ორშაბათს ფეხბურთი ვის გაუგია? სად ორშაბათი და სად ფეხბურთი? ამ სეზონში კვირის მძიმე დღეს ერთხელ ვითამაშეთ და “გრანადას” “კამპ ნოუზე” ვერ მოვუგეთ. აშკარაა, რომ ორშაბათს კარგი ფეხბურთი არ ითამაშება. მაგრამ ხავიერ ტებასმა მოგვისაჯა და სხვა რა გზაა… ბიჭები ვართ და “აინტრახტს” თუ არა, “კადისს” მაინც დავხვდებით! თუმცა დავხვდებით უჩვეულოდ უხმაუროდ.
სათამაშო ფორმა
ევროსეზონის უცნაურად დასრულებასთან ერთად დასრულდა ჩვენი 15 მატჩიანი წაუგებელი სერია, თუმცა ლა ლიგაში წარმატებული სვლა გრძელდება. შიდა ასპარეზზე ისევ საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდი გვეთქმის. ამაზე ბოლო 15 წაუგებელი და ბოლო 7 მოგებული თამაშიც მეტყველებს. როცა ჩავის გუნდმა ლა ლიგაში ბოლოს წააგო, რუსეთში ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ბიგ მაკი დაგეგემოვნებინა და ზედ კოკა კოლა დაგეყოლებინა. ეს 2021 წლის დეკემბერში მოხდა. ის მარცხი “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაზე მოდის, მას შემდეგ კი ამ არენაზე “ბარსამ” ლა ლიგის 5 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო.
“კადისზე” კარგის მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დიდი ალბათობით, დღეს კლემან ლანგლე სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ანდალუსიელებს “კამპ ნოუზე” წაუგებელი თამაში სულ 2-ჯერ აქვთ ჩატარებული – ერთხელ 1978 წელს და ერთხელ შარშან. 1978 წლის თამაში როგორ გემახსოვრებათ, მაგრამ 2021 წლის თამაშს ალბათ კიდევ დიდი ხანი ვერ დავივიწყებთ – 1-0 მშვიდად ვიგებდით, მაგრამ 89-ე წუთზე ლანგლემ ფეხი ცუდად მოიქნია და პენალტი დაინიშნა. იგივე ერთი კვირის წინ, “ლევანტესთან” მატჩიც მოხდა, მაგრამ ერთი წლის წინანდლისგან განსხვავებით, დღეს “ბარსელონა” გუნდია, რომელსაც ლანგლეც კი ვერაფერს დააკლებს.
დავუბრუნდეთ “კადისის” სათამაშო ფორმას. ეს გუნდი ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, ასეთი გუნდი კი ყოველთვის საშიშია. წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, სერხიოს მიერ გაწვრთნილ გუნდს სტუმრად იანვრის შემდეგ არ მოუგია. ანდალუსიელები ამჟამად გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე იმყოფებიან, უსაფრთხო ზონასთან კი მათ მხოლოდ ქულა აშორებთ.
დანაკლისი
ექიმი რიკარდ პრუნას დაბრუნების შემდეგ “ბარსელონას” ლაზარეთი ნელ-ნელა დაცარიელდა, მაგრამ საკადრო პრობლემები გვიბრუნდება. სერჟი რობერტო და სამუელ უმტიტი დიდი ხანია, ტრავმირებულები არიან. იგივე სიტუაციაშია ანსუ ფატიც, რომლის დაბრუნებასაც დღეს ველოდით, მაგრამ გადაიდო. ასევე გადაიდო ჟერარ პიკეს დაბრუნება. ფატის ვინ დარდობს, “ბარსას” მეორე ვარსკვლავბიჭუნა, პედრიც გამოაკლდა და ბოროტი ენები ამბობენ, ამ სეზონში ვეღარც ითამაშებსო. ამ ყველაფერს კი რონალდ არაუხოს დისკვალიფიკაციაც ემატება. რომ არა სუსტი მეტოქე, სერიოზული პრობლემების წინაშე ვიქნებოდით, მაგრამ თუ გული გულობს, “კადისს” დარჩენილი ფეხბურთელებითაც უნდა მოვუგოთ.
მეტოქეს რუბენ ალკარასი, ვარაზდატ ჰაროიანი, ფლორინ ანდონე და ისა არ ეყოლება. ჰაროიანი გუნდის ძირითადი ცენტრალური მცველია, ისასა და ალკარასს “კადისი” ხშირად შეცვლებზე იყენებს, ანდონეს არყოფნას კი დიდი დანაკლისი არ ეთქმის.
