“ბარსელონასა” და უნგრული ფეხბურთის ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადავა და ისტორიაშიც ახალი ფურცელი ჩაიწერება. აქამდე “ბარსას” და “ფერენცვაროშს” მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში უთამაშიათ. ორივე კლუბი 1899 წელს დაარსდა. “ბარსაში” უნგრელები თამაშობდნენ მაშინ, როცა ამ ქვეყნის ფეხბურთი მწვერვალზე იყო, სწორედ უნგრეთის ნაკრები იყო პირველი ევროპული “დრიმ-თიმი”, ერთხმად აღიარებული მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები, რომელიც მუნდიალის ფინალში სენსაციურად დამარცხდა, მათ ჯგუფური ეტაპი ქარიშხალივით გაიარეს (1954 წლის მუნდიალზე ჯგუფში ორი თამაში იყო), კორეას 9:0 მოუგეს, ხოლო გერმანიის ნაკრებს 8:3, შემდეგ წინა მუნდიალის ფინალისტები, ბრაზილია და ურუგვაი დაამარცხეს ანგარიშით 4:2, ფინალში კი იმ ნაკრებთან წააგეს, რომელთაც ჯგუფში შანსი არ დაუტოვეს. გერმანიამ 3:2 მოიგო. ეს თამაში შეფასდა, როგორც გერმანელების შურისძიება წაგებული ომის გამო. მათ ევროპის პირველი “ოცნების გუნდი” ნამსხვრევებად აქციეს.
მას შემდეგ უნგრული ფეხბურთი ნელ-ნელა უკან წავიდა და შესაბამისად არც მათ ფეხბურთელებს უთამაშიათ მნიშვნელოვანი როლი ესპანურ გრანდებში.
ჩვენ კი თვალი გადავავლოთ “ბარსელონასა” და “ფერენცვაროშის” შეხვედრებს:
6 მატჩი “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ (5 ამხანაგური)
1923 წლის 3 მარტი “ბარსელონა” 2:0 “ფერენცვაროში” (ალკანტარა, გრასია)
იმავე წლის 4 მარტი “ბარსელონა 2:0 “ფერენცვაროში” (გრასია, მარტინესი)
“ბარსამ” ორივე შეხვედრა მარტივად მოიგო, იმდროინდელ პრესაში იწერებოდა, რომ ამის მიზეზი უნგრელი ვარსკვლავების არყოფნა იყო, ისინი ნაკრებში იყვნენ და იტალიის ნაკრებთან შეხვედრისთვის ემზადებოდნენ.
წესით და რიგით მესამე შეხვედრაც უნდა გამართულიყო, მაგრამ კალენდარულ მატჩს ემთხვეოდა, ამიტომ მატჩი აღარ შედგა. როგორც ხედავთ, იმ პერიოდში საფეხბურთო კალენდარი დიდად მოწესრიგებული არ ყოფილა.
1928 წლის 25 დეკემბერი “ბარსელონა” 4:0 “ფერენცვაროში” (კროსი 3, ბუჯი)
იმავე წლის 26 დეკემბერი “ბარსელონა” 3:3 “ფერენცვაროში” (პარერა 2, კროსი)
Mundo Deportivo წერდა, რომ შეხვედრებმა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, რადგან “ფერენცვაროში” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, ისინი უშანსოდ დამარცხდნენ, წაგება კი მგზავრობით გადაღლას დააბრალეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამხანაგური შეხვედრები მიყოლებით იმართებოდა, იმაზეც შეგვექმნება შთაბეჭდილება, თუ რა ტემპში თამაშობდნენ გუნდები.
1972 წლის 30 აგვისტო “ბარსელონა” 2:2 “ფერენცვაროში” (ბარიოსი, ხუანიტო)
დიდხნიანი პაუზის შემდეგ “ბარსა” კვლავ დაუპირისპირდა უნგრულ გრანდს, ამჯერად ამხანაგური შეხვედრა ჟოზეპ მარია ფუსტეს საპატივცემულოდ გაიმართა, რომელმაც 17 წლიანი კარიერა დაასრულა.
1977 წელი, იბერიის თასი, “ბარსელონა” 3:0 “ფერენცვაროში” (კლარესი, რეშაკი 2)
მატჩის შემდეგ უნგრელთა მწვრთნელი მსაჯით იყო უკმაყოფილო და ასევე კრიტიკას ვერ მალავდა რინუს მიხელსის დაცვითი და ხისტი ტაქტიკის გამო. ამ დროს გუნდში უკვე იყო იოჰან კრუიფი, რომელსაც საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ჰქონია. “ბარსამ” ლა ლიგა “ატლეტიკოსთან” დათმო, მაგრამ იბერიის თასი მოიპოვა.
