დღეს ფინალია!
ბოლო წერტილის დღეა. ბოლოში გასულს დასაწყისი ახსენდება ხოლმე ადამიანს.
ჩვენი დროით შვიდ საათზე დაიწყება. დრო ვიღაცისთვის გაიწელება, ვიღაცისთვის გაიფრენს. ისე გაიფრენს, რომ 2014 წლის ფინალიც გუშინდელივით გაახსენდება. მთელი დღეა, ეგ ამბავი მიდგას თვალწინ, როგორ ამბობდა ხალხი, მესის ასეთი შანსი აღარ მიეცემაო. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ კვლავ ერთ ნაბიჯში დადგებოდა ყველაზე დიდ ტიტულთან, – მსოფლიო ჩემპიონატი ღმერთების ტურნირია. წაგებულ მუნდიალს წაგებული კოპა ამერიკა მიაყოლა, ისევ მარცხი ფინალებში, ჯერ მეორედ, მერე მესამედ, და წავიდა. თითქოს ვეღარ გაუძლო, დიდი ამოსუნთქვა იყო საჭირო, და დიდი დაბრუნება, ოღონდ, იმისათვის, რომ დაბრუნება შედგეს, ჯერ უნდა წახვიდე.
დრომ გვაჩვენა, რომ ყველაზე ზუსტი და სწორი გადაწყვეტილება იყო. ყველაზე მეტად წაადგა შორიდან ყურება და დაკვირვება. ყველაფერს სულ სხვა თვალით შეხედა, როგორც აქილევსი უყურებდა აქაველთა ომს თავისი კარვიდან, ზუსტად იცოდა, როგორი იყო მისი როლი, ზუსტად იცოდა, რა აკლდათ მის გარეშე.
მესი ძალიან მებრძოლი ფეხბურთელია. ამ სიტყვაზე ცოტა სხვა ტიპის ფეხბურთელები ახსენდებათ ხოლმე, მაგალითად ჩვენი კარლესი, არტურო ვიდალი, მაშერანო, გატუზო, ეფენბერგი, როი კინი და ა.შ. მაგრამ ბრძოლისუნარიანობა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ მოედანზე გავარდე და ვინმეს ფეხი მოამტვრიო, ან პირველიდან ბოლო წუთამდე გამამხნევებელ სიტყვას ღრიალებდე, როგორც ჩვენი პუიოლი, საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი. პირველი ბრძოლა საკუთარ თავთან გაქვს, საკუთარ დემონებთან, მერე მოდის სხვა დანარჩენი. მესი სიყრმიდანვე ტკივილთან მებრძოლია. ეგეც ხომ ცრემლით დაიწყო? თან ზუსტად იქ დააჭირეს წიხლი, სადაც თავისი ძალებით ვერაფერს შეცვლიდა, ზედმეტად პატარა ხარ და გუნდში ვერ აგიყვანთო.
აქ იყო ცრემლი და დიდი იმედგაცრუება. სიმაღლეში ვერ იზრდებოდა, რა უნდა ექნა? ალბათ ღმერთს სთხოვდა, გამზარდეო. ბებია ამშვიდებდა მაინც ყველაზე მაგარი ხარ და იცოდე, არასდროს არ დანებდე, რაც არ უნდა მოხდეს არასდროს, არასდროს არ დანებდეო! ჰოდა, მადლობა ბებიას, შვიდასოთხმოცდათერთმეტი მადლობა, ცისკენ აპყრობილი ორი ხელით.
მაგია არ არის? ვიღაც ბიძა მოდის, ბარსელონაში მიჰყავს და პრეპარატზე ესაუბრება, რომელსაც ყველაფრის მოგვარება შეუძლია. როგორც საახალწლო ფილმებში ხდება ხოლმე. მესი ყოველ დღე იდგა კედელთან და საკუთარ სიმაღლეს ზომავდა, მართლა ვიზრდები, თუ არაო. კედელზე გასმული ხაზები ახლა უკვე ქალაქ ბარსელონას კულტურული მემკვიდრეობაა. არ არსებობს დედამიწაზე მეორე კაცი, რომელიც ისე გაზრდილიყოს, როგორც მესი. გაიზარდა და გახდა ყველაზე დიდი, მისი ჩრდილი მთელ მსოფლიოს ფარავს და ამ ჩრდილის ქვეშ დაიწყეს თამაში სულ სხვა თაობებმა, აგერ ერთ-ერთი მათგანი უკვე არგენტინის ნაკრების ფორვარდია.
