Sport: "ბარსელონა" ონანას სიტუაციას აკონტროლებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას გუნდის ბრაზილიელი მეკარის, ნეტუს, წასვლის შემთხვევაში სურს, სათადარიგო ვარიანტი ჰქონდეს. საუკეთესო კანდიდატი კი ანდრე ონანაა. იტყობინება Sport.
ნეტუს მომავალი, ჯერ-ჯერობით, გადაწყვეტილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, იგი, შესაძლოა, "ვალენსიაში" დაბრუნდეს.
ონანა, რომელიც დღეს "აიაქსის" წევრია, "ლა მასიას" აღზრდილია და საჯაროდაც განუცხადებია, რომ "ბარსელონაში" სიამოვნებით დაბრუნდებოდა. მისი მომავალი ნეტუზეა დამოკიდებული. კატალონიურ კლუბს არ სურს, ბრაზილიელის წასვლის შემთხვევაში, მაღალი დონის სათადარიგო მეკარის გარეშე დარჩეს. ამიტომაც, "ბარსელონა" ონანასთან კონტაქტს არ წყვეტს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ონანას უფლება აქვს, საინტერესო შეთავაზების შემთხვევაში, ამსტერდამული კლუბი თავისუფლად დატოვოს. მისი შეძენით, "ბლაუგრანას" გარდა, "პარი სენ-ჟერმენი" არის დაინტერესებული.
აგრეთვე, განიხილებოდა, "ბარსა B-ს" კარის დარაჯის, ინიაკი პენიას დაწინაურებაც, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მას სეგუნდა დივიზიონის რომელიმე კლუბში გაანათხოვრებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]