ელ კლასიკომდე სულ ცოტა დრო რჩება და “ბარსელონა” სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. პარიზში განცდილი მარცხის შემდეგ, ლა ლიგის ლიდერები მთელ ყურადღებას კვირას, 25 ოქტომბერს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ამახვილებენ.
ახალგაზრდები პირველ გუნდთან ერთად
მატჩამდე ორი დღით ადრე ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ბოლოსწინა სავარჯიშო სესია გაიმართა. მასში პირველი გუნდის ყველა იმ ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, ვინც ამ ეტაპზე ჯანმრთელადაა და მწვრთნელის განკარგულებაში იმყოფება.
მათ გარდა, ძირითად გუნდთან ერთად “ბარსა ატლეტიკის” ოთხმა მოთამაშემ ივარჯიშა: ჰამზა აბდელკარიმი, ალექს კამპოსი, ორიან გორენი, ებრიმა ტუნკარა.
ხვალინდელი განრიგი: დასკვნითი ვარჯიში და ფლიკის პრესკონფერენცია
შაბათს “ბარსელონა” მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს, რომელიც თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ კი, თბილისის დროით 15:00 საათზე, გაიმართება ჰანსი ფლიკის ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენცია, სადაც გერმანელი სპეციალისტი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს და გუნდის საკადრო ვითარებაზე ისაუბრებს.
forum კომენტარები (0)