თანამედროვე სამყაროში, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ფეხბურთის რომელიმე ვარსკვლავს ბოროტმოქმედები გაიტაცებენ. გუნდების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და შესაბამისი პირები ფეხბურთლებს ისე უფრთხილდებიან, რომ ძნელია იმის თქმა, რეალურ სამყაროში ცხოვრობენ ისინი, თუ არა.
თუმცა, 70-იან და 80-იან წლებში, “ბარსელონასა” და “რეალის” ვარსკვლავებიც კი, თამაშების შემდეგ გულშემატკივრებს ხვდებოდნენ, მათთან საუბრობდნენ, იღებდნენ სურათებს და არიგებდნენ ავტოგრაფებს. ქვეყნის 2 წამყვანი გუნდის ფეხბურთელებიც კი უბრალოდ ხალხთან ახლოს იყვნენ. მეორეს მხრივ, ამ მოთამაშეების მიერ გამომუშავებული ნებისმიერი პესეტა და გაწეული სამუშაო დეტალურად ფასდებოდა.
ენრიკე კასტრო გონსალესი, იგივე “კინი”, თავისი ეპოქის ბომბარდირი იყო. მის შესაძლებლობებს თანაგუნდელებიც აღიარებდნენ და მეტოქეებიც. ესპანეთში, მას აღმერთებდნენ. თუმცა, ფეხბურთელი საკუთარ თავს, მიღწევების მიუხედავად, საზოგადოებისგან დისტანცირების უფლებას არ აძლევდა.
ის 1949 წლის 23 სექტემბერს, ასტურიაში, ქალაქ ოვიედოში, მარია ელენა გონსალეს გარსიასა და ენრიკე კასტროს ოჯახში დაიბადა. კინის ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა, მაგრამ მისმა მამამ მაინც გადაწყვიტა მიეღო შეთავაზება და გადასახლებულიყო კომპანია “ენსიდესთან” ახლოს, რომელიც ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ლენარესიდან 35 კილომეტრის დაშორებით იყო.

ეს ზონა, რომელიც ცნობილია, როგორც “ელ-პობლადო”, აშენდა იმისათვის, რომ 8000 ადამიანი დასახლებულიყო. თითქმის ყველა მათგანი ხსენებული კომპანიის თანამშრომელი იყო. დასახლებული პუნქტი ქარხნის პირდაპირ აშენდა. ქარხნიდან, ყოველ დღე, მომწამლავი კვამლი ამოდიოდა, რომელიც ქალაქს ფარავდა. დასახლების მშენებლობის დროს, მუშებმა უძველესი დროის მონეტები და ნეოლითის ხანის ნაჯახები აღმოაჩინეს.
კინიმ ახალი გამოწვევა მიიღო და მშობლიური მხარე დატოვა, თუმცა, ბავშვობის მეგობრებთან განშორება რთული გამოდგა. ეს მისი ძლიერი პიროვნული თვისებების პირველი გამოვლინება იყო. ეს თვისებები მას საშუალებას აძლევდა რთულ სიტუაციებშიც დარჩენილიყო ისეთივე ადამიანად, როგორიც ადრე იყო. ფეხბურთელის ცხოვრებაში შექმნილი პრობლემები ნებისმიერ სხვა ადამიანს გასტეხდა.
კინის მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ახალ საცხოვრებელ ადგილთან მათი შვილის ადაპტაცია უმტკივნეულოდ წარმართულიყო. როგორც ჩანს, მათ ეს მოახერხეს.
ფეხბურთის სიყვარული შვილს მამისგან გადაეცა. კინი მუდმივად ცდილობდა სახლიდან გასულიყო და მეზობლებთან, მეგობრებთან და თანაკლასელებთან ერთად ფეხბურთი გვიანობამდე ეთამაშა.
ასაკის მატებასთან ერთად, კინის ყუმბარისებული დარტყმა განუვითარდა. მან თამაში უფროსი ასაკის ბიჭებთან ერთად დაიწყო. მოედანზე შემთხვევითმა შეჯახებებმა კინის საფეხბურთო სამყარო სხვა მხრიდან დაანახა და მასში ჩაითრია. ამ პრობლემებთან გამკლავება მას ყოველდღიურად უწევდა – ეზოში, თუ პირველ ახალგაზრდულ გუნდში, “ბოსტო ენსიდენსაში”.
კინის ფეხბურთის ყველა ასპექტი უყვარდა და პროფესიონალურ დებიუტამდე მან დაცვაში თამაშის თვისებებიც შეიძინა.
კინი სწავლას “დეპორტივო ენსიდესაშიც” განაგრძობდა. ადრე, ამ გუნდს “დეპორტივო ლენარესი” ერქვა. მოგვიანებით, კლუბი კინის მამის კომპანიამ შეიძინა. ეს კინის ამ გუნდში დაგასვლამდე და დებიუტამდე, ანუ 1967 წლამდე 2 წლით ადრე მოხდა. მას შემდეგ, ეს გუნდი ქარხანას წარმოადგენდა ესპანეთის მე-3 დივიზიონის ჩრდილოეთ ზონაში.

