რეალი-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

რეალი-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

თუ ძალიან ოპტიმისტები არ ვიქნებით, მოგვიწევს, ვაღიაროთ, რომ დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული სატურნირო დატვირთვა არ აქვს. დღეს მოგების შემთხვევაშიც კი "ბარსა" "რეალთან" ჩამორჩენას 12 ქულამდე შეამცირებს და კატალონიელებს ამ სხვაობის გასაბათილებლად მხოლოდ 10 თამაში ექნებათ. თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ თეორიულად.

"რეალი" პირველ ადგილზეა და არცთუ შესაშურ ფორმაში მყოფ "სევილიას" 10 ქულით უსწრებს, თანაც სევილიელებს "კამპ ნოუზე" აქვთ სათამაშო. ეს ნიშნავს, რომ "რეალის" საჩემპიონო ამბიციებს, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

"ბარსელონას" მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, თუმცა კატალონიელები უკვე მე-2 ადგილსაც უმიზნებენ, რომელიც მათ ესპანეთის სუპერ თასზე გაიყვანს. დღევანდელი შედეგის მიუხედავად "ბარსა" ორივე ამ მიზნის მიღწევის მთავარ კანდიდატად დარჩება.

დღევანდელი შეხვედრა საჩემპიონო ბრძოლაში "რეალის" ძალიან გამოკვეთილ სტატუსს ვერ შეცვლის. დღეს ის გადაწყდება, რომელი გუნდი უფრო თავდაჯერებული განაგრძობს მიმდინარე სეზონში თამაშს. ან "რეალი" დაამტკიცებს, რომ ლიდერ ბენზემას გარეშეც დღევანდელ "ბარსაზე" ძლიერია, ან "ბარსელონა" დაამტკიცებს, რომ ამდენი პრობლემის გამოვლის შემდეგად ანგარიშგასაწევი ძალაა. მას შემდეგ, რაც ჩავიმ გუნდი მეტნაკლებად დაალაგა, კატალონიელებს სერიოზული გამოცდა პირველად სწორედ დღეს ელით.

თუ ეს გამოცდა ჩავაბარეთ, მერე ვნახოთ...

სათამაშო ფორმა

ორივე გუნდი მშვენიერ ფორმაშია. "ბარსას" 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო "რეალს" - 5 მატჩიანი. თუ მხოლოდ ლა ლიგის შეხვედრებს ჩავთვლით, კატალონიელებს 12 შეხვედრაა, არ წაუგიათ, ხოლო მადრიდელებს - 8 შეხვედრაა.

"რეალს" ცოტა ხნის წინ ჩავარდნა ჰქონდა. კარლო ანჩელოტის გუნდს იანვარ-თებერვალში 5 მატჩში მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ დედაქალაქელებმა ზედიზედ 5 მოგება მიაყოლეს.

"ბლანკოსს" საკუთარ კედლებში 14 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ 14 შეხვედრიდან მადრიდელებმა 11 მოიგეს. ლა ლიგაში "რეალის" ბოლო საშინაო წაგებიდან კი წელიწადზე მეტი გავიდა. ბოლო დროს "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მხოლოდ სუსტ გუნდებთან აგებს - "შერიფი", "ლევანტე", "ალავესი", "შახტარი", "კადისი". ბოლო ძლიერი გუნდი, რომელმაც "რეალი" მადრიდში დაამარცხა, "მანჩესტერ სიტია" და ეს 2 წლის წინ, ზინედინ ზიდანის დროს მოხდა. ფაქტია, რომ როდესაც ანჩელოტის გუნდი სრულად კონცენტრირებულია, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მისი დამარცხება თითქმის შეუძლებელია. თუმცა "ბარსას" არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

თუ "რეალი" საკუთარ კედლებშია ძალიან ძლიერი, "ბარსა" მეტოქის მოედანზე თამაშობს შედეგიანად. გასვლით შეხვედრაში კატალონიელები "ბაიერნთან" წაგების შემდეგ, ბოლო 11 მატჩში არ დამარცხებულან. ლა ლიგაში "ბლაუგრანას" სტუმრად 10 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლოს გუნდი ჯერ კიდევ რონალდ კუმანის დროს დამარცხდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ლა ლიგაში ბოლოს 3 გასვლითი წაგება მადრიდში თამაშებზე მოდის - "რაიოსთან", "ატლეტიკოსთან" და "რეალთან".

დანაკლისი

ამ კომპონენტში "ბარსელონას" უპირატესობა აქვს. დიდი ხნით გამოკლებულ ანსუ ფატის, სერჟი რობერტოსა და სამუელ უმტიტის ცოტა ხნის წინ სერჟინიო დესტიც დაემატა. თუმცა ეს "რეალის" დანაკლისთან შედარებით არაფერია.

კარლო ანჩელოტის მხოლოდ 2 მოთამაშე აკლია, მაგრამ ერთი ძირითადი მარცხენა მცველი ფერლან მენდია, ხოლო მეორე გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ქარიმ ბენზემა. "რეალი" რომ ბოლო დროს ძალიან შედეგიანად თამაშობს, ამის მთავარი მიზეზი სწორედ ბენზემაა. წელს "რეალმა" ქარიმის გარეშე 2 შეხვედრა ჩაატარა და მართალია, არ წაუგია, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. 34 წლის ფეხბურთელი დედაქალაქელების ლიდერია გოლებში, ხოლო საგოლე გადაცემებში მეორე ადგილზეა. მას კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. იმ ბოლო 5 თამაშში, რომელიც "რეალმა" მოიგო, მადრიდელებმა 14 გოლი გაიტანეს. აქედან მხოლოდ 2 იყო, რომლის დროსაც ბენზემას არც თავად გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. დანარჩენი 12 გოლიდან 8 ფრანგმა თავად გაიტანა, ხოლო ოთხჯერ ის ასისტენტის როლში მოგვევლინა. ქარიმ ბენზემას არყოფნა "ბარსელონას" არცთუ საიმედო დაცვისთვის ნამდვილად კარგი ამბავია.

ურთიერთშეხვედრები

ოფიციალურ დონეზე ამ გუნდებს ერთმანეთის პირისპირ 248-ჯერ უთამაშიათ. ბოლო დროინდელი წარმატებების წყალობით უპირატესობა "რეალს" აქვს. "ბარსას" მონაგარი ასეთია - 96 მოგება, 52 ფრე, 100 მარცხი, 404 გატანილი და 415 გაშვებული გოლი. ეს 4 თამაშიანი უპირატესობა მადრიდელებმა ბოლო 5 მატჩში მოიპოვეს. უკანასკნელი 5 "ელ კლასიკო" სწორედ დედაქალაქელების გამარჯვებით დასრულდა. ამაზე ცუდი სერია "ბარსას" მხოლოდ ერთხელ, 1962-1965 წლებში ჰქონდა, როდესაც "რეალთან" ზედიზედ 7 თამაში წააგო.

მეტოქის მოედანზე ჩატარებულ 120 თამაშში "ბლაუგრანას" 29 მოგება, 25 ფრე და 66 წაგება დაუგროვდა. "ბარსამ" მადრიდში გამართული ბოლო 2 "ელ კლასიკო" წააგო, მაგრამ მანამდე ზედიზედ 3 მოგება აქვს.

თუ ყველა "ელ კლასიკოს" გავითვალისწინებთ, უპირატესობა "ბარსელონას" მხარესაა - 281 შეხვედრაში 115 მოგება, 62 ფრე და 104 მარცხი, 487 გატანილი და 458 გაშვებული გოლი.

არბიტრი

ფეხბურთის ფედერაციამ თამაშის განსასჯელად გამოცდილი არბიტრი ხუან მარტინეს მუნუერა მიავლინა.

მარტინეს მუნუერას "ელ კლასიკოში" აქამდე ერთხელ უმსაჯია. 2020/21 წლების სეზონში "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა "რეალმა" 3-1 მოიგო. ეს ის თამაშია, არბიტრმა რამოსის წაქცევისთვის "ბარსას" კარში ძალიან საეჭვო თერთმეტმეტრიანი რომ დანიშნა, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა.

მისი დეტალური სტატისტიკა შეგიძლიათ, ამ გვერდზე ნახოთ.

გამორჩეული ფეხბურთელები

"რეალის" გამორჩეულ ფეხბურთელზე უკვე ვისაუბრეთ და ის ქარიმ ბენზემაა, მაგრამ ფრანგი დღეს ვერ ითამაშებს. მის შემდეგ კი ახალგაზრდა შემტევი ვინისიუს ჟუნიორი უნდა გამოვყოთ.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კარლო ანჩელოტის გუნდში მოსვლის შემდეგ ძალიან მოუმატა, მთავარი კი მისი სტაბილურობაა. მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა 38 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ის გოლებში მხოლოდ ბენზემას ჩამორჩება, საგოლე გადაცემებში კი პირველ ადგილზეა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვინისიუსის მიერ შექმნილი 31 გოლიდან 17 ბენზემას თანამონაწილეობით გავიდა.

