ბარსელონა-ხეტაფე – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ხეტაფე – მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს აუცილებლად მოსაგები თამაში გვაქვს. დღეს ბოლო შეხვედრაა, როდესაც გუნდში გაურკვევლობაა და დანაკლისიც ჯერ კიდევ დიდი გვაქვს. სექტემბრის დასაწყისიდან უკვე ყველაფერი გარკვეული იქნება – ვინ წავიდა და ვინ დარჩა, და რაც მთავარია, სანაკრებო პაუზის შემდეგ ანსუ ფატიც დაგვიბრუნდება და დასვენებული პედრიც. ასე რომ, დღეს ერთი უნდა გავიჭირვოთ. ეს გაჭირვება სერიოზული რომ არ იყოს, ამაში მეტოქე ხელს ნამდვილად გვიწყობს.

სათამაშო ფორმა

ორ თამაშში 4 ქულის აღება, როდესაც “ბილბაოსთან” სტუმრად თამაში უკვე უკან მოიტოვე, ცუდი შედეგი ნამდვილად არაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელის მოულოდნელი წასვლის შოკიდან გამოსულები ჯერ კიდევ არ ვართ და ტრავმირებული ფეხბურთელების რიცხვიც ჩვენს სასიკეთოდ ნამდვილად არ მეტყველებს.

“სოსიედადი” და “ბილბაო” ის გუნდები არიან, რომლებთანაც ბოლო წლებში “ბარსას” სტაბილურად უჭირდა. ამ ორ მატჩში 4 ქულის აღება კუმანის გუნდს აქტივში უნდა ჩავუთვალოთ.

“ხეტაფემ” კი ცუდად დაიწყო. მიჩელის გუნდი იმ სამ გუნდს შორის შედის, რომლებსაც ჯერ ერთი ქულაც არ აუღიათ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მადრიდელებს იოლი მეტოქე ჯერ არ ჰყოლიათ. პირველ ტურში “ხეტაფე” “ვალენსიას” ეწვია და რომ არა გიორგი მამარდაშვილი, შინ ქულით დაბრუნდებოდა. მე-2 ტურში კი მიჩელის ბიჭები “სევილიასთან” შინ დამარცხდნენ, ისევ 0-1, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ.

დანაკლისი

კარგი ამბავი ისაა, რომ “ბარსელონას” მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ფილიპე კოუტინიო და ოსკარ მინგესა დაუბრუნდნენ, თუმცა დანაკლისი მაინც დიდია. ისევ ტრავმირებულები არიან უსმან დემბელე, ანსუ ფატი და სერხიო აგუერო, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ჟერარ პიკეც შეუერთდა. პიკეს მსგავსად, დღეს ვერ დაგვეხმარება ერიკ გარსია, რომელსაც კლუბმა დასვენების საშუალება მისცა, თავად ფეხბურთელმა კი ამას წინა შეხვედრაში წითელი ბარათის მიღება დაამატა. გარსიას ნაცვლად კლუბისგან დასვენების ნებართვა აქვს პედრის და “ხეტაფესთან” ვერც ის დაგვეხმარება.

უდანაკარგოდ არც “ხეტაფეა”. მადრიდელებს ვიტოლო, აბდულაი, პოვედა, ნიომი, კაბაკო, ჩემა და “ბარსას” აღზრდილი მარკ კუკურელია ვერ დაეხმარებიან. “ხეტაფე” ყოფილი “ბარსელონელების” გარეშე მაინც არაა – განაცხადში კარლეს ალენია და სანდრო რამირესი მოხვდნენ.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია სულ 36 მატჩს ითვლის. რა თქმა უნდა, “ბარსას” დიდი უპირატესობა აქვს – 26 მოგება, 6 ფრე, 4 მარცხი, 84 გატანილი და 29 გაშვებული გოლი. ბოლო 6 თამაშიდან “ბლაუგრანამ” 5 მოიგო, 1 კი წააგო.

“კამპ ნოუზე” გამართული 18 თამაშიდან 14 მასპინძლებმა მოიგეს, 4 კი ფრედ დასრულდა.

არბიტრი

დღევანდელ შეხვედრას 41 წლის პაბლო გონსალეს ფუერტესი განსჯის. პაბლო გონსალესი 2004 წლიდან მსაჯობს, 2012 წელს მან სეგუნდა დივიზიონში, 2017 წელს კი პრიმერაში მუშაობა დაიწყო, მას შემდეგ, რაც ის ფეხბურთის ფედერაციამ მე-2 დივიზიონის სეზონის საუკეთესო არბიტრად დაასახელა.

