workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-სევილია | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-სევილია | მატჩისწინა მიმოხილვა

რამდენი ხანია, სანაკრებო პაუზა ასე არ გაწელილა? რამდენი ხანია, “ბარსას” თამაშის ცქერა ასე არ მოგვნატრებია? ბოლო წლებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, “ბლაუგრანას” თამაშებს მოვალეობის მოხდის მიზნით თუ ვუყურებდით – აბა როგორ გინდა, ეგაა გულშემატკივრობა! დღეს კი სიტუაცია შეცვლილია, ძველი “ბარსა” ნელ-ნელა გვიბრუნდება და ჩვენი საყვარელი გუნდის თამაშით ტკბობის საშუალებაც გვაქვს.

მადრიდში გასეირნებისა და “ელ კლასიკოში” ისტორიული შედეგის დაფიქსირების შემდეგ 2 კვირა გავიდა და ის მუხტიც დაკარგულია, მაგრამ დღეს ისეთი თამაში გვაქვს, რომელსაც დიდი ხანია, ველით. დღეს “სევილიას” ვმასპინძლობთ და თუ მოვიგებთ, 2021 წლის 10 აპრილის შემდეგ ლა ლიგაში მე-2 ადგილზე პირველად აღმოვჩნდებით. თანაც ერთი თამაში რეზერვში გვაქვს, “რაიოსთან” სახლში. მოკლედ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონა” შესანიშნავი ფორმაშია. ასეთ ფორმაში გუნდი დიდი ხანია, არ გვყოლია. ჩავის გუნდს 12 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, საკუთარ კედლებში კი კატალონიელები 2021 წლის 4 დეკემბრის შემდეგ არ დამარცხებულან. ლა ლიგაში “ბლაუგრანას” ბოლო 13 შეხვედრაში 9 მოგება და 4 ფრე აქვს, უკანასკნელ 5 მატჩში კი კატალონიელებს ქულა არ დაუკარგავთ. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 2 შეხვედრა ჩავის ბიჭებმა ერთნაირი ანგარიშით, 4-0 მოიგეს, “ოსასუნასთან” და “რეალთან”.

ლა ლიგაში დიდი ხანია, არ აგებს არც “სევილია”, მაგრამ ლოპეტეგის გუნდი ვერც იგებს. ანდალუსიელთა ბოლო წაგება 2021 წლის 28 ნოემბრით თარიღდება, მას შემდეგ კი “სევილიამ” 15 მატჩიდან 7 მოიგო და 8 ფრედ ითამაშა. ამ გუნდს ლა ლიგაში ყველაზე გრძელი მოქმედი წაუგებელი სერია აქვს, რომელიც დღეს უნდა შეწყდეს! სევილიელებმა ქულები ლა ლიგის ბოლო 3 თამაშში დაკარგეს, უკანასკნელი 9 დაპირისპირებიდან კი მხოლოდ 2 მოიგეს. ამას “ბარსას” შესანიშნავ ფორმაში შესვლა დაემატა და ერთ დროს საჩემპიონო ბრძოლაში მყოფი “სევილია” დღეს მე-2 ადგილის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას.

დანაკლისი

დანაკლისი ორივე გუნდს აქვს. “ბარსელონას” დიდი ხნით გამოკლებული ფატის, რობერტოსა და უმტიტის გარდა ტრავმირებული სერჟინიო დესტი და კოვიდ დადებითი ლუკ დე იონგი არ ეყოლება.

ამ მხრივ “სევილიას” საქმე უფრო ცუდად აქვს. ანდალუსიელებს დიეგო კარლოსი, რეკიკი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი რაფა მირი კი დაუბრუნდნენ, მაგრამ დანაკლისი მაინც სერიოზულია. ხულენ ლოპეტეგის არ ეყოლება ძირითადი მარცხენა მცველი აკუნია, სასტარტო შემადგენლობის ნახევარმცველები ფერნანდო და დილეინი, ასევე ძირითადი შემადგენლობის წევრი პაპუ გომესი. ამ დანაკლისის გამო დღეს თამაშის საშუალება მიეცემოდა ოლივერ ტორესს, მაგრამ ისიც ტრავმირებულია.

