ინტერვიუ იაია ტურესთან

ინტერვიუ იაია ტურესთან

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, იაია ტურემ ცოტა ხნის წინ Mundo Deportivo-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც კატალონიურ კლუბსა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც "ბარსას" ეხება.

- რას საქმიანობს იაია ტურე დღეს?

- უელსში სამწვრთნელო კურსი გავიარე. ლიცენზია უკვე მაქვს. ახლა "ტოტენჰემის" აკადემიაში ვმუშაობ იმისათვის, რომ გამოცდილება მივიღო და დიდი მწვრთნელი გავხდე. გარდა ამისა, ვარ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი.

- ჩავი "ბარსელონაში" ახალი მისულია. რას გვეტყვი მასზე?

- ჩავიმ თავი უკვე წარმოაჩინა, როგორც უმაღლესი დონის მწვრთნელმა. მას ჰქონდა მკაფიო გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს მისი სამწვრთნელო კარიერა. მას სურდა, თავიდან ძალები კატარში მოესინჯა, არადა ყველა ფიქრობდა, რომ სჯობდა, "ბარსას" აკადემიიდან დაეწყო. "ალ სადში" ძალიან კარგად იმუშავა და ბევრი ტიტულიც მოიგო. ეს განვითარებისთვის ძალიან კარგი იყო. ახლა ის "ბარსაშია" და თავს კარგი მხრივ წარმოაჩენს. როდესაც ის გუნდში მოვიდა, ბევრი პრობლემა არსებობდა, მათ შორის ფინანსური. მისი მოსვლის შემდეგ გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და მოგებები კვლავ დაიწყო. მან ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, რაც დიდი მიღწევა იყო. ახლა ჩავის წინ "ბარსელონაში" მეორე სეზონი ელის. მას ისეთ დიდ მწვრთნელებთან კონკურენცია მოუწევს, როგორებიც არიან კარლო ანჩელოტი და მანუელ პელეგრინი, რომელიც ჩემი მწვრთნელი იყო. როგორც ყოფილ კულეს, "ბარსას" მიმართ გრძნობა ყოველთვის მქონდა. ამ გუნდში ბედნიერი ვიყავი. განვიცდიდი, როდესაც ვხედავდი, რომ გუნდი ცუდად თამაშობდა, მაგრამ ახლა გუნდმა მოგებები განაახლა და ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს. ჩვენ გვინდა, "ბარსა" მწვერვალზე ვიხილოთ, გუნდმა ტიტულები მოიგოს და ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძოლოს.

- "ბარსელონას" ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს. თვალს ადევნებ პედრის, გავის, ნიკოსა და სხვების თამაშს?

- გუნდში ბევრი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგალითად პედრი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ის ერთადერთი არაა. დღევანდელი სიტუაცია ჩავისა და ინიესტას დროს მახსენებს. პედრის თამაში ბევრჯერ მაქვს ნანახი, ჩავიმ კი მას თავდაჯერება შემატა, რაც მისი მსგავსი ფეხბურთელისთვის ძალიან კარგია. მან "ოქროს ბიჭუნასა" და  რაიმონ კოპას ჯილდოები მოიგო. იმისათვის, რომ გუნდმა ზრდა განაგრძოს, აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გააკეთო. კიდევ ერთი ასეთი ფეხბურთელია ერიკ გარსია, რომელსაც "მანჩესტერ სიტიში" თამაშის დროს შევხვდი. მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ჩავიმ თავდაჯერება შემატა. მას დიდი მომავალი აქვს. "ბარსელონაში" ყოფნის დროს უნდა იცოდე, როგორ გაუმკლავდე გულშემატკივრების ზეწოლას და თავიდანვე უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშო. ჩავი ძალიან სწორად იქცევა, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს მხარს უჭერს. მესი წავიდა და სხვა ვეტერანებიც მალე წავლენ, ასე რომ სადავეები ხელში ახალმა თაობამ უნდა აიღოს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მწვრთნელმა იცის, როგორ უნდა მოხდეს თაობათა ცვლა. "ბარსელონაში" ეს მარტივი არაა.

