ხრისტო სტოიჩკოვი “ბარსელონას” იმ ლეგენდების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც “ბლაუგრანას” ხასიათს ყველაზე მეტად ჰგვანან. გუშინ, ბულგარულ-კატალონიური ჯადოსნური პერიოდის დაწყებიდან ზუსტად 30 წელი გავიდა. 1990 წლის 3 მაისს, ხრისტო სტოიჩკოვი “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, სტოიჩკოვმა მონაწილეობა “ბარსელონას” პროექტ In My Own Words-ში მიიღო და ძალიან საინტერესო და ემოციური ბლოგპოსტიც შემოგვთავაზა.
“ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 3 მაისს, “ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელი მოვაწერე და პლანეტაზე უბედნიერეს ადამიანად ვიქეცი. თუმცა, მოდით, დავიწყოთ თავიდან…
“ბარსელონაში” ჩემი ტრანსფერი ერთი წლის, ან კიდევ უფრო დიდი ხნით ადრე დაიწყო. 1989 წლის აპრილში, ჩემი მაშინდელი გუნდი, სოფიის ცსკა, ევროპის თასების მფლობელთა თასის გათმაშების 1/2-ფინალში, “ბარსელონას” შეხვდა. გამიმართლა, რომ ორრაუნდიან დაპირისპირებაში 3 გოლი გავიტანე – 2 “კამპ ნოუზე” და ერთიც ბულგარეთში. თუმცა, ფინალში მაინც “ბარსელონა” გავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამმა გოლმა ჩემს კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა.
ყველაზე მოხერხებული გამოდგა ხოსეპ მარია მინგელია, აგენტი, რომელმაც, “ბარსელონას” იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტთან, პაკო ვენტურასთან ერთად, კატალონიურ კლუბში ჩემი ტრანსფერი უზრუნველყო. “ბარსელონასთან” ჩატარებული შეხვედრისა და ჩემი პროგრესის ნახვის შემდეგ, ორივე მათგანმა რეკომენდაცია იოჰან კრუიფთან გამიწია, რომელმაც ჩემს ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.
რამდენიმე თვე გაურკვევლობა იყო. 1989 წლის ბოლოს, ხელი წინასწარ კონტრაქტს მოვაწერე… მაგრამ ეს არც ცოლისთვის მითქვამს და არც მშობლებისთვის! არ მინდოდა, რამე გაფუჭებულიყო. ასე რომ, 1990 წლის მაისამდე, სანამ ყველაფერი არ გაოფიციალურდა, დუმილს ვინარჩუნებდი. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ?..
იყო ინტერესი სხვა გუნდებისგან? არ მოვიტყუები: რამდენიმესგან იყო. იმ სეზონში, 1989/90 წლებში, “ოქროს ბუცი” მოვიგე. ჯილდო უგო სანჩესთან გავიყავი. გამოჩნდნენ გუნდები, რომლებმაც ჩემი დამატების სურვილი გამოთქვეს. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მანამდე დაინტერესდნენ. რომელი გუნდები? მხოლოდ პირველს დავასახელებ: “პანათინაიკოსი” – 80-იანი წლების ბოლოს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდი. ბერძნები დიდ ფულს მთავაზობდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, 20 წლის, და ვიფიქრე, რომ ბულგარეთში კიდევ ერთი წლის გატარება უკეთესი იქნებოდა და მეტს ვისწავლიდი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცსკა არმიის გუნდი იყო, სადაც დისციპლინას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ გუნდს რამდენიმე დიდებული ფეხბურთელი ჰყავდა: ივანოვი, პენევი, კოსტადინოვი…
“ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, ადაპტაცია სწრაფად გავიარე. მინგელიასა და მისი ხალხისგან არაერთი რჩევა მივიღე. მათთან ერთად, პომპეიას ჩოგბურთის კლუბში ხშირად დავდიოდი და ჩოგბურთის გარდა, სპორტის სხვა სახეობებსაც ვთამაშობდი. საცურაოდაც დავდიოდით და ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი.
რა შეიძლება ითქვას საკვებზე! თეთრი ლობიო, ბოტიფარა (კატალონიური სოსისი), პაეია, ბრინჯი, პური საწებლით… ყველა ეს ადგილობრივი კერძი მიყვარდა, რადგან ისინი ბულგარულ კერძებს ჰგავდა.
“ბარსელონაში” ჩემი პირველი პერიოდის დროს, როდესაც დასვენება მქონდა, კატალონიაში ვმოგზაურობდი. ავტომობილში ვჯდებოდი და პატარა სოფლებში დავდიოდი. მახსოვს, ჩემი პირველი ასეთი მოგზაურობის დროს, კალონგესა და გიმერას სანაპიროს ვესტუმრე. ეს პატარა სოფლებია ლეიდასთან ახლოს. ჩემ მიმართ ყველა სითბოს გამოხატავდა. ეს სასწაული იყო! ამ ყველაფრის მონაწილედ თავი თავიდანვე ვიგრძენი. ხალხი ქუჩაში დღემდე მაჩერებს და მადლობას მიხდის. არა მხოლოდ კატალონიაში, არამედ, მაგალითად, მალაგაში, სალამანკაში, მალიორკასა და ლეონში.
