2026/27 წლების ლა ლიგის სეზონში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” პირველი მატჩი “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა – ბლაუგრანამ ბილბაოს “ატლეტიკს” 2-0 მოუგო. კაპიტანმა რაფინიამ ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს ფერმინმა მეორე გოლი გაიტანა. კატალონიელებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს თავიანთი შემტევი პოტენციალი, თუმცა სტუმართა მეკარე უნაი სიმონმა არაერთი მნიშვნელოვანი სეივი შეასრულა.
მატჩის დაწყებამდე, “ბარსელონას” წევრებისა და ნეპალსა და ჩინეთში ბოლო დროს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ამის შემდეგ კი თამაში ბლაუგრანას გულშემატკივრების მიერ შექმნილი შესანიშნავი ატმოსფეროს ფონზე დაიწყო.
უპირატესობა და რაფინიას გოლი პირველ ტაიმში
პირველი მომენტი ერიკ გარსიას ჰქონდა, თუმცა მისი თავური დარტყმა მიზანს ოდნავ აცდა. მოგვიანებით გორდონის კარგი თამაშის შემდეგ ლამინ იამალმა დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ზემოთ გადაფრინდა. დაახლოებით 10 წუთში სიმონმა ლამინ იამალის კიდევ ერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია. თუმცა, შეტევები მხოლოდ ცალმხრივი არ ყოფილა – ჟოან გარსიას კარიდან დროულად გამოსვლა დასჭირდა, რათა “ატლეტიკის” კონტრშეტევა შეეჩერებინა.
ბლაუგრანა გოლთან ძალიან ახლოს იყო, როდესაც ესპარტის ჩაწოდების შემდეგ რაფინიას თავური დარტყმა ძელს მოხვდა. ხუთი წუთის შემდეგ პედრიმ ბურთი ბადეში გაახვია, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. მიუხედავად ამისა, პედრიმ მატჩის პირველ გოლში გადამწყვეტი როლი მაინც ითამაშა: 37-ე წუთზე მის მიერ ხაზებს შორის გაკეთებული გადაცემა რაფინიამ მიიღო, სიმონს გვერდი აუარა და ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს, ბერნალის კარგი მოქმედების შემდეგ, სიმონმა ლამინ იამალს კიდევ ერთხელ აუღო და შესვენებაზე გუნდები 1-0 ანგარიშით გავიდნენ.
როდრის დებიუტი და ფერმინის წერტილი
მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა – “ბარსელონამ” შეტევაში აქტიურობა გააგრძელა. 53-ე წუთზე ლამინ იამალის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ორი წუთის შემდეგ გუნდური კომბინაცია ფერმინის დარტყმით დასრულდა, რომელიც სიმონმა მოიგერია. მეკარემ მალევე ესპარტსაც აუღო.
ლამინ იამალის ლამაზ მოქმედებას ჯარიმა მოჰყვა, რის შემდეგაც ფერმინმა დაარტყა, თუმცა ბურთი კარს აცდა. 62-ე წუთზე კი “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის ნანატრი მომენტი დადგა – დანი ოლმოსთან ერთად მოედანზე როდრი შემოვიდა და მისი დებიუტი შედგა.
72-ე წუთზე ლამინ იამალის გადაცემის შემდეგ გორდონმა დაარტყა, მაგრამ ააცილა. “ატლეტიკმა” აჩვენა, რომ თამაშში კვლავ რჩებოდა და სამ წუთში გოლთან ყველაზე ახლოს იყო, როდესაც საჯარიმოს გარედან სანსეტის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
“ბარსელონას” კიდევ ორმა ცვლილებამ შედეგი გამოიღო: შეტევის წამოწყებაში კუნდე ჩაერთო, რის შემდეგაც ადეიემიმ ჩააწოდა. ბურთი ლაპორტს მოხვდა, რითაც კართან ახლოს მყოფმა ფერმინმა ისარგებლა და 82-ე წუთზე ანგარიში 2-0 გახადა. 87-ე წუთზე ანგარიში შეიძლებოდა 3-0 გამხდარიყო, თუმცა სიმონმა ამჯერად ადეიემის აუღო.
საბოლოო ჯამში, ბლაუგრანამ დამაჯერებლად მოიგო, 3 ქულა აიღო და კუთვნილი ადგილი დაიბრუნა – ლა ლიგის სათავეში.
ისე მეორე გოლი ლაპორტის იყო, ფერმინის გარეშეც გადიოდა. სამაგიეროდ ასისტი ჩაიწერა.
მიგვანიშნა ჩვენთან უნდა დდდ