“ბარსელონას” პრეზიდენტობა ქალაქის ყველა ბიზნესმენის ოცნებაა, მაგრამ დრო და დრო ეს მოვალეობა, საწამლავით სავსე ჭურჭელს ემსგავსება.
ჟოზეპ მარია ბართომეუს საპრეზიდენტო ცხოვრება, სკანდალებით არის დახუნძლული. მომავალ არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ბართომეუს ძალიან გაუჭირდება, რომ კლუბის ისტორიაში შევიდეს, როგორც წარმატებული პრეზიდენტი.
ის, ჯერჯერობით, ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ლიონელ მესისთან ღია კონფლიქტი აქვს. ამას ემატება გათავისუფლებული დირექტორები და ფინანსური კრიზისი.
ბართომეუ ასევე ფიგურირებდა “ნეიმარის საქმეში”, სადაც ფინანსური დარღვევა გამოვლინდა. მართალია ბართომეუ, როსელთან ერთად, მუდმივად თავს იმართლებდა, მაგრამ კლუბს ამ დარღვევისთვის სოლიდური ჯარიმის გადახდა მაინც მოუწია.
სანდრო როსელი: 21 თვე ციხეში
2017 წელს, სანდრო როსელს ბრალი წარუდგინეს. ის შემჩნეული იყო ფულის გათეთრებაში და მონაწილეობდა სატელევიზიო ტრანსლაციების უკანანო გაყიდვაში. ასევე დარღვევები აღმოჩნდა კონტრაქტში, რომელიც “ნაიკთან” გაფორმდა.
ციხეში გატარებული 21 თვის შემდეგ, სანდრო როსელი, ესპანეთის ნაციონალურმა სასამართლომ გაამართლა.
“ციხეში იმიტომ მოვხვდი, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტი ვიყავი.” – აღნიშნა გათავისუფლების შემდეგ.
ლაპორტა: ტიტულები და უზბეკეთი
ლაპორტას პერიოდი, “ბარსელონას” ისტორიაში, ოქროს ასოებით არის შესული. კლუბმა, ნუნიესის 22-წლიანი ერის შემდეგ ყველაზე მეტ ტიტულს თავი სწორედ მის ხელში მოუყარა. თუმცა, ბიუროკრატიული პრობლემები მასაც შეექმნა.
აღსანიშნავია, რომ კანონი არ დარღვეულა. ლაპორტამ თავად აღიარა, რომ მისი იურიდიული ფირმა, უზბეკი მაგნატისგან, კონსულტაციის სანაცვლოდ, 10 მილიონს იღებდა.
ნუნიესი: ციხე, “ბარსელონას” შემდეგ
ნუნიესის პერიოდი “ბარსელონაში” ძალიან მრავალფეროვანი გამოდგა. ბრალდება მხოლოდ მას შემდეგ წაუყენეს, რაც კლუბის პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
მის მრავალფეროვან საპრეზიდენტო კარიერაში, აღსანიშნავია 1981 წლის შემთხვევა, როცა “ბარსას” თავდამსხმელი, ქუინი, მოიტაცეს და რაღაც ხანი სარდაფში ამყოფეს.
2011 წელს, ნუნიესს 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალი დასდეს საგადასახადო ინსპექტორების მოსყიდვაში, რათა მისივე კომპანიის ინტერესები დაეცვა. ეს მოვლენა კი ბრალის წარდგენამდე გაცილებით ადრე მოხდა, მაშინ, როცა ნუნიესი “ბარსას” პრეზიდენტი იყო.
ამ ოთხიდან მაინც ლაპორტაა ყველაზე სუფთა.