოჟიო “კოკო” მარტინესის ბენეფისი (1957) 

ეულოჟიო “კოკო” მარტინესმა 257 შეხვედრაში 177 გოლი შეაგდო. “ბარსაში” ექვსი წელი გაატარა და აქედან სამი წლის განმავლობაში (1956-57, 1957-58, 1959-60) კლუბის საუკეთესო ბომბარიდირ იყო. “კოკო” გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩვენს საყვარელ “კამპ ნოუზე” შეაგდო გოლი. ეს 1957 წლის სექტემბერში მოხდა, სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, “ბარსას” მეტოქე “ვარშავა” იყო. 

1956/57 წლის სეზონში ბარსა თასის მერვედფინალში შეხვდა “ატლეტიკოს” და 8:1 მოუგეს. ეულოჟიო მარტინესმა შვიდი გოლი შეაგდო მადრიდელთა კარში. მატჩის მერე ბრაზილიელმა ევარისტომ, რომელიც კლუბის ახალწვეული იყო, ასეთი რამ თქვა – “ამ თავდამსხმელის შემხედვარე წარმოდგენა არ მაქვს “ბარსას” ჩემი დამატება რაში დასჭირდა, ალბათ გასახდელია დასალაგებელი”. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კარგი და სწორი შენაძენი იყო, ევარისტოსა და ეულოჟიოს დიდებული დუეტი ჰქონდათ.  

1956/57 წლების სეზონში, მარტინესმა კოპაზე ექვსი შეხვედრა ჩაატარა და თექვსმეტი გოლი გაიტანა. წარმოუდგენელი მაჩვენებელია, არც ვიცი მსოფლიო ფეხბურთში, ერთი ტურნირის, თანაც, ასეთი მდიდარი საფეხბურთო კულტურის მქონე ქვეყანაში, ვინმეს რაიმე მსგავსი გაებედოს. 

 

 დიეგო მარადონა (1983) 

1983 წლის კოპას ნახევარფინალში შეხვდნენ გუნდები ერთმანეთს და მადრიდში პირველი მატჩი “ატლეტიკომ” მოიგო 1:0. აი, “კამპ ნოუზე” არ ჩააგდეს კარგ დღეში, დიეგო მარადონამ თავ-ბედი აწყევლინა მადრიდელებს. ამ მატჩზე უკვე გვისაუბრია და მცირე ხნის წინ ვიდეო მასალაც შემომხვდა იუთუბზე. ასე ხომ მხოლოდ მონაყოლი აღარ არის, მხოლოდ მითი და ლეგენდა არ არის, შენივე თვალით ხედავ რას სჩადის მარადონა. აკეთებს იმას, რასაც მესი აკეთებდა ჩვენს თვალწინ. ბარსამ 5:2 დაამარცხა მეტოქე, დიეგომ ზღაპრულად ითამაშა, გუნდი ფინალში გაიყვანა და იქ “რეალ მადრიდიც” იგივე დღეში ჩააგდო. 

 

რომარიო და საშინელი მარცხი (1993) 

ჰეთთრიქი სტოიჩკოვსაც შეუსრულებია მადრიდელთა კარში, მაგრამ რომარიოს სულ სხვა გოლები გაჰქონდა, ძალიან ლამაზი, წარმოუდგენლად მაღალი დონის. ეს მისი სადებიუტო სეზონი იყო და მაშინ ჯერ კიდევ არ აძლევდნენ არაევროპელებს ოქროს ბურთს, თორემ, რა თქმა უნდა, რომარიოს სეზონი იყო. თუმცა, არც სტოიჩკოვის გამარჯვებამ დაგვწყვიტა გული. მეცხრე ტურში ბარსა “ატლეტიკოს” ესტუმრა და რომარიოს ჰეთთრიქით 3:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმი ასე მოიგეს, მერე კიდევ რა და როგორ აბა ახლა რას გავიგებთ, მაგრამ 3:4 წააგეს. ბოლო 10 წუთი “ატლეტიკომ” კაცნაკლულმა ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტი გოლის შეგდება მაინც მათ შეძლეს. 
  

რომარიოს რევანში (1994)

იგივე სეზონი, ამჯერად 28-ე ტური. ბარსა რევანშისთვის კარგად მოემზადა, ამჯერადაც ბევრი გოლი გავიდა, ამჯერადაც ულამაზესად ითამაშა რომარიომ, ამჯერადაც სამი შეაგდო. “ატლეტიკო” ისევ დააქამბექა. ჯერ 0:1-დან 2:1 დაწინაურდნენ, მერე 3:2 , მაგრამ საბოლოოდ 3:5 წააგეს. რომარიოს ჰეთთრიქს სტოიჩკოვმაც მიამატა ორი გოლი. ჩემპიონი რა თქმა უნდა ბარსა გახდა. 

ჩვენი გმირები ამ სეზონის მერე ამერიკაში წავლენ, სტოიჩკოვი თავის ბულგარეთთან ერთად ნახევარფინალში იტალიასთან დამარცხდება, რომარიო კი მსოფლიო ჩემპიონი გახდება. ერთი ოქროს ბურთს ჩაიბარებს, მეორე ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს. “ატლეტიკოსთან” მომავალ სეზონშიც გაიტანას ბრაზილიელი, ამჯერად ორ გოლს, მაგრამ მერე ისევ თვითონ აურევს ყველაფერს და სახლში წავა. ეგეთი კაცი იყო. ჯიუტი და თავისებური. 

 

ფენომენი (1996) 

კოპას მეოთხედფინალი. ეს მატჩიც ბევრჯერ გაგვიხსენებია, ისიც გვითქვამს, რომ პსჟ-მდე სწორედ ეს შეხვედრა ითვლებოდა კლუბის ისტორიაში საუკეთესოდ. გასვლაზე ნათამაშები 2:2 ის შემდეგ “ატლეტიკო” “კამპ ნოუზე” ჩამოვიდა და 3:0 – ს იგებდა, მაგრამ ბარსამ შეძლო და 5:4 მოიგო. შეუჩერებელი იყო რონალდო, ფენომენი, ნამდვილი რონალდო, კიჭა, რონალდინიო, თავისი ყველა ზედმეტსახელით. სამწუხაროდ მომდევნო სეზონშივე წავიდა. ბარსა ფინალში გავა და “ბეტისთან” დრამატულ ორთაბრძოლაში მოიგებს, დრამატულში იმიტომ, რომ რონალდომ ფინალი გამოტოვა, აბა, ის რომ ყოფილიყო, აღარც დრამისთვის დარჩებოდა ადგილი, უბრალოდ გადაუვლიდა “ბეტისსაც”. 

  

მესი ერთხელ და ათასჯერ 

შეგვიძლია ის მატჩი გამოვარჩიოთ სადაც ჰეთთრიქი შეასრულა, მაგრამ მესის შემთხვევაში გამორჩევა ძალიან რთულია. სადაც დაიჭირა “ატლეტიკო” იქ გაუმწარა სიცოცხლე. ამიტომ, კონკრეტულ შეხვედრას არ გამოვყოფ, აქ უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ყოველთვის საუკეთესო იყო. ძალიან დიდია ლეო. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 13 თებ 2026, 00:23
    #3

    კიდევ ერთი დაემატება დღეს იმედია

  • nika 54
    schedule 12 თებ 2026, 22:47
    #2

    ლეო იყო ჩოლოს ყველაზე დიდი ტრაგედია ატლეტიკოში. მაგრამ ისიც ვთქვათ რომ არასდროს არ უკადრია არცერთი მრუდე სიტყვა არც ბარსაზე და მითუმეტეს ლეოზე. რასაც რეალის და რონალდუს წინააღმდეგ ყოველთვის გამოხატავდა.

  • PET27REE
    schedule 12 თებ 2026, 20:11
    #1

    ატლეტიკო ფანებიანად ავტობუსს აყენებდა და კარებში წვებოდნენ მაგრამ მესისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა,დუბლი და ჰეთ-თრიქი რამდენჯერ შეუსრულა კაცმა არ იცის,მესითან არანაირი ტაქტიკა არ ამართლებდა.