სევილია-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

სევილია-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

მიმდინარე სეზონში ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა უნდა იყოს, ოღონდ არა ევროპა ლიგიდან, არამედ ესპანეთის ჩემპიონატიდან. ევროპა ლიგის იმედად ყოფნა იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე გარკვეული არაფერი იქნება და ერლინგ ჰოლანდის დონის ვარსკვლავების მოყვანა ძალიან გაჭირდება. არადა, ისეთი პირი უჩანს, “ბარსას” ჰოლანდის შესაძენად ფული აუცილებლად ექნება და დღევანდელი გადმოსახედიდან მთავარი პრობლემა ჩემპიონთა ლიგის საგზურია. წინა ტურში ჩვენმა ნაწვალებმა მოგებამ და კონკურენტების ქულების დაკარგვამ მეოთხე ადგილამდე 3 ქულაში მიგვაახლოვა, თანაც დღევანდელი თამაში რეზერვში გვაქვს, ანუ რომც წავაგოთ, სატურნირო მდგომარეობას დიდად არ ვიუარესებთ.

დღეს ჩავის ბოლო დიდი გასაჭირი აქვს. იმედია, დღევანდელი შეხვედრა იქნება ბოლო, რომელსაც “ბარსა” ასეთი სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება.

იანვრის დასაწყისიდან ანსუ ფატისა და პედრის დაბრუნებაა მოსალოდნელი, რაც ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ უფრო კარგი ამბავი ისაა, რომ “ბარსას” უფლება ექნება დანი ალვესი ათამაშოს. არა, 38 წლის ფეხბურთელში “ბარსელონას” დონის გუნდის მხსნელს ნამდვილად არ ვხედავთ. საქმე ისაა, რომ დღეს ჩავის 4 მცველით თამაში არ შეუძლია, რადგან ერთადერთი ჯანმრთელი მარჯვენა მცველი ოსკარ მინგესაა, რომელიც “ბლაუგრანას” დონისგან ძალიან შორსაა. პერიოდულად ჯანმრთელია ხოლმე სერჟინიო დესტი, რომელიც პერიოდულადაც კი ვეღარ თამაშობს კარგად. დანი ალვესი კი ჩავის ტაქტიკას მრავალფეროვნებას შესძენს, როგორც თამაშის დაწყებამდე, ასევე მიმდინარეობისას.

მანამდე კი დანი ალვესის ყოფილ გუნდს ვხვდებით, თანაც სტუმრად. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს, 2021 წლის 21 დეკემბერს “სევილია” “ბარსელონაზე” ძლიერი გუნდია და ანდალუსიელები ფავორიტის სტატუსითაც დამსახურებულად სარგებლობენ. თუმცა “ბარსა” ყოველთვის “ბარსაა” და მისი გულშემატკივრები ყოველთვის ელიან მოგებას, ვისთანაც არ უნდა თამაშობდეს. გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა იქნება.

სათამაშო ფორმა

“სევილიას” ლა ლიგაში ზედიზედ 3 მოგება აქვს, რაც ტურნირის საუკეთესო მოქმედი სერიაა. ბოლო 10 მატჩში ანდალუსიელებმა მხოლოდ ერთი წააგეს, ისიც ლიდერ “რეალთან” სტუმრად. საკუთარ კედლებში კი ლოპეტეგის გუნდს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 7 მოგება და 1 ფრე აქვს. გასულ ტურში “სევილიამ” მადრიდის “ატლეტიკო” დაამარცხა. დღეის მონაცემებით “სევილია” ერთადერთი გუნდია, რომელიც “რეალს” საჩემპიონო ბრძოლაში ეპაექრება.

კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძლიერია “სევილია” საკუთარ კედლებში – ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით 2021 წელს საშინაო არენაზე ყველაზე მეტი, 18 თამაში მილანის “ინტერმა” მოიგო. შემდეგ მოდიან “სევილია”, “ბაიერნი” და “ლაციო” 17-17 მოგებით. თუ დღეს მასპინძლებმა მოიგეს, ისინი ამ მაჩვენებლით ლიდერ “ინტერს” გაუთანაბრდებიან.

რბილად რომ ვთქვათ, იოლი მეტოქე არ შეგხვდა. თუმცა ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს – “ბარსელონას” თამაში ყველასთან უჭირს, რაც არ უნდა სუსტი ან ცუდ ფორმაში მყოფი მეტოქე ჰყავდეს.

“ბარსელონაზე” აბა რა უნდა გითხრათ… ბოლო 4 შეხვედრიდან ერთი მოვიგეთ, ისიც იმ “ელჩესთან”, რომელსაც 1978 წლის შემდეგ “კამპ ნოუზე” გოლი არ ჰქონდა გატანილი. მიმდინარე სეზონში ჩვენი ბოლო მარტივი მოგება 26 სექტემბრით თარიღდება, როდესაც “კამპ ნოუზე” “ლევანტე” 3-0 დავამარცხეთ. მეტოქის მოედანზე კი ასეთი რამ ამ სეზონში საერთოდ არ მომხდარა.

დანაკლისი

“ბარსელონას” ისევ არ ეყოლება დესტი, ალვესი, დეპაი, ფატი, დემირი, ბრეითუეიტი, პედრი და სერჟი რობერტო. კარგი ამბავია დისკვალიფიკაციამოხდილი პიკეს დაბრუნება.

პრობლემები აქვს “სევილიასაც”. მასპინძლებს განსაკუთრებით უჭირთ დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც მათ ორი ფეხბურთელი აკლიათ – მონტიელი და ნავასი. Marca-ს მონტიელი სავარაუდო შემადგენლობაში ჰყავს შეყვანილი, მაგრამ მისი მოედანზე ხილვა მაინც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასევე არ იქნება ძირითადი მარცხენა მცველი აკუნია. ანდალუსიელების დანაკლისს ლამელა და სუსო ემატებიან, ხოლო ენ ნესირის თამაში საეჭვოა.

ურთიერთშეხვედრები

თუკი რაიმე ჩვენ სასარგებლოდ მეტყველებს, ეს ურთიერთშეხვედრების ისტორიაა. ამ გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ 194 შეხვედრაში 111 მოგება, 38 ფრე და 45 მარცხი დაგვიგროვდა. “სევილიაზე” მეტჯერ მხოლოდ “ესპანიოლი” და “ბილბაო” გვყავს დამარცხებული.

“ბარსამ” ანდალუსიელებს პირველი 7 თამაში მოუგო. კარგი შედეგი გვაქვს ბოლო დროსაც – უკანასკნელი 2 შეხვედრა მშრალად მოვიგეთ, 3-0 და 2-0. ბევრი გუნდი არაა, რომელთანაც დღევანდელ “ბარსას” ასეთი შედეგები აქვს. თუ მხოლოდ ლა ლიგის შეხვედრებს ჩავთვლით, “სევილიასთან” 2007 წლის მარტის შემდეგ მხოლოდ ერთხელ წავაგეთ, 2015 წელს; “სანჩეს პისხუანზე” ჩატარებულ ბოლო 2 მატჩში კი გოლი არ გაგვიშვია.

არბიტრი

შეხვედრის მთავარი არბიტრი 45 წლის გამოცდილი მსაჯი კარლოს დელ სერო გრანდე იქნება.

დელ სერომ მსაჯობა 2000 წელს დაიწყო, ლა ლიგაში კი ის 2011 წელს აღზევდა. უმაღლეს დივიზიონში გამართულ 204 შეხვედრაში ის ფეხბურთელებს საშუალოდ 5.1 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს უჩვენებდა. ლა ლიგის მოქმედ არბიტრებს შორის ის ყვითელი ბარათების მიცემის სიხშირით მე-8, ხოლო წითელ ბარათებში მე-10 ადგილს იკავებს. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანებს – ის თითო მატჩში 0.33 პენალტს ნიშნავს, ანუ საშუალოდ ერთ თერთმეტმეტრიანს ყოველ მესამე შეხვედრაში.

შედეგების მიხედვით დელ სერო გრანდე “ბარსელონასთვის” ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი მსაჯია, თავად დელ სეროს კარიერაში კი “ბარსა” ყველაზე წარმატებული გუნდი – კატალონიელებს ამ არბიტრის მონაწილეობით გამართული შეხვედრების 81% აქვს მოგებული.

იმ 36 თამაშში, რომელშიც დელ სერო მთავარი მსაჯი იყო, “ბარსას” 29 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა. ამ შეხვედრებში არბიტრმა 10 წითელი ბარათი აჩვენა – 5 “ბარსელონას” და 5 მეტოქეს. თერთმეტმეტრიანებში კი კატალონიელებს უპირატესობა აქვთ – 6-2.

დელ სეროს მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში ცუდი შედეგები არც “სევილიას” აქვს – 34 მატჩში 18 მოგება, 10 ფრე და 6 მარცხი. 9 წითელი ბარათიდან დელ სერომ 6 “სევილიას” მეტოქეებს უჩვენა, ხოლო 9 თერთმეტმეტრიანიდან 6 ანდალუსიელთა კარში დანიშნა.

რაც შეეხება “ბარსელონასა” და “სევილიას” იმ შეხვედრებს, რომლებიც დელ სერო გრანდემ განსაჯა – 3 მატჩიდან 2 “ბარსამ” მოიგო და 1 “სევილიამ”. ამ შეხვედრებში დელ სერომ “ბარსას” 1 და “სევილიას” 2 ფეხბურთელი გაუძევა, ასევე დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ტერ შტეგენმა მოიგერია.

გამორჩეული ფეხბურთელი

ჩატარებული 310 თამაში, გატანილი 35 გოლი (მათ შორის ერთი ჩემპიონთა ლიგის ფინალში), გაკეთებული 42 შედეგიანი გადაცემა და 6 წლის განმავლობაში მოგებული 20 ტიტული – ეს “ბარსელონაში” ივან რაკიტიჩის სტატისტიკაა.