კომპანია “ენსიდენსა” ინდუსტრიულ ქალაქ ავილიესის მცხოვრებლებს ბევრ სამუშაო ადგილს სთავაზობდა. ამ რეგიონის კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბი “რეალ ავილიესი” იყო, მაგრამ ამ გუნდის დაღმასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც “დეპორტივო ენსიდენსა”, ისტორიაში პირველად, სეგუნდა დივიზიონში გადავიდა. “რეალ ავილიესი” დღესაც არსებობს, მაგრამ კვლავ გადარჩენისთვის იბრძვის.
კინიმ, “დეპორტივო ენსიდენსას” შემადგენლობაში ჩატარებულ 22 მატჩში 17 გოლი გაიტანა, რის გამოც მან სხვა გუნდების ყურადღება მიიქცია. მამამისი ხვდებოდა, რომ მისი შვილი განსაკუთრებული იყო, მაგრამ დამყარებულმა იმედებმა გამართლება მხოლოდ 1967/68 წლების სეზონში დაიწყო.
ნიჭიერი ფეხბურთელის დამატებით ხიხონის “სპორტინგი” დაინტერესდა და კლუბებმა შეთანხმებას ადვილად მიაღწიეს.
კინი სადებიუტო მატჩში არ ნერვიულობდა. თავისი თვისებებით და საგოლე ალღოთი ფეხბურთლმა სეგუნდას მცველებიც კი გააკვირვა. სეზონის ბოლოს, მის ანგარიშზე 15 გოლი იყო. მან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და დაამტკიცა, რომ ერთი სეზონის ფეხბურთელი არ იყო. პრიმერაში დაბრუნებისკენ მიმავალ გზაზე “სპორტინგს” ვეღარაფერი შეაჩერებდა.
კინი გამოირჩეოდა სწრაფი ფეხებით, ძალით, მე-2 სართულზე წარმატებული თამაშითა და საგოლე ალღოთი. ამ თვისებების ერთობლიობა ნებისმიერი მეტოქისთვის კოშმარი იყო. ხიხონის “სპორტინგში” გატარებული 15 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ “კინიგოლმა” 10 გოლზე ნაკლები გაიტანა.

