იშვიათად ყოფილა რამე ისე წინასწარ განსაზღვრული როგორც ჩავის მწვრთნელობა „ბარსელონაში“. ჩავის თავკაცობა სულ უფრო მეტად რეალური ხდება, ეს უკვე მესამე შესაძლებლობაა რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ერჩივნა მესიც კლუბში დახვედროდა, თუმცა, ვინ იცის.. იქნებ არც ერჩივნა?! მესის ავტორიტეტი საერთოდ სხვა თემაა და ახალბედა მწვრთნელს, ვინც არ უნდა იყოს ის, მისი მორევა გაუჭირდებოდა.
თითქმის ექვსი წელი გავიდა ჩავის წასვლიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში შესამჩნევი პროგრესი აქვს და ყველა ელის როდის მოაწერს ხელს კონტრაქტს. არც ვალვერდეს, არც სეტიენის, არც კუმანის მოსვლას ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, რადგან, მათგან არც „ბარსას“ სტილის შენარჩუნებას ელოდა ვინმე და არც რაიმე სიახლის შემოტანას. ახლა კი ვთქვათ გულახდილად რომ ახალი ერის დასაწყისს ველით, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი ტვირთია, დიდი წნეხია, მაგრამ ჩავის ფიგურა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსგავსი ავანსი იყოს გაცემული.
მიმდინარე წლის მარტში პირველად გახდა ჩემპიონი, მან კატარის ვარსკვლავთა ლიგა მოიგო. ტიტული, რომლის მოგებაც სადებიუტო სეზონში არ გამოუვიდა. მიაღწია საწადელს და მისი კლუბიც წაუგებლად ასპარეზობს. მწვრთნელის რანგში ბევრად მეტი შესძინა ალ-სადს, ვიდრე ფეხბურთელის, მოედანზე ძალა და ენერგია აღარ ჰყოფნიდა, მის ჩანაფიქრს სწრაფი მოძრაობა აკლდა, მწვრთნელის რანგში კი ყველაფერი დალაგდა, ფეხბურთელებმა დავალების შესრულება დაიწყეს და საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდნენ.
„ყოველ დღე ვითარდება“, – ამბობს ბორა მილუტინოვიჩი, მოგზაური მწვრთნელი, რომელსაც ამერიკაში, ნიგერიაში და მექსიკაში უმუშავია, ბოლო კი ჩავის წინამორბედი იყო ალ-სადში. – „პირველი ნაბიჯები ბრწყინვალეა, ახლა კითხვა ისმის, – რა იქნება შემდეგ? მაღალი დონის მწვრთნელად ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, თუმცა, ჩავის დარი ინტელექტის მქონე ადამიანებისათვის ყველაფერი გაცილებით სწრაფად ხდება“.
შთაბეჭდილებების ქვეშ არის ჰეიმირ ჰალგრიმსონი, ისლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ჩავის მთავარ კონკურენტად იქცა, ალ-არაბის მწვრთნელის რანგში.
„აქ მან მიიღო ის, რაც აკლდა, მიიღო ის, რასაც სხვაგან ვერ მიიღებდა, – სრული კონტროლი. ფილოსოფიისა და სტილის თვალსაზრისით, იქამდეც მზად იყო, სანამ აქ დაინიშნებოდა, მან სწორი ნაბიჯი გადადგა, უმნიშვნელოვანესი გამოცდილება შეიძინა და ახლა იცის როგორ უნდა მართოს გუნდი. სამწვრთნელო საქმეში ზუსტად ვერასდროს იტყვი როდის ხარ მზად, უბრალოდ უნდა გადახტე რამდენიმე საფეხურზე“.
ჩავი კატარში 2015 წელს გადაბარგდა, უკან მოიტოვა შთამბეჭდავი კარიერა, ოთხი ჩემპიონთა ლიგა, რვა ლა ლიგა, არის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი, აღარ ღირს ჩამოთვლად საკონტინენტთაშორისო და კოპა დელ რეის ტიტულები. მისი დებიუტიდან ბოლო მატჩამდე 17 წელი იყო გასული და მხოლოდ გვირგვინოსანმა ლეომ შეძლო „ბარსაში“ ჩატარებული მატჩებით მასზე მაღლა დამდგარიყო.
კატარში დიდი თანხა გამოიმუშავა და ელჩის როლიც მოირგო, ჩავი დიდ როლს თამაშობდა იმაში, რომ კატარში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მუნდიალს ანომალიური სახე ექნება და შემოდგომა-ზამთარში გაიმართება. როგორც ამბობენ, ნოემბრიდან-დეკემბრამდე.
