სესკ ფაბრეგასს მისი ამჟამინდელი კლუბისგან აკრძალული აქვს მისი სამომავლო კარიერის საჯარდო განხილვა, მაგრამ როდესაც შენი სამშობლო გეძახის, ძნელია თავი შეიკავო…
ფაბრეგასი რამდენიმე დღიანი შვებულების შემდეგ შტატებიდან ლონდონში დაბრუნდა. როგორც ჩანს, კატალონიელს არ განელებია “ბარსელონაში” თამაშის სურვილი. ამის დასტური კი “თვითერის” გვერდზე დადებული სურათი გახლავთ. ფოტოზე აღბეჭდილ მანქანაზე შემდეგი წარწერაა: “საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა”. ფაბრეგასმა კომენტარიც გააკეთა სურათთან დაკავშირებით: “ეს ერთ-ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა და მივხვდი, მინდა და მჯერა, რომ ჩემი მომავალი სწორედ ამ გზით განვითარდება.”
სესკმა ასევე ახსნა მიზეზი იმისა, თუ რატომ დადო ეს სურათი დილით, ძალიან ადრე. მან ბევრჯერ ახსენა, რომ ამერიკიდას დაბრუნების შემდეგ, ძალიან უჭირს ლონდონის დროზე გადასვლა: “მე დილით ადრე ავდექი, რადგან მე ჯერ კიდევ ამერიკის დროით ვცხოვრობ. ბოლო დროს უბრალოდ ვერ ვუწყობ ლონდონის ტემპს.”
მხოლოდ სესკმა იცის რას ნიშნავს მისი კომენტარი და სურათი, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს მისი ოცნების კლუბთანაა დაკავშირებული. ეს კლუბი კი შესაძლოა “არსენალია”, ან საოცნებო “ბარსელონა”. ბოლო დროს ფაბრეს ტრანსფერის განხორციელებით “მილანია” დაინტერესებული. არაა გამორიცხული, სესკი იტალიურ კლუბსაც გულისხმობდეს… მაგრამ სურათიდან კარგად ჩანს, რომ იგი საკუთარ მომავალს საუკეთესოს უკავშირებს. ამის შემდეგ უკვე თქვენ გამოიცანით, რომელი კლუბი უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს კატალონიელს: “არსენალი”, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ ცდილობს რომელიმე ტიტულის მოგებას, “მილანი”, რომელმაც მხოლოდ წელს მოახერხა “სკუდეტოს” დაპატრონება, თუ “ბარსელონა”, კლუბი, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 11 ტიტული დაისაკუთრა.
