"ბარსელონას" უდიდეს დანაკლისს რაფინიაც დაემატა

"ბარსელონას" უდიდეს დანაკლისს რაფინიაც დაემატა

კვირას "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" ლა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში "ლევანტეს" უმასპინძლებს. "ბლაუგრანასგან" ამ მატჩში ყველა ელის კიდევ ერთ სამ ქულას. კატალონიელები, რომლებიც ამჟამად შიდა ჩემპიონატის სათავეში იმყოფებიან, სამი შთამბეჭდავი გამარჯვებით სამ თამაშში, ეცდებიან კვლავ იპოვონ თავიანთი საუკეთესო თამაში და ბევრად უფრო სანახაობრივი მატჩი შემოგვთავაზონ, ვიდრე ეს ჩემპიონთა ლიგაზე, "რომასთან" მატჩში გააკეთეს.

"ბარსას" სტუმრებმა ძალიან ცუდად დაიწყეს მიმდინარე ჩემპიონატი. მათ ამ სამ ტურში, სადაც შესაძლებელი იყო ცხრა ქულის აღება, მხოლოდ ორჯერ მოახერხეს გატანა და ამჟამად ცხრილში მეთოთხმეტე ადგილზე იმყოფებიან. ყველასთვის ნათელია, რომ ამ დაპირისპირების ფავორიტი ბლაუგრანაა თავისი ბევრად უკეთესი შემადგენლობის - ან სამწუხაროდ, რაც ამ შემადგენლობიდან დარჩა - იმის გამო.

ჩვეულებრივ პოზიტიურ განწყობაზე, რომელიც მუდამ სუფევს "კამპ ნოუზე", დიდი გავლენა მოახდინა ექიმების დასკვნამ: რაფინია გუნდს მინიმუმ 6 თვე ვერ დაეხმარება. მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, რაჯა ნაინგოლანის ყოვლად გაუმართლებელი, უხეში თამაშის გამო მუხლის ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა. ცხადია, ამით "ბარსელონა" კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში ვარდება. გუნდს იანვრამდე ფაქტობრივად 3 ნახევარმცველით მოუწევს თამაში, ასევე დიდი ალბათობით ბარსას შემტევი ტრიოც შეუცვლელი იქნება, ესპანელი სპეციალისტი ზოგჯერ ბრაზილიელს თავდამსხმელადაც ათამაშებდა, ახლა კი ეს ალტერნატივაც აღარ არსებობს.

ყველა პროფესიონალმა ფეხბურთელმა იცის, რომ ადრე თუ გვიან მასაც ეწვევა ის ფიზიკური ტკივილი, იმედგაცრუება და მარტოობა, რაც დიდ ტრავმებს მოსდევს ხოლმე. მიუხედავად ამისა, ნამდვილად დროა დაისაჯონ ისინი, ვინც მუდმივად არღვევენ წესებს და ბოროტად იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს, დაისაჯონ ისე, როგორც იმსახურებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნაინგოლანი უხეშობს. მან "კიევოს" ფედერიკო მატიელოსაც საკმაოდ მძიმე ტრავმა მიაღებინა. თუ რაფინიამ მომდევნო წლის უმრავლესობას მოედნის მიღმა გაატარებს იმის გამო, რომ ბელგიელი ნახევარმცველი საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს, მაშინ "რომას" ფეხბურთელიც იძულებით უნდა ამოვარდეს შემადგენლობიდან იგივე დროით.

სანამ რაჯა ბრაზილიელ ნახევარმცველს საჯაროდ მოუბოდიშებდა Twitter -ის საშუალებით, ნათლად გამოჩნდა რომ ბელგიელს ძალიან აინტერესებდა მისი უგუნური ჩასრიალების შედეგი, თუმცა ეს მის დანაშაულს ვერ ამცირებს. რაფინიას ამ ექვსი თვის მანძილზე დიდი ძალისხმევის დასჭირდება, რათა ფორმა მალევე აღიდგინოს. გარდა ამისა ნაკლებად სავარაუდოა "ლა მასიას" რომელიმე ფეხბურთელმა შეძლოს მისი ჩანაცვლება, ყოველი შემთხვევისთვის ლუის ენრიკე ამაზე ჯერ-ჯერობით არ ფიქრობს.
რა თქმა უნდა, ეს რაფინიას სიტუაციას ვერ შეცვლის, თუმცა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველის და ბრაზილიელის უფროსი ძმის, ტიაგოს უპირობო მხარდაჭერა, რომელიც ახლახანს დაუბრუნდა მიუნხენის "ბაიერნის" ძირითად თერთმეტეულს მას შემდეგ, რაც ბოლო ორი წლის უდიდესი ნაწილი გამოტოვა.

