“პარკ დე პრენსის” პრესდარბაზში ჰანსი ფლიკამდე ჟურნალისტების წინაშე “ბარსელონას” ერთ-ერთი კაპიტანი, პედრი წარდგა. ესპანელმა ნახევარმცველმა მოედნის ცენტრში მოსალოდნელ ტაქტიკურ დუელზე, ყოფილ თანაგუნდელებთან დაპირისპირებასა და გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა.
ბრძოლა მოედნის ცენტრში და პარიზული გამოცდა
პედრიმ ხაზი გაუსვა, რომ სამშაბათს მატჩის ბედი ნახევარდაცვის ხაზში გადაწყდება:
“ულამაზეს ბრძოლას ველოდები. ვფიქრობ, უბურთოდ ორივე გუნდის ნახევარდაცვა იტანჯება. ვისაც ბურთი ექნება, მატჩის ბედსაც ის გადაწყვეტს. ჩვენ ამისთვის შესანიშნავ ფორმაში ვართ.
ამას ძალიან რთულ მატჩად განვიხილავთ. მოგება გვსურს, თუმცა ამ შეხვედრას ფინალად არ აღვიქვამთ – წინ ჯერ კიდევ ბევრია. გვინდა უძლიერეს მეტოქესთან კარგი დინამიკა გავაგრძელოთ და ვნახოთ, რა დონეზე ვართ ევროპაში.
‘ბარსელონაში’ ყოველდღე უნდა დაამტკიცო, რომ მოსაგებად საჭირო დონე გაქვს. ეს არის მოთხოვნა. თუ მატჩს წააგებ, მაშინვე კრიზისზე და იმაზე იწყებენ ლაპარაკს, თუ რა ცუდად ითამაშე. ყოველთვის საუკეთესო ფორმაში უნდა იყო. თუნდაც ეს პარიზული გუნდი იყოს, მოსაგებად და მათზე უკეთ სათამაშოდ უნდა გახვიდე”.
როდრის ფაქტორი, კაპიტნის როლი და გორდონის ხარისხი
ნახევარმცველმა როდრიზე გავლენაზე, თავის კაპიტნობასა და ენტონი გორდონზეც ისაუბრა:
“როდრი მატჩის შეკავებასა და წარმართვაში უდიდეს დახმარებას გვიწევს. ის ნახევარდაცვას ძალიან კარგად აკონტროლებს. შეტევაში წასვლის მეტ თავისუფლებას მაძლევს, რადგან ვიცი, რომ ბურთს იშვიათად დაკარგავს. ის გადამწყვეტი მოთამაშეა. გუნდის ხარისხი ძალიან ავიმაღლეთ, ვინც არ უნდა ითამაშოს, ყველა ბრწყინვალედ ასპარეზობს. ნაკრებში და კლუბში მწვრთნელების იდეა განსხვავებულია – აქ უფრო პირდაპირ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაღალი პრესინგითა და აწეული დაცვის ხაზით, თუმცა მოედანზე ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგება უცვლელი რჩება.
თავს მნიშვნელოვან მოთამაშედ ვგრძნობ, ერთ-ერთი კაპიტანი ვარ. ვცდილობ ახალგაზრდებს დავეხმარო. კლუბში უკვე რამდენიმე წელია ვარ და ვიცი, როგორ მუშაობს ყველაფერი შიგნიდან. ახალწვეულებს ადაპტაციაში ვეხმარები, მინდორზეც ყოველთვის მზად ვარ მხარში დავუდგე.
რაც შეეხება ნომინალური ცხრიანის გარეშე თამაშს, შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელია, ვისაც შეტევაში წვლილის შეტანა შეუძლია. უამრავ მომენტს ვქმნით და ბოლოს ბურთი მაინც შედის. ენტონი გორდონთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მისმა ხარისხმა ძალიან გამაოცა – მის წინააღმდეგ ადრეც მითამაშია, მაგრამ ყოველდღიურ ვარჯიშებზე არ მენახა. ის ბევრს მოგვცემს”.
