“ბარსელონას” მცველის, ჟერარ პიკეს გადაცემა “პიკე+”-ს, რომელსაც The Players’ Tribune ატარებს, მისი ყოფილი თანაგუნდელი, ნეიმარი ესტუმრა.
პიკე: და აი, ჩვენც აქ ვართ! ინტერვიუ ჩემს კარგ მეგობარ ნეიმართან, ის რჩება! (იცინის) როგორ მიდის საქმეები პარიზში?
ნეიმარი: კარგად, კარგად, ახალი, განსხვავებული ცხოვრება…
პიკე: ადაპტაცია უკვე გაიარე?
ნეიმარი: იქაურობას ჯერ კიდევ ვეჩვევი.
პიკე: მაგრამ, ახლა არც “ბარსაზე” და არც პსჟ-ზე საუბარს არ ვაპირებთ. ცოტა ხნის წინ კობი (ბრაიანტი) ნახე არა? როგორი იყო? მგონი, მალე მისი მაისურის ნომრის გაუქმებას აპირებენ, როცა ის კარიერას დაასრულებს. როგორც ვიცი, 8 და 24 ნომრებს.
ნეიმარი: მართლა? არ ვიცოდი… კობი ლეგენდაა, არა?
პიკე: კალათბურთს თამაშობ?
ნეიმარი: უბრალოდ მომწონს და საკმაოდ კარგად ვთამაშობ. შენ ეს უკვე იცი! (იცინის)
პიკე: ჩვენი დონისთვის შეიძლება კარგად თამაშობ, მაგრამ კობი… კარგი რა!
ნეიმარი: არა, კობი სულ სხვა დონის კალათბურთელია.

პიკე: მასთან ერთად ითამაშე?
ნეიმარი: ცოტა, მხოლოდ რამდენიმე ბურთი ვისროლეთ. ის შესანიშნავი იყო!
პიკე: კარგია. ახლა მსოფლიო ჩემპიონატებზე ვილაპარაკოთ. განსაკუთრებით რუსეთში გასამართზე, რომელიც სულ რამდენიმე თვეში დაიწყება. როგორი განწყობით შეხვდები მუნდიალს?
ნეიმარი: რა თქმა უნდა, მსოფლიოს თასზე თამაში ძალიან მინდა. ცუდი იყო, რაც წინა მუნდიალზე მოხდა, მაგრამ წარსულს ვერ შევცვლით და ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ. კარგი ნაკრები გვყავს და ვფიქრობ, მოგების დიდი შანსი გვაქვს.
პიკე: მეც იმედი მაქვს, მოვიგებ.
ნეიმარი: არა! შენ ხომ ერთხელ უკვე მოიგე!
პიკე: ჰო, ამაზე ნამდვილად ვერ შეგედავები. ვნახოთ, რა მოხდება. რა არის შენი ყველაზე ადრეული მოგონება მსოფლიოს თასებთან დაკავშირებით? ჩემთვის… ალბათ 1994, ტასოტის და ლუის ენრიკეს მომენტი, როცა ესპანეთი იტალიის ნაკრებთან გამოვარდა, 1-2. ახლაც მახსოვს ენრიკეს თეთრი მაისური, რომელიც სისხლით იყო გასვრილი. ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მაშინ ოჯახთან ერთად კოსტა ბრავაზე ვიყავი, ჩვენს საზაფხულო სახლში.
ნეიმარი: მეც მახსოვს 1994 წლის მუნდიალი, ოღონდ ბრაზილიის ნაკრების თამაში. მაშინ მხოლოდ 2 წლის ვიყავი, მაგრამ ნამდვილად მახსოვს გოლები, განსაკუთრებით რომარიოს გოლი ჰოლანდიის წინააღდეგ. მახსოვს რონალდოც 2002 წელს…
პიკე: რონალდოს ვარცხნილობა?
ნეიმარი: კი (იცინის), მეც მქონდა ასეთი ვარცხნილობა. საერთოდ, ბრაზილიელი ბავშვებისთვის რონალდო ბევრს ნიშნავს, თითქმის ყველას ასეთი ვარცხნილობა გვქონდა.
პიკე: იმ ჩემპიონატზე, ბრაზილია ნამდვილად ძალიან ძლიერი იყო.
ნეიმარი: ნამდვილად ასე იყო. ნახევარფინალში ცოტა გაგვიჭირდა, თურქეთის წინააღმდეგ…
პიკე: პირველად როდის გამოგიძახეს ნაკრებში და როგორ სიტუაციაში იყავი მაშინ? სად იყავი, რას აკეთებდი…
ნეიმარი: წინა ღამით “სანტოსთან” ერთად თამაში გვქონდა და დილას, ვარჯიშს ვამთავრებდი… არა, სიმართლე თუ გინდა, ვაკეთებდი იმას რასაც ყოველ დილას. ანუ, არაფერს. სავარჯიშო დარბაზში მივედი, სადაც მანუ მენესეში თავის არჩეულ ფეხბურთელებს ასახელებდა და ყველა ტელევიზორს უყურებდა.
