18 წლის ტონი ფერნანდესის ეტაპი “ბარსელონაში” დასრულდა. კატალონიურმა კლუბმა სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა “ვენეციასთან” მიღწეული შეთანხმების შესახებ, რითაც ახალგაზრდა თავდამსხმელი “ბარსელონას” სისტემას 8-წლიანი ყოფნის შემდეგ ემშვიდობება.
საინტერესოა, რომ კლუბების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში ფორმულირებები ერთმანეთისგან განსხვავდება: “ბარსელონას” განცხადებით, საქმე ეხება სრულფასოვან ტრანსფერს, რომელშიც კლუბი გამოსყიდვის უფლებასა და მომავალი გაყიდვის პროცენტს ინარჩუნებს. თავის მხრივ, იტალიური მხარე საუბრობს იჯარაზე გარკვეული (დაუკონკრეტებელი) პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტით.
რაც შეეხება ტრანსფერის თანხას – არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია 4 მილიონ ევროზე.
გზა “ესპანიოლიდან” პირველ გუნდამდე
რუბიში დაბადებული ფეხბურთელი “ლა მასიას” 2018 წლის ზაფხულში, “ესპანიოლიდან” შეუერთდა. მას შემდეგ მან ყველა ასაკობრივი კატეგორია გაიარა და პირველ გუნდამდეც მიაღწია.
მისი ოფიციალური დებიუტი 2025 წლის 4 იანვარს, ესპანეთის თასზე “ბარბასტროს” წინააღმდეგ შედგა, როდესაც მოედანზე პაბლო ტორეს ნაცვლად შევიდა. 16 წლის, 5 თვისა და 17 დღის ასაკში ის 21-ე საუკუნეში “ბარსელონას” ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა – მხოლოდ ლამინ იამალის შემდეგ.
გასულ სეზონში ჰანსი ფლიკმა მას კიდევ ერთი შანსი მისცა: “ოლიმპიკ ლუის კომპანისზე” “ჟირონას” წინააღმდეგ ის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და პირველი 45 წუთი ითამაშა. პირველ გუნდში ჩატარებული ორი ოფიციალური მატჩის შემდეგ ტონი პროგრესის გასაგრძელებლად სერია A-ს გეზს იღებს.
ტონი ფერნანდესის პირველი კომენტარი:
“ვენეცია” იმ მნიშვნელოვანი პროექტის გამო ავირჩიე, რომელიც წარმომიდგინეს და იმ ნდობისთვის, რაც პირველივე მომენტიდან გამოხატეს. სახლის დატოვება არასდროსაა მარტივი, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, ყველაფერი კარგად გავაკეთო და ამ ახალი გამოწვევისთვის ძალიან მოტივირებული ვარ.
მას შემდეგ, რაც “ვენეციას” ინტერესის შესახებ შევიტყვე, გუნდის მატჩებს თვალს ვადევნებდი. გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია და უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.”
forum კომენტარები (0)