იდეალური ადგილი გამოდგა ჩავისა და მისი ოჯახისთვის, ორი შვილი დოჰაში შეეძინა, ქალიშვილს აზია დაარქვა, ხიოლო ვაჯიშვილს, – დანი.
„ჩავი ჩვეულებრივად გადაადგილდება ქუჩებში, ისე როგორც თითოეული აქ მცხოვრები, დადის მარკეტში და დგას რიგში, ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ, ვერ ხვდება ხალხი მის გარშემო რამხელა ვარსკვლავი დგას მათ შორის?!“ – ამბობს სიტისა და სანდერლენდის ყოფილი გარემარბი – ნიკი სამერბი. ნიკი ახლა BeIN Sports-ისა და Al Klass სპორტის წამყვანია.
სამწვრთნელო ლიცენზია ვიქტორ ვალდესთან და ჩაბი ალონსოსთან ერთად აიღო, ვალდესი მწვრთნელად რთული წარმოსადგენია, არც ფეხბურთელობისას ყოფილა დიდი მოაზროვნე, პირიქით, ყოველთვის გონებაგაფანტული იყო, მეკარის მწვრთნელად ალბათ ივარგებს. ჩაბი ალონსო და ერნანდესი კი გამორჩეული მოაზროვნეები იყვნენ, რომელთაც თამაშის წაკითხვა იდეალურად შეეძლოთ. ამიტომ, მათგან ბევრს ელიან. ჩაბი ახლა „რეალ სოსიედადის“ მეორე გუნდის მწვრთნელია, ჩავის კი „ბარსა“ ელოდება.
კატარში დაწყებულ საქმეზე კი ასეთი კომენტარი გააკეთა, – „პირდაპირ ფერარიზე ვერ დავჯდები, ან მდიდრულ იახტაზე, ჯერ პატარა ნავი მჭირდება, რომ საკუთარი თავი გამოვცადო და გამოცდილება მივიღო“. – ბრძნული ნათქვამია, ვერაფერს იტყვი. თან ამ სიბრძნეს, მილიონებიც თან სდევს. – „კატარში წნეხის გარეშე ვმუშაობ, „ბარსა“ კი ოცნებაა“.
შეუძლია ამ ეტაპზე საკუთარი თავი კმაყოფილი იყოს.
სადებიუტო სეზონში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ თასის მოგება შეძლო, შემდეგ კი მისი სრული დომინაციის დრო მოვიდა. ისევ მოიგო კატარის თასი და კატარის ემირის თასი, მოიგო შეიხის თასი, ვარსკვლავთა თასი და საერთოდ.. ყველაფერი მოიგო, სადაც ფეხი შედგა. საერთო ჯამში შვიდი ტიტული აქვს 2018 წლიდან მოყოლებუული. გუნდში მიიყვანა სანტი კაზორლა და ანდრე აეუ, ხუთი უცხოელი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვს და ამასაც გონივრულად იყენებს.
სათამაშო სტილით მალევე მოხიბლა გულშემატკივარი.
„ძალიან ჰგავს „ბარსას“, – თქვა ჰალგრიმსონმა, რომელიც ახლოს იყო მის დამარცხებასთან, მაგრამ 90-ე და 92-ე წუთებზე გაუშვა გოლები. – „ვის წინააღმდეგაც არ უნდა თამაშობდეს ბურთის ფლობა 65-70% აქვს. ბევრ მომენტებს ქმნიან და ბევრიც გააქვთ, ექვსი, შვიდი გოლი გაუტანიათ, თითოეული ფეხბურთელისგან ბევრს ითხოვს, ამ მხრივაც გამორჩეულია, მათგან მაქსიმუმის მიღება სურთ“.
არც მულტინოვიჩს აქვს განსხვავებული მოსაზრება: „მისი გუნდი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს“.
„პირველივე ინტერვიუდან ჩანდა, რომ აქ ყველაფრის მოსაგებად მოვიდა, თითოეული ფეხბურთელის სახელი იცოდა. ორგანიზების უნარით გამოირჩა და ცოტა ნერვების დაწყნარებაც არ აწყენდა, (იცინის ზუმში), მწვრთნელის კვადრატში ძალიან აქტიური და აღელვებულია“.