ასტურიელ არბიტრს ლა ლიგაში სულ 79 თამაში აქვს განსჯილი. ის თამაშში საშუალოდ 5.35 ყვითელ (მე-4 ყველაზე მაღალი შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.25 წითელ (მე-7 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) ბარათს აჩვენებს. გონსალეს ფუერტესი ასევე თამაშში საშუალოდ 0.25 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.

ფუერტესს “ბარსელონას” შეხვედრაში მხოლოდ 5-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 4 თამაში მოიგეს, ხოლო ბოლო წააგეს, “გრანადასთან” “კამპ ნოუზე”. ამ ხუთ მატჩში ფუერტესს თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს, წითელი ბარათი კი 2-ჯერ აჩვენა – ერთხელ მოედნიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გააძევა, ერთხელ კი წითელი “ბარსას” დამრიგებელს, რონალდ კუმანს უჩვენა. ეს უკანასკნელი “გრანადასთან” უკვე ნახსენებ მატჩში მოხდა.

“ხეტაფეს” შეხვედრაში მონაწილეობა პაბლო გონსალესს 13-ჯერ მიუღია. მადრიდელებმა 3 მატჩი მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 2 დათმეს. ასტურიელმა არბიტრმა “ხეტაფეს” სასარგებლოდ 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მეტოქის სასარგებლოდ – 2. მას მადრიდული გუნდის მოთამაშე მოედნიდან არ გაუძევებია, მეტოქის ფეხბურთელს კი წითელი ბარათი 4-ჯერ უჩვენა.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ფუერტესმა მონაწილეობა ერთ შეხვედრაში მიიღო. პირველ ტურში “ვილიარეალისა” და “გრანადას” უგოლო დაპირისპირებაში მან 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

საინტერესო ფაქტები

  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 4 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული;
  • “ხეტაფესთან” გამართული ბოლო 19 თამაშიდან 16-ში “ბარსელონას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • “ბარსელონას” “ხეტაფესთან” შინ გამართული ბოლო 12 თამაშიდან 10-ში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • “ხეტაფეს” ლა ლიგის ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში გოლი არ აქვს გატანილი;
  • “ხეტაფეს” ბოლო 5 გასვლით შეხვედრაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “ხეტაფეს” ლა ლიგის ბოლო 12 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული;
  • ამ გუნდების ბოლო 8 ურთიერთშეხვედრიდან ექვსში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონასა” და “ხეტაფეს” ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ხეტაფესთან” გამართულ ბოლო 3 თამაშში “ბარსელონას” კარი მშრალად არ შეუნახავს;
  • მიმდინარე სეზონში “ხეტაფეს” ჯერ გოლი არ გაუტანია;
  • “ბარსელონა” “ხეტაფესთან” გამართული ბოლო 6 თამაშიდან ხუთში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “ბარსელონა” “ხეტაფესთან” გამართული ბოლო 6 თამაშიდან ხუთში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • “ბარსელონა” ბოლო 10 თამაშიდან რვაში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ხეტაფეს” ბოლო 9 თამაშიდან შვიდში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი

საწყის ორ თამაშში “ხეტაფემ” პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა. მათ ორივე მატჩი წააგეს, მაგრამ თამაშის გათვალისწინებით მეტს იმსახურებდნენ.
მართალია, მესი გვაკლია, მაგრამ გუნდურობა უნდა გამოვამჟღავნოთ და შედეგს ასე მივაღწიოთ.

კუმანის კომენტარი სრულად

მიჩელი

“ბარსელონა” განახლებული გუნდია, რომელმაც მესის წასვლა გადაიტანა.
არ ვაპირებთ, “კამ ნოუზე” მეტოქისთვის კომფორტული გუნდი ვიყოთ. შევეცდებით, იმავე დონეზე ვითამაშოთ, როგორც ეს “სევილიასთან” გავაკეთეთ. ჩვენ შემართება უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე აღებული ქულა. გვაქვს ამბიცია და ენთუზიაზმი, რომ “კამპ ნოუზე” კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტესი, რობერტო, დე იონგი, გრიზმანი, ბრეითუეიტი, მემფისი

