ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” ყველა გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელია და არა მხოლოდ “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის. დღეს ის უკვე 38 წლისაა, ცხოვრების რთული, დეპრესიული პერიოდი უკან მოიტოვა და კატალონიურ კლუბში დაბრუნებაზეც ფიქრობს, მაგრამ ჯერ არ იცის, როდის და რა როლში.
იაპონიაში მყოფ ინიესტასთან ინტერვიუ As-მა ჩაწერა, ჩვენ კი მის თარგმანს გთავაზობთ.
– ფეხბურთელს, რომელსაც ყველაფერი მოგებული აქვს, ტრავმები წაგებებზე მეტად ტანჯავს?
– ტრავმები ყოველთვის სამწუხაროა, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც იცი, რომ უფრო და უფრო ცოტა დრო გაქვს დარჩენილი. ეს წელი ინდივიდუალურ დონეზე წარმატებული იყო, თუ არ ჩავთვლით ბოლო ნაწილს, რომელიც ტრავმის გამო გართულდა. თუმცა საერთო ჯამში ბედნიერი ვარ.
– მიუხედავად იმისა, რომ კვებასა და დასვენებას დიდ ყურადღებას უთმობთ, ასაკის მატებასთან ერთად ძალების აღდგენა მაინც უფრო და უფრო რთულდება?
– ასეთია ლოგიკა. სხეული ასაკს გრძნობს მაშინაც კი, თუ თავს ადრინდელზე უკეთ უვლი. როგორც არ უნდა ეცადო, არ არსებობს სპორტსმენი, რომელიც ტრავმებისგან დაზღვეულია.
– ცნობილი ფეხბურთელისა და მილიონერის ცხოვრებას ბნელი მხარეც აქვს. წლების წინ დეპრესია გქონდათ. რატომ ემართება მსგავსი რამ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი აქვს?
– იმიტომ, რომ დეპრესიისთვის შენს პროფესიასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელობა არ აქვს. არის პრობლემები, რომლებზეც არ იცი, რატომ გაწუხებს. ასეთ დროს ამ პრობლემას უნდა დაუპირისპირდე და ის დაძლიო. ამ პროცესის დროს ყველა სხვადასხვაგვარ გზას გადის. მეტი ან ნაკლები ფულის ქონას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კარგი ეკონომიკური მდგომარეობა ცხოვრებაში ბევრ რამეში გეხმარება, მაგრამ ეს მენტალური პრობლემებისგან არ გათავისუფლებს.
-ამ სიტუაციისთვის თავის დაღწევა და თამაშის გაგრძელება შეძელით. როგორ ხართ ახლა? კიდევ ერთი წლით თამაშს აპირებთ, თუ 40 წელს უმიზნებთ?
– ახლა ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ისევ ვიღებ. წინ შორს ყურება არ მიყვარს. მომწონს, როდესაც ფეხბურთს ხშირად ვთამაშობ. მივხვდები, როდის მოვა წასვლის დრო, მაგრამ ჯერ არ მოსულა. სწორედ ამიტომ მყავს ფიზიოთერაპევტი, რომელიც ესპანეთიდან ჩამოვიდა და ყოველდღიურ რეჟიმში მეხმარება. საკუთარ თავს ყველანაირად ვუვლი..
– ფეხბურთი თქვენი ვნებაა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ მოგზაურობის დასასრული? წამოგივათ ცრემლები, თუ უკვე ემზადებით იმისთვის, რომ ეს მოცემულობა მიიღოთ?
– გამოთხოვებასთან შეგუება შეუძლებელია. როდესაც დრო მოვა, ძალიან გამიჭირდება. ჩემ ქალაქში ფეხბურთის თამაში მაშინ დავიწყე, როდესაც 3 წლის ვიყავი და დღემდე განვაგრძობ. სამომავლოდ პროექტები მაქვს და ვემზადები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთთან გამომშვიდობება ძალიან ძნელი იქნება და ცრემლად დავიღვრები..
