რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა “დეპორტივოს” ინტერესი მარკ კასადოს მიმართ, ახლა კი, Sport-ის ცნობით, გარიგება ოფიციალურ ფაზაში შედის: ესპანელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონს გალისიურ კლუბში იჯარით გაატარებს. ფეხბურთელმა “დეპორის” პროექტს საბოლოო თანხმობა განუცხადა, კლუბები კი დოკუმენტაციის გაცვლის ეტაპზე არიან. ოპერაცია ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება.
მოლაპარაკებები ბოლო საათებში საგრძნობლად დაჩქარდა. “დეპორტივო” ბრძოლაში ფაქტობრივად ბოლო წამს ჩაერთო – მაშინ, როცა თურქული კლუბები ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერით შეძენას აქტიურად ცდილობდნენ. თუმცა, ლა კორუნიელთა სპორტულმა პროექტმა კასადო საბოლოოდ დაარწმუნა. ფეხბურთელი უახლოეს ხანში გაემგზავრება გალისიაში, რათა ფორმალობები დაასრულოს და ახალი ეტაპი დაიწყოს.
“დეპორტივოს” ამბიციური პროექტი
კლუბთან დაახლოებული წყაროების ცნობით, კასადო პროექტის დეტალების გაცნობისთანავე მოიხიბლა. მას სურდა სრულად სცოდნოდა იმ გუნდის გეგმები, რომელიც ლა ლიგაში ახლახან აღზევდა, თუმცა მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.
მიმდინარე ზაფხულს “დეპორტივოში” პიერ-ემერიკ ობამეიანგის, ადამა ტრაორეს, ანხელინიოსა და ლეო რომანის გადასვლა, ასევე ხოსე მარია ხიმენესის მოახლოებული ტრანსფერი ნათლად აჩვენებს იმ შემადგენლობის დონეს, რომელსაც გალისიელები აშენებენ.
კასადოს ეკონომიკურად გაცილებით სარფიანი წინადადებები ჰქონდა თურქეთიდან. ასევე, მას ძალიან ხიბლავდა “ბაიერ ლევერკუზენის” ვარიანტი, რომელსაც “ლა მასიაში” მისი ყოფილი მწვრთნელი, კარლეს მარტინესი ხელმძღვანელობს, თუმცა გერმანულ კლუბს მანამდე საკუთარი ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდებოდა, რამაც ტრანსფერი შეაფერხა. ლა ლიგაში რეგულარული სათამაშო პრაქტიკისა და კონკურენტუნარიან გუნდში წამყვანი როლის მიღების პერსპექტივამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
“ბარსელონას” პოზიცია და კასადოს პროფესიონალიზმი
სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში “ბარსელონა” მარკ კასადოს სრულფასოვან გაყიდვას პრიორიტეტად მიიჩნევდა და მის ფასად დაახლოებით 40 მილიონ ევროს ასახელებდა. თუმცა, კვირების გასვლასთან და “დეპორტივოს” გამოჩენასთან ერთად, კლუბის პოზიცია შეიცვალა. სპორტულ ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ ლა კორუნია მისი სათამაშო სტილისთვის იდეალური გარემოა შემდგომი პროგრესისთვის.
აღსანიშნავია თავად კასადოს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი: მან ბოლო დღემდე უდიდესი თავდადებით იმუშავა და არანაირი უკმაყოფილება არ გამოუთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სტატუსის შესახებ თვეების განმავლობაში იცოდა. კატალონიურ კლუბში გატარებული თითქმის ათი წლისა და ერთგულების შემდეგ, “ბარსელონამ” მას მომავლის არჩევის სრული თავისუფლება მისცა.
forum კომენტარები (0)