მატჩები სხვა უნგრული კლუბების წინააღმდეგ
- პირველი უნგრული კლუბი, რომელიც “ბარსას” გაეჯიბრა, ბუდაპეშტის მტკ იყო, 1922 წელს. ეს შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა იმით, რომ უნგრელების მეკარემ, ფერენც პლატკომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, რის გამოც “ბარსამ” მაშინვე გაიფორმა სამორას შემცვლელად, დრომ აჩვენა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან პლატკო თითქმის ისეთივე ლეგენადად იქცა, როგორც რიკარდო სამორა.
- პირველი უნგრული კლუბი, რომელსაც “ბარსა” ოფიციალურად გაეჯიბრა “გიორი ეტო” იყო, მატჩი 1969 წელს შედგა, კატალონელებმა 5:2 მოიგეს. ამავე დროს ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა “ბარსა” უნგრეთში ჩავიდა.
- უკვე 30 წელია “ბარსას” უნგრელებთან არ უთამაშია, ბოლოს “ჰონვედთან” გაიმართა მატჩი, 1991 წელს და “ბარსამ” ფერერის გოლით 1:0 მოიგო.
უნგრელი ფეხბურთელები
მე-20 საუკუნის დასაწყისში “ბარსამ” უნგრელების მთავარი ვარსკვლავები დაიმატა. იმ დროს “ფერენცვაროში” და “ჰონვედი” ევროპის გრანდები იყვნენ. უნგრულ ფეხბურთს კი ოქროს ხანა ედგა, 1954 წლის ფინალი უკვე ვახსენეთ, 16 წლით ადრე უნგრეთმა დიდი დარტყმა მიიღო, ისინი მუნდიალის ფინალში გავიდნენ, მაგრამ იტალიასთან დამარცხდნენ, ეს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღიად გაყიდული თამაში იყო, იმ წელს სხვანაირად ვერც მოხდებოდა, ევროპაში ფაშისტები ბოგინობდნენ, მუსოლინი კი ჩემპიონატის მოგებას მთავარ პრიორიტეტად თვლიდა, მსოფლიო თასს ხუმრობით “დუჩეს თასიც” კი უწოდეს. ასე წააგო უნგერთმა პირველი ფინალი, თუმცა ოქროს ხანა გაგრძელდა და სანაკრებო “დრიმ თიმიც” ჩამოყალიბდა.
“ბარსას” უნგრელების მთავარი ვარსკვლავები ჰყავდა (პუშკაშის გამოკლებით) – პლატკო, კუბალა, კოჩიში და შიბორი. ისინი “ბარსელონას” ყველაზე დიდი ვარსკვლავები იყვნენ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში.
ფერენც პლატკო (1923-30)
ზემოთ უკვე ვახსენეთ, როგორ აღმოჩნდა “ბარსელონაში” და რამხელა კვალი დატოვა. ასევე დავამატებთ, რომ 1928 წელს ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც მისი კარიერის დასასრულის დაჩქარება განაპირობა. საფეხბურთო კარიერის შემდეგ, “ბარსაში” მწვრთნელის პოსტზეც დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ ერთი წლით. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი სამხრეთ აფრიკაში გაატარა, ხოლო 1983 წელს ჩილეში გარდაიცვალა, როგორც ამბობენ უკიდურეს სიღარიბეში.
ერნსტ ლოუვინგერი (1933-34)
მხოლოდ ერთი წელი დაჰყო გუნდში და ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. ალბათ ყველაზე წარუმატებელი უნგრელი იყო კლუბის ისტორიაში.
გიორგი ჟედერი (1934-35)
დაიბადა როგორც გიორგი ზიბერშტეინი, მაგრამ გვარის გადაკეთება მოუწია, რათა ებრაული წარმოშობა დაემალა და ფაშისტების კლანჭებს გაქცეოდა. ის მხოლოდ 19 წლის იყო, როცა გუნდში მოხვდა და ადაპტაცია ვერ გაიარა, მხოლოდ ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გიორგის ტრაგიკული ბედი ხვდა წილად. უნგრეთში დაბრუნდა და ფაშისტებმა სიკვდილით დასაჯეს, წინა დღით კი ჰიტლერის თვითმკვლელობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
ელემერ ბერკესიე (1934-1936)
საფრანგეთიდან გადმოვიდა, თუმცა ორ წელიწადში უკან დაბრუნდა. ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელმაც ინგლისში იმუშავა, ელემერმა “გრიმსბი თაუნი” ჩაიბარა.
