“ბეტისთან” მატჩის შემდეგ “სიუტატ ესპორტივა სან ჟოან დესპიზე” 14-საათიანი დაგვიანებით დაბრუნებულ “ბარსელონას” ბანაკში სამედიცინო შემოწმების შედეგებმა ცუდი ამბები მოიტანა: ერიკ გარსია და ჟიულ კუნდე სამშაბათს, 20 ოქტომბერს, “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან.
ერიკ გარსია: 3-4 კვირა უქმობა
მარტორელელმა მცველმა, რომელმაც სევილიაში გოლიც გაიტანა, მარჯვენა ბარძაყის სწორი კუნთის დაზიანება მიიღო. სამედიცინო შტაბის დასკვნით, მას 3-დან 4 კვირამდე მკურნალობა დასჭირდება.
ეს ნიშნავს, რომ გარსია გამოტოვებს როგორც პსჟ-სთან დაპირისპირებას, ისე “რეალ მადრიდთან” გასამართ ელ კლასიკოს. გარდა ამისა, ის ვერ დაეხმარება გუნდს “ალავესის”, “ასტონ ვილასა” და “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩებშიც და მინდორზე მხოლოდ მომდევნო სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.
კუნდეს კოჭის ტრავმა და ჟერარ მარტინის მდგომარეობა
ჟიულ კუნდემ შეხვედრა მარცხენა კოჭის დაჭიმულობით დაასრულა და ბაზაზე შესამჩნევი კოჭლობით მივიდა. ფრანგი მცველი პარიზში არ გაემგზავრება. კლუბის ოფიციალური ცნობით, მისი მდგომარეობა დაკვირვების პროცესშია, ხოლო კვირას, “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ ელ კლასიკოში მისი თამაში ჯერჯერობით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
რაც შეეხება ჟერარ მარტინს, რომელიც შესვენებისას სწორედ ერიკ გარსიამ შეცვალა, მას ტერფის ანთება აქვს. მიუხედავად დისკომფორტისა, მოსალოდნელია, რომ ის საფრანგეთის დედაქალაქში გუნდთან ერთად მაინც გაემგზავრება, თუმცა მისი მზადყოფნა უახლოეს 48 საათში საბოლოოდ შეფასდება.
პარიზთან რომც დავკარგოთ ქულები არაუშავს, ტოპ 8 ში ისედაც შევლენ ესენი. ლიგაზე გადამწყვეტი ფლეიოფები იქნება და იქ მივხედოთ ამათ. აი რაც შეეხება კლასიკოს, მინდა რომ ჰანდიკაპით მოვუგოთ, 9 ქულიანი უპირატესობა საკმაოდ დიდი ფორა იქნება (რაც მოგვცემს მერე საშუალებას საშუალო და დაბალი დონის გუნდებთან დავასვენოთ ძირითდი ბირთვი), ზამთარში კი ლიგისთვის მცველია მოსაყვანი აუცილებლად, თორემ ამ დაცვით ძალიან გაჭირდება…
დაცვაში ვინღა დადგება? ბარსამანიას სასტავი?