– სად იქნება ეს დასასრული? იაპონიაში, თუ ესპანეთში?
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ იაპონიაში. შესაძლოა, ხვალ ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, მაგრამ არა ესპანეთში, არამედ სადმე სხვაგან, უფრო დაბალი დონეზე.
– არც “ალბასეტეში”?
– ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. ეს იმის მსგავსი სიტუაციაა, რომ ვთქვა, “ბარსაში” დაბრუნება მინდა. ესეც კარგი იქნებოდა, მაგრამ არსებულ სიტუაციას უნდა მოერგო.
– როგორ ჩანს ესპანეთის ჩემპიონატი და ევროპული ფეხბურთი იაპონიიდან? ლაპორტას ბერკეტების წყალობით “ბარსელონა” დაბრუნდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ამ გუნდის აქილევსის ქუსლად იქცა. გაგაკვირვათ იმ ფაქტმა, რომ “ბარსა” პირველივე ეტაპიდან გავარდა?
– მართალი ხართ, შორიდან ყველაფერი განსხვავებულად ჩანს. მინდა, რომ “ბარსას” ყველაფერი კარგად ჰქონდეს. გუნდში ჩავის მისვლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა, დღევანდელი გუნდი ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული ყველა ხაზში, მაგრამ იმას, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა, დეტალები წყვეტს. “ბაიერნთან” და “ინტერთან” მოსაგები თამაშები იყო, მაგრამ ასე არ მოხდა.
– პედრიმ წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც სპორტსმენებს არ უყვართ ხოლმე. მან თქვა, რომ ეს კრახია და “ბარსა” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს არ იმსახურებს. თქვენც ასე ფიქრობთ?
– ეს სიტყვა არ მომწონს. როდესაც ვსაუბრობთ კრახზე, ყველაფერი შედარებითია. ეს მორიგი იმედგაცრუებაა, რომელიც წინა წლებში მომხდარს ემატება.
– როგორც ლეგენდარული კულე, რა დიაგნოზს დასვამდით? რატომ უჭირს “ბარსას” ევროპაში ბოლო წლებში ასე ძალიან?
– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. თუმცა აშკარაა, რომ ამ დინამიკის შესაცვლელად რაღაცები არ გაკეთდა, ან არასათანადოდ გაკეთდა. რთული მარცხები მეც მქონია, ბოლო მათგანი რომში იყო. იმ დეტალებს ვერ გავუმკლავდით, რომლებზეც ვსაუბრობ, რაც ფლეი ოფიდან გამოვარდნად დაგვიჯდა. მაქვს განცდა, რომ გუნდს ჩაკეტილი წრის გასარღვევად საჭირო ნაბიჯი აკლია.
– “ინტერთან” და “ბაიერნთან” თამაშების დროს გულშემატკივრების ნაწილი პიკესა და ბუსკეტსს უსტვენდა. გაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ კლუბის ლეგენდებს ასე ექცევიან?
– ეს ის საკითხია, რომელიც არავის მოსწონს, იმის მიუხედავად, ეხება თუ არა საქმე შენ მეგობრებსა და კოლეგებს. როდესაც გულშემატკივრები გისტვენენ, ეს კარგი არაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მომთხოვნი კლუბია “ბარსა”. ასეთი რამ ისტორიის განმავლობაში სხვა დიდ ფეხბურთელებსაც დამართნიათ. ხალხი გამოხატავს იმას, რასაც იმ მომენტში გრძნობს. ბუსიც და ჯერიც “ბარსაში” იმიტომ არიან, რომ მათ ამ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შეუძლიათ. ყველას, მათ შორის მათაც, ვინც უსტვენს, ურჩევნია, რომ ეს არ მომხდარიყო. ეს სტვენა ნიშნავს, თუ რამხელა მოთხოვნებია კლუბში.
– ლა ლიგაში გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურება და ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. რომელია ფავორიტი, “ბარსა” თუ “რეალ მადრიდი”?
