ბარსელონამ, შესაძლოა, სერჟი ბარჟუანი გაათავისუფლოს
"ბარსელონა ბ-ს" მთავარი მწვრთნელის, სერჟი ბარჟუანის პოზიციები საგრძნობლად შეირყა. გუნდმა ბოლო 15 თამაშიდან მხოლოდ 3 წააგო და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს. არასახარბიელო შედეგებს გასახდელში შექმნილი დაძაბული ვითარებაც ემატება.
ბარჟუანი ფეხბურთელების ღია კრიტიკას არ ერიდება. Sport-ის ცნობით, ესპანელი განსაკუთრებით გაბრაზებული "ჟიმნასტიკთან" მარცხის (0-2) შემდეგ იყო. ერთი მხრივ, მოთამაშეებს კრიტიკის ესმით, თუმცა მეორე მხრივ, თავს არაკომფორტულად გრძნობენ.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ ხელმძღვანელობას ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ სურს, თუმცა მიმდინარე კვირაში მწვრთნელის მომავალი გადაიხედება. წყაროს თანახმად, კლუბში 50 წლის სპეციალისტს შექმნილი ვითარების მსხვერპლად განიხილავენ - გარდა იმისა, რომ მას ბევრი მოთამაშე გამოაკლდა (ბევრი მათგანი პირველ გუნდში დაწინაურდა), იგი გარკვეული ხნით გუნდის დინამიკას საერთოდ მოწყდა, როდესაც რონალდ კუმანის გაშვების შემდეგ "ბარსას" დროებით თავკაცად დაინიშნა.
ასეა თუ ისე, მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებამ, შესაძლოა, მეორე გუნდის სიტუაცია შეცვალოს. MD-ის ცნობით, ბარჟუანის შემცვლელად ალბერ კაპელიასი განიხილება, რომელიც "ბლაუგრანას" სასკოლო აკადემიის ხელმძღვანელის ასისტენტია.
ბარჟუანის გაშვება რამდენიმე კვირის წინაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ ხელმძღვანელობამ მისთვის შანსის მიცემა არჩია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]