შაბათის ცენტრალურ დაპირისპირებას “რეალ ბეტისი” და “ბარსელონა” საკუთარ ისტორიაში საუკეთესო სატურნირო სტარტით შეხვდნენ, “ლა კარტუხას” ზღაპრულ ატმოსფეროს კი მოედანზე გამართული ნამდვილი საფეხბურთო თრილერი სრულად შეესაბამებოდა. შვიდი გოლი, VAR-ის მიერ გაუქმებული ორი ბურთი, პირდაპირი წითელი ბარათი და ამოუწურავი ემოცია – ჰანსი ფლიკის შეგირდებმა 5-2 გაიმარჯვეს და მიმდინარე სეზონში ჩატარებული მეთერთმეტე ოფიციალური მატჩიც მოგებით დაასრულეს.
წინ კი “პარი სენ-ჟერმენთან” გასვლითი ჯახი და “რეალ მადრიდთან” მოახლოებული ელ კლასიკოა.
ლამინ იამალის მორიგი შედევრი და როდრის სადებიუტო გოლი
შეხვედრის საწყის წუთებში ბურთზე კონტროლი “ბარსელონამ” მყისვე დაამყარა, მეათე წუთზე კი ლამინ იამალმა მორიგი საფეხბურთო შედევრი შექმნა: საჯარიმოს მისადგომებთან ბურთის მიღების შემდეგ, თითქოს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მსუბუქი მოძრაობით შეიქმნა სივრცე და ბურთი ულამაზესი ტრაექტორიით პირდაპირ ცხრიანში მოათავსა (0-1).
მანუელ პელეგრინის გუნდი მალევე გამოფხიზლდა და “ბარსელონას” დაცვის ხაზში ნაპრალების პოვნა დაიწყო. 28-ე წუთზე პაბლო ფორნალსის ზუსტ ჩაწოდებას ვალენტინ გომესმა თავური დარტყმით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა (1-1). თამაში გაიხსნა: ერთ მხარეს ალვარო ვალესმა კარიმ ადეიემის დარტყმა ურთულეს ნახტომში მოიგერია, მეორე მხარეს კი ჟოან გარსიას ყოფილ ბარსელონელ ექტორ ბელერინთან მოუწია ოსტატობის გამოვლენა.
ორმხრივი შეტევების ფონზე, 41-ე წუთზე კატალონიელებმა კვლავ იმარჯვეს: კუთხურის გათამაშებისას როდრი ერნანდესმა მეორე სართულზე ყველას დაასწრო და “ბარსელონას” მაისურით თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა (1-2).
ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ერთი ბურთი შეაგდეს – ჯოვანი ლო სელსოს შორეული გასროლის შემდეგ სტადიონი აფეთქდა, თუმცა VAR-ის ჩარევამ შეტევის საწყის ფაზაში კუჩო ერნანდესის ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.
მეორე ტაიმის დრამა: ჟეზუსის გოლი, აბდეს პასუხი და გაძევება
მეორე ნახევარი კიდევ უფრო მაღალ ტემპში განახლდა. გაბრიელ ჟეზუსმა ერთ წუთში ორი გოლის შეგდება მოახერხა, თუმცა წესების დაცვით მხოლოდ ერთი ჩაითვალა. თავდაპირველად ბრაზილიელის დარტყმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, თუმცა რამდენიმე წამში ფერმინ ლოპესმა ფლანგზე ლამინ იამალი მოძებნა, მის დაბალ ჩაწოდებას კი ჟეზუსმა ერთი შეხებით უპასუხა და 53-ე წუთზე ანგარიში 1-3 გახადა.
“რეალ ბეტისმა” მომენტალურად უპასუხა: ყოფილმა “კატალონიელმა “ბარსელონელმა”, აბდე ეზალზულიმ სისწრაფეზე მცველებს აჯობა და ჟოან გარსიას შანსი არ დაუტოვა (2-3).
ამ გოლს მოედანზე ფეხბურთელებს შორის სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა, რომლის დროსაც ლამინ იამალი ფაკუნდო ბერნალთან კონფლიქტის შემდეგ მინდორზე აღმოჩნდა. მთავარმა არბიტრმა ანდალუსიელთა ფეხბურთელს პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა, რამაც ტრიბუნებზე ტემპერატურა პიკამდე აიყვანა.
კატალონიური დომინაცია და დანი ოლმოს წერტილი
რიცხობრივ უპირატესობაში დარჩენილმა “ბარსელონამ” თამაშის სადავეები საბოლოოდ დაიბრუნა. 63-ე წუთზე ლამინ იამალის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ცოცხალ კედელს მოხვდა და შორეული ძელისკენ წავიდა, სადაც პაუ კუბარსიმ მეკარე ვალესს დაასწრო და ბურთი ერიკ გარსიას დაუგდო, რომელმაც ახლო მანძილიდან ცარიელ კარში გადაგზავნა (2-4).
მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყდა, სევილიაში დაწყებული კოკისპირული წვიმის ფონზე კი ადგილობრივი ქომაგების ნაწილმა სტადიონის დატოვება დაიწყო. 80-ე წუთზე დანი ოლმომ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით მეხუთე გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2-5).
შეხვედრას ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ახლდა თან: ტრავმის შემდეგ მოედანს რაფინია დაუბრუნდა, ხოლო ერიკ გარსიამ მცირე დისკომფორტის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, თუმცა პირველადი ინფორმაციით, დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს.
ისტორიული რეკორდის გათანაბრება
ეს გამარჯვება ჰანსი ფლიკის გუნდისთვის ლა ლიგაში ზედიზედ მეცხრე აღმოჩნდა. ამ შედეგით “ბარსელონამ” “რეალ მადრიდის” მიერ 1968/69 წლების სეზონის სტარტზე დამყარებული ისტორიული რეკორდი გაიმეორა.
მომდევნო შაბათ-კვირას კატალონიელებს შანსი ექნებათ, აბსოლუტური რეკორდი დაამყარონ – თანაც უშუალოდ “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ. ელ კლასიკო “კამპ ნოუზე” კვირას, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.
მწერლები გაიფიცნენ?
ფლიკმა კუნდესაც დისკომფორტი აქვსო…. ჯერ რაიყო ჩვენი დაცვა და ახლა -3 მცველით მივდივართ პსჟსთან და ვხვდებით რეალს. დაწყევლილები ვართ რა
სულ ეგრე ვართ, მნიშვნელოვან თამაშებში გვაკლია ხალხი