მერეც სულ ბრძოლა და ცრემლი იყო. არასდროს მინახავს, ფეხბურთელი რამდენიმე წამში წამომდგარიყოს ისეთი დარტყმის მერე, როგორიც დელ ორნომ მესის მიაყენა. “სტენფორდ ბრიჯზე”, გაშლილი ფეხით, პირდაპირ მუხლში. ეს არათუ წითელი ბარათია, მსგავს დარღვევაზე ფეხბურთის თამაში იკრძალება. მესი წამოდგა და იმაზე მაგრად გააგრძელა თამაში, ვიდრე იქამდე თამაშობდა. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს ასეთი დარტყმის მერე შიში უჩნდება, ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ფაქტორია, მცველობის უპირატესობაც ამაზე დგას, პატარა სიხისტის მერე მცველები გრძნობენ, როგორ უკანკალებთ ფეხები თავდამსხმელებს. მესიზე არც სიხისტე მოქმედებდა, არც უხეშობა, არ ვიცი რატომ. ასეა მისი გონება მოწყობილი. რაც უფრო მეტ დარტყმას აყენებენ, მით უფრო დიდი ჟინით იწყებს შეტევას. ყველაზე მეტად სწორედ ეს მაოცებდა ამ კაცში, სულ თავიდანვე, ჩვიდმეტი წლიდან ასეთი იყო და იმის მერე უკვე 18 წელია, ამ სიგიჟეს ვუყურებთ.
იმ მატჩში დელ ორნო მაინც გააძევეს. მორიგი უხეშობის გამო. მესი ისევ დააგდეს, ისევ წამოდგა და გააგრძელა “ჩელსის” დარბევა. განმეორებით მატჩში ისევ ცრემლი იყო, – კუნთი გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულდა. არადა, დარწმუნებული ვარ, მესისთან ერთად კიდევ უფრო ადვილად გაივლიდნენ ამ გზას და ფინალშიც საუკეთესო იქნებოდა, “არსენალთან”. მერე იყო კიდევ ცრემლი, როცა თავისივე დაბადების დღეზე ბოლომდე სკამზე დატოვეს, გერმანიასთან მეოთხედფინალში. რით დაიმსახურა ეს? რავიცი.. გასახდელში ძლივს აწყნარებდნენ, ბურთთან შეხება ცოტა ამშვიდებს ხოლმე, იმ მატჩში კი ერთხელაც ვერ შეეხო. არ მისცეს უფლება.
კიდე ცრემლი იყო “ვალენსიასთან” გასვლაზე, ისევ კუნთი გაიწყვიტა, ხელს რომ იკიდებდა, უკვე ვიცოდით, რაში იყო საქმე, ეს ტრავმა მისთვის ქრონიკულს ჰგავდა, მომდევნო ტურში “კლასიკო” იყო, კარგად მოემზადა, ფორმაში შევიდა, პირველივე ტაიმში მოამთავრა საქმე და ისევ ტრავმა.. ისევ ცრემლი, ისევ დიდი დანაკარგი ტრავმის გამო.
მომდევნო სეზონში ისევ იგივე, ამჯერად “სელტიკთან” მატჩში, “კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ამჯერად სულ სხვა ტრავმასთან გვქონდა საქმე, მოტეხილობა იყო, ტერფის ძვალი გატყდა. კოჭლობით გავიდა, ძლივს აწყნარებდნენ. მაგრად ტიროდა და მთელი “კამპ ნოუ” ღრიალებდა მეეესიიიიიი! მეეესიიიიიი! ლეო ამ შეძახილზე უფრო ატირდა და ალბათ ბებიის ხმაც ჩაესმოდა, – არასდროს დანებდე! არასდროს, არასდროს!
მომდევნო სეზონში ტრიპლეტი იყო, ამის შედეგად ოქროს ბურთი, მერე პოკერი იყო “არსენალთან”, ოთხი მადლობა ბებიას და “კამპ ნოუზე” ისევ – მესსიიიიი!!!
აიწყვიტა და ამდენი წელია, კაციშვილი ვერ აჩერებს. მისი შვილებიც კი ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ, ეს კაცი კიდე ისევ მოედანზეა და ისევ სასწაულებს ახდენს.
სამჯერ წაგებული კოპას ფინალი, წაგებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ფინალში გაცუდებული მომენტი, რომელსაც, როგორც წესი, არ აცუდებს, ბოლო ჯარიმა, რომელიც გააფუჭა იმიტომ, რომ თავადაც არ სჯეროდა თუ გოლად აქცევდა.
