workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ბეტისთან მატჩის შემდეგ

ჰანსი ფლიკი ბეტისთან მატჩის შემდეგ

სევილიაში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (5-2), “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მედიასთან მატჩი შეაფასა, თუმცა პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა სამშაბათს “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი მატჩის წინ დაცვის ხაზში გაჩენილი პრობლემები აღმოჩნდა. ერიკ გარსიამ და ჟერარ მარტინმა მოედანი ფიზიკური დისკომფორტის გამო ნაადრევად დატოვეს, შეხვედრა ტკივილით დაასრულა ჟიულ კუნდემაც.

განგაში დაცვაში პსჟ-სთან მატჩის წინ

გერმანელმა სპეციალისტმა დაშავებული ფეხბურთელების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცემა ჯერჯერობით ვერ შეძლო და ექიმების დასკვნის მოლოდინზე გაამახვილა ყურადღება:

“ამ მომენტში ყველაზე მთავარი ძალების აღდგენაა. რეგენერაცია უმნიშვნელოვანესია, ასევე უნდა ვნახოთ, როგორ გადავანაწილებთ წუთებს სამშაბათს. ვნახოთ, 11 ფეხბურთელს აუცილებლად მოვძებნით. არ ვიცით, რა მოხდება ერიკის შემთხვევაში, კუნდეს მცირე პრობლემები აქვს, ჟერარსაც – ვითარებას უნდა დავაკვირდეთ. კიდევ ორი დღე გვაქვს და ვნახავთ, რა მოხდება სამშაბათს. სამედიცინო შემოწმების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

ერიკს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ უბრალო დარტყმაა, თუმცა ხვალინდელ დღეს უნდა დაველოდოთ”.

“ლამინ იამალი ახლა მსოფლიოში საუკეთესოა”

ფლიკმა კიდევ ერთხელ უხვად შეამკო კომპლიმენტებით ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელმაც “ლა კარტუხაზე” გოლითა და საგოლე გადაცემით მორიგი მასტერკლასი ჩაატარა:

“როდესაც მის მიერ გატანილ პირველ გოლს უყურებთ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ამ მომენტში ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მისი თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ეს ხმამაღლა ვთქვა.

რა თქმა უნდა, მასზე წნეხია – ის 19 წლისაა და ყველა მატჩი ჩაატარა, თუმცა 100%-ით კონცენტრირებული და საქმისადმი ერთგულია. ის საოცარია, მისი თამაში და დამოკიდებულება კი დაუჯერებელი იყო. სწორედ ასეთები არიან დიდი ფეხბურთელები.

ანგარიშის გათვალისწინებით, მისი შეცვლა აუცილებელი გახლდათ, ეს ნათელი იყო. მოედნიდან გამოსვლისას ვუთხარი, რომ მისით ძალიან ვამაყობ, რადგან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა”.

მატჩის შეფასება და სამწვრთნელო შტაბის როლი სტანდარტულებში

გუნდის თამაშითა და მოედანზე გამოვლენილი ხასიათით ფლიკი კმაყოფილი დარჩა:

“მარტივი მატჩი არ ყოფილა, ეს წინასწარვე ვიცოდით. ‘რეალ ბეტისი’ თავისი სისწრაფითა და ინტენსივობით ფანტასტიკური იყო, თუმცა ჩვენც ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. ეს იყო უაღრესად ინტენსიური შეხვედრა – წარმოუდგენელი სანახაობა გულშემატკივრებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს.

ყველა თავის საუკეთესო ფორმაშია და ამას ყოველ პრესკონფერენციაზე ვიმეორებ, რადგან ამას ყოველდღე ვხედავ. ყველაზე მთავარია, რომ ისინი მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშობენ. ახლა სამშაბათს ‘პარი სენ-ჟერმენი’ გველის – კარგად უნდა აღვიდგინოთ ძალები და სათამაშო დრო სწორად გავანაწილოთ, თუმცა დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის დაუჯერებელია”.

გარდა ამისა, ფლიკმა როდრი ერნანდესის სადებიუტო გოლის ეპიზოდი და სტანდარტული მდგომარეობების მომზადების პროცესიც გამოარჩია:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტულებში ასეთი ძალა გვქონდეს. ბედნიერი ვარ, რომ შესვენებამდე მეორე გოლი გავიტანეთ, ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ამ კომპონენტზე ბევრს ვმუშაობთ და ჰაიკო ვესტერმანი და ხოსე რამონ დე ლა ფუენტე შესანიშნავ საქმეს აკეთებენ”.

ისტორიული რეკორდი ტიტულების წინააღმდეგ

ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ ცხრა გამარჯვებით “ბარსელონამ” “რეალ მადრიდის” 1968/69 წლების რეკორდი გაიმეორა, თუმცა გერმანელი დამრიგებლის პრიორიტეტები უცვლელია:

“რეკორდები სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ ტიტულების მოგება და გაცილებით დიდი მიზნების მიღწევა გვსურს – ფეხბურთს სწორედ ამისთვის ვთამაშობთ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი