გუნდში 400-ე მატჩის ჩატარების შემდეგ ლეო მესი მეათე ადგილს დაიკავებს იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც “ბლაუგრანას” მაისური ყველაზე მეტჯერ აქვთ მორგებული. არგენტინელი მეათე პოზიციას ხოსე რამონ ალეხანკოსთან ერთად გაიყოფს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ლეო მესის კარიერიდან:
- მესის ოფიციალური დებიუტი პირველი გუნდის შემადგენლობაში 2004 წლის 16 ოქტომბერს შედგა. არგენტინელმა 82-ე წუთზე დეკუ შეცვალა. ის სულ რაღაც 17 წლის, 3 თვისა და 22 დღის იყო.
- კარიერაში პირველი გოლი არგენტინელმა “კამპ ნოუზე” 2004/05 წლების სეზონის 35-ე ტურში “ალბასეტეს” გაუტანა.
- პირველი ჰეთ თრიკი ფეხბურთელმა 2007 წლის 10 ივნისს, “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეასრულა.
- ლეო მესის წითელი ბარათი არასოდეს მიუღია.
- 339 მატჩში ლეო მესის 311 გოლი აქვს გატანილი.
- ოფიციალურ შეხვედრებში, ლეო მესის, კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. 358 გოლით კი ის მალე პაულინიო ალკანტარას (369) გადაასწრებს, რის შემდეგაც ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლებით პირველ ადგილზე გადაინაცვლებს
- ლეო მესიმ პირადი რეკორდი 2011/12 წლების სეზონზე დაამყარა. არგენტინელმა 60 შეხვედრაში 73 გოლი გაიტანა.
- ლეო მესი მეორეა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა სიაში (65). მას სულ რაღაც 6 ბურთით რაულ გონსალესი უსწრებს.
- ლა ლიგის ბომბარდირთა სიაში კი არგენტინელი მეხუთე ადგილს 223 გოლით იკავებს. მას ზარა (251), უგო სანჩესი (234), რაული (228) და დი სტეფანო (227) უსწრებენ.