– წინ კიდევ დიდი დროა, შუაში კი მსოფლიო ჩემპიონატი. ორივე მათგანი ბოლომდე იბრძოლებს.
– 50/50-ზე?
– ყოველთვის ცოტათი “ბარსასკენ” ვიხრები, რადგან გული ასე მეუბნება, მაგრამ კიდევ არიან სხვა ძლიერი გუნდები, რომლებიც ბრძოლას გამოაცხადებენ, მაგალითად “ბეტისი” და “რეალ სოსიედადი”.
– “ელ კლასიკო” იაპონიისთვის კარგ დროს, 23 საათსა და 15 წუთზე იყო. როგორ ჩანდა თამაში შორიდან, “რეალ მადრიდს” უპირატესობა ჰქონდა?
– თანაბარი თამაში მომეჩვენა, თუმცა მეორე ტაიმში “ბარსას” მეტი შანსი ჰქონდა. “რეალ მადრიდი” უფრო ეფექტიანი, ჩამოყალიბებული გუნდია, ისინი დამაჯერებლად თამაშობენ და მათ დასამარცხებლად ძალიან მაღალ დონეზე თამაშია საჭირო.
– იაპონიაში ხალხი “ბარსას” უფრო გულშემატკივრობს, თუ “რეალ მადრიდს”?
– ვერ გეტყვით. მე ყოველთვის მეკონტაქტებიან გულშემატკივრები, რომლებსაც “ვისელ კობეს” ან “ბარსას” მაისური აცვიათ. შემიძლია გითხრათ, რომ ისინი უფრო კულეები არიან (იცინის), მაგრამ არ ვიცი, როგორია ზუსტი რეალობა.
– ლა ლიგას უფრო უყურებენ, თუ პრემიერ ლიგას?
– ორივეს. აქ ორივე ჩემპიონატს ბევრი მაყურებელი ჰყავს, ასევე ბუნდესლიგას. იაპონელებს ევროპული ჩემპიონატები მოსწონთ, მაგრამ უფრო მეტად ლა ლიგა და პრემიერ ლიგა.
– ბიზნესმენი ხართ. რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სამომავლოდ აღებულმა ვალდებულებებმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა? ხომ არ იყო ზაფხულში ლაპორტას მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან სარისკო?
– ბიზნესმენად მომიხსენიეთ (იცინის), მაგრამ მე საკუთარ თავს ფეხბურთელად მივიჩნევ. თუ კლუბმა რაღაც ნაბიჯები გადადგა, ეს ნიშნავს, რომ კარგად იყო მოფიქრებული და შეიქმნა სიტუაცია, რომელიც ხელმძღვანელობას აიძულებდა, გადაედგა ნაბიჯები, რომლებსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არ გადადგამდა. იმედია, ეკონომიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პარალელურად ტიტულებიც მოვა და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ბოლო წლები მართლაც რთული გამოდგა, არა მხოლოდ სპორტული კუთხით. “ბარსელონას” ფეხბურთის გარდა სტაბილურობაც ჭირდება.
– ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურების გარეშე გუნდში ვერ მოვიდოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა ლევანდოვსკი.
– ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მას მანამდეც ვიცნობდით. გარდა იმისა, რომ ბევრი გოლი გააქვს, ეს გოლები ძალიან ლამაზია. ის არის ადამიანი, რომელიც ამ “ბარსასთვის” მნიშვნელოვან წევრად უნდა იქცეს და არა მხოლოდ გოლების, არამედ იმის გამოც, თუ რა შეუძლია გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს გადასცეს.
– ბევრს საუბრობენ პედრიზე და ახალ ინიესტაზე. მისთვის ასეთი ზეწოლა კარგია?
– ეს მასზე არ მოქმედებს. პედრის უბრალოდ ფეხბურთის თამაში უყვარს. ეს აშკარაა და სწორედ ამის გამო მგონია, რომ ზეწოლა მასზე გავლენას ვერ მოახდენს. შედარებები სასიამოვნო არაა, რადგან ასე მხოლოდ და მხოლოდ ხმაური იქმნება. მე ჩემი ისტორია მაქვს, მან საკუთარი უნდა შექმნას და აქვს პოტენციალი, კლუბსა და ნაკრებში თავისი კვალი დატოვოს.
