წინასიტყვაობა
მე ხელიდან გავუშვი პეპ გვარდიოლას შეძენის შანსი მაშინ, როდესაც ის მიხვდა, რომ მისი მომავალი აღარ უკავშირდებოდა “ბარსელონას”.
ჩვენ გავესაუბრეთ მას მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლას თავისი კლუბის დატოვების მიზეზი არ ჰქონდა. გავიფიქრე, რომ პეპის ხელში ჩაგდების კარგი შესაძლებლობა მომეცა, თუმცა ჩემს მიერ არჩეული დრო, ალბათ, არ იყო სრულიად შესაფერისი. საინტერესო კი იქნებოდა; ის იყო ფეხბურთელი, რომელშიც შემდგომ პოლ სქოულზის თვისებები განვითარდა: ის იყო იოჰან კრუიფის საოცარი “ოცნების გუნდის” კაპიტანი, ნახევარდაცვის ლიდერი და გამთამაშებელი. გამოირჩეოდა ცივსისხლიანობით, ბურთის განაწილებისა და თამაშის ტემპის კონტროლის უნარით. ამ თვისებების წყალობით გახდა გვარდიოლა თავისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი. სწორედ ამ თვისებებს ვეძებდი და საბოლოოდ სწორედ ამ მიზეზების გამო კონტრაქტი გავაფორმეთ ხუან სებასტიან ვერონთან. ხანდახან ფიქრობ რომელიმე დიდებულ მოთამაშეზე და საკუთარ თავს ეკითხები: “საინტერესოა, რა იქნებოდა, “მანჩესტერში” რომ მოსულიყო?” ეს ზუსტად პეპ გვარდიოლას შემთხვევაა.
მე მესმოდა მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთელი გვარდიოლას მდგომარეობა. როდესაც ისეთ კლუბში ხარ, როგორიც “ბარსელონაა”, ფიქრობ, რომ ცხოვრების ბოლომდე იქ დარჩები. ასე რომ, როდესაც მას დავუკავშირდით, ალბათ ჯერ კიდევ ეგონა, რომ მისი მომავალი ისევ უკავშირდებოდა კატალონიურ კლუბს. “ბარსა” გვარდიოლამ სეზონის ბოლოს დატოვა. ეს სამწუხაროა. ფეხბურთში არაფერია სამუდამო: ასაკი და დრო თავს იჩენს და დგება განშორების დღე. მაშინ მეგონა, რომ პეპს გამოსავალი, კარიერის გაგრძელების ახალი გზა შევთავაზეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამ ყველაფერმა გამახსენა გარი ნევილი, რომელიც 12 წლიდან “მანჩესტერში” იყო და თითქმის ჩემი ოჯახის წევრი გახდა. თითქოს შვილი იყო, ადამიანი, რომელზეც დამოკიდებული ხარ და რომელსაც ენდობი; მოკლედ, გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი წევრი, მაგრამ ერთ დღესაც ეს დამთავრდა. გვარდიოლას ალბათ გაუჭირდა იმის გაცნობიერება, რომ დასასრული ახლოს იყო. მესმოდა პეპის ეჭვები, მაგრამ სხვა ვარიანტების განხილვის დროც მოვიდა და ესპანელის შეძენის შესაძლებლობაც გაქრა.
ერთი რამ შევნიშნე ამ ადამიანში – ის, რაც გვარდიოლას, როგორც მწვრთნელის, წარმატების გასაღები გახდა. ეს იყო პეპის მოკრძალება. არასდროს ტრაბახობდა, პირიქით, ყველას პატივისცემით ეპყრობოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია, თუ რატომ იყო ასეთი თავმდაბალი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში. პეპი არ იყო ადამიანი, რომელიც გაზეთის გარეკანზე ბრწყინავდა. საკუთარი სტილით თამაშობდა. არ იყო სწრაფი, მაგრამ იყო ფანტასტიკური ფეხბურთელი და საკუთარ თავს ძალიან კარგად ფლობდა. გვარდიოლამ, როგორც მწვრთნელმა, მშვენივრად იცის, თუ როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა. ასეთ საკითხებში ძალიან დისციპლინირებულია. ნებისმიერ მომენტში, გამარჯვებისა თუ წაგების დროს, ის რჩება ელეგანტურ, უბრალო ადამიანად და სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რომ ასეთი ადამიანი მუშაობს ამ პროფესიით.
როგორც ჩანს, გვარდიოლა მივიდა სამწვრთნელო კარიერის გარკვეულ ეტაპამდე და გააცნობიერა “ბარსელონაში” თავისი სამუშაოს მნიშვნელობა და ასევე ამ სამუშაოს მოთხოვნები. დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად ფიქრობდა: “რამდენ ხანს გაგრძელდება? შევძლებ, რომ შევქმნა კიდევ ერთი გუნდი, რომელიც ტიტულებს მოიგებს? შევქმნი გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს? შემიძლია წარმატების შენარჩუნება?”
