Viva Espana! ესპანელთა ეიფორია ნახევარფინალური მატჩის შემდეგ

Viva Espana!  ესპანელთა ეიფორია ნახევარფინალური მატჩის შემდეგ

მთელი ესპანელი ერი ძალიან გახარებულია, ისინი გახდნენ ახალი ისტორიული ფაქტის მომსწრე, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და ყველა ესპანელს სჯერა, რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შეძლებენ.

"დამთავრდაა! ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვართ! უდიდესი სიმოვნებაა!" - უმაღლეს ხმაზე ყვიროდა ესპანური ტელევიზია La Cuatro-ს სპორტული კომენტატორი მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ.

გერმანიასთან კარლეს პუიოლის გატანილი გოლით მოგებული მატჩის შემდეგ მადრიდი სრულიად შეიცვალა, ის აღარ იყო ძველი, "რეალის" წარუმატებლობებით დამწუხრებული დედაქალაქი. მადრიდი ვუვუზელების და ავტომანქანების ხმაში ჩაიფლო და ამდენი გახარებული ადამიანის ერთად ხილვა მართლაც, რომ უდიდესი ბედნიერებაა. მადრიდის ყველა ქუჩაზე ამაყად ფრიალებდა ესპანეთის წითელ-ოქროსფრად მოელვარე დროშები. ხალხი კი განუწყვეტლივ გაიძახოდა: "მადლობა ჩვენ ბიჭებს!" "მადლობა კარლეს!" ათასობით ესპანელი ფანი მღეროდა "სანტიაგო ბერნაბეუს" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი დიდ ეკრანზე მიმდინარეობდა. უამრავი ქომაგი ერთხმად სკანდირებდა: "არის! არის! არის! მე ესპანელი ვარ! მე ესპანელი ვარ!"
სწორედ ასე აღნიშნავდნენ საკუთარი ქვეყნის ფინალში გასვლას ესპანელი ქომაგები, ეს ხომ ესპანეთია, აქ ხომ ხალხი ფეხბურთით სუნთქავს, გამარჯვების დროს დღესასწაულია, ხოლო დამარცხებაც ღირსეული ცრემლებით სრულდება.

"ჩვენ ეიფორიაში ვართ, ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს მოვუგეთ!" ყვირილით უპასუხა ჟურნალისტს 17 წლის მადრიდელმა ხულიამ.

"ესპანეთმა მატჩი თვითონ მართა და როგორც მოისურვა ისე ათამაშა მეტოქე გუნდი, ეს არის ესპანური ფეხბურთის საიდუმლო, სწორედ ამიტომ ყავს "რეალს" და "ბარსელონას" მილიონობით ფანი მსოფლიოს გარშემო, ჩვენი ფეხბურთელები ხომ მეტოქე გუნდს უბურთოდ სირბილს აიძულებენ." ღიმილით ამბობდა 17 წლის გულშემატკივარი ხუან სიერა.

"ესპანეთი დომინირებდა მთელი მატჩის მანძილზე, მეორე ტაიმში კი გერმანელები ამან ძალიან გადაღალა, ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად აიტანო როდესაც მოწინააღმდეგე შენზე უკეთ თამაშობს. მათ ვერ გაუძლეს ჩვენ დაწოლას." გახარებული ამბობდა ტომას ვასკესი, 41 წლის მამა, რომელმაც მატჩი შვილთან ერთად ქალაქის ცენტრში უყურა.

კარლეს პუიოლის 73-ე წუთზე გატანილი გოლი შესანიშნავი გამოდგა, მან ულამაზესი თავური დარტყმით გაახარა ესპანეთში მცხოვრები 45 მილიონი ადამიანი. ესპანეთის ეროვნული ნაკრები ეს ის ხიდია, რომელიც მადრიდის "რეალის" და კატალონიის "ბარსელონას" ქომაგებს აერთიანებთ, აქ ჩვენ ბევრ რამეზე ვთანხმდებით და ბევრი რამ ერთად გვიხარია. სწორედ ამიტომ ძალიან გასახარია როდესაც ქვეყანაში ყველა ერთად იბრძვის ესპანური ფეხბურთის ასაღორძინებლად. ჩვენს საქართველოში კი "რეალისა" და "ბარსელონას" ქომაგებს ერთნაირად უხარიათ კარლეს პუიოლის და ვილიას გოლები, კასილიასის შესანიშნავი "სეივები" და სერხიო რამოსის სწრაფი გადასვლა მარჯვენა ფლანგის შეტევაში.

მართლაც საოცარი განწყობა და გრძნობაა ესპანეთში და მის გარეთ, ესპანური ფეხბურთის ქომაგებში. ესპანურმა გამოცემა AS-მა გამოაქვეყნა სტატია სახელად "ჩვენი ცხოვრების მატჩი."

სრულიად საპირისპირო სიტუაცია გახლდათ გერმანელ ტურისტებში, რომლებიც ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მრავლად არიან და მატჩს გერმანულ ლუდის ბარებში ადევნებდნენ თვალყურს.

"ჩვენ წავაგეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალი ესპანეთთან ორი წლის წინ, დღეს კი მათ ნახევარფინალიდან გამოგვთიშეს ასპარეზობას. ეს უკვე მეტისმეტია." თვალცრემლიანი ამბობდა გერმანელი ტურისტი, 18 წლის ჯუდითი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.