„ფეხბურთელებს გაუმარტივდათ მასთან მუშაობა, რადგან ვისთან ერთადაც თამაშობდა, სწორედ მათი მწვრთნელი გახდა, კარგად ესმოდათ რას ითხოვდა ჩავი მათგან, ასე გამოვიდა ეს საქმე, გვარდიოლას გზა ვნახეთ, ტოტალური კონტროლი!“
კატარში ჯერ კიდევ 2004 წლიდან დაიწყეს „ბარსელონას“ ყაიდაზე აკადემიის ჩამოყალიბება და საუკეთესო მწვრთნელებიც მიიწვიეს. ელიან, რომ 2022 წელს, როგორც მინიმუმ თავს არ შეირცხვენენ, მცირე ხნის წინ იაპონიის ნაკრებიც დაამარცხეს, რაც დიდი ამბავია. აკადემიაში ემზადებოდა ოსკარ ერნანდესი, ჩავის ძმა, რომელიც ახლა მისი ასისტენტია. სხვათა შორის, ბართომეუსთან შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მიზეზი მისი ძმა გახდა. გაგდებული პრეზიდენტი თვლიდა, რომ ჩავი ზედმეტს ითხოვდა და მისი ძმა „ბარსაში“ მუშაობისთვის მზად არ იყო.
კატარში თავის დროზე უთამაშიათ რაულს, ეტო’ოს, ეფენბერგს, გვარდიოლასა და ბატისტუტას, ამ უკანასკნელის გადაბირება „ბარსას“ 2005 წლის იანვარში სურდა, ლარსონის ტრავმის გამო, მაგრამ 36 წლის ბატიმ უარი თქვა ექვსთვიან კონტრაქტზე და „ბარსამ“ საბოლოოდ მაქსი ლოპესი შეიძინა.
მაღალი დონის მწვრთნელებსაც უმუშავიათ, მაგალითად ლორან ბლანს, იოკანოვიჩსა და საბრი ლამუჩის. (ლამუჩის მაღალი დონე არ გაიშვას. ავტ.)
აქტიურად ითხოვენ კატარში მუნდიალის გადადებას, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ჩავი ამაზე კომენტარს არ აკეთებს, არც ფიფა ცდილობს რამის შეცვლას, ერნანდესი მხოლოდ დადებით მხარეებზე საუბრობს: „ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა, იდეალური ადგილია მთელი ოჯახისათვის, დარწმუნებული ვარ, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩაივლის“.
მთელი საფეხბურთო სამყარო ელის ერნანდესის დაბრუნებას, რომელიც თავიდანვე მძიმე ბრძოლებში ჩაებმება და გადამწყვეტი მატჩი ექნება ლისაბონის „ბენფიკასთან“, ეს იქნება ჩავის პირველი ფინალი, თუ ის „ბარსას“ მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.
გამოყენებულია The Athletic-ის მასალა.
ჩავი "ბარსასთვის" მზად არის.
აი ბარსაც რო მზად იყოს ჩავისთვის, ვაბშე მაგარი იქნებოდა.
CHEPE,
დედისწიოკი იქნება ბაიერნის
არ მესმის რატომ იძახის ზოგიერთი რომ ჩავი ჯერ მზად არ არის, ევროპული გამოცდილება უნდა, ჯერ ბარსა-ბ ჩაიბაროს და ა.შ. კუმანს და დანარჩენებს რო ქონდათ ევროპული გამოცდილება ხო დაგვრიმეს და ტიტული ტიტულზე დადეს 😀 ან რატო უნდა დაიწყოს ბარსა-ბ თი, რო რა, კლუბის სამზარეულოს გეცნოს? თუ ქალაქს მიეჩვიოს? 😀😀 მწვრთნელისთვის რაც მთავარია ზუსტად ის მიიღო კატარში – თავისუფალი აზროვნება ჩარჩოებს მიღმა და ექსპერიმენტების კეთება თავის გემოზე, რაც ხვეწავს ტაქტიკას.
P.S. გვარდიოლას რო მესი არ ყოლოდა, კაცმა არ იცის ბარსაში რას იზამდა. ფაქტია რო ბარსას გარდა ლიგა ვერსად დადო
წარმატებები მაესტრო.იმედი მაქვს როგორი დიდებულიც ფეხბურთელი იყავი,ისეთივე ტრენერი იქნები…
ჰოჰოჰო,ერთი სული მაქვს როდის მოვააა.
უდიდეს იმედებს ვამყარებ და აბა შენ იცი ჩავი, იმედია უდიდეს წარმატებას მიაღწევ
გელოდებით მაესტრო! უდიესს მუხტს შემოიტანს და გუნდი დაემსგავსება თავის თავს პლიუს მთავარი ბრუნდება ტიკი ტაკა Take the ball.Pass the ball