– რამდენად ხშირად ესაუბრებით ჩავის?
– ხშირი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ გუნდის ტაქტიკაზე ან მეტოქეებზე არ ვსაუბრობთ. ის აკეთებს იმას, რაც მას სურდა, ის ამისთვის ემზადებოდა და თანაც ახლა ის სახლშია. მან იცის, თუ რამხელა გამოწვევის წინაშეა და როგორც მეგობარი ვუსურვებ, ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც მას სურს.
– და მესი? ლაპორტას სურს, რომ ლეომ კარიერა “ბარსაში” დაასრულოს. ეს შესაძლებელი გგონიათ?
– რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ მე არც ლეო ვარ და არც ლაპორტა და ვერ ვიტყვი, რა მოხდება მომავალში.
– თქვენ ამას ისურვებდით?
– ჩემზე მეტად ეს თავად მან უნდა ისურვოს.
– მოდით, ვისაუბროთ “რეალ მადრიდზე”. ლუკა მოდრიჩი 37 წლისაა და ისევე, როგორც თქვენს ბოლო სეზონში, ბევრ სტადიონზე მასაც ტაშით ხვდებიან, თუმცა არ დაუდასტურებია, რომ მიდის. ფიქრობთ, რომ ეს ორი შემთხვევა მსგავსია?
– ჩვენ განსხვავებული პროფილის ფეხბურთელები ვართ, თუმცა ერთ დროს ერთ პოზიციაზე ვთამაშობდით. ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და ასეთად დარჩება. მარტივი არაა, “რეალ მადრიდის” დონის გუნდში ამდენი წელი ასეთ დონეზე გაატარო.
– კაზემირო-კროოსი-მოდრიჩის ტრიოს ბუსკეტსი-ჩავი-ინიესტას ადარებდნენ ხოლმე. მიგაჩნიათ, რომ რომელიმე მეორეზე უკეთესი იყო?
– მადრიდელთა ტრიო ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელსაც ოდესმე უარსებია. მათ ერთად ბევრი ტიტული მოიგეს და ეჭვგარეშეა, რომ საუკეთესოთა შორის არიან, ისევე, როგორც ჩვენ. რა სიამოვნებაც ჩავისთან და ბუსკეტსთან თამაშის დროს გამოვცადე, სხვა დროს აღარ განმიცდია. შედარებები და გემოვნება კი თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია.
– ბენზემას “ოქროს ბურთი” სამართლიანი იყო?
– ყველა, ვინც ამ ჯილდოს იგებს, მისი სამართლიანი მფლობელია.
– დაბრუნებით “ბარსაში”?
– დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სიამოვნებით დავბრუნდებოდი და კლუბის განვითარებაში ჩემ წვლილს შევიტანდი.
– მომავალში “ბარსელონას” პირველი გუნდის მწვრთნელობას ისურვებდით?
– დღეს ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ვოცნებობ. “ბარსელონაში” დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ არ ვიცი, ეს იქნება მწვრთნელად თუ რომელიმე დეპარტამენტის დირექტორად.
ხო ასე იქნება და რა მაინტერესებს, ჩვენთან მრავალი მწერალი გვყავს და იქ რა ხდება სულ ერთი ადმინი წერს ყველაფერს?
არა ძმაო არ მიქარო და ბარსას მწვრთნელად არ მოხვიდე თორემ შენს მთელ ამაგს დაიკიდებენ და ისე გაგასწორებენ მიწაზე ვითომ ინიესტა კიარა ოლეგერი იყო
წავა ახლა ჰალას ასო ადმინი და გადააკატავებს სტატიას ნოდარა მელაძესავით სხვანაირად.
რაც მართალია, მართალია… ინიესტა გენიალურია…