ურთიერთშეხვედრები
გასაკვირი არაა, რომ “ბარსას” “კადისთან” ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს. სულ გამართული 27 შეხვედრიდან “ბლაუგრანამ” 19 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 3 წააგო. თუმცა – ბოლო 3 დაპირისპირებიდან 1 “კადისმა” მოიგო, 2 კი ფრედ დასრულდა. გაგიკვირდებათ და “ბარსამ” დღევანდელი მეტოქე ბოლოს 2006 წელს, რონალდინიოს ერთადერთი გოლით დაამარცხა. იმ დროს დღევანდელი “ბარსადან” გუნდში მხოლოდ ჩავი ერნანდესი თამაშობდა.
“კამპ ნოუზე” გამართულ 13 მატჩში მასპინძლებს 11 მოგება და 2 ფრე აქვთ, თუმცა ამაზე უკვე ვისაუბრეთ.
არბიტრი
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის თავდაპირველი გადაწყვეტილებით შეხვედრის მთავარი მსაჯი ადრიან კორდერო ვეგა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის კოვიდ დადებითი აღმოჩნდა, რის გამოც დღეს მოედანზე სანგიატო ხაიმე ლატრეს ვიხილავთ.
ლატრე 42 წლისაა. მან მსაჯობა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, 15 წლის ასაკში დაიწყო. ეს 1994 წელს მოხდა. 2001 წელს ლატრეს დებიუტი ესპანეთის მე-3 დივიზიონში შედგა, ერთ წელიწადში ერთი დივიზიონით დაწინაურდა, 2009 წელს ძალები სეგუნდაში მოსინჯა, 2014 წლიდან კი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მსაჯობს.
ლატრე ლა ლიგაში თამაშში ფეხბურთელებს საშუალოდ 5.25 ყვითელ და 0.23 წითელ ბარათს აჩვენებს. ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის ის ყვითლებით მე-8, ხოლო წითელი ბარათებით მე-13 ადგილზეა.
ხაიმე ლატრე კარიერის განმავლობაში თამაშში საშუალოდ 27.8 ჯარიმასა და 0.25 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.
“ბარსელონას” შეხვედრაში ლატრეს 14-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებს 11 მოგება და 3 ფრე დაუგროვდათ. ამ არბიტრის კარიერაში ასეთი კარგი შედეგი სხვა არცერთ გუნდს არ აქვს. ამ 14 მატჩში ლატრემ როგორც “ბარსელონას”, ასევე მეტოქის სასარგებლოდ 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, 2 გაძევებიდან კი ორივე “ბარსას” სასარგებლოდ იყო.
“კადისს” ლატრეს მიერ განსჯილ შეხვედრაში მხოლოდ 5-ჯერ უთამაშია. ანდალუსიელებმა 2 თამაში მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 1 დათმეს. ამ შეხვედრებში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნულა, წითელი ბარათი კი ლატრემ ერთხელ აჩვენა – “კადისის” მეტოქეს.
სტატისტიკა
- “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 7 თამაში მოგებული აქვს;
- “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 15 თამაშში წაგება არ აქვს;
- “ბარსელონას” “კადისისთვის” 2006 წლის შემდეგ არ მოუგია;
- “ბარსელონა” ლა ლიგის ბოლო 3 საშინაო შეხვედრაში კარს მშრალად ინახავდა;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “კადისის” ბოლო 8 თამაშიდან ექვსში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- “კადისის” ბოლო 10 თამაშიდან ცხრაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “კადისის” ბოლო 9 თამაშიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.2 ანიჭებენ, რაც მოგების 83%-იან შანსს უდრის, თუმცა “ბარსა” ასეთი თამაშების 69%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, გარსია, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, გავი, ფ. დე იონგი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი
კადისი (4-4-2): ლედესმა, აკაპო, ლუის ერნანდესი, ჩუსტი, ესპინო, ალეხო, სან ემეტერიო, ალექს ფერნანდესი, იდრისი, ლუკას პერსი, ნეგრედო
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, გარსია, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, გავი, ფ. დე იონგი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი
კადისი (4-4-2): ლედესმა, აკაპო, ლუის ერნანდესი, ჩუსტი, ესპინო, ალეხო, ფედე, ალექს ფერნანდესი, იდრისი, ნეგდერო, ლუკას პერესი
პროგნოზი
- WhoScored: 2-1
- Sportsmole: 2-1
- Sportskeeda: 3-1
- Squawka: 2-0
ტრანსლაცია
თამაში 23 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.
არვიცი დღეს მოგებაც თუ რაღაცამ ჩაგვიშალა, მაგარი დაუწყევლივართ ფეხბურთის ღმერთს.
გინდა ლანგლე უძახეთ და გინდა გარსია.