სწორედ ამიტომ, როდესაც შანსი მეძლევა, ყოველთვის ვცდილობ ეს სიამოვნება დავიბრუნო. მაგალითად, 1997 წელს, ესპანეთის თასის მოგების შემდეგ, პლასა სან ჟაუმეზე, ხენერალიტეტის პრეზიდენტ ჟორდი პუჟოლთან და “ბარსელონას” პრეზიდენტ ხოსეპ ლუის ნუნიესთან ერთად, ვხტუნაობდი და ვზეიმობდი. ეს განსაკუთრებული სანახაობა იყო, რომელიც ხალხს დღესაც ახოსვს. ძალიან ბედნიერი დრო იყო. ვცდილობდი, ხალხისთვის იმ სითბოზე მეპასუხა, რომელსაც ისინი ჩემს მიმართ წლების განმავლობაში გამოხატავდნენ.

იმავე მიზეზით, როდესაც რამდენიმე წლის წინ, 1994 წელს, “ოქროს ბურთი” მოვიგე, მინდოდა, თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ამ წარმატებაში დამეხმარნენ, ჯილდოს ასლი გამეკეთებინა. 4 ასლი შევუკვეთე: ერთი “ბარსელონას” (ამჟამად კლუბის მუზეუმშია), ერთი სოფიის ცსკა-ს, ერთი პრეზიდენტ პუჟოლსა და ერთიც ბულგარეთის პრეზიდენტ ჟელიუ ჟელევს. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ უკანასკენლი ორი მათგანი კატალონიელი და ბულგარელი ხალხის ხელმძღვანელები იყვნენ და ჩემთვის, სავსებით ნორმალურია, რომ მათთვის მადლობა გადამეხადა იმის გამო, რასაც ამ ორი ხალხისგან ვგრძნობდი.
კიდევ ერთ ადამიანი, რომლის წინაშეც თავს დავალებულად ვგრძნობდი, იოჰან კრუიფია. უპირველესად იმისათვის, რომ ის მენდობოდა და მაქებდა. როგორც კი ბარსელონაში ჩავედი, მან მითხრა: “შენთან იქამდე ვიმუშავებ, სანამ “ოქროს ბურთს” არ მოიგებ. იმ დროს, უცოდინარი ბავშვი ვიყავი და კრუიფის ეს სიტყვები, ჩემთვის, ძალიან ბევრს ნიშნავდა. მოგვიანებით, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ის იყენებდა სიტყვებს, რომლებიც მაღიზიანებდა და მოგების სურვილს მიმძაფრებდა. იოჰანი დიდებული მოტივატორი იყო. მან, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ბევრი გააკეთა, რის გამოც, სამუდამოდ მადლობელი ვიქნები.
მოედანზე კი ყველაფერი მარტივად არ იყო. ბურთთან ახალ მოპყრობას უნდა შევჩვეოდი. რთული იყო, ბურთს არ გავკიდებოდი. საბოლოოდ, როდესაც გუნდის თამაშის ფილოსოფიას ჩავწვდი, ყველაფერი კარგად ამუშავდა. გასახდელში არსებული შესანიშნავი გარემო ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მახსოვს ის დღე, როდესაც ბოსი, კრუიფი, გუნდს ბილბაოში ვერ გამოგვყვა, რადგან მას გულზე ოპერაცია ახალი ჩატარებული ჰქონდა. ფეხბურთელებს გამარჯვების მისთვის მიძღვნა გვინდოდა და “სან მამესზე” 6-0 მოვიგეთ. იმ დღეს, ჩემს “ბარსელონურ” კარიერაში გამოჩეული გოლები გავიტანე (სტოიჩკოვმა, იმ მატჩში, 4 გოლი გაიტანა).
როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი შესანიშნავი ადამიანი და თანაგუნდელები იყვნენ. ამის წყალობით, მოედანზე ერთმანეთს ძალიან მარტივად ვუგებდით. ახლა, 3 დეკადის შემდეგაც კი, ერთმანეთს დაბადების დღეებს ვულოცავთ და მეგობრობას ვინარჩუნებთ.
ვინ იყო გუნდის ლიდერი?
