25 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით, “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე პრინციპულ მეტოქეს, “რეალ მადრიდს” უმასპინძლებს. ეს ის დაპირისპირებაა, რომელსაც გულშემატკივრები კალენდრის გამოქვეყნებისთანავე პირველ რიგში ეძებენ. 2026/27 წლების სეზონში ორივე გრანდის შემადგენლობა სერიოზულად გადახალისდა, რის გამოც მოახლოებულ მატჩში ორივე მხარეს არაერთ ახალ სახეს ვიხილავთ.
ექვსამდე პოტენციური დებიუტანტი ბარსელონას რიგებში
“ბარსელონას” პირველი გუნდის ექვსამდე ფეხბურთელისთვის ეს შესაძლოა პირველი ელ კლასიკო აღმოჩნდეს. საუბარია ზაფხულში დამატებულ ხუთ ახალწვეულზე – დომინიკ ლივაკოვიჩზე, როდრი ერნანდესზე, გაბრიელ ჟეზუსზე, კარიმ ადეიემისა და ენტონი გორდონზე, აგრეთვე ახალგაზრდა ბრიან ფარინიასზე, რომელიც პირველ გუნდში სრულფასოვნად სწორედ მიმდინარე სეზონში დაწინაურდა.
მათ რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ ჩავი ესპარტიც. მართალია, ლა მასიის აღზრდილი გასულ სეზონში, ლა ლიგის 35-ე ტურის ელ კლასიკოს განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა მოედანზე არ გასულა. შესაბამისად, ახალგაზრდა მცველს მადრიდელების წინააღმდეგ ოფიციალური დებიუტი ამ უქმეებზე ელის.
იძულებითი ცვლილებები ფლიკის განლაგებაში
თუ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო ელ კლასიკოს გავიხსენებთ, ჰანსი ფლიკს სასტარტო თერთმეტეულში მინიმუმ ოთხი ცვლილების განხორციელება მოუწევს. მარკუს რაშფორდმა და ფერან ტორესმა კატალონიური კლუბი უკვე დატოვეს, ხოლო ერიკ გარსია და დანი ოლმო შეხვედრას ტრავმების გამო გამოტოვებენ.
მოურინიოს დაბრუნება და რეალ მადრიდის ახალი შემადგენლობა
თავის მხრივ, “რეალ მადრიდსაც” ექვსი ახალწვეული ჰყავს: იან დიომანდე, მარკ კუკურელია, კარლოს ესპი, დენზელ დუმფრისი, იბრაჰიმა კონატე და ბერნარდუ სილვა. გარდა ამისა, მეტოქის სამწვრთნელო სკამზე ახალი, თუმცა ყველასთვის კარგად ნაცნობი სახე გამოჩნდება – ჟოზე მოურინიო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მადრიდულ კლუბში თავისი მეორე ეტაპი წელს დაიწყო (პირველად ის გუნდს 2010/11 – 2012/13 წლების სეზონებში ხელმძღვანელობდა).
მადრიდელებსაც მოუწევთ წინა სეზონის ბოლო ელ კლასიკოს სასტარტო შემადგენლობაში მინიმუმ სამი ცვლილების შეტანა: ფრან გარსიამ და გონსალო გარსიამ კლუბი დატოვეს, ხოლო ვინისიუს ჟუნიორი შეხვედრას “ვილიარეალთან” მიღებული წითელი ბარათისა და დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. მოურინიოს ბოლო ტაქტიკური არჩევანის მიხედვით, მადრიდელთა სასტარტოში შესაძლოა შვიდამდე ცვლილებაც კი ვიხილოთ.
forum კომენტარები (0)