წარსულში დაბრუნება და რჩევის მიცემა რომ შემეძლოს, გვარდიოლას ვეტყოდი, რომ არ ანერვიულებულიყო: ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობა არ არის შენი სამწვრთნელო შესაძლებლობებისა და გუნდის ტალანტის მაჩვენებელი. მე ვიცი ის ზეწოლა, რომელსაც პეპი განიცდიდა: “ბარსას” ყოველ მატჩზე მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ ყველას სურდა მისი დამარცხება. რეალურად მე კი ვფიქრობ, რომ გარკვეული თვალსაზრისით ის მომგებიან პოზიციაში იყო, რადგან ერთადერთი, რაზეც მისთვის ნერვიულობა ღირდა, იყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ არ მიეცა მოწინააღმდეგისთვის წარმატების გზაზე “ბარსას” დაბრკოლების შესაძლებლობა.
ჩემი აზრით, პასუხი ასეთია: წინსვლის გაგრძელება. მაშინ რატომ წავიდა? ეს შეიძლება იყოს მოთამაშეების კონტროლის ან ახალი ტაქტიკის ძებნის საკითხი; გუნდებმა დაიწყეს “ბარსას” სათამაშო სტილის გამოცნობა. იქნებ მოტივაციაშია საქმე. ჩემი გამოცდილების მიხედვით, “ნორმალური” ადამიანი საქმის გაკეთებას მაქსიმალურად ადვილი ხერხით ცდილობს. მაგალითად მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც პენსიაზე 50 წლის ასაკში გავიდნენ – არ მკითხოთ, რატომ! ასე რომ ჩვეულებრივი ხალხის ქმედებების მოტივი არის სხვა და განსხვავდება იმ ბიძგისაგან, რომელიც აქვთ გამონაკლისებს, ისეთებს, როგორებიც არიან სქოულზი, გიგზი, ჩავი, მესი და პუიოლი. მოტივაცია მათთვის არ არის პრობლება, რადგან ისინი ყველაფერზე მაღლა ღირსებას აყენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ პეპის გუნდში იყვნენ ასეთი პიროვნებები. ისინი ერთმანეთს მაგალითს აძლევდნენ და თავად წარმოადგენდნენ მოტივაციის წყაროს. ისინი არ მიეკუთვნებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც საქმის ჩქარა დასრულება და პენსიაზე გასვლა სურთ.
პიკეს “მანჩესტერში” გადმოსვლის დღიდან ვიცნობ. მოედნის გარეთ ის შეიძლება იყოს მოდუნებული, კომუნიკაბელური, მაგრამ მოედანზე ნამდვილი გამარჯვებულია. ასეთი იყო აქ, მისი წასვლა არ გვსურდა და ახლა ის გამარჯვებულია იქ, “ბარსელონაში”. გვარდიოლას შეგირდებს ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდათ მოტივირება. იქნებ პეპმა თავისი, როგორც მოტივატორის, შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შეაფასა? თქვენ ნახეთ, თუ რას მიაღწია მან “ბარსაში”. უნდა გქონდეთ განსაკუთრებული ნიჭი, რათა ასე წარმატებულად შეძლოთ კონკურენცია ასეთ დონეზე ამდენი ხნის განმავლობაში. მე მჯერა, რომ მის არსენალში საკმარისი ცოდნაა, რათა წარმატებას კიდევ ერთხელ მიაღწიოს.
გვარდიოლას წარმატება “ბლაუგრანას” პირველ გუნდთან ერთად აღემატება “ბარსას” ყოფილი მწვრთნელების ყველა მიღწევას, ამ მწვრთნელებს შორის კი იყვნენ ისეთი დიდებული პროფესიონალები, როგორებიც არიან ვან გაალი, რაიკაარდი, კრუიფი. გვარდიოლამ თავისი სამუშაოს ზოგიერთი ასპექტი სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, მაგალითად პრესინგი. “ბარსას” დისციპლინირებული სათამაშო სტილი და მუშაობის ეთიკა პეპის გუნდის ხარისხის ნიშანი გახდა. მან შექმნა გარემო, რომლითაც ფეხბურთელები მიხვდნენ, რომ შრომის გარეშე კლუბს დატოვებდნენ. დამიჯერეთ, ამის გაკეთება ძალიან რთულია.