ხეტაფე (4-4-2): სორია, დამიანი, მიტროვიჩი, ჯენე, ოლივეირა, მაქსიმოვიჩი, არამბარი, ალენია, ხანტკო, უნალი, სანდრო

Marca

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, რობერტო, გრიზმანი, ბრეითუეიტი, მემფისი

ხეტაფე: სორია, იგლესიასი, ჯენე, მიტროვიჩი, ოლივერა, ალენია, არამბარი, მაქსიმოვიჩი, ხანკტო, მატა, უნალი

პროგნოზი

  • WhoScored: 2-0
  • Sportskeeda: 2-0
  • Sportsmole: 3-1

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებშიდაწერეთ, რაკომპონენტისდამატებასისურვებდითმატჩისწინამიმოხილვებშიდადავამატებთ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • azulgerana
    29 აგვ 2021, 17:59

    ციტატა: Barca_MNS
    კოუ კოუ კოუ კოუ… მთელი კვირაა აქცენტი ამ მოთამაშეზე კეთდება, კუმანი, ;ლაპორტა, აგენტები, კოუს ცოლის ინტერივუც ვნახე. მოკლედ ყველა ელის ამ ბიჭის დაბურნებას. იმედს ვიქონიებ მართლა წაუჯადოქრებს, ყოველ შემთხვევაში დღეს დებიუტივით თამაში ექნება და წარმატებები მას.


    აბა ჰეე scream

  • nika 54
    29 აგვ 2021, 16:30

    "კამპ ნოუზე" გამართული 18 თამაშიდან 14 მასპინძლებმა მოიგეს, 4 კი ფრედ დასრულდა.
    თუ ისტორიამ არ გვიმტყუნა, მინიმუმ ქულას ავიღებთ.

  • C.PC5
    29 აგვ 2021, 13:07

    სამი ქულა მეტი არაფერი არ აქვთ საფიქრალი და გადასაწყვეტი, რაც შეიძლება მშვიდად და თავდაჯერებულად უნდა მოვიგოთ. ვისკა ბარსა❤️💙

  • El pistolero 9
    29 აგვ 2021, 12:56

    წარმატებები!!!ლამაზ და ხარისხიან ფეხბურთს ველოდები

  • Diana
    29 აგვ 2021, 12:54

    გუნდი თავიდანვე თუ არ შეიკრა და შემართება არ მიეცა ძაან გაგვიჭირდება წელს

  • Barca_MNS
    29 აგვ 2021, 12:49

    ციტატა: La Pulga10
    სასწაულების მჯერა და მართლა თუ დაბრუნდა ლივერპულის კოუ,მეტი აღარაფერი მინდა.დღეს სუსტი მეტოქე გვყავს მალე უნდა მოვკლათ თამაში და მერე კუმანმა შემოუშვას ახალგაზრდები.ნიკო,პუჩი,ბალდე…


    ჰო მაგის იმედზე ვართ დარჩენილები, წინაზე ნახევარდაცვა შეტევას იყო მწოყვეტილი, დეპაი ცენტრში იღებდა ბურთს და ვნახოთ აბა ფელიმეიქრად კოუ, გრიზმანს უფრო მაღლა თამაშის საშაულაბასაც მისცემს

  • La Pulga10
    29 აგვ 2021, 12:47

    სასწაულების მჯერა და მართლა თუ დაბრუნდა ლივერპულის კოუ,მეტი აღარაფერი მინდა.დღეს სუსტი მეტოქე გვყავს მალე უნდა მოვკლათ თამაში და მერე კუმანმა შემოუშვას ახალგაზრდები.ნიკო,პუჩი,ბალდე…

  • Kaka
    29 აგვ 2021, 12:47

    დაზუსტებულად იცით ვინმემ რა ნომრით ითამაშებს კოუ??

  • Barca_MNS
    29 აგვ 2021, 12:42

    კოუ კოუ კოუ კოუ… მთელი კვირაა აქცენტი ამ მოთამაშეზე კეთდება, კუმანი, ;ლაპორტა, აგენტები, კოუს ცოლის ინტერივუც ვნახე. მოკლედ ყველა ელის ამ ბიჭის დაბურნებას. იმედს ვიქონიებ მართლა წაუჯადოქრებს, ყოველ შემთხვევაში დღეს დებიუტივით თამაში ექნება და წარმატებები მას.

  • azulgerana
    29 აგვ 2021, 12:18

    წესით უნდა მოვიგოთ