რა თქმა უნდა, კრუიფი მთელი პროექტის ლიდერი იყო, მაგრამ ჩემი მისვლის დროს, გასახდელში ლიდერი ხოსე რამონ ალეშანკო იყო. დიდებული კაპიტანი. მის შემდეგ მოდიოდნენ ბაკერო, სუბისარეტა, კუმანი… ყველა მათგანი გამოცდილი იყო და მათ უსმენდნენ. იყვნენ სხვა ლიდერებიც: ჩიკი ბეგირისტაინი სიცილის ლიდერი იყო, ეუსებიო – დაგვიანების ლიდერი, ხულიო სალინასი – სანაძლეოს წაგების ლიდერი, ლაუდრუპი – ღვინის დეგუსტაციის ლიდერი… მახსოვს, ყოველი ღვინის გასინჯვის შემდეგ, ის ოფიციანტს ეუბნებოდა: “ეს არ ვარგა, სხვა მოგვიტანე.”
იყვნენ სხვებიც: გოიკოეჩეა სალათის, სატაცურისა და წითელი წიწაკის მომარაგების ლიდერი იყო, ნადალს sobrassada ensaïmades (მალიორკული ტკბილეული) მოტანა ევალებოდა, ხოლო ახალგაზრდა ფეხბურთელებს – პურისა და საწებლის. არასდროს არაფერი გვაკლდა.
ყველა მათგანი მეხმარებოდა და არა მხოლოდ ისინი.
მაგალითად, მახსოვს, “ელ კლასიკოში” მსაჯისთვის ფეხზე დაბიჯების შემდეგ, მთელი გუნდი მამშვიდებდა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, კრუიფმა და რეშაკმა კი მითხრეს, რომ დავმშვიდებულიყავი. ყოველთვის ხასიათის ადამიანი ვიყავი და ამაზე მუშაობა იყო საჭირო. მე ჩემი ინდივიდუალურობით ვამაყობ. ამას ვერ შეიძენ, ის ან გაქვს, ან არა.
იმ ინციდენტის შემდეგ, ვისწავლე, როგორ უნდა მეთამაშა უფრო მშვიდად. კრუიფი ყოველთვის მეუბნებოდა: “არ გააკეთო, არ გააკეთო.” ამდენი წლის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ იმ მსაჯთან, ურისარ ასპიტარტესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ის ბულგარეთში იყო და მეც მინდა მას ბილბაოში ვეწვიო. ბოლოს და ბოლოს, ისიც ჩემი საფეხბურთო კარიერის ნაწილია.
“ბარსელონაში” წარმატების მიღწევაში ბევრი ადამიანი დამეხმარა. კრუიფის, რეშაკისა და ბრუინს სლოტის გარდა, ასევე იყვნენ დელეგატები კარლეს ნავალი (რომელიც ახლაც გუნდის დელეგატია) და როდოლფო პერისი, ფიტნესის მწვრთნელები ანხელ ვილდა და ჟოან მალგოსა, მასაჟისტები ანხელ მური და ხაუმე ლანგა, ექიმები კარლეს ბესტიტი, ჟოზეპ ბორელი და ფერნანდო ბონიასი, ყველაზე მეტად კი ფიზმომზადების მწვრთნელები, ფერან არნედო და სალვა ელინი. მათ გარდა, კიდევ ბევრი ადამიანი იყო.
ასევე უნდა აღვნიშნო ჟოზეპ ლუის ნუნიესი და მისი მეუღლე, რომლებმაც “პარმადან” “ბარსელონაში” ჩემს დაბრუნებაში საკვანძო როლი ითამაშეს. ეჭვგარეშეა, რომ 1996 წელს “ბარსელონადან” წასვლა ჩემს კარიერაში მიღებული ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება იყო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს და მხოლოდ ერთი რამის შეცვლა შემეძლოს, ამას შევცვლიდი. საბედნიეროდ, ერთი წლის შემდეგ, დავბრუნდი. არ მინდა, დავივიწყო ჟოან გასპარი, ანტონ პარერა, ნიკოლაუ კასაუსი, ამადორ ბერნაბეუ და უკვე ნახსენები ჟოზეპ მარია მინგელია და პაკო ვენტურა, რომლებიც, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ.

ყველასი მადლობელი ვარ და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებისაც. იყო შემთხვევები, როდესაც ვაფუჭებდი მომენტებს, რომელთა გამოუყენებლობაც არ შეიძლებოდა, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ, “კამპ ნოუ” ფეხზე იდგა და მამხნევებდა. არა მხოლოდ მე, მთელს გუნდს. მათ გარეშე, ასეთი წლების გატარება შეუძლებელი იქნებოდა.
მაიამიდან, ასეთ რთულ პერიოდში, საუკეთესო სურვილებს გიგზავნით.
Visca el Barça! ¡100%!
ბრავოო,მაგარი სიახლეა.
მე წავიკითხე თავიდან ბოლომდე სღ ავტორს
კი 🙂
არ ვიცი ჩემ გარდა ვინმემ თუ წაიკითხა ბოლომდე.