- "ბარსელონას" ერთ-ერთი ახალწვეული შენი თანამემამულე ფრანკ კესიე იქნება. ხომ არ დაგირეკავს მისთვის "ბარსაში" გადასვლაში დასარწმუნებლად?

- დიახ, მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს მას დავურეკე. ეს საიდან იცით? იმ პერიოდში ჩვენ საუბარი რამდენჯერმე გვქონდა, რადგან მან იცოდა, რომ "ბარსელონას" კარგად ვიცნობდი. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, რადგან მინდოდა, მას ყველაფერი სცოდნოდა, რაც აქ ელოდა. "მილანი", რომელიც ასევე დიდი გუნდია, მას ახალ კონტრაქტს სთავაზობდა. მას ვუთხარი, რომ არ ეყოყმანა და თუ წასვლაზე ფიქრობდა, "ბარსელონაში" გადასულიყო. მას ბევრი რამ დეტალურად ავუხსენი, რომ თავიდანვე უმაღლეს დონეზე უნდა ეთამაშა, კარგი განწყობა ჰქონოდა და მაქსიმალურად კონცენტრირებული ყოფილიყო. ბარსელონა დიდი ქალაქია და მას ვურჩიე, ღამით გარეთ ხშირად არ გასულიყო, ფრთხილად ყოფილიყო. კონცენტრაცია მხოლოდ თამაშზე უნდა გააკეთო, რადგან სწორედ ამით განგსჯიან.

- რას შემატებს კესიე "ბარსას"?

- ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი ნახევარმცველია და ვფიქრობ, მომატება ბევრი მიმართულებით შეუძლია. ფრანკი ძალიან კარგი ფეხბურთელია და თუ ის თავდაჯერება ექნება, რაც "მილანში" ჰქონდა, დიდებული შენაძენი იქნება. მას ასევე ვუთხარი, რომ მაღალი დონის კონკურენციისთვის მომზადებულიყო, რადგან "ბარსელონაში" მას ადგილისთვის ბრძოლა 2-3 ფეხბურთელთან მოუწევს. მან ყველაფერი იცის. მას უფროსი ძმასავით ვყავარ. ახლა კესიე უმაღლესი დონის გუნდში იქნება, დიდებული ფეხბურთელებით გარშემორტყმული. მისი და "ბარსელონას" გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 ივლისი 2022 23:19
    0
    აუ როგორ მევასებოდაა ზუსტად ფიზიკის გამო არა ! სათამაშო ინტელექტის გამო ბუსიმ ერთ ერთ ინტერვიუში თქვა მოედანზე ძალიან ბევრი რამ ია ია ტურესგან ვისწავლეო თუმცა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული საყრდენები იყვნენ ორივე მაგრად მაინტერესებს კესის თამაში იმედია გამოგვადგება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 ივლისი 2022 15:44
    3
    "ახლა ჩავის წინ "ბარსელონაში" მეორე სეზონი ელის. მას ისეთ დიდ მწვრთნელებთან კონკურენცია მოუწევს, როგორებიც არიან კარლო ანჩელოტი და მანუელ პელეგრინი, რომელიც ჩემი მწვრთნელი იყო"
    ნუ დარდობ, ეგენი უკვე მოსვა თავის ადგილზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 ივლისი 2022 15:09
    1
    კესიც დაახლოებით ტურეს სტილისაა, ტურე ბარსაში ძალიან კარგი იყო თუმცა პეპმა ბუსკეცი აირჩია და არც შემცდარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ტურეც უმაღლეს დონეზე იქნებოდა რომ დარჩენილიყო,ნრავი იმედია გაამართლაბს კესი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ივლისი 2022 14:54
    5
    იაია მაგარი კაცი. გვარდიოლა ბუსის ენდო, თორე მაგ პერიოდში ამაზე მაგარი ჩამშლელს ძნელად მოძებნიდა კაცი.