"ბარსელონადან" კი ერთი ფეხბურთელის გამორჩევა ძნელია. წარმატებაში ყველა მეტნაკლებად თანაბრად მონაწილეობს, ეს კი მწვრთნელის დამსახურებაა და თუ "ბლაუგრანადან" ვინმეა გამოსარჩევი, ეს სწორედ ჩავი ერნანდესია.

სტატისტიკა

  • ბოლო 4 "ელ კლასიკოში" 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ბოლო 4 "ელ კლასიკოში" გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • "რეალს" ბოლო 5 "ელ კლასიკო" მოგებული აქვს;
  • "ბარსელონას" ბოლო 6 "ელ კლასიკოში" მოგება არ აქვს;
  • "რეალს" ბოლო 4 "ელ კლასიკოში" კარი მშრალად არ შეუნახავს;
  • ბოლო 5 "ელ კლასიკოში" ანგარიშის გახსნას "რეალი" ახერხებდა;
  • მადრიდში გამართული ბოლო 6 "ელ კლასიკოდან" ხუთში გოლი მხოლოდ ერთ გუნდს გაჰქონდა;
  • "რეალს" ზედიზედ 5 მოგება აქვს;
  • "რეალის" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 4 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • "რეალის" ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "რეალის" ბოლო 7 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • "ბარსელონას" 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • "ბარსელონას" ბოლო 7 თამაშიდან ექვსში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ლა ლიგაში "ბარსელონას" 12, ხოლო "რეალს" 8 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • "რეალის" ბოლო 14 გოლიდან 12-ში აქტიური მონაწილეობა მიიღო ქარიმ ბენზემამ, რომელიც დღეს ვერ ითამაშებს;
  • ტოტალიზატორები "რეალის" მოგებას კოეფიციენტს 2.3 ანიჭებენ, რაც მოგების 43%-იან შანსს უდრის, თუმცა "რეალი" ასეთი თამაშების 58%-ს იგებს;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 3.0 ანიჭებენ, რაც მოგების 33%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 25%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

თუ ვინმე ფავორიტია, ეს "რეალია", რადგან ისინი ლა ლიგას ლიდერობენ და კარგ ფორმაში არიან, თუმცა, მონდომებულნი ვართ და ჩვენი ხასიათის ჩვენება გვსურს. უკეთ თამაშს შევეცდებით.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

რეალი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ნაჩო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე, როდრიგო, ვინისიუსი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

Sport

რეალი (4-4-2): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალბა, ნაჩო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ასენსიიო, როდრიგო, ვინისიუსი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, გავი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

Mundo Deportivo

რეალი (4-3-3): კურტია, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ნაჩო, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ასენსიო, მარიანო, ვინისიუსი

რეალი (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამენიანგი, ტორესი

AS

რეალი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ნაჩო, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, როდრიგო, ასენსიო, ვინისიუსი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

პროგნოზი

  • WhoScored:
  • Sportsmole: 1-1
  • Sportskeeda: 3-2
  • Squawka: 2-2
  • ESPN: 1-1
  • ESPN: 2-3

ტრანსლაცია

თამაში 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #4 20 მარტი 2022 16:04
    0
    ფაბიო ბლანკო 👏🏻 კაი ბავშვი ჩანს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 მარტი 2022 14:48
    0
    მთავარია არ წავაგოთ, თუნდაც მორალური თვალსაზრისით. თორემ ქულები რომ ოთხეულისთვის ჟანგბადივითაა საჭირო ეს ფაქტია.
    [?]
    #2 20 მარტი 2022 12:57
    1
    ციტატა: CHEPE
    ტრაორე და ნაჩოო😁😁😁

    დემბელე იქნება წესით მარა არც ეგაა ნაჩოსთვის კარგი ამბავი. მსაჯმა გატეხა მუნუერა არაკაცია. ისე კი სავარაუდო შემადგენლობაში არავის უწერია გავი ფლანგზე. მე კი რატომღაც ეგრე მგონია. ანუ ბუსი ფრენკი პედრი და გავი ოთხივე იქნება რო წინააღმდეგობა გაუწიონ ნახ დაცვას. გავი მიაბას მოდრიჩს არ გაახარებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 მარტი 2022 12:06
    5
    რეალის დამარცხება ყველგან და ყოველთვის სასიამოვნოა, ზედმეტი მოტივაცია არ სჭირდება barca-6