“რეალ მადრიდთან” გასამართ პრინციპულ დაპირისპირებამდე ორი დღით ადრე, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა ახალწვეულმა, კარიმ ადეიემიმ კლუბის YouTube-არხის გამომწერთა შეკითხვებს უპასუხა. 24 წლის გერმანელმა შემტევმა აღიარა, რომ “ბარსელონას” მაისურის მორგებით ოცნებას ისრულებს.
ადეიემიმ განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში მისთვის საუკეთესო მომენტი ჯერჯერობით “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ფეიენორდის” წინააღმდეგ გატანილი სადებიუტო გოლი იყო: “თუმცა იმედი მაქვს, კვირას კიდევ უფრო უკეთესი მომენტი მექნება”.
ჰანსი ფლიკის ფაქტორი და პირველი რჩევა
გერმანელმა შემტევმა ღიად განაცხადა, რომ კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების მთავარი მიზეზი სწორედ მთავარი მწვრთნელი გახლდათ:
“ის არის მიზეზი, რის გამოც აქ ვარ და ამისთვის მისი ძალიან მადლობელი ვარ. მასთან გულწრფელად ვსაუბრობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ განსაკუთრებული კავშირი გვაქვს, ისევე როგორც მას მთელ გუნდთან”.
ადეიემიმ ფლიკის მიერ მიცემული პირველი რჩევაც გაიხსენა:
“მითხრა, რომ სიამოვნება მიმეღო ყოველი ვარჯიშისგან, გუნდში არსებული ატმოსფეროსგან, ბარსელონასგან, კატალონიელი ხალხისგან… ეს იყო პირველი, რაც მან მასწავლა”.
მისი თქმით, ქალაქთან და გუნდთან ადაპტაციამ სრულიად უმტკივნეულოდ ჩაიარა:
“თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მზით, ხალხით ვტკბები… ყველა ძალიან კეთილგანწყობილია. აქ ყოფნა ყველაფრით შესანიშნავია. ჩემს ზოგიერთ მეგობარს დღემდე არ სჯერა, რომელ კლუბში ვთამაშობ. ხანდახან მგონია, რომ ჯერ კიდევ მძინავს და მესიზმრება”.
კერპი, საოცნებო შემტევი ტრიო და ხუმრობა გორდონზე
როდესაც კატალონიური კლუბის ისტორიაში გამორჩეულ კერპზე ჰკითხეს, ადეიემიმ ლეო მესი გამოყო:
“მესი ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მისი ამ კლუბში ხილვა დაუჯერებელი სანახაობა გახლდათ”.
თუმცა, არგენტინელის გამოკლებით, მას რომ თავდასხმაში სამი პარტნიორის არჩევა შეძლებოდა, ის ანდრეს ინიესტას, ნეიმარსა და რონალდინიოს გვერდით თამაშს ისურვებდა.
ადეიემი ინტერვიუს დროს საკმაოდ ხალისიანი იყო და თანაგუნდელ ენტონი გორდონზეც იხუმრა: “ენტონი, ალბათ, მეორე ყველაზე სწრაფი მოთამაშეა… მას ნამდვილად გავასწრებდი”. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩავი ესპარტის პროგრესმა სასიამოვნოდ გააკვირვა, თავისუფალ დროს კი მშობლიური მიუნხენის გარდა შვეიცარიაში, ალბანეთსა და კოსოვოში დასვენება უყვარს.
სპოტიფაი კამპ ნოუს ატმოსფერო და ვიქტორინა
ფეხბურთელმა განსაკუთრებული ემოციით ისაუბრა საშინაო არენაზეც:
“ეს დაუჯერებელია. სტადიონის რეკონსტრუქცია ჯერ დასრულებულიც კი არ არის და უკვე საოცარია. მოედანზე გასვლისას ჰიმნი რომ ირთვება, ეს ნამდვილი სანახაობაა”.
შეხვედრის დასასრულს, Google Gemini-ს მეშვეობით ადეიემიმ ელ კლასიკოს ისტორიის შესახებ 5-კითხვიან ვიქტორინაში მიიღო მონაწილეობა და 4 კითხვას სწორად უპასუხა. ახლა კი მას სურს, გულშემატკივრების აღიარება უშუალოდ მოედანზე, თავის სადებიუტო ელ კლასიკოში გაამყაროს.
forum კომენტარები (0)