ლადისლაო “ლასლო” კუბალა (როგორც ფეხბურთელი 1951-61. მწვრთნელი 1961-63, 1980)
ქომაგთა კერპი! ლასლო ბუდაპეშტში დაიბადა, მაგრამ წარმოშობით სლოვაკი იყო. მძიმე ბავშვობა ჰქონდა, როგორც ყველა უნგრელ ფეხბურთელს. ესპანეთში ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა, საზღვრის გადაკვეთისას სატვირთო მანქანის საბარგულში იმალებოდა. FIFA-სგან ერთ წლიანი ბანი ჰქონდა, რის გამოც თამაშის დაწყება დაუგვიანდა, მაგრამ როცა დაიწყო, მისი გაჩერება ვერავინ შეძლო.
მთლიანად სიმართლეს არ შეესაბამება, რომ “კამპ ნოუ” მის გამო ააშენეს. არსებობდა ლეგენდა, რომ მის სანახავად მისული მაყურებელი სტადიონზე ვერ ეტეოდა და ამიტომ გახდა გაცილებით დიდი სტადიონის აშენება საჭირო. აი ის კი სიმართლეა, რომ 1999 წლის გამოკითხვით, “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თვით იოჰან კრუიფსაც კი გაუსწრო. ამით ყველაფერი ნათქვამია. მისი ძეგლი “კამპ ნოუს” მისადგომებთან არის აღმართული.
ლასლომ “ბარსას” 4 ლა ლიგა მოაგებინა. თუმცა, არასდროს ყოფილა უნგრული “დრიმ თიმის” ნაწილი. მან მოქალაქეობა შეიცვალა და ესპანეთის სახელით გამოდიოდა. მოგვიანებით იგივე გააკეთა ფერენც პუშკაშმა და მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის ნაკრებში 85 შეხვედრაში 84 გოლი გაიტანა, ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული 3 შეხვედრა არ შეარჩინეს და ქვეყანაში ჩასვლისთანავე მოღალატის იარლიყი მიაკრეს.
იშვან ნიერში (1956-57)
ნიერში უნგრეთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ის უფრო იტალიური ფეხბურთის ლეგენდა გახდა, ვიდრე “ბარსელონას” და ესპანეთის. მან “ინტერის” შემადგენლობაში 133 გოლი გაიტანა და 32 წლის ასაკში გადაბარგდა “ბარსაში”, კარიერის მიწურულს განსაკუთრებული ფეხბურთი ვერ აჩვენა.
ლაზლო კაზასი (1957-59)
17 წლის უნგრელმა კლუბში თავი ვერ დაიმკვიდრა და მადრიდის “რეალში” გადავიდა. შემდეგ სხვა კლუბებსაც მიაშურა და ბევრი იმოგზაურა.
შანდორ კოჩიში (1958-65)
კიდევ ერთი ლეგენდა! უკვე ნახსენები 1954 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი, სწორედ მან გადაურბინა ყველა შემხვედრ გუნდს და პუშკაშთან ერთად კუბალაც რომ ჰყოლოდა ნაკრებში, მუნდიალს ულაპარაკოდ მოიგებდა, მაგრამ იმ დროინდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ ყველაფერი შეცვალა. კოჩიში კუბალამ დაითანხმა “ბარსაში” გადასასვლელად და შეუჩერებელი დუეტიც შექმნეს.
ზოლტან ზიბორი (1958-61)
მისი ისტორია ძალიან ჰგავს კოჩიშის ისტორიას. მანაც გაიბრწყინა მუნდიალზე და ასევე უარი თქვა ქვეყანაში დაბრუნებაზე. “ბარსელონაში” საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი.
ტიბორ სზალაი (1961-63)
სზალაი არ ყოფილა წარმატებული, ის “სევილიადან” გადმობარგდა და მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. შემდეგ კი ამერიკას შეაფარა თავი.
უნგრელი მწვრთნელები
“ბარსას” სამი უნგრელი წვრთნიდა:
- ჟესზა პოჟონი (1923-24)
- ფერენც პლატკო (1934-35)
- ლასლო კუბალა (1962-63, 1980)
აკადემია
2019 წელს ბუდაპეშტი გახდა მეოთხე ქალაქი კონტინენტურ ევროპაში, სადაც “ბარსამ” თავის აკადემია გახსნა. აკადემიაში 4-დან 14 წლამდე ფეხბურთელებს შეუძლიათ ვარჯიში.


საინტერესო სტატია იყო