ხორვატ ნახევარმცველს “ბარსელონას” წინააღმდეგ 11-ჯერ უთამაშია, 7-ჯერ ჩვენთან გადმოსვლამდე და 4-ჯერ “სევილიაში” დაბრუნების შემდეგ. მის აქტივში მხოლოდ ერთი მოგებაა, ისიც ესპანეთის თასზე, რომელიც საბოლოოდ გუნდისთვის წარმატების მომტანი არ გამოდგა. დანარჩენ 10 მატჩში რაკიტიჩს 7 წაგება და 3 ფრე აქვს. ამ 11 შეხვედრაში ივანმა “ბარსას” 2 გოლი გაუტანა.

საინტერესო ფაქტები

  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 7 შეხვედრიდან ხუთში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” სტუმრად მხოლოდ 2 მოგება აქვს, აქედან მხოლოდ 1 ლა ლიგაში;
  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 7 თამაშში 1 წაგება აქვს;
  • “სევილიას” ლა ლიგის ბოლო 3 თამაში მოგებული აქვს, სამივე ერთბურთიანი სხვაობით;
  • ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “სევილიას” საკუთარ მოედანზე 8 თამაშში 7 მოგება და 1 ფრე აქვს;
  • “ბარსელონასა” და “სევილიას” ბოლო 3 დაპირისპირებაში გოლი მხოლოდ ერთ გუნდს გაჰქონდა;
  • 2007 წლის შემდეგ “სევილიას” “ბარსელონა” ლა ლიგაში მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული.

ჩავი მატჩის წინ

“სევილია” ჩვენი პირდაპირი მეტოქეა. შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს იმისათვის, რომ ცხრილში ანდალუსიურ გუნდს მივუახლოვდეთ.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

ბარსელონა (4-3-3): ბონო, მონტიელი, კუნდე, კარლოსი, რეკიკი, ფერნანდო, ხორდანი, რაკიტიჩი, ოკამპოსი, მირი, გომესი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი, დემბელე,. გავი, ეზალზული

Sport

სევილია (4-3-3): ბონო, კუნდე, კარლოსი, რეკიკი, აუგუსტინსონი, ფერნანხო, ხოდანი, რაკიტიჩი, ოკამპოსი, მირი, გომესი

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, ლანგლე, ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი, გავი, დემბელე, ჟუტგლა, ალბა

AS

სევილია (4-3-3): ბონო, კუნდე, კარლოსი, რეკიკი, აუგუსტინსონი, ფერნანდო, ხორდანი, რაკიტიჩი, ოკამპოსი, მირი, გომესი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი, ეზალზული, დემბელე, გავი

Mundo Deportivo

სევილია (4-3-3): ბონო, რეკიკი, კუნდე, კარლოსი, აუგისტინსონი, ფერნანდო, ხორდანი, რაკიტიჩი, ოკამპოსი, მირი, გომესი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, ნიკო, დემბელე, ჟუტგლა, გავი

SofaScore

სევილია (4-3-3): ბონო, რეკიკი, კარლოსი, კუნდე, აუგუსტინსონი, ფერნანდო, ხორდანი, რაკიტიჩი, ოკამპოსი, მირი, გომესი

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, გარსია, არაუხო, ლანგლე, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, ალბა, გავი, კოუტინიო, ჟუტგლა, ეზალზული

პროგნოზი

  • Sportskeeda: 2-2
  • Sportsmole: 2-1
  • Squawka: 2-2

ტრანსლაცია

თამაში 00 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • me da barca
    21 დეკ 2021, 23:45

    არაა გამორიცხული ბარსამ გაგვაოცოს და 1 ქულა წამოვიღოთ

  • EL MAESTRO 6
    21 დეკ 2021, 18:02

    უნდა მოვიგოთ მჯერა ბარსასი barca-1

  • nika 54
    21 დეკ 2021, 17:46

    ფრე მშვენიერი შედეგი იქნება. იმედია დღეს სევილიას ცუდი დღე ექნება.

  • gio-rakitich
    21 დეკ 2021, 15:43

    წარმატებები ჩაქცეულებს <3 <3 ახალგაზრდების იმედი მაქვს განსაკუთრებით გავის,პატარა გლადიატორია იმედია იფრენს <3<3<3<3 ლიჟბი ვითამაშოთ <3 <3<3 ანგარიში თავისით მოვა <3<3<3

    პეპმა ლიგის ფინალამდე ფორვარდის გარეშე გაარღვია გრანდები სწორი თამაშით,თუ სწორად ვითამაშებთ დავდებთ ანგარიშს

  • El pistolero 9
    21 დეკ 2021, 14:01

    წარმატებები ბიჭებს. მოგება გვჭირდება ძაან და იმედია ასეც მოხდება. რთული მეტოქეა, მატჩიც რთული იქნება, მაგრამ ერთ თამაშში ნებისმიერ სუსტ გუნდს შეუძლია ძლიერის დამარცხება, თან მთლად ასე სუსტებიც არ ვართ მთავარია ახალგაზრდებს თამაში წაუვიდეთ