ურთიერთშეხვედრები

“სევილია” “ბარსელონას” ისტორიაში მე-6 ყველაზე ხშირი მეტოქეა. ამ გუნდებს შორის გამართული 195 დაპირისპირებიდან 111 “ბარსამ” მოიგო, 45 “სევილიამ”, ხოლო 39 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საკუთარ კედლებში გამართულ 94 მატჩში “ბარსას” 73 მოგება, 14 ფრე და 7 მარცხი დაუგროვდა.

“კამპ ნოუზე” “სევილიამ” ბოლო 2010 წელს, ესპანეთის თასზე მოიგო, ლა ლიგაში კი ასეთი რამ 2002 წლის შემდეგ არ მომხდარა. 20 წლის წინ ანდალუსიელებმა კატალონიელები მათსავე მოედანზე 3-0 გაანადგურეს.

2010 წლის მატჩის შემდეგ ამ გუნდებმა “კამპ ნოუზე” 16-ჯერ ითამაშეს. “ბარსამ” 14 თამაში მოიგო, 2 კი ფრედ დასრულდა.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სევილიაში გამართული შეხვედრა 1-1 დასრულდა. ეს დეკემბერში მოხდა და ეს იყო პირველი თამაში, რომლის შემდეგაც გაჩნდა იმედი, რომ ჩავი გუნდს კრიზისიდან გამოიყვანდა. სწორედ “სანჩეს პისხუანზე” ჩაატარა ჩავის “ბარსამ” პირველი კარგი თამაში.

არბიტრი

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას 38 წლის ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის.

სანჩეს მარტინესი 2010 წლიდან მსაჯობს. 2011 წელს მას სეგუნდა დივიზიონში ჰქონდა დებიუტი, 2015 წელს კი პრიმერაში დაწინაურდა. ძირითადი საქმიანობით ეკონომისტი მარტინესი FIFA-ს მსაჯი 2017 წლიდანაა.

სანჩეს მარტინესი მატჩში საშუალოდ 5.66 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს აჩვენებს. ლა ლიგის მოქმედ არბიტრებს შორის ის თამაშში საშუალო ყვითლების ჩვენებით მე-3, ხოლო წითლებით მე-12 ადგილზეა.

კარიერის განმავლობაში მარტინესი თამაშში საშუალოდ 27.9 ჯარიმასა და 0.32 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.

ამ არბიტრს “ბარსელონას” შეხვედრაში აქამდე 25-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებს 19 მოგება, 2 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდათ. “ბლაუგრანას” მარტინესის მიერ განსჯილი მატჩების 76% მოგებული აქვს, რაც ამ არბიტრის კარიერაში საუკეთესო შედეგია. მე-2 ადგილზე 75%-ით “ბარსა ბ” მოდის. სანჩეს მარტინესმა “ბარსელონას” სასარგებლოდ 6 წითელი ბარათი აჩვენა და 7 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო საწინააღმდეგოდ 1 წითელი ბარათი (ლანგლე) და 5 თერთმეტმეტრიანი.

სანჩეს მარტინესის მონაწილეობით გამართული 18 დაპირისპირებიდან “სევილიამ” 9 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6 დათმო. 3 წითელი ბარათიდან და 4 თერთმეტმეტრიანიდან 1 წითელი და 3 თერთმეტმეტრიანი “სევილიას” სასარგებლოდ იყო.

მარტინესის მიერ ლა ლიგაში განსჯილი თამაშების 44% მასპინძელთა გამარჯვებით სრულდება, ხოლო 33% – სტუმართა მოგებით.