პიკე: საუბრობდნენ იმაზე, რომ შენ, შეიძლებოდა, ნაკრებში მოხვედრილიყავი?
ნეიმარი: კი, ჭორები იყო. ხალხს უნდოდა, ნაკრებში მეთამაშა.

პიკე: რამდენი წლის იყავი მაშინ?
ნეიმარი: 17-ის. ჩემთან ერთად კიდევ ორი ფეხბურთელი, განსუ და ანდრე. “სანტოსში” ერთად ვთამაშობდით, ვვარჯიშობდით. ჩვენ ეს გვიხაროდა, აღვნიშნავდით, ხალხი კი ვიდეოებს გვიღებდა. ეს ძალიან კარგი იყო. ნაკრებში გამოცდილი ფეხბურთელებიც იყვნენ, მაგალითად რობინიო, ყველა ჩვენს გვერდით იყო, როცა დახმარება გვჭირდებოდა.
პიკე: შენი ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი მომენტები ნაკრებში?
ნეიმარი: ყველაზე კარგი არის ალბათ ის მდგომარეობა, რომელიც ახლა მაქვს, ყველაზე ცუდი კი… ალბათ ტრავმა. მთელი კვირა საშინლად გავატარე. ვხედავდი ჩემს ოჯახს, მეგობრებს, რომლებიც განუწყვეტლივ ტიროდნენ…
პიკე: მაშინ კოლუმბიას ეთამაშებოდით. რა ანგარიში იყო?
ნეიმარი: 2-0, ვიგებდით. თითქოს ყველაფერი მარტივად უნდა დასრულებულიყო, თამაშის დამთავრებამდე სულ 4 წუთი იყო დარჩენილი, ყველა ზეიმობდა, მაგრამ უცებ…
პიკე: ვინ იყო ის ფეხბურთელი?
ნეიმარი: სუნიგა.
პიკე: რა ხდებოდა შენს გონებაში იმ მომენტში?
ნეიმარი: მახსოვს, რომ მიწაზე თავი დავარტყი. მარსელო ყვიროდა, მოედანზე ექიმები შემოეყვანათ, მე კი ვთქვი: “არა, არა, თამაშის გაგრძელება მინდა”, რადგან გოლის გატანა მსურდა. მაგრამ, შემობრუნებასაც კი ვერ ვახერხებდი, ექიმები კი უკვე მოედანზე იყვნენ. საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. მაშინ მივხვდი, რამდენად სერიოზულად იყო საქმე და რომ თამაშის გაგრძელებაზე ფიქრიც არ ღირდა. როცა საავადმყოფოში მიმიყვანეს, ჩემთან კიდევ ერთი ექიმი შემოვიდა და მითხრა, რომ ორი ამბავი ჰქონდა – კარგი და ცუდი. რა თქმა უნდა, ცუდით დავაწყებინე.
“შენთვის მსოფლიოს თასი დასრულდა” – მითხრა მან.
“მაშინ კარგი რაღა უნდა იყოს?”
“სიარულს შეძლებ”.
იქ მხოლოდ ერთი დღით დავრჩი, ამის შემდეგ კი სახლში წავედი. ბრაზილიის ნაკრების დარჩენილ 2 თამაშს სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ვუყურე.
პიკე: ანუ, ნახევარფინალს უყურე?
ნეიმარი: რა თქმა უნდა, ვუყურე… ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა მოხდა.
პიკე: მე ამ დროს ლას ვეგასში ვიყავი (ნეიმარი იცინის). გავიღვიძე, ტელევიზორი ჩავრთე და მესმის: “მე-20 წუთი, ანგარიში 4-0″…
ნეიმარი: ჰო, ეს ნამდვილად უცნაური იყო.
პიკე: ისინი შენს გარეშე თამაშობდნენ, ტიაგო სილვაც დისკვალიფიცირებული იყო. ყველაფერი ცუდად წავიდა.
ნეიმარი: ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რომ ბრაზილიის ნაკრები 1-7 დამარცხდა, ეს ყველას პირზე ეკერა, ბრაზილიაში თუ დანარჩენ მსოფლიოში.
პიკე: ერთი სიტყვით დაახასიათე ეს მუნდიალი.
ნეიმარი: ერთი სიტყვით? ჯანდაბა… ალბათ, არეული.
პიკე: 2018. ეს უკეთესად ჟღერს, არა? (იცინის.)