როგორიც არ უნდა იყოს გვარდიოლას მომდევნო ნაბიჯი თავის კარიერაში, მის მომავალზე მაინც ყოველთვის ბევრი სპეკულაცია იქნება. ის იყო ფანტასტიკურ “ბარსელონაში” და სადაც არ უნდა წავიდეს, უკეთეს ადგილს ვერ ნახავს. სხვა კლუბში გადასვლა არ შეამცირებს ზეწოლას და მის სახელთან დაკავშირებულ მოლოდინს. ყველგან ერთი და იგივე დახვდება: ის მწვრთნელია; მან უნდა გადაწყვიტოს, თუ რა არის საუკეთესო გუნდისათვის; საჭიროა ტაქტიკისა და მოთამაშეების არჩევა. ყველაფერი ასეთი მარტივია. ამ მხრივ, ეს პროფესია ყველგან იგივეა, რადგან ნებისმიერი მენეჯერული სამუშაო უკავშირდება ზეწოლას. დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი წარმატებული “მანჩესტერ იუნაიტედში”, მაგრამ წარმატებას პრობლემების გარეშე ვერ მიაღწევ – ყოველ დღე რაღაცას უპირისპირდები. საბოლოო დასკვნა არის ის, რომ საქმე გაქვს ხალხთან, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ცხოვრობს. შენს გარშემო ნივთების მთელი გროვაა და მათზე ნერვიულობ: აგენტები, ოჯახი, ფეხბურთელების ფორმა, მათი ტრავმები, ასაკი და ა.შ. თუ პეპი სხვა კლუბში მივა, იქ მას იგივე, უკვე ნაცნობი პრობლემები დახვდება. მოლოდინი მას თავს არ დაანებებს.
მაშინ რატომ? რატომ გადაწყვიტა წასვლა? თქვენ მე მიზეზი პეპის განცხადებამდე მკითხეთ და მე გიპასუხეთ, რომ დაუმთავრებელი სამუშაოს მიტოვება სისულელეა. თუ გავიხსენებთ 1950-60 წლების მადრიდის “რეალს”, რომელმაც 5 ჩემპიონთა თასი მოიგო, მაშინ ვერ ვიტყვით, რომ გვარდიოლა იგივეს გამეორებას “ბარსაში” ვერ შესძლებდა. მე რომ იგივე გუნდი მქონდეს, ჩემი მოტივაცია ზუსტად ეს მიზანი იქნებოდა. პეპის ადგილზე, წასვლის გადაწყვეტილება ყველაზე რთული იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.
სერ ალექს ფერგიუსონი
2012 წლის გაზაფხული
რომი. 2009 წლის 27 მაისი. ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
თამაშის მერვე წუთი მიმდინარეობს. “ბარსელონას” მხოლოდ თავისი რიტმის პოვნა სჭირდება. “ბარსას” ფეხბურთელებს პოზიციები სწორად უკავიათ, მაგრამ არცერთი არ არის მზად პრესინგისთვის. ისინი საკუთარ თავს ეთამაშებიან და “მანჩესტერის” მიმართ ზედმეტ პატივისცემას გამოხატავენ. რონალდოს დარტყმა ვალდესმა მოიგერია. კიდევ ერთი დარტყმა. “მანჩესტერი” უფრო და უფრო უახლოვდება მიზანს. რონალდოს დარტყმა ძელს რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. სწორედ ეს არის განსხვავება. სანტიმეტრები კარამდე.
სანტიმეტრები გვარდიოლასა და “ბარსელონაზე” მსოფლიოს შეხედულების შეცვლამდე.
გიგზი, ქერიკი და ანდერსონი უპრობლემოდ ათამაშებენ ბურთს ხაზებს შორის. რაღაც უნდა გაკეთდეს. პეპი სკამიდან დგება და არიგებს ფეხბურთელებს. გულშემატკივრების ხმაურის მიუხედავად, მოთამაშეებმა მწვრთნელის დარიგება გაიგეს.
მესიმ უნდა დაიკავოს ადგილი “მანჩესტერის” ორ ცენტრალურ მცველს შორის, ცრუ ფორვარდის პოზიცია, ეტო’ო კი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა. მშვიდი ფერგიუსონი სკამზე ზის და ფიქრობს, რომ სიტუაციას აკონტროლებს.
მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა. თავიდან თითქოს შეუმჩნევლად. მესიმ ინიესტა იპოვა, ინიესტამ – ჩავი, ჩავიმ კი მესი.
უეცრად ქერიკსა და ანდერსონს დასჭირდათ სწრაფი რეაგირება, რათა გადაეწყვიტათ, თუ რომელი პასი უნდა ჩაეჭრათ, რომელი ზონა უნდა ჩაეკეტათ. გიგზი ბუსკეტსს ეთამაშება და დახმარება არ შეუძლია.
მოედნის ცენტრში ბურთი მიიღო ინიესტამ. ევრას გაექცა ეტო’ო და ინიესტამ მარჯვენა ფლანგზე დაინახა თავისუფალი სივრცე შეტევისათვის. დრიბლინგით წინ მიიწევდა და ზუსტად საჭირო მომენტში საჯარიმოსთან ეტო’ოს შესანიშნავი პასი მისცა. ეტო’ომ ბურთი მიიღო. მისი შეჩერება სცადა ვიდიჩმა, მაგრამ ეტო’ო გასცდა მცველს და მხოლოდ საკუთარ ინსტინქტზე დაყრდნობით დაარტყა ახლო კუთხეში.
სწორედ ამ მომენტის მეშვეობით გახდა 40 წლის წინ შექმნილი იდეა საფეხბურთო ცუნამი, რომელმაც მომდევნო წლების განმავლობაში თამაშის სახე შეცვალა.