ფეხბურთელის პროგრესს თვალს “ბარსელონა” ადევნებდა. კატალონიელებს 421 თამაშში 243 გოლის გამტანი ფეხბურთელის დამატების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ.
“ბარსამ” მიზანს მაინც მიაღწია. ეს 1980 წელს მოხდა, როდესაც კინი უკვე 31 წლის იყო, მაგრამ მისმა ღირებულებამ მაინც 82 მილიონი პესეტი შეადგინა. ყველა ესპანური გამოცემა წერდა, რომ კატალონიელებმა ფული წყალში გადაყარეს. თუმცა, “ბარსელონაში” გატარებული პირველი 2 წლის განმავლობაში კინიმ “პიჩიჩის” ჯილდო მოიგო, ანუ ის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და “ბარსელონამ” დაამტკიცა, რომ ამ ფეხბურთელში არ შემცდარა.
სწორედ ამ დროს დადგა კინის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პერიოდი. 1981 წლის 1 მარტი მის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო. იმ დღეს, “ბარსელონამ” “ერკულესი” 6:0 გაანადგურა, კინიმ კი თავი 2 გოლით გამოიჩინა. თამაშის შემდეგ, ფეხბურთელმა სტადიონი დატოვა და მეუღლესთან, მარია ნიევესთან ერთად, ის აეროპორტისკენ გაეშურა.
კინიმ დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია – ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს “კატალონიურ-ესპანურ ბატალიონს” უწოდებდა, ფეხბურთელი იარაღის მუქარით გაიტაცა. მისი მეუღლე, რომელმაც კინის გატაცების შესახებ პოლიციაში განაცხადა, ძალიან შეშინებული იყო, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, მომდევნო დღე კიდევ უფრო უარესი იქნებოდა.
ოჯახის წევრებმა დაძინება ვერ მოახერხეს. ისინი სიახლეს ელოდნენ. სიახლე კი La Vanguardia-ს რედაქციაში დაფიქსირდა – გამტაცებლები კონტაქტზე გამოვიდნენ. 8 მარტს, “ბარსელონას” მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, კინის გატაცების მიზეზი კი ის იყო, რომ მას ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიეღო. “სეპარატისტებმა ესპანეთის ჩემპიონატი ვერ უნდა მოიგონ” – აცხადებდნენ გამტაცებლები.
იმ დროს, კატალონიური კლუბი მე-2 ადგილზე იყო და ლიდერ “ატლეტიკოს” 2 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ მოახლოებული დაპირისპირების ფავორიტი სწორედ “ბარსა” იყო. კინის არყოფნა გადამწყვეტი ფაქტორი იყო, რაც წინასამატჩო სიტუაციას რადიკალურად ცვლიდა. თუმცა, ფეხბურთელის გატაცების გამო, თავად საფეხბურთო მატჩის აქტიუალობამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ბერნდ შუსტერი ერთ-ერთ იმათგანი იყო, რომელიც აცხადებდა, რომ საკუთარ თავში თამაშის ძალას ვერ პოულობდა. თანაგუნდელები მის აზრს იზიარებდნენ. ესპანური ფეხბურთი შოკში იყო. მსგავსი რამ მანამდე არასდროს მომხდარა. სამწუხაროდ, ეს მოხდა და კონსპირაციული თეორიების შემუშავებაც დაიწყო.

იმ დროს შექმნილი არაერთგვაროვანი პოლიტიკური ვითარება ფეხბურთელის გათავისუფლებას ართულებდა. გატაცებიდან 3 დღის შემდეგ, კინის მეუღლე მარიამ ტელეფონის ყურმილი აიღო და გამტაცებლების მოთხოვნა მოისმინა. ზარი საღამოს 11 საათსა და 30 წუთზე განხორიელდა. მარიას გამტაცებლების სურვილს დამორჩილება არ სურდა.
ადგილობრივი პოლიცია დარწმუნებული არ იყო, რომ ნამდვილად გამტაცებლები რეკავდნენ და დროს ზარის ავტორების ვინაობის დადგენაში ხარჯავდა. ასეთი ზარი ყოველდღე ხორციელდებოდა, ხოლო პრესაში გასავრცელებელი ინფორმაცია პოლციასთან თანხმდებოდა.
“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსე ლუის ნუნიესი და კინის თანაგუნდელები ალესანკო და სეგურა მარიასა და ბავშვებს ყურადღებას აქცევდნენ და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. “ატლეტიკოსთან” თამაშისთვის მზადებაზე არავინ ფიქრობდა.
“ბარსელონას” ფეხბურთელებმა, რომლებმაც თანაგუნდელის გათავისუფლების იმედი დაკარგეს, “ვისენტე კალდერონზე” 0:1 წააგეს. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, დაფიქსირებული ანგარიში მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.
პრეზიდენტ ნუნიესსა და მთავარ მწვრთნელს, ლეგენდარულ ელენიო ერერას მარცხში ადანაშაულებნენ. გუნდის კაპიტანმა მათ კვალიფიკაციაში ეჭვი საჯაროდ შეიტანა. გუნდში არსებული ატმოსფერო გაუსაძლისი გახდა და ხსნა არსაიდან ჩანდა.
სიტუაცია მოედანზეც შეიცვალა. “ბარსელონას” თამაში არათუ ცუდი, არამედ საშინელი გახდა. გუნდმა, რომელიც კინის გატაცებამდე ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი იყო, მომდევნო 5 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აიღო. კლუბი ცდილობდა საკუთარი საქმისთვის მიეხედა, დანარჩენი კი პოლიციისთვის გადაებარებინა. მარიას გამტაცებლები ყოველდღე ურეკავდნენ, მაგრამ საუბარი საკმარისად დიდხანს არ გრძელდებოდა იმისათვის, რომ ბოროტმოქმედების ადგილმდებარეობა დადგენილიყო.