ნეიმარი: კი. ვფიქრობ, ახლა უფრო მაღალ დონეზე ვთამაშობთ. 4 წელი გავიდა და ყველაფერი სხვანაირადაა. სხვა გუნდებიც გაძლიერდნენ, შედარებით სუსტებს ძლიერებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლიათ.
პიკე: ბრაზილიას ფავორიტად მიიჩნევ?
ნეიმარი: მხოლოდ ბრაზილიას არა. კიდევ ბევრი გუნდია ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ესპანეთი, არგენტინა, გერმანია, საფრანგეთი…
პიკე: ჩემი აზრით, იმ ნაკრებებში, რომლებიც შენ ჩამოთვალე, უფრო თანაბარ დონეზე ვართ. თქვენთან კი თამაშობენ კოუტინიო, გაბრიელ ჟეზუსი შეტევაში, პაულინიო ნახევარდაცვაში, გყავთ ძლიერი დაცვა, მოკლედ, ბრაზილიის ნაკრები უფრო დაბალანსებულია.
ნეიმარი: ამ შემადგენლობით ჩვენი თამაშის პოვნა მოვახერხეთ.
პიკე: შენი აზრით, რა შეიძლება იყოს მუნდიალის მთავარი სიურპრიზი?
ნეიმარი: სიურპრიზი…
პიკე: ის, რომ ვინც კარგად თამაშობს, აუცილებლად ვერ იგებს.
ნეიმარი: მაგრამ… ისლანდია?
პიკე: ჰო, მეც ამის თქმას ვაპირებდი. ასეთი გუნდები იშვიათია. ძალიან მცირე რაოდენობის მოსახლეობა ჰყავთ, მაგრამ წარმატების მიღწევას მაინც ახერხებენ. ვფიქრობ, მათგან სიურპრიზები ნამდვილად მოსალოდნელია.
შენს გუნდში თამაშობს მბაპე, რომელიც “მონაკოშიც” ძალიან კარგი იყო. საოცარი შედეგები აქვს. როგორი ფეხბურთელია ის?
ნეიმარი: ის შესანიშნავი ფეხბურთელია. უდიდესი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, ისტორიაშიც დაიმკვიდრებს თავს.
პიკე: კარგი. ბოლოს კი, მინდა გკითხო, რას იტყოდი ფინალზე, რომლის ძირითადი დრო 3-3 დასრულდება, პენალტების სერიაში ესპანეთი მოიგებს, შენ კი ჰეთ-თრიქს შეასრულებ?
ნეიმარი: არა (იცინის), მირჩევნია შენ შეასრულო ჰეთ-თრიქი, ბრაზილიამ კი მოიგოს.
პიკე: (იცინის) არა, ეს არ მაწყობს.
ნეიმარი: თუმცა, ეს ერთხელ კინაღამ უკვე მოხდა…
პიკე: ჰო, სელტაში… მაგრამ ეს მსოფლიოს თასის ფინალი არ იყო! (იცინის) ანუ, ჩემპიონობას არ დამითმობ?
ნეიმარი: იცი, რომ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში.
პიკე: კარგ შანსს გაძლევდი, ჰეთ-თრიქი შეგესრულებინა.
ნეიმარი: ამის საშუალება უკვე გქონდა, კონფედერაციათა თასის ფინალში, მაგრამ გოლები არ გამატანინე.
პიკე: თანაც, იმ თამაშში წითელი ბარათი იყო… საკმაოდ ადვილად დაგვამარცხეთ. შენი წყალობით, ერთადერთი სანაკრებო ტიტული არ მაქვს მოგებული.
ნეიმარი: ჩემი წყალობით? (იცინის)
პიკე: იმ დღეს შესანიშნავი იყავი. ახლა კი, მადლობა უნდა გადაგიხადო, ეს ჩემი პირველი ინტერვიუ იყო! მგონი, საინტერესო გამოვიდა.
ნეიმარი: ნამდვილად კარგი იყო.
პიკე: შესანიშნავია. მომავალ შეხვედრამდე!
რაის პსჟ ამოიტენებიან მალე ან რა საპრანგეთი ატრია პორტუგალიამ სახში და რაგაც მეჭვებაა და ბამპე გადმოვაა რეალში და იკეკნება დიდი შანსი მოიგოს ოკროს ბურთი ტორე აკ არამგონია
კარგია,სიტის ძალიან ვგულშემატკივრობ,ამიტომ მინდა ფინალი სიტი ბარსა იყოს და იქ უკვე მოკრძალებულ თამაშში ბარსამ მოიგოს
კარგი ინტერვიუ იყო მომეწონა
წელს მსოფლიო საფრანგეთისაა