მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, “ბარსელონა” იმედოვნებს, რომ “ლივერპულისა” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, ლუის სუარეს შეიძენს. კატალონიელები მზად არიან მერსისაიდელებს წინადადებით მიმართონ, იტყობინება ესპანური პრესა.
როგორც ცნობილია, სუარესის გამოსასყიდი თანხა 85 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა, ურუგვაელის კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ “ლივერპული” შეთავაზებას “ბარსელონასგან” ან “რეალისგან” მიიღებს, მაშინ კლუბი მას 65 მილიონ ევროდ გაუშვებს. კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ სუარესს უფრო ნაკლებ თანხად შეიძენენ და მზად არიან მერსისაიდელებს 35-40 მილიონი ევრო და ალექსის სანჩესი შესთავაზონ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჩილელით დაინყერესებულია “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი.
შეგახსენებთ, რომ სუარესი პრემიერ-ლიგის გასული სეზონის ბომბარდირი გახდა, გუშინ კი მან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, ურუგვაისა და ინგლისის შორის მატჩში, დუბლი გაიფორმა.