მერე კი იწყება ყველაფერი თავიდან, ნაკრებიდან მიდის და ძალიან შორიდან, სულ სხვა თვალით უყურებს თავისივე განვლილ გზას. გახსოვთ კაპრას – It’s a wonderful life? უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამს ციდან გზავნიან ანგელოზს და ეს ჯერ კიდევ უფრთო ანგელოზი აჩვენებს ჩვენს პროტაგონისტს რა იქნებოდა სიცოცხლე მის გარეშე, როგორი იქნებოდა ქალაქი მის გარეშე, როგორი იქნებოდა სახლი მის გარეშე, რას დაკარგავდნენ მისი საყვარელი ადამიანები, მისი არყოფნით.
როგორი იქნებოდა “ბარსელონა” მესის გარეშე? როგორი იქნებოდა ფეხბურთი მესის გარეშე? როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მის გარეშე?
რა იქნებოდა რომელიმე ჯერზე მაინც რომ დანებებულიყო?
აი, ამის გააზრება იყო საჭირო. წასვლით, განყენებულად დადგომითა და დაკვირვებით. მესიმ ეს ყველაფერი დაინახა, გაიაზრა და როგორც ყოველთვის ხდებოდა, დაბრუნდა იმაზე ძლიერი, ვიდრე ცრემლებამდე იყო. რაც უფრო დიდი სიმაღლიდან დაენარცხები ძირს, მით უფრო რთულია ფეხზე წამოდგომა, თუმცა, კაცთათვის შეუძლებელი მისთვის შესაძლებელია.
ასე შედგა ჰომერული დაბრუნება. დაბრუნდა და მოუტანა არგენტინას კოპა ამერიკა, თანაც ბრაზილია დააგდეს “მარაკანაზე”, მერე იყო კიდევ ერთი ოქრო, – მარადონას სახელობის “ფინალისიმა”. ახლა კი მუნდიალის ჯერია. ეს ზღაპარი წერტილით უნდა დასრულდეს.
ისევ ფინალშია, ისევ ერთ ნაბიჯში სანუკვარ ტიტულამდე.
ფეოლა გამაგრდითქვა ხო გითხარი :))))
ვამოოოოოს წინ არგენტინააააა💙💙💙💙💙💙💙💙
Nerviulobis pikshi var,videoebze vtiri,ver visveneb,vborgav,es droc rogor iweleba karoche agar shemidzlia gavtavdi magis dedac vatire ra💙🤍🇦🇷
P.S. ise yvelaze didi imedgacrueba iqneboda dges messis tasi ver moego da Feola halamadridis admini ro iyos 😁😁🤍💙
სრული სისულელეა თითქოს მესის ისტორიაში საუკეთესოობამდე მსოფლიო აშორებდეს. ჩემთვის დიდი ხანია საუკეთესოა, ეს მსოფლიო უბრალოდ სილა იქნება სახეში ყველა აღრენილი და დაბოღმილი ჰეითერისთვის, და ბოლო, ოქროს წერტილი მესის სანაკრებო კარიერაში :))) <3
მთავარია თავის თავს მოუგოს თამაში და ბოლომდე დაიჯეროს და გაწუროს, მერე საფრანგეთი მაგის გამჩერებელი ვერ იქნება. იმენა კარიერის მატჩი აქვს, ისე შეუძლია დაიხარჯოს მოგებისთვის, რომ ხვალ თავისუფლად შეეძლება ფეხბურთიდან თავაწეული წავიდეს 😎 მე მჯერა და იმედია თვითონ ორჯერ უფრო ჯერა ❤
Lashach1,
არგენტინამ მოიგოს და მესსიმ აწიოს ის სანუკვარი თასი.და ასეც უქნიათ მარადონა კიარადა ბაიდენიზა დაეძახოთ ფეხბურთის მეფეოო.მაგას დაამტკიცებს დღეს ჩვენი ლომი.ვინაა მეფე ფეხბურთის
წარმატებები ლეო, დღეს შეიძლება შენც გაბედნიერდე და მილიონობით ადამიანიც გააბედნიერო. მიდი ბოლო თამაშია ბოლო ნახტომი.
მსოფლიო ფეხბურთს ერთი მეფე ყავს და ეს არის ლეო მესი! დღეს საბოლოოდ ჩაი.ავენ კრიტიკოსები.
ვიგებთ ფეოლა გამაგრდი :)))
სიტყვების გარეშე ბრავო ფეოლასს👏👏❤💙
ფეოლა შენ "ნარკამანს" ბოლო წუთები დარჩა 😂😂😂
დღეს არგენტინას ახალი მეფე ეყოლება!
როგორც იქნა გაჩუმდებიან მარადონამადიდებლები 😂😂😂