უკვე როდესაც ფიქრობდნენ, რომ კინის ვეღარასდროს ნახავდნენ, იმედი გამტაცებლებსა და ალესანკოს შორის გამართული საუბრის დროს გაჩნდა. ეს გატაცებიდან 3 კვირის შემდეგ მოხდა. გამოსასყიდი თანხის ოდენობა 100 მილიონი პესეტი იყო. თანხა შვეიცარიის ბანკში უნდა გადარიცხულიყო და ის კინის დაბრუნების გარანტი უნდა ყოფილიყო.
გრძნობდნენ რა ესპანური საფეხბურთო სამყაროს თანადგომას, პოლიციის უფროსი ფანსისკო ალვარეს სანჩესი და მისი შვეიცარიელი კოლეგა საქმეს შეუდგნენ.
გამტაცებლები სიხარბემ შეიწირა. ეს 25 მარტს, ჟენევაში ერთი მილიონი პესეტის მიღების შემდეგ მოხდა. 2 დღის შემდეგ, ალვერეს სანჩესის მუშაობამ შედეგი გამოიღო. კვალმა პოლციია სარაგოსაში მდებარე ავტოფარეხში, სამ უმუშევარ ესპანელთან მიიყვანა. კინი, ყველაფერის მიუხედავად, ნორმალურად გამოიყურებოდა. ის უფრო მორალურად იყო განადგურებული, ვიდრე ფიზიკურად.

ამ შემთხვევაში თავი სტოკჰოლმის სინდრომმა იჩინა. კინიმ მისი გამტაცებლების დასჯის მოთხოვნაზე უარი თქვა. მან არც ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონი პესეტის მიღებაზე განაცხადა თანხმობა.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ გათავისუფლებიდან რამდენიმე კვირაში კინი მოედანზე ვიხილეთ. რომელ სტადიონზეც არ უნდა ეთამაშა, გულშემატკივრები მას ყველგან აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ. ის პოპულარული იყო. მის საფეხბურთო კარიერასთან დაკავშირებით გაჩენილ ეჭვებს კინიმ ესპანეთის თასის ფინალში, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გატანილი 2 გოლით უპასუხა. “ბარსელონას” ეს ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

მომდევნო წლის 15 იანვარს კინის გამტაცებლების სასამართლო მოსმენა გაიმართა. სასამართლომ ისინი გაამტყუნა. ამ დღიდან 5 დღის შემდეგ, “ბარსელონამ” ისტორიაში მე-3000 გოლი გაიტანა და მისი ავტორი კინი გახდა.
კინის გატაცებამ გავლენა კონკრეტულ სიტუაციაზე იქონია, მაგრამ არა ფეხბურთელის კარიერაზე. ერთი წლის შემდეგ, 35 წლის ასაკში, ის ხიხონის “სპორტინგში” დაბრუნდა, სადაც მომდევნო 3 წელი, საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე ითამაშა.
გუშინწინ, 27 თებერვალს, 68 წლის ასაკში, ენრიკე კასტრო გონსალესი, გულის შეტევით გარდაიცვალა.
დღეს პირველი მარტია. მისი გატაცებიდან ზუსტად 37 წელი გავიდა. სამ დღეში კი, “ბარსელონას” საჩემპიონო თამაში აქვს, ისევ “ატელტიკოსთან”…
მადლობა ავტორს პირველ რიგში.
კიდევ ერთხელ ვლინდება მადრიდის სახე ამ ყველაფრით, თუ რამე შეეძლოთ ღირსეულად გაეწიათ წინააღმდეგობა ლიგაში პირველი ადგილისათვის
მიყვარს ასეთი სტატიების კითხვა.მადლობა ავტორს
ბრავო ავტორს.უღრმესი მადლობა იმისთვის რომ სული და გული ჩადე ამ სტატისს მოძიებასა თუ თარგმნაში,შემდეგ კი ჩვენ გადმოგვეცი.რათა ვიცოდეთ ჩვენი კლუბისა თუ მისი ფეხბურთელების ესა თუ ის ამბები <3
ბრავო ავტორს,ძაან საინტერესო სტატია იყო.ისე რომ დაიდოს ხოლმე ბარსას ისტორიიდან ასეთი ბლოგები ცუდი არ იქნება
კარგი სტატია, თან საინტერესო
dzalian saintereso iyo. <3
ყოჩაღ ავტორს, ძალიან საინტერესო სტატია აღმოჩნდა!