კატალონიის “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” განცდილი მარცხის შემდეგ (1-3), ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში არანაკლებ რთული გასეირნება ელის. 2016-17 წლების ლა ლიგის იმ 5 მატჩიდან, რომელიც “ბარსას” მომდევნო მეტოქემ, “სევილიამ” საკუთარ კედლებში ჩაატარა, ხუთივეში სამი ქულა მოიპოვა. სამპაოლის შეგირდები ამ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებშიც არ გამოიყურებიან ცუდად.
საბოლოოდ, სტატისტიკა ასეთია: ბოლო გუნდი, რომელმაც “სევილია” “სანჩეს პისხუანზე” დაამარცხა, თავად კატალონიის ბარსელონაა (ესპანეთის სუპერ თასი, 0-2). მას შემდეგ, ფეხბურთელებმა მოახერხეს და საკუთარ მოედანზე დაამარცხეს: “ესპანიოლი” (6-4), “ლას პალმასი” (2-1), “ბეტისი” (1-0), “ალავესი” (2-1), “მადრიდის ატლეტიკო” (1-0), “ლიონი” (1-0) და “ზაგრების დინამო” (4-0).
მიუხედავად ამ ძალიან კარგი შედეგისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში “სანჩეს პისხუანზე” გაიმარჯვა, სწორედ “ბარსელონაა”. ეს სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი გახლდათ, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართა. ბლაუგრანამ ლუის სუარესისა და მუნირ ელ-ჰადადის გოლებით მოიგო. ასევე აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკემ “სევილიას” ბოლო ოთხი დუელი მოუგო. 28 თებერვალს, “კამპ ნოუზე” მატჩი 2-1 დასრულდა, რასაც მოჰყვა 22 მაისს გამართული ესპანეთის თასის ფინალი (2-0), შემდეგ კი იყო ზემოხსენებული ორი მატჩი – ესპანეთის სუპერ თასი. 15 აგვისტოს საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 0-2, ხოლო 18 აგვისტოს – 3-0 დაფიქსირდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ლუის ენრიკესთვის ანდალუზიაში გამარჯვების მოპოვება ერთგვარი გამოწვევაა. ლა ლიგაში “ბარსელონას” ესპანელი მწვრთნელის თავკაცობით, ჯერ “სანჩეს პისხუანზე” არ მოუგია. 2014/15 წლების სეზონში გუნდებმა ქულები გაიყვეს (2-2), ხოლო 2015/16 წლების სეზონში ანდალუზიიდან ქულის გარეშე წამოსვლაც მოგვიწია (2-1). ამ მატჩს მოყვა “ბარსელონას” 39 მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც “მადრიდის რეალმა” შეაჩერა (1-2). გუნდის მთავარი მიზანია, ორი წლის შემდეგ მოახერხოს ლა ლიგაში ანდალუზიელების საკუთარ კედლებში დამარცხება. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩს მოჰყვება სანაკრებო პაუზა, რის შემდეგაც “ბარსელონა” საკუთარ კედლებში “მალაგას” დაუპირისპირდება. მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 19:15 -ზე გაიმართება.