workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
10 საინტერესო ფაქტი გაბრიელ ჟეზუსის შესახებ

10 საინტერესო ფაქტი გაბრიელ ჟეზუსის შესახებ

გაბრიელ ჟეზუსი “ბარსელონას” ახალი ფეხბურთელია. ინგლისში გატარებული 10-წლიანი კარიერის შემდეგ, სადაც მან პრემიერ ლიგის ტიტული ხუთჯერ მოიგო, ბრაზილიელი კატალონიურ გრანდში მდიდარი ისტორიითა და საინტერესო ფაქტებით მოდის.

გთავაზობთ 10 ფაქტს “ბარსელონას” ახალწვეულის შესახებ:

1. დაბადებული ჟარდიმ პერიში

გაბრიელ ჟეზუსი 1997 წლის 3 აპრილს სან-პაულუს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ღარიბ უბან ჟარდიმ პერიში დაიბადა. ის დედასთან, ვერა ლუსიასთან და სამ და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. მოკრძალებული გარემო და ქუჩის ფეხბურთი მის მოთამაშედ ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო.

2. პირველი ნაბიჯები “ვარზეას” კულტურაში

პროფესიონალურ ფეხბურთამდე გაბრიელმა ბრაზილიური სამოყვარულო და ქუჩის ფეხბურთის, ე.წ. “ვარზეას” (Várzea) მკაცრი სკოლა გაიარა. თავად ფეხბურთელი იხსენებს, რომ ხანდახან ერთ დღეში სამ ან ოთხ მატჩსაც კი თამაშობდა მიწის მოედნებზე. სწორედ ამ გამოცდილებამ განავითარა მისი ტექნიკა, იმპროვიზაციის უნარი და უკომპრომისო ხასიათი.

3. მეტსახელი “ტეტინია”

ბავშვობაში მისმა პირველმა მწვრთნელმა, მამედემ, მას მეტსახელად “Tetinha” შეარქვა. მიზეზი ფეხბურთის მიმართ მისი დამოკიდებულება იყო: პატარა გაბრიელს მიაჩნდა, რომ თამაში და გოლების გატანა ძალიან მარტივი და ბუნებრივი რამ იყო. მამედე მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ჟეზუსი მშობლიურ უბანთან კავშირს დღემდე ინარჩუნებს.

4. 54 გოლი 48 მატჩში

“პალმეირასის” ასაკობრივ აკადემიაში მისი შედეგები განსაცვიფრებელი იყო: სადებიუტო სეზონში 48 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა, ხოლო მოგვიანებით 17-წლამდელთა პაულისტას ჩემპიონატში სულ რაღაც 22 მატჩში 37 ბურთი შეაგდო. ამ სტატისტიკამ ის ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ტალანტად აქცია.

5. მშობლიური უბნის მოხატვა

მისი ბავშვობიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კადრი 2014 წელს უკავშირდება. ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, სანამ მსოფლიო ვარსკვლავი გახდებოდა, გაბრიელი ჟარდიმ პერის ქუჩებს მუნდიალის აღსანიშნავად მწვანე და ყვითელ ფერებში ხატავდა. ფოტო წლების შემდეგ, როცა ის უკვე ცნობილი მოთამაშე იყო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

6. ცნობილი ჟესტის – “Alô, mãe!”-ს საიდუმლო

გოლის გატანის შემდეგ ჟეზუსის საფირმო აღნიშვნა (როდესაც ის ყურმილის აღებას განასახიერებს) დედას ეძღვნება. ეს არის მისი პირადი შეძახილი – “Alô, mãe!” (“ალო, დედა!”), რითაც პატივს სცემს ვერა ლუსიას, ადამიანს, რომელიც მის ბავშვობაში მთავარი საყრდენი იყო და მატჩების წინ ყოველთვის ამხნევებდა.

7. რიტუალი მატჩის წინ: ბანანისა და შვრიის სმუზი

დედას მატჩების წინ განსაკუთრებული ტრადიციაც ჰქონდა: ვერა ლუსია ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ მის შვილს ბანანისა და შვრიის სმუზი დაელია. დედა მას კუნთების სპაზმების საწინააღმდეგო “სასწაულმოქმედ” რეცეპტად მიიჩნევდა. ეს საოჯახო ტრადიცია გაბრიელს პროფესიონალური კარიერის საწყის წლებშიც თან სდევდა.

8. ოლიმპიური ჩემპიონი 20 წლამდე ასაკში

2016 წელი მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა: “პალმეირასთან” ერთად ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგო, იმავე ზაფხულს კი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა (ტურნირი 3 გოლით დაასრულა), რაც ქვეყნის ისტორიაში მამაკაცთა ფეხბურთში პირველი ოლიმპიური ოქრო იყო.

9. ძველი მეგობრების შეხვედრა

ინგლისში გატარებული 10 წლის განმავლობაში ჟეზუსს ბევრ ვარსკვლავთან უთამაშია. “მანჩესტერ სიტიში” ყოფნისას ის “ბარსელონას” ამჟამინდელ ფეხბურთელებთან – ერიკ გარსიასთან, ჟოაუ კანსელუსა და როდრი ერნანდესთან ერთად გამოდიოდა. ამასთან, ის ყოფილ კულეებთან, სერხიო აგუეროსა და ილქაი გიუნდოგანთან ერთადაც იცავდა “სიტის” ღირსებას.

10. ორი მწვრთნელი “ლა მასიადან”

გაბრიელ ჟეზუსს კარიერის განმავლობაში “ლა მასიას” ორ გამორჩეულ აღზრდილთან მოუწია მუშაობა. ის პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით “მანჩესტერ სიტიში”, ხოლო მოგვიანებით მიკელ არტეტასთან “არსენალში” თამაშობდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 11:01
    #1

    მორჩა ჩამოყალიბებული კულეა, არ გაიტანს და თავდამსხმელები არ გვაკლია, აგერ რაფინია ფლიკმა უკვე გატესტა ფორვარდის პოზიციაზე.