გამორჩეული ფეხბურთელები

არ ვიქნებით მართლები, გუნდებიდან დანი ალვესი და ივან რაკიტჩი რომ არ გამოვარჩიოთ. ორივე ვეტერანს დღეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოუწევს და ორივეს კარიერაში ეს ყოფილი გუნდი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ალვესის ევროპული კარიერა სწორედ “სევილიაში” დაიწყო. 2002-2008 წლებში მან ამ გუნდის მაისურით 233 თამაში ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა. ანდალუსიაში 5 ტიტულის მოგების შემდეგ კი ბრაზილიელმა “ბარსელონას” მიაშურა.

ივან რაკიტიჩი “ბარსელონაში” 2014-2020 წლებში თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში კატალონიური გუნდის უცვლელი წევრი იყო. მის აქტივში 310 თამაში, 35 გოლი, 42 შედეგიანი გადაცემა და 13 მოგებული ტიტულია.

სტატისტიკა

  • ამ გუნდების ბოლო 6 შეხვედრიდან ხუთში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “სევილიამ” ლა ლიგის მატჩი “კამპ ნოუზე” ბოლოს 2002 წელს მოიგო;
  • ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 16 თამაშიდან “ბარსელონამ” 14 მოიგო;
  • “ბარსელონას” ლა ლიგაში 13 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “სევილიას” ლა ლიგაში 15 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “სევილიას” ბოლო 5 თამაშში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “სევილიას” ბოლო 3 თამაშში მოგება არ აქვს;
  • “სევილიას” ბოლო 5 თამაშში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “სევილიას” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.45 ანიჭებენ, რაც მოგების 69%-იან შანსს უდრის, თუმცა “ბარსა” ასეთი თამაშების 82%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ხვალინდელი მატჩი კიდევ ერთი ფინალია. ანდალუსიელთა დამარცხებით მე-2 ადგილზე გადასვლისა და საკუთარი ძალების კიდევ ერთხელ დამტკიცების შესაძლებლობა გვექნება. ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლა შეგვიძლია.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, არაუხო, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტესი, პედრი, ფ. დე იონგი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

სევილია (4-2-3-1): დმიტროვიჩი, ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, რეკიკი, გუდელი, ხორდანი, ოკამპოსი, რაკიტიჩი, მარსიალი, ენ-ნესირი

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

სევილია (4-3-3): ბონო, ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აუგუსტინსონი, გუდელი, რაკიტიჩი, ხორდანი, ტესატიტო, ენ-ნესირი, ოკამპოსი

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

სევილია (4-3-3): ბონო, ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოს, აუგუსტინსონი, გუდელი, რაკიტიჩი, ხორდანი, ტესატიტო, ენ-ნესირი, ოკამპოსი

პროგნოზი

  • Sportsmole: 2-1
  • Sportskeeda: 1-0
  • Squawka: 3-1

ტრანსლაცია

თამაში 23 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Albicelecte
    schedule 03 აპრ 2022, 14:10
    #2

    ანუ, თუკი რეალი გუშინ ქულებს დაკარგავდა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდებოდა და 1 მატჩი სატამაშო დარჩებოდა; პოტენციურად 7 ქულა;
    ამას მოჰყვებოდა ლიგაზე მატჩები; ძალიან მძიმე და უხერხულ მეტოქესთან და სავარაუდოდ, ლა ლიგაზე ქულებს გაანიავებდნენ;
    დროული ცვლილება გააკეთა პერესმა; მოედანზე პაბლო გონსალეს ფუერტესი შეუშვა; რომელმაც ორი ასისტი გაუკეთა ბენზემას smiley smiley
    მესამე ასისტიც გაუკეთა, მაგრამ ფრანგმა გაუცუდა მომენტი smiley

  • nika 54
    schedule 03 აპრ 2022, 13:02
    #1

    "სევილიას" ლა ლიგაში 15 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
    ძალიან მეცოდებიან, მაგრამ მოვიდა დრო ამ სერიის შეწყვეტის.