რაფინიას ტრავმამ ლუის ენრიკე საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო, მას ფაქტობრივად არ შეუძლია ფეხბურთელების როტაცია განახორციელოს, ამას დავუმატოთ ზაფხულში გუნდიდან წასული ჩავი ერნანდესი და პედრო როდრიგესი, დავუმატოთ ასევე თურანი და ვიდალი, რომელსაც "ბარსა" იანვრამდე ვერ გამოიყენებს, და მივიღებთ ძალიან რთულ სიტუაციას, რომელშიც ამჟამად "ბარსელონაა" ჩავარდნილი, თუმცა თუ კატალონიური კლუბის ახალგაზრდულ სისტემას გადავხედავთ, 20 წლის ჟერარდ გუმბაუ მის შესანაცვლებლად საუკეთესო ვარიანტია (ცხადია, აკადემიის ფეხბურთელებს შორის).

სამწუხაროდ, ბუნდოვანია შეძლებენ თუ არა გუმბაუ და მისი თანაგუნდელები "ბარსა ბ"-დან, რომ პირველი გუნდის სარეზერვო შემადგენლობაში რეგულარული როლი შეასრულონ, რადგან ისინი ამჟამად ესპანეთის მესამე დივიზიონში თამაშობენ. მიუხედავად ამისა, გუმბაუს ნამდვილად აქვს ტალანტი, და ვინ იცის, იქნებ ლიონელ მესის გვერდით დგომამ მის კარიერაზე უდიდესი გავლენა მოახდინოს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, თუ ლუის ენრიკე სერხი რობერტოს თავის პოზიციაზე დააბრუნებს (შეგახსენებთ რომ ამჟამად იგი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს). თუ ივან რაკიტიჩს, ან 31 წლის ანდრეს ინიესტას რაღაც მიზეზების გამო, სატრანსფერო ფანჯარამდე საჭირო პაუზის აღება მოუწევთ, მათ ჩასანაცვლებლად ამ სიტუაციაში სერხი რობერტო ყველაზე კარგი ვარიანტია.

თუმცა, სერხი რობერტოს ჰიპოთეზური დაბრუნება ნახევარმცველის პოზიციაზე დიდ პრობლემებს გამოიწვევს უკვე ბარსელონას დაცვითი ხაზის მარჯვენა ფლანგზე, რადგან დანი ალვეში და დუგლასი გუნდს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან, ადრიანო კორეია კი გუნდს 1 კვირის წინ შეუერთდა, მას შემდეგ რაც ტრავმის გამო ერთი თვე გამოტოვა. ასტურიელ მწვრთნელს ამის გათვალისწინებით, შესაძლოა მოუწიოს მარკ ბარტრას მიანიჭოს როლი, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსას სარეზერვო გუნდში თავს მშვენივრად ართმევდა, თუ არადა არაა გამორიცხული მასკერანოს მოუწიოს მარჯვენა ფლანგის შევსება.

"ბარსას" ისტორიული ტრიპლეტი 2014-2015 წლების სეზონში, შეიძლება შეუჩერებელი შემტევი ტრიოს შედეგად მივიჩნიოთ. თუმცა ფაქტია, რომ ის დიდი ტრავმები, რომელიც წინა სეზონში თამაშის საშუალებას არ აძლევდა ვერმაელენს და დუგლასს, დაეხმარა ლუის ენრიკეს მისი საწყისი თერთმეტეულის არჩევისას.

მხოლოდ ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩავიმ ბერლინში "ბარსას" მეხუთე ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა და შეუძლებელია გუნდი ამაზე უარეს სიტუაციაში ჩავარდნილიყო. შემადგენლობის დანაკლისი მართლაც თვალსაჩინოა ტრავმების უწყვეტი ხაზისა და ფიფას სანქციის გამო.

ასეა თუ ისე, სანახაობა უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად ყველაფრისა, გუნდმა თამაში უნდა განაგრძოს და კვირას, "ლევანტეს" წინააღმდეგ მატჩში სამი ქულა უნდა მოიპოვოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.