ვიტინია და ფერან ტორესი
მეტოქის შემადგენლობიდან პედრიმ პორტუგალიელი პლეიმეიკერი და ექს-ბარსელონელი ფერან ტორესი გამოარჩია:
“ვიტინია ძალიან განსაკუთრებული ფეხბურთელია, ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო თამაშის წარმართვასა და ბურთის ფლობაში. ბურთით ის პსჟ-ს უდიდეს ძალას აძლევს და როცა მოედანზე არ არის, ეს ძალიან ეტყობათ. მომწონს ასეთ ფეხბურთელებთან დაპირისპირება – საუკეთესოებს უნდა გაეჯიბრო.
ფერან ტორესს რაც შეეხება, იმედი მაქვს, ხვალ დიდად არ გაუმართლებს. თუ თამაშის შესაძლებლობა ექნება, გოლები არ უნდა გაიტანოს. უკვე ვუთხარი, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში წარმატებებს ვუსურვებ. წილისყრის შემდეგაც ვისაუბრეთ. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ნაკრებშიც ვხვდებით, თუმცა ხვალ იმედი მაქვს, რომ იღბალი მის მხარეს არ იქნება”.
ლამინ იამალი და ლეო მესისთან შედარება
პედრი დარწმუნებულია, რომ ლამინ იამალს შედარებები არ სჭირდება:
“მასში ყოველთვის ვხედავდი მოედანზე გასვლისა და სიამოვნების მიღების სურვილს. ეტყობა, როგორ სიამოვნებს თამაში, როცა ბურთს იღებს – შეუძლია დრიბლინგზე წავიდეს, გოლები გაიტანოს, საგოლე პასები არიგოს… ის დიდ სხვაობას ქმნის. არავის არ უნდა უყუროს. თუ ლეო მესის შეხედავს, ისტორიაში საუკეთესოსთან შედარება ძალიან რთულია. მშვიდად უნდა იყოს და ყველაფერი თავისთავად მოვა. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს და ფეხბურთით ისიამოვნოს”.
პსჟ, ელ კლასიკო და დემბელეს “ოქროს ბურთი”
დასასრულს, ესპანელმა ნახევარმცველმა კალენდარსა და უსმან დემბელეს ტრიუმფზე ისაუბრა:
“პსჟ თუ ელ კლასიკო? ორივეს თამაში მირჩევნია, არჩევანის გაკეთება არ მჭირდება. ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. პარიზელებს ბევრი ძლიერი მხარე აქვთ: შემტევები, რომლებიც მატჩის ბედს წყვეტენ და ცენტრი, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს. მათ რიგებში არიან მოთამაშეები, რომლებმაც ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ძალიან ძლიერი გუნდია და საქმეს არ გაგვიმარტივებს, მათ საპასუხოდ ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ.
უსმანი ყოველთვის მაოცებდა. რასაც ის ვარჯიშებზე აკეთებდა, ჩვეულებრივი ფეხბურთელის შესაძლებლობებს სცდებოდა. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ უამრავი თვისება ჰქონდა და გადამწყვეტი მოთამაშე იყო. როცა აქ მოვიდა, გაიხსნა და ნამდვილი უსმანი გამოჩნდა. ‘ბარსელონაშიც’ ავლენდა ამას, მაგრამ ეპიზოდურად – შედარებით არასტაბილური იყო. სწორედ სტაბილურობამ მოაგებინა მას ოქროს ბურთი. ის მსოფლიო დონის მოთამაშე და ჩემი დიდი მეგობარია”.
ფერანს რაც პატივი ვეცით ამდენი წელი რო თამაშობდა ბარსაში და თანაც ფლიკის ბარსას მოესწრო ტიპი ეხლა ადგეს და აქეთაც გვცეს პატივი და წაუუფერანტორესოს ჩვენს წინააღმდეგ გადარიოს მთელი პარიზი 😂😂