ოფიციალურად: რაფინია ბარსელონელია

აწ უკვე ოფიციალურად: რაფინია "ბარსელონას" ფეხბურთელია.
კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, "ლიდს იუნაიტედთან" შეთანხმება მიღწეულია. "ბარსა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 58 მილიონს ევროსა და პლუს, ბონუსების სახით, 8 მილიონს გადაიხდის.
ბრაზილიელი მალე ბარსელონაში ჩამოვა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
რაფაელ დიას ბელოლი, იგივე "რაფინია", 1996 წლის 14 დეკემბერს, პორტო ალეგრეში დაიბადა. ის გარემარბია, რომელიც მეტოქესთან ერთი-ერთზე შესანიშნავად მოქმედების და მცველის მოტყუებაზე მიდის.
25 წლის ფეხბურთელის პირველი ევროპული გუნდი გიმარაეშის "ვიტორია" იყო, საიდანაც იგი 6.5 მილიონად ლისაბონის "სპორტინგში" გადავიდა. პორტუგალიური ვოიაჟის შემდეგ, რაფინია საფრანგეთში გადაბარგდა და 21 მილიონად "რენმა" შეიძინა.
ლიგა 1-ში წარმატებული ერთი სეზონის შემდეგ, ბრაზილიელმა, "ლიდს იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას ყურადღება მიიქცია და ნიჭიერმა მოთამაშემ პრემიერ ლიგას მიაშურა. არგენტინელი სპეციალისტის ხელში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში რაფინიამ მონაწილეობა 30 მატჩში მიიღო, 6 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა. შემდეგ სეზონში, როცა "ლიდსი" გადარჩენისთვის იბრძოდა, ახალგაზრდა შემტევმა